"სტალინი ძალიან უხეში იყო მის მიმართ, თუმცა ხან ბელადსაც კი ეშინოდა ცოლის. განსაკუთრებით მაშინ, როცა..." - საბჭოთა ლიდერის წარუმატებელი ქორწინებები და ბედნიერი საიდუმლო სიყვარული - კვირის პალიტრა

"სტალინი ძალიან უხეში იყო მის მიმართ, თუმცა ხან ბელადსაც კი ეშინოდა ცოლის. განსაკუთრებით მაშინ, როცა..." - საბჭოთა ლიდერის წარუმატებელი ქორწინებები და ბედნიერი საიდუმლო სიყვარული

საბჭოთა კავშირის ლიდერის ცხოვრებაში, სულ ცოტა, 5 ქალი ფიგურირებდა, რომლებთანაც სტალინს სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებდა. ბოლო ურთიერთობა კი, რომელიც მას ქორწინების გარეშე ჰქონდა, როგორც ამბობენ, დიდი ბელადისთვის ყველაზე დიდი ბედნიერების მომტანი იყო.

აღსანიშნავია, რომ სტალინის სასიყვარულო ურთიერთობები ისტორიკოსთათვის ძალიან საინტერესო თემაა. როგორც ცნობილია, მიუხედავად რამდენიმე ოფიციალური ქორწინებისა, სტალინის ყველაზე ახლობელი ის ადამიანი იყო, ვისთანაც არაოფიციალური ურთიერთობა ჰქონდა. თუმცა სტალინის ბოლო ოფიციალურ ცოლად ნადეჟდა ალილუევა ითვლება, რომელთანაც ქორწინება 1919 წლის 24 მარტს დაარეგისტრირა. მათი ქორწინება 13 წელს გაგრძელდა და ალილუევას თვითმკვლელობით დასრულდა...

ეკატერინე სვანიძე

640px-ekaterina-svanidze-1693550870.jpg
ეკატერინე სვანიძე

საბჭოთა ლიდერის პირველი მეუღლე ეკატერინე სვანიძე გახლდათ. ახალგაზრდა წყვილმა ჯვარი ეკლესიაში ყველასგან ფარულად დაიწერა.

სოსო ჯუღაშვილი იმ პერიოდში 28 წლის გახლდათ, ეკატერინე კი - 20 წლის. ეკატერინე სტალინის უახლოესი მეგობრის, ალექსანდრე სვანიძის და იყო. სწორედ მან გააცნო სოსოს ეკატერინე. სტალინისთვის ეს ერთი ნახვით შეყვარება იყო და გაცნობიდან 2 თვეში დაქორწინდნენ.

სულ მალე მათ ვაჟი, იაკობი შეეძინათ. ახალგაზრდა წყვილის ბედნიერება დიდხანს ვერ გაგრძელდა, სტალინი ბაქოში რევოლუციის მოსამზადებლად წავიდა და ჩვილბავშვიან ეკატერინეს ძალიან დიდხანს მოუხდა ახალგაზრდა ქმრის ლოდინი.

ბოლოს მისი თხოვნა მოვიდა, - კატო, ჩამოსვლას ვერ ვახერხებ, იქნებ, იაკობი წამოიყვანო და თავად წამოხვიდე, უფრო ხშირად ვიქნებით ერთადო. ასე გაემგზავრა კატო ბაქო-თბილისის მატარებლით ქმართან. სტალინს, რომელსაც გამუდმებით უთვალთვალებდნენ, ახალგაზრდა ცოლის ნახვის შესაძლებლობა არც ბაქოში ჰქონია და ეკატერინე დანაღვლიანდა. ამას ისიც დაემატა, რომ ოჯახისგან შორს იყო და ვერავინ ეხმარებოდა.

