"არავითარი ნატო უკრაინისთვის..." - Le Figaro-ს სტატია, რომელიც კიევში, სავარაუდოდ, დიდ აღშფოთებას გამოიწვევს
ფრანგულ გაზეთ „ლე ფიგაროში“ (Le Figaro) გამოქვეყნებულია ცნობილი ფრანგი ფილოსოფოსისა და პოლიტიკოსის (საფრანგეთის განათლების ექსმინისტრის) - ლიუკ ფერის სტატია სათაურით - „რაც შეეხება უკრაინას, ნიკოლა სარკოზი მართალს ამბობს - არავითარი ნატო, უკრაინა ევროპისა და აზიის შემაერთებელი ხიდი უნდა იყოს“. პუბლიკაციაში განხილულია უკრაინის პერსპექტივა და რუსეთთან დამოკიდებულება. ავტორი ბევრ საკითხში ეთანხმება საფრანგეთის ექსპრეზიდენტის - ნიკოლა სარკოზის მოსაზრებებს.
გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:
„აშკარაა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი ევროპისათვის მძიმე გადასატანია, ევროპა ძალიან ზარალდება, იმავდროულად კი, ომით სარგებელს იღებს ამერიკის შეერთებული შტატები და, რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, ვლადიმერ პუტინიც. ამას წინათ, 16 აგვისტოს, ნიკოლა სარკოზიმ ინტერვიუში ბევრი რამ ჭკვიანური განაცხადა, მაგრამ მიუხედავად ამისა, იგი მწვავედ იქნა გაკრიტიკებული და - შეურაცხყოფილიც კი.
სხვათა შორის, ინტერვიუში თავდაპირველად ნიკოლა სარკოზიმ, რა თქმა უნდა, ყველასათვის ცნობილი ჭეშმარიტება დააფიქსირა და აღნიშნა, რომ რუსეთის აგრესია საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას წარმოადგენს, მაგრამ, იმავდროულად, ექსპრეზიდენტმა დაამატა, რომ თუ ჩვენ იმ კონფლიქტიდან გამოსვლა (მისი შეწყვეტა) გვინდა, რომელიც დაუსრულებლად გაგრძელდება და სულ უფრო მეტად სიკვდილის მთესველი იქნება, სამი მომენტი უნდა გავიაზროთ.
უკრაინის პერსპექტივა: „კარგი, ცუდი და უარესი“
პირველი - უკრაინა წარმოადგენს ერთგვარ ხიდს რუსეთსა და დასავლეთ ევროპას შორის. უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ცხოვრობს რუსულენოვანი მოსახლეობა ანუ ადგილობრივ დონეზე არსებობს რუსოფილური საზოგადოება. რაც უფრო დასავლეთით მიდიხართ, სულ უფრო ძლიერად გრძნობთ პოლონეთის მოახლოებას, ხოლო უკრაინელების განწყობაში სულ უფრო მეტ პროამერიკულობას ამჩნევთ. დასკვნა: უკრაინა არ უნდა გაწევრდეს არც ნატოში და არც ევროკავშირში. უკრაინა ამ ორგანიზაციების წევრი არ უნდა გახდეს. მისი ასეთი ბედი განპირობებულია ისტორიით, გეოგრაფიით და [ეთნიკური] მრავარფეროვნებით. ამას თუ უკრაინას ღიად არ ვეტყვით, ეს ნიშნავს, რომ უკრაინელებს, მინიმუმ, თავს გამოვუტენით ყალბი დაპირებებით. და თუ კიევს ისევ დავუწყებთ იმის გამეორებას, რომ მას წინ „ევროპული ბედი“ აქვს, რისკები კიდევ უფრო მაღალი იქნება: როგორც დონბასში მიმდინარე სამოქალაქო ომმა გვაჩვენა, ცრუ მოლოდინებსა და იმედებს აყოლილ ადამიანებს საკუთარი ქვეყნის გაგლეჯვა-დანაწილება შეუძლიათ.
