როგორი იქნება პრეზიდენტის საპასუხო დარტყმა „ოცნებაზე“ ანუ შეიწყალებს თუ არა სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს?! - კვირის პალიტრა

როგორი იქნება პრეზიდენტის საპასუხო დარტყმა „ოცნებაზე“ ანუ შეიწყალებს თუ არა სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს?!

რით უპასუხებს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ოცნებას“, რომელმაც მის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურები დაიწყო? ეს კითხვა აინტერესებს პოლიტიკით მეტ-ნაკლებად დაიტერესებულ ადამიანს.

სასწაული უნდა მოხდეს, რომ „ოცნებამ“ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტი შეძლოს. კერძოდ, პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებას 100 პარლამენტარის მხარდაჭერა სჭირდება. „ოცნებას“ 84 პარლამენტარის მობილიზება შეუძლია. მოიძებნება 16 ოპოზიციონერი, რომელიც ხმა მისცემს პრეზიდენტის იმპიჩმენტს? ძნელი წარმოსადგენია. ამიტომ „ოცნების“ ეს ნაბიჯი, უფრო პოლიტიკური დემარშია, ვიდრე რეალური შედეგის მომტანი.

თუმცა, სამწუხაროდ, ეს ქვეყნის იმიჯზე დადებითად არ აისახება. წარმოიდგინეთ, სალომე ზურაბიშვილი ევროპაში ხვდება ევროპელ ლიდერებს, ამ დროს კი, საქართველოში მისი იმპიჩმენტის პროცედურებს იწყებენ. ევროკაშირის ლიდერები წევრობის სტატუსის კანდიდატის მისაღებად ერთ-ერთ პირობად დეპოლარიზაციას ასახელებენ. თუმცა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კი არა, აგერ პრეზიდენტსა და ხელისუფლების სხვა შტოებს შორის ვიხილეთ სუპერპოლარიზაცია.

სალომე ზურაბიშვილი ალბათ, ფიქრობს საპასუხო დარტყმის მიყენებაზე. აღმასრულებელი ბერკეტები მას არ აქვს, რომ მთავრობა გადააყენოს ან პარლამენტი დაითხოვოს. თუმცა ერთ-ერთი ვერსიით, მან შესაძლოა, ევროპიდან მოაწყოს დემარში და ბებერი კონტინენტის დედაქალაქიდან გააკეთოს ხმამაღალი განცხადებები.

თუმცა მას აქვს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ბერკეტი, რომლის გამოყენებაც „ოცნებისთვის“ მტკივნეული იქნება. ეს არის მიხეილ სააკაშვილის შეწყალება. სალომე ზურაბიშვილმა კინ თქვა ერთხელ - „არა და არასოდეს“ თუმცა...პოლიტიკური ბრძოლის დროს ყოველთვის შეგიძლია თქვა, რომ კონტექსტი და რეალობა შეიცვალა და სხვა გადაწყვეტილებების მიღებაა საჭირო. ასე რომ, ნუ გამოვრიცხავთ, რომ პრეზიდენტმა ეს ნაბიჯი გადადგას.

თუმცა ამ ნაბიჯსაც აქვს რისკები. კერძოდ, სალომე ზურაბიშვილი საზოგადოების იმ ნაწილის რისხვას დაიმსახურებს(და ასეთი არცთუ ისე ცოტაა), რომლისთვისაც კატეგორიულად მიუღებელია სააკაშვილის გათავისუფლება. მეორე მხრივ კი, „ოცნება“ ზურაბიშვილს დესტაბილიზაციისთვის ხელის შეწყობაში და სააკაშვილთან ფარულ ალიანსში დაადანაშაულებს.

შეგახსენებთ, რომ დღეს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ "ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო. მმართველი პარტიის მტკიცებით, სალომე ზურაბიშვილის თვითნებური გამგზავრება ევროპაში კონსტიტუციის დარღვევაა, რადგან ამის ნებართვა მთავრობას პრეზიდენტისთვის არ მიუცია. თავის მხრივ, სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს კერძო ვიზიტია და კონსტიტუცია არანაირად არ ირღვევა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, ვიზიტის მიზანია, რომ საქართველომ მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.