ერთ დღეს ქმრის ნაცვლად ქართველმა რევოლუციონერმა მიაკითხა, სოსო შეიძლება დიდხანს არ გამოჩნდეს, ამიტომ შენ და ბავშვი ისევ უკან დაბრუნდითო. ასე რომ, დასუსტებული დედა-შვილი კიდევ ერთხელ აღმოჩნდა ბაქო-თბილისის მატარებელში, რაც ამჯერად საბედისწერო გამოდგა. ეკატერინეს გამცილებელმა მატარებელში ნადგამი წყალი დაალევინა, რომელიც მუცლის ტიფის ჩხირით დასნებოვნებული აღმოჩნდა და თბილისში ჩასულ კატოს ვეღარაფერი უშველეს...

სტალინი მეუღლის სანახავად საქართველოში ეკატერინეს სიცოცხლის ბოლო წუთებში დაბრუნდა. როგორც ამბობენ, მან ძალიან განიცადა მეუღლის დაკარგვა, ახალგაზრდა სტალინი ხალხს მეუღლის დაკრძალვის საშუალებას არ აძლევდაო. (იხილეთ სტატია - "სტალინს უზომოდ უყვარდა პირველი მეუღლე, რომელიც ახალგაზრდა გარდაიცვალა და დაკრძალვისას, თურმე სოსო საფლავში ჩახტა. ყველა დაიბნა... გერონტიმ ამოიყვანა. მაშინ უთქვამს სტალინს, - დღეიდან, ფოლადი გავხდებიო")

მეორე ვერსიით, ის სასაფლაოზე ვერ გაჩერდა და მეუღლის დაკრძალვამდე დატოვა ტერიტორია.

8 თვის იაკობის აღზრდა ეკატერინეს ოჯახმა ითავა, ბიჭმა მამა პირველად 14 წლის ასაკში ნახა. მაშინ სტალინმა შვილი მოსკოვში წაიყვანა, თუმცა მათი ურთიერთობა ვერ დალაგდა...

მარია კუზაკოვა

image027-7-1693551043.jpg
მარია კუზაკოვა ვაჟთან, კონსტანტინესთან და შვილიშვილთან ერთად

მარია კუზაკოვა იმ ბინის მეპატრონე იყო, რომელსაც 1910-1911 წლებში იოსებ სტალინი ქირაობდა. კუზაკოვა რუსეთ-იაპონიის ომის ვეტერანის ქვრივი იყო. მარია სტალინზე 4 წლით უფროსი გახლდათ.

სტალინი კუზაკოვასთან მეგობრის, დავით ასათიანის რჩევით დასახლდა. ქვრივი ქალი 4 შვილს მარტო ზრდიდა და შემოსავალი მისთვისაც მნიშვნელოვანი იყო.

სტალინის წასვლიდან რამდენიმე თვეში მარიას შვილი შეეძინა. ბავშვი უკანონოდ შეძენილი რომ არ ყოფილიყო, მის მამად გარდაცვლილი ვეტერანი მიუთითეს. ამისთვის კი კუზაკოვა გარდაცვლილი მეუღლის მშობლიურ სოფელში წავიდა და მღვდელს მოატყუა, რომ ბავშვი ჯერ კიდევ მეუღლის სიცოცხლეში, 1908 წელს დაიბადა.

სტალინის გოგონა მემუარებში წერდა: „დეიდებმა მიამბეს, რომ ციმბირში ერთ-ერთი გაგზავნისას ის ადგილობრივ გლეხის ქალთან ერთად ცხოვრობდა და სადღაც ახლა მათი ვაჟიც ცხოვრობს, რომელსაც საშუალო განათლება აქვს და არ აქვს პრეტენზია ხმამაღალ სახელზე“.

რევოლუციის შემდეგ კუზაკოვას სახლი მუზეუმმა დიდი თანხის სანაცვლოდ შეისყიდა, მარიას კი ახალი სახლი იმდროინდელ ლენინგრადში გადასცეს, რაც 1930-იან წლებში ძალიან რთული საქმე გახლდათ.