მეორე - ნიკოლა სარკოზის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დაკვირვება: მან განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის უთანხმოების გადაწყვეტა სამხედრო გზით შეუძლებელია. დღეს უკვე ნათელია, რომ ათეული მილიარდი დოლარის მიუხედავად, რომელიც აშშ-მა უკრაინის იარაღით აღჭურვაში დახარჯა, კონტრშეტევა შეფერხებულია და, როგორც ჩანს, საბოლოო ჯამში, თუ ჩვენ კატასტროფის თავიდან აცილება გვინდა, მაინც მოლაპარაკება გახდება საჭირო. დიახ, სამწუხაროდ, კატასტროფა ჯერ კიდევ რეალურია, რადგან: ა) რუსეთი მსოფლიოში მეორე ბირთვულ სახელმწიფოს წარმოადგენს და ბ) ვლადიმერ პუტინი უკან არასოდეს დაიხევს. უფრო მეტიც: ვლადიმერ პუტინის უკანდახევის შემთხვევაში, უკრაინისათვის სიტუაცია უფრო უარესი იქნებოდა. აი, ეს არის მესამე ჭეშმარიტება, რომლის განხილვას ახლა შევეცდები.
მოდი, უფრო შორს წავიდეთ და ვივარაუდოთ, რომ უკრაინა რუსეთთან ომს იგებს. ასევე, ჰიპოთეტურად დავუშვათ, რომ კიეველმა ლიდერებმა მოახერხეს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, მათ შორის - ყირიმის დაბრუნებაც, მაგრამ ომი, რომელიც დონბასში 2014 წლიდან მიმდინარეობს (მინსკის შეთანხმებების შეუსრულებლობის გამო), მაინც არ შეწყდება. რატომ? დავიმოწმებ ედგარ მორენს, ინტელექტუალს, რომელზეც ვერ იტყვი, რომ ის მხარს უჭერს ვლადიმერ პუტინისა თუ ჩვენებური მემარჯვენეების პოზიციას და კიდევ - სხვებისაც, რომლითაც ხშირად გვაშინებენ. ჰოდა, როგორც ვთქვი, 2014 წელს დაწყებული ომი არ შეწყდება კიეველი ჩინოვნიკების დონეცკში და სიმფეროპოლში დაბრუნებით, იმიტომ, რომ ყირიმი 85%-ით რუსული მოსახლეობით არის დასახლებული, ისინი კი არ მოისურვებენ უბრძოლველად დაბრუნდნენ რუსობის მდევნელი ქვეყნის შემადგენლობაში. ამიტომ, იმის ნაცვლად, რომ იარაღით ხელში ეცადოს ყირიმის უკრაინის საზღვრებში დაბრუნებას, დასავლეთისათვის (უპირველესად კი - ევროკავშირისათვის) უკეთესი იქნება, ყირიმის მოსახლეობაში თავისუფალი კენჭისყრა ჩაატაროს: სად სურთ მათ ცხოვრება - ევროკავშირში თუ რუსეთში? შემდეგ კი უკვე შეიძლება არჩევნებიც ჩატარდეს - როგორც ნიკოლა სარკოზი ამბობს, ევროკავშირის მკაცრი კონტროლით.
მთავარი ბენეფიციარები
ცხადია, ეს ომი ევროკავშირს, როგორც იტყვიან, წვენს ადენს, მაგრამ, იმავდროულად, სარგებლობს ამერიკა. ბევრს გაუკვირდება, მაგრამ ომით მოგებას იღებს ვლადიმერ პუტინიც. ამერიკასთან მიმართებით ყველაფერი გასაგებია: ვაშინგტონი მოგებიან სიტუაციაშია - პოლონეთს ატომური ელექტროსადგურების პროექტებს მიჰყიდის, გერმანიას F-35-ებს შეაძენინებს, ევროპის სხვა ქვეყნებს კი აიოვაში, ილინოისში, კანზასში, ნებრასკასა და ოკლაჰომაში მოყვანილ მარცვლეულს მიაწვდის, რუსული გაზისაგან გათავისუფლებულ მთელ მსოფლიოს კი - თავის ფიქლების გაზს... გარდა ამისა, ომმა ჯო ბაიდენს შესაძლებლობა მისცა შარშანდელ შუალედურ არჩევნებში სტატუსკვო შეენარჩუნებინა და მკვეთრი უპირატესობა რესპუბლიკელებს არ მოეპოვებინათ. ასევე, ააღორძინა ნატო (რომელსაც ემანუელ მაკრონმა ომამდე რამდენიმე თვით ადრე „ტვინის სიკვდილი“ დაუფიქსირა). ასე რომ, ჯო ბაიდენი ამ შემთხვევაში მართლაც ბენეფიციარია: ხუმრობა ხომ არ არის, რომ 81 წლის ასაკში საკუთარი პერსონა თავისუფალი სამყაროს უდავო ლიდერად წარმოაჩინო?
