„დრაკულა ხოჭო“ კართანაა
ბუნებაში მილიონობით მავნე მწერი ცხოვრობს, რომლებიც მცენარეებსა და მწვანე საფარს ანადგურებენ. ამ მავნებლებს შეისწავლის ისრაელში მოქმედი აგრარული კვლევის ორგანიზაცია - ვოლკანის ინსტიტუტი და საჭიროების შემთხვევაში, ამ ინსტიტუტის მეცნიერები სხვა ქვეყნებსაც ეხმარებიან რჩევებით. ჩვენი დღევანდელი სტუმარია ვოლკანის ინსტიტუტი პროფესორი ცვი მენდელი (Zvi Mendel), რომელიც საქართველოსა და ქართველი ენტომოლოგების დიდი მეგობარია. ჩვენს ქვეყანას ის 17-20 ივლისს საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში ენტომოლოგიის ინსტიტუტისა და პროფესორ გიორგი ჯაფოშვილის ორგანიზებულ მე-16 კოქციდოლოგთა საერთაშორისო სიმპოზიუმზე ეწვია.
- ბოლო 30 წლის განმავლობაში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან ევროპის ქვეყნებში ძალიან ბევრი ინვაზიური მწერი შემოდის, რაც ამ ქვეყნებისთვის დიდ თავსატეხად იქცა. განსაკუთრებით უნდა გამოვყო რამდენიმე სახეობის ხარაბუზა. მათ მავნებლობას ისიც ამძიმებს, რომ ბუნებრივი მტერი არა ჰყავთ. ამიტომ დიდი რაოდენობით ქიმიური საშუალებაა საჭირო მათი რიცხოვნობის შესამცირებლად. ყველა ხარაბუზა, რომელიც ე.წ. ცერამბიციდების ოჯახს მიეკუთვნება, საშიში მავნებელია. ამ პატარა ხოჭომ მთელი ამერიკა ააფორიაქა: ჩიკაგოსა და ნიუ-იორკში იმდენი ხე დააზიანა, რომ ამ ხეების მარტო გატანის ხარჯი 100 მილიონ დოლარს გაუტოლდა. ეს საშიში ხოჭო გავრცელდა იტალიასა და საფრანგეთში, მერე კი თურქეთშიც. მისი სახელი ქართულად ითარგმნება როგორც ციტრუსის ხარაბუზა. ეს სახელი მას ჩინეთში შეარქვეს. რადგან ციტრუსის ხარაბუზა საქართველოსთვის რეალური საფრთხეა, მინდა თქვენს მკითხველს ამ მწერზე ვესაუბრო.
- სახელის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ის ციტრუსებს აზიანებს და დასავლეთ საქართველოსთვის უფრო სახიფათოა...
- ვერ დაგეთანხმებით, ეს სახელი სულაც არ ნიშნავს, რომ ციტრუსი მისთვის ყველაზე საყვარელი საკვებია. ის ძლიერ, მაღალ ხეებსაც ისევე ემუქრება, როგორც შედარებით დაბალ ბუჩქებს ან ციტრუსებს. 15 წლის განმავლობაში ამ ხოჭოსთან საბრძოლველად ევროკავშირმა 2 მილიონი ევრო დახარჯა, რას არ აკეთებდნენ, რომ მისი რიცხვი შეემცირებინათ.
- ესე იგი, მას ბუნებაში მტერი არა ჰყავს?
- არა, ევროპაში ასეთი მტერი არ არსებობს, რადგან ციტრუსის ხარაბუზა ევროპაში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან შევიდა. ევროკავშირში ცდილობენ ამ მავნებელთან ბრძოლის მეთოდები გამოიგონონ, მაგრამ ეს ურთულესი ამოცანაა. საბედნიეროდ, იტალიამ შეძლო და მისი რიცხოვნობა როგორღაც დაარეგულირა, შეიძლება ითქვას, ეს ხოჭო იტალიაში ისე აქტიურად აღარ ჩანს. სამაგიეროდ, ძალიან გამრავლდა თურქეთში, სადაც სრული კატასტროფა გამოიწვია: ხარაბუზამ ერთიანად გაანადგურა ხეები ანთალიასა და სტამბოლში. განსაკუთრებით ეტანება ჭადრებს - იქაური ჭადრები ამ პატარა მწერმა თითქმის ერთიანად მოსპო.