კუზაკოვას ვაჟი - კონსტანტინე შემდეგ ლენინგრადის ინსტიტუტში სწავლობდა და ცეკას აპარატშიც მიიღეს. კონსტანტინე კუზაკოვი თავად ამბობდა, რომ სტალინის ნათესაობის შესახებ ჭორები მას ბავშვობიდან ესმოდა, ამას თან ერთოდა ისიც, რომ კონსტანტინე სტალინს ჰგავდა.

მარია კუზაკოვას სტალინი შემდეგ აღარ შეხვედრია, ქალი 1941 წელს გარდაიცვალა.

ლიდია პერეპრიგინა

stalin-lidia-4-1693551378.png
ლიდია პერეპრიგინა

კრასნოიარსკის მხარეში, სოფელ კურეიკში, სტალინი 1914-16 წლებში იმყოფებოდა, აქ გაიცნო 35 წლის სტალინმა 14 წლის ობოლი გოგონა ლიდია პერეპრიგინა. ამ კავშირმა სოფელში დიდი სკანდალი გამოიწვია, გოგონას ძმა იონა პერეპრიგინმა სტალინის წინააღმდეგ საჩივარიც კი დაწერა, თუმცა მას შემდეგ, რაც მომავალმა ლიდერმა სიტყვიერად დადო პირობა, რომ გოგონას 16 წლის ასაკში ცოლად მოიყვანდა, საქმე დახურეს.

საქმე ქორწილამდე ვერ მივიდა, რადგან სტალინი 1916 წელს გადასახლებიდან გაიქცა. გოგონა მას რამდენიმე წელი ელოდა, თუმცა - უშედეგოდ. მას შემდეგ, რაც სოფელში ხმა გავრცელდა, რომ სტალინი სამოქალაქო ომის დროს მოკლეს, ლიდია სხვა მამაკაცს გაჰყვა ცოლად. ოფიციალურმა ქმარმა ლიდიას ვაჟი იშვილა და გვარიც მისცა - დავიდოვი. მოგვიანებით, როცა აღმოჩნდა, რომ სტალინი ისევ ცოცხალი იყო, ლიდიამ გადაწყვიტა ამ ურთიერთობაზე არ ესაუბრა.

1956 წელს, როცა ნიკიტა ხრუშჩოვმა „პიროვნების კულტის“ წინააღმდეგ გაილაშქრა, კომუნისტური პარტიის ცეკას პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით, ეს ისტორიაც გამოიძიეს. სტალინის მდივანმა პროსკრიობიშევმა გაიხსენა, რომ ერთხელ სტალინმა სთხოვა, კრასნოიარსკის მხარეში პერეპრიგინების ბედი გაეგო და ეს პირადი თხოვნა იყო.

კრასნოიარსკის მხარის კომპარტიის პირველი მდივნის - ავერკი არისტოვის ცნობით, ლიდია პერეპრიგინა-დავიდოვას მართლაც ჰქონდა სასიყვარულო ურთიერთობა სტალინთან. ეს თავად ლიდიამ და სოფლის მოსახლეობამ დაადასტურა. ლიდიამ განაცხადა, რომ ამ რომანის შემდეგ მას ვაჟი შეეძინა და არისტოვს ფოტოც აჩვენა.

არისტოვს შეეშინდა ამ ინფორმაციის პროსკრიობიშევისთვის მოხსენება და მხოლოდ ის უთხრა, რომ პერეპრიგინები იპოვეს. წლების შემდეგ არისტოვმა ეს ინფორმაცია ხრუშჩოვს გაანდო, დოკუმენტები კი პრეზიდიუმის წევრებს გაუგზავნა. ეს ინფორმაციები 1990-იან წლებამდე ცეკას არქივში ინახებოდა და გასაიდუმლოებული იყო.

თავად ლიდია 1964 წელს გარდაიცვალა. მისმა შვილიშვილმა იურიმ დნმ-ის ტესტი ჩაიტარა, ტესტმა 99,98% დამთხვევა აჩვენა.