მაგრამ რას იგებს ვლადიმერ პუტინი? აი, რას: რუსეთის პრეზიდენტი, რომელსაც რუსები მეტ-ნაკლებად მხარს უჭერენ, კონფლიქტისგან სარგებელი მიიღო: მან შეძლო, საკუთარი ქვეყნის ორბიტაზე მიეზიდა ყველა, ვისაც კი ჩვენმა დასავლურმა დემოკრატიამ აწყენინა. რუსეთის ირგვლივ გროვდება დიდი წონის მქონე ჩინეთი, ინდოეთი, ბრაზილია, სამხრეთ აფრიკა, ასევე, ირანი და ოდიოზური ჩრდილოეთ კორეა, პლუს ოცამდე აფრიკული ქვეყანა. ბევრ მათგანს დღემდე აქვს შემორჩენილი სიძულვილი ევროპელი კოლონიური მფლობელებისადმი და რუსეთთან ეძებენ ხსნას, მაგალითად, ნიგერია, მალი, ბურკინა ფასო...
ოცნება ახალ შარლ დე გოლზე...
გაიხლართა რა თავისივე შიდაუთანხმოებაში, ცრუ ერთიანობის წარმოდგენებში, ინფლაციით დასუსტებული ევროკავშირი მორჩილად მოექცა ატლანტიკური გავლენის ქვეშ. ასეთ სიტუაციაში მყოფი ევროკავშირი უუნაროა, კონფლიქტის მხარეებს რაიმე ქმედითი სამშვიდობო გეგმა შესთავაზოს. ამ მდგომარეობის შემყურე, ხშირად ვიცნებობ ხოლმე ახალ შარლ დე გოლზე ან, თუნდაც, ახალ იუბერ ვედრინზე (საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟაკ შირაკის პრეზიდენტობის დროს - ს.კ.).
მაგრამ დღეს ჩვენ ასეთი პოლიტიკოსები არ გვყავს. როგორც კი ნიკოლა სარკოზიმ თავისი პოლიტიკური მემკვიდრე ფრანსუა ოლანდი გააკრიტიკა, მისმა მხარდამჭერმა ფრანსუა ჰეისბურგმა (სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ) ნიკოლა სარკოზი ყველა სასიკვდილო ცოდვაში დაადანაშაულა: „ყოფილ პრეზიდენტს, როგორც ჩანს, რუსებმა დიდი თანხა გადაუხადეს. ვატყობ, რომ მას იურიდიული პასუხისმგებლობა მოუწევს“, - განუცხადა ფრანსუა ჰეისბურგმა ჟურნალისტებს.
მე მგონი, ასეთი პირადული შეურაცხყოფებისა და ვულგარული კრიტიკის ნაცვლად, ჩვენი პოლიტიკოსებისა და ექსპერტებისათვის უკეთესი იქნება, სერიოზული დისკუსია ჩაატარონ. ლანძღვა და შეურაცხყოფა იმ ადამიანებს სჩვევიათ, რომლებსაც არგუმენტები აღარ აქვთ და ამიტომ არაკორექტული მოქმედებით ცდილობენ გულის მოოხებას. არ მოგწონთ ნიკოლა სარკოზის პოზიცია? გააკრიტიკეთ ცივილიზებულად და არგუმენტირებულად, საკითხის ცოდნით - ისე, როგორც ამას ჟერარ აგო აკეთებს ჟურნალ „ლე პუენში“ გამოქვეყნებულ სტატიაში, თუმცა, საბოლოოდ, იგი მთავარ იდეაში ექსპრეზიდენტს ეთანხმება. მისი პუბლიკაცია მკვეთრად განსხვავდება იმ ადამიანების პოზიციებისაგან, რომლებიც დივანზე არიან წამოწოლილები და ფიქრობენ, რომ ომი, რომელმაც უკვე ასი ათასობით სიცოცხლე იმსხვერპლა, კიდევ უფრო მეტად უნდა გამწვავდეს, მოხდეს უაზრო ესკალაცია, უარესი ნგრევა და კატასტროფის დაჩქარება.
მოამზადა სიმონ კილაძემ