- ჩვენთვის რატომ არის საშიში ციტრუსის ხარაბუზა?
- ძალიან საშიშია, რადგან ის თანდათან მიიწევს როგორც ჩრდილოეთისკენ, ასევე აქეთ - აღმოსავლეთისკენ. ციტრუსის ხარაბუზამ თხილის ბაღების განადგურებაც დაიწყო. ის ძალიან დიდ საშიშროებას უქმნის თხილის ნარგავებსაც, რადგან ძალიან სწრაფად უახლოვდება საქართველოს. არამარტო თხილი, ის ქართული ჭადრებისთვისაც საშიშია, რომლებიც თბილისში ძალიან მომწონს! საოცრად ლამაზი ქალაქია და მის გამწვანებაში ძველისძველ ჭადრებს განსაკუთრებული ადგილი უკავია, ამ ქალაქის ერთ-ერთი მთავარი სილამაზე და ღირსშესანიშნაობაა. განსაკუთრებით საყურადღებოა დასუსტებული ხეები, რომლებიც ციტრუსის ხარაბუზას მთავარი სამიზნეა. ჭადარი ისედაც მოწყვლადი მცენარეა და კიდევ უფრო მოწყვლადი გახდა ახლა - გლობალური დათბობის გამო. დარწმუნებული ვარ, თუ ეს ხოჭო თბილისში გამოჩნდება, ამ მშვენიერ ჭადრებსაც გაანადგურებს. იგივე ემუქრება თხილის ან ციტრუსის ბაღებს დასავლეთ საქართველოში. ამ ხოჭოს წინაშე თხილის ბაღები უფრო მოწყვლადიც კი არის, ვიდრე ციტრუსისა. დარწმუნებული ვარ, როდესაც ეს მავნებელი საქართველოში გამოჩნდება, მთავრობა და შესაბამისი სამსახურები დაიწყებენ ფიქრს, რომელი ქიმიური საშუალებები გამოიყენონ მის წინააღმდეგ. ცხადია, ეს არ იქნება ეფექტიანი საშუალება ციტრუსის ხარაბუზას წინააღმდეგ და ერთის ნაცვლად, ორი პრობლემა წარმოიქმნება.
- რატომ?
- ერთი ის, რომ მავნებლის რიცხოვნობა ასე ადვილად არ შემცირდება და მეორე - მივიღებთ დაზიანებულ, დაბინძურებულ გარემოს. ალბათ, მკითხველს გაუკვირდება, რატომ ხარ ასე დარწმუნებულიო? - ამის საფუძველს ანთალიაში არსებული მდგომარეობა მაძლევს: იქ დიდხანს ასხურებდნენ ქიმიურ პრეპარატებს, მაგრამ შედეგი ვერ მიიღეს. ბოლოს ხელები ასწიეს და თქვეს, ამ პატარა მწერთან ყველანი დავმარცხდითო!
- როგორ გამოიყურება ციტრუსის ხარაბუზას დაზიანებული მცენარე?
- ის ჭამს მერქანს, ხის ქერქსა და მთელ ვარჯს, უზარმაზარ ჭადრებს გულს აცლის, რის გამოც თურქებმა "დრაკულა ხოჭო" დაარქვეს. რა თქმა უნდა, ენტომოლოგების მიზანია, გადაარჩინონ ხეები ამ საშიში მავნებლისგან. ამისთვის გვჭირდება გამოცდილი ენტომოლოგები, ნამდვილი პროფესიონალები. მხოლოდ ასე შეიძლება სწორი ღონისძიებები დავგეგმოთ და მავნებელთან ბრძოლა უფრო ეფექტიანი იყოს.
- თუ ციტრუსის ხარაბუზას ბუნებრივი მტერი არა ჰყავს, ისევ ქიმიური საშუალებები უნდა გამოიყენოთ?