ნადეჟდა ალილუევა

2019120321280083133-1693551681.jpg
ნადეჟდა ალილუევა

ნადეჟდა ალილუევა სტალინის ბოლო ოფიციალური მეუღლე გახლდათ. გოგონა ჯერ კიდევ 11 წლის იყო, როცა სტალინი გაიცნო, ის ალილუევების ოჯახში დროებით რჩებოდა ხოლმე. მათი ურთიერთობა წლების შემდეგ დაიწყო, როცა სტალინი 38 წლის იყო, ნადეჟდა კი - 16 წლის. ორი წელი ისინი ერთად ოფიციალური ქორწინების გარეშე ცხოვრობდნენ, ხოლო 1919 წლის 24 მარტს ხელიც მოაწერეს. მათ ორი შვილი: ვასილი და სვეტლანა შეეძინათ.

(იხილეთ სტატიები:

"სტალინის ქალიშვილმა სვეტლანამ მხოლოდ ერთი სიტყვა იცოდა­ ქართულად..."

"მეც ხომ საქართველოში სწორედ იმიტომ ჩამოვედი, რომ "აქ მოვკვდე" - სტალინის ქალიშვილის აქამდე უცნობი წერილები

“სტალინის შვილმა, სვეტლანამ დამიქირავა პედაგოგად, სანამ ის თბილისში ცხოვრობდა. იმ პერიოდიდან მის ნათესავებთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჩამომიყალიბდა"

"შეძახილით - "ასა-ასა!" ვაშინგტონის დარბაზში ჩოხიანი "ჯიგიტი" შემოიჭრა და ლეკურის ხმაზე ამაყად, თითისწვერებზე, მხარგაშლილმა ჩაიქროლა" )

როგორც ცნობილია, ცოლ-ქმარს ხშირად მოსდიოდა უთანხმოება, რადგან ნადეჟდას არ სურდა, დიასახლისი ყოფილიყო, სტალინი კი მისი მუშაობის წინააღმდეგი იყო. ნადეჟდა თავს შეურაცხყოფილადაც თვლიდა, რადგან მეუღლე "შენობით" მიმართავდა, რევოლუციამდე ასეთი მიმართვა უპატივცემულობად ითვლებოდა.

1932 წლის 7 ნოემბერს კლიმენტ ვოროშილოვის სახლში რევოლუციის 15 წლისთავს აღნიშნავდნენ, ამ საღამოსაც ცოლ-ქმარმა ერთმანეთში იკამათეს, ნადეჟდა სახლიდან წავიდა და, როგორც ცნობილია, თავი მოიკლა.

სტალინისთვის მეუღლის ეს ქმედება მოულოდნელი და შემაძრწუნებელი იყო. ამბობდნენ, რომ კიროვი და ორჯონიკიძე, როგორც მეგობრები, ისე რჩებოდნენ სტალინთან, რადგან მეგობარს ამ დიდი უბედურების გადატანაში დახმარებოდნენ. გავრცელდა ჭორებიც, თითქოს სტალინმა შეკამათების შემდეგ თავად მოკლა მეუღლე, მაგრამ ამის დამადასტურებელი არავითარი დოკუმენტი არ არსებობს.

როგორც ისტორიკოსი საიმონ მონტეფიორე აღნიშნავს, ნადეჟდა პირველ შვილზე მშობიარობისას სამშობიაროში თავად, ფეხით წავიდა, რათა ყველას ენახა „ბოლშევიკური უბრალოება“. ნადეჟდამ სტალინის პირველი ვაჟი იაკობიც მიიღო, რომელიც იმ დროს თბილისში ცხოვრობდა.

სტალინის პირადი დაცვის უფროსი კარლ პაუკერი, რომელიც წყვილის კამათს ხშირად შესწრებია, აღნიშნავდა: “ნადეჟდა კაჟივით იყო – სტალინი ძალიან უხეში იყო მის მიმართ, თუმცა ხან სტალინსაც კი ეშინოდა მისი. განსაკუთრებით მაშინ, როცა ნადეჟდას სახიდან ღიმილი ქრებოდა”.

როგორც ამბობენ, ალილუევა სტალინს ღალატში ადანაშაულებდა, თუმცა სტალინის გარემოცვის თქმით, "ერის მამას" სხვა ქალები არ აინტერესებდა.

ვალენტინა ისტომინა

walentina-istomina-01-1693551900.jpg
ვალენტინა ისტომინა

დიდი ბელადის ცხოვრებაში უკანასკნელი და, შეიძლება ითქვას, ყველაზე მნიშვნელოვანი ქალბატონი ვალენტინა იყო. 1935 წელს 18 წლის ვალენტინა ჟბიჩკინა (შემდეგ ის გათხოვდა და მეუღლის გვარს - ისტომინას ატარებდა) სტალინის ერთ-ერთ აგარაკზე, მოსკოვში, სასადილოში მიმტანად დასაქმდა. ყველასთვის უცნობია, კავშირების გარეშე როგორ შეძლო 18 წლის გოგონამ ასეთ სამსახურში მოხვედრა. მან თავდაუზოგავი შრომით თავი გამოიჩინა, 3 წელში დააწინაურეს და სტალინის საყვარელ აგარაკზე, კუნცევოში გადაიყვანეს. დროთა განმავლობაში გოგონამ ბელადის ნდობა მოიპოვა და მიმტანობიდან სტალინის ნდობით აღჭურვილ, უახლოეს პირად იქცა. როგორც მოგვიანებით სტალინის შვილი იხსენებდა, ისინი სულ ერთად იყვნენ და გოგონა სტალინისთვის იმდენად განუყოფელი გახდა, რომ მივლინებებშიც თან მიჰყავდა. ისტომინას სერჟანტის წოდებაც ჰქონდა. სტალინის დაცვის წევრების მონათხრობით, ისტომინა ერთადერთი ადამიანი იყო, ვისაც დღისა თუ ღამის ნებისმიერ დროს შეეძლო მეთაურთან შესვლა.

სტალინის პირადი დაცვის წევრების მონათხრობიდან ცნობილია, რომ ლიდერს განსაკუთრებით უყვარდა, როცა საყვარელი გოგონა ღამით ჩაის უმზადებდა და ხან დაცვას უბრძანებდა: "დაუძახეთ ვალენტინას, საწოლი გამიმზადოს". მას განსაკუთრებით მოსწონდა, როცა ამ ყველაფერს ვალენტინა აკეთებდა. სტალინი გვიან ღამემდე მუშაობდა და მხოლოდ ვალენტინას ეღვიძა, საყვარელ მამაკაცთან ერთად ათენებდა.

სტალინის გარდაცვალებაც ყველაზე მეტად ვალენტინა ისტომინამ განიცადა.

„ის მუხლებზე დაეცა, თავი გარდაცვლილს მკერდზე დაადო და ხმით ატირდა. დიდი ხანი ვერ მშვიდდებოდა და ხელსაც არავინ უშლიდა“, - იხსენებდა სტალინის შვილი.

სტალინის გარდაცვალებისა და „პიროვნების კულტის“ წინააღმდეგ გალაშქრების მიუხედავად, ვალენტინა ისტომინას არავინ შეხებია. 35 წლის ასაკში, ქალს პენსიაც კი დაუნიშნეს, რომელსაც, როგორც წესი, მაშინ ნიშნავდნენ, თუ ადამიანს ქვეყნის წინაშე განსაკუთრებული დამსახურება ჰქონდა.

ვალენტინა 1995 წელს გარდაიცვალა. მთელი ცხოვრება დუმდა და არაფერზე საუბრობდა. ჟურნალისტებმა მრავალჯერ სცადეს ისტომინასთან გასაუბრება, ყველას აინტერესებდა ვალენტინასა და სტალინის სიყვარულის ისტორია, თუმცა უშედეგოდ. ისტომინა სტალინთან გატარებული წლების შესახებ ახლო ნათესავებსაც არ ესაუბრებოდა.