- ვერ დაგეთანხმებით: საჭიროა გამართული მონიტორინგის სისტემა, რომლის დახმარებითაც შევძლებთ დროულად აღმოვაჩინოთ ყველა წერტილი, სადაც ეს ხოჭო გაჩნდება. თუ არ მომრავლდება, მისი დამარცხება გაცილებით მარტივია. ამიტომ უნდა ვიცოდეთ წერტილები, სადაც ციტრუსის მავნებელი "დაბინავდება" და სწრაფი რეაგირება დავიწყოთ. "დრაკულა" ადგილზევე უნდა განადგურდეს, რათა კვერცხების დაყრა და შთამომავლობის გაზრდა ვერ მოასწროს, წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ გამოხრულ, გამოჭმულ ხეებს, რომლებიც მალე გახმება და წაიქცევა.
- რა ქიმიურ საშუალებებს იყენებენ ამ ხოჭოს წინააღმდეგ?
- შეწამვლა დიდი სიფრთხილით უნდა წარიმართოს, ისეთი ინსექტიციდები უნდა გამოვიყენოთ, რომლებიც გარემოსთვის ნაკლებად საზიანოა. გამოცდილ ენტომოლოგს თან უნდა ჰქონდეს ხელსაწყოების ჩანთა და სხვადასხვა მეთოდს მიმართოს: შეიძლება დაზიანებული ხე მოჭრას, სანამ საშიშ სენს სხვებსაც არ გადასდებს. შეიძლება ინსექტიციდი ხეს შიგნით, ქერქში შევასხუროთ, რათა მწერები მალე გაანადგუროს. ასევე კარგია სენსორების გამოყენება, რომელთაც ხეს დავუყენებთ და დროულად გავიგებთ, ხომ არ იმალება იქ "დრაკულა". უნდა ვიჩქაროთ, ვიდრე კვერცხებს დადებს და გამრავლდება, თორემ ერთის ნაცვლად, ასეულობით მავნებელს მივიღებთ.
- საინტერესოა, რა შეცდომა დაუშვეს თურქებმა და როგორ მიაღწიეს დადებით შედეგს იტალიაში?
- ყველაზე დიდი შეცდომა, რომელიც თურქებმა დაუშვეს, იცით, რა იყო? - თავის დროზე არ იმოქმედეს - არაფერი გააკეთეს, ვიდრე ხეებმა კვდომა არ დაიწყეს. სანამ ხეებზე 1-2 ხოჭო იყო, ყურადღება არ მიაქციეს. თავის დროზე ცოტა ფული არ დახარჯეს და ახლა, როცა ხარაბუზა ხეებს მოედო, ძალიან დიდ თანხას ხარჯავენ, მაგრამ შედეგს ვეღარ აღწევენ. იტალიელებმა რა გააკეთეს? - როგორც კი "დრაკულა ხოჭო" გამოჩნდა, მაშინვე შექმნეს ენტომოლოგთა ჯგუფები და ის ხეები მოჭრეს, სადაც "დრაკულა" თავდაპირველად აღმოაჩინეს.
- რა უნდა ვიღონოთ, თუ ციტრუსის ხარაბუზა საქართველოშიც შემოაღწევს?
- აქ თუ შემოვა, მისი შეჩერება ძალიან გაძნელდება. ამიტომ ქართველ პოლიტიკოსებს მინდა მივმართო: როგორმე გადავარჩინოთ ეს უძველესი ლამაზი ჭადრები, რომლებიც ასე ამშვენებს თქვენს დედაქალაქს! ყველაფერი უნდა ვიღონოთ, სანამ ეს ხოჭო შემოვა და მცენარეებს დაერევა. გარწმუნებთ, წინასწარი მონიტორინგი და გაფრთხილება გაცილებით იაფი ჯდება, ვიდრე მერე, როცა ურემი გადაბრუნდება და "დრაკულა ხოჭო" გამრავლდება და გაძლიერდება.
- დასასრულ, ქართველ ენტომოლოგებთან თუ თანამშრომლობთ?
- დიდი ხანია, ნაყოფიერად ვმუშაობთ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ენტომოლოგიის ინსტიტუტსა და მის დირექტორთან. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს საინტერესო, პროდუქტიული თანამშრომლობა ჩემს ქართველ კოლეგებთან მომავალშიც გაგრძელდება.
ხათუნა ჩიგოგიძე