როგორ ვუშველოთ ქართულ კაკალს
მეტ-ნაკლებად მთელ საქართველოში, და მათ შორის იმერეთშიც, ყუათიანი ქართული კაკალი თავის რჩენის საშუალება იყო. სამწუხაროდ საუკუნოვანი ქართული კაკლები ხმება, ახლის დარგვას კი არავინ აპირებს. ყველა ფიქრობს, რომ მცენარემ წლეულს თუ არ მოისხა, გაისად მოსავალი უეჭველად ექნება, თუმცა მოსავალი წლიდან წლამდე მცირდება. ამაში "დამნაშავე" ხან გვიანი ყინვაა, ხანაც გვალვა, მათთან ერთად კი დაავადებები. ახალი ჯიშების კაკლის ბაღები მხოლოდ მცირე ტერიტორიაზე შენდება და სპეციფიკურ მოვლას საჭიროებს - თავისი სარწყავი სისტემით თუ შეწამვლის საშუალებებით, რის შესაძლებლობაც სოფლის რიგით მცხოვრებს არ აქვს.
რატომ ავადდება ქართული კაკალი და როგორ შეიძლება ამასთან ბრძოლა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მეხილეობის კვლევის სამსახურის უფროსს, ასოცირებულ პროფესორ ზვიად ბობოქაშვილს ვკითხეთ:
- ბატონო ზვიად, კაკალი საქართველოში მეტ-ნაკლებად ყველგან ხარობს, გარდა ჭარბტენიანი ადგილებისა. მოსახლეობასაც ეს ძვირფასი პროდუქტი ყოველთვის ჰქონდა. თუმცა ახლა ქართული კაკლის მოსავალმა ძალიან იკლო. ბევრი საუკუნოვანი კაკალი აღარ იძლევა მოსავალს. ეს რა მიზეზით ხდება?
- მიზეზი, სამწუხაროდ, ბევრია, მათ შორის უპირველესი მცენარის ასაკია. მაგალითად, თუ კაკალი 80-100 წლის არის, ეს ნიშნავს, რომ შესაძლოა დაუგროვდა დაავადებები, რაც წლების განმავლობაში ვითარდებოდა. კლიმატის ცვლილებამ, საზღვრების გაფართოებამ ბევრი დაავადება გამოავლინა. თუმცა პროგრესიც გვაქვს, ჩვენს ქვეყანაში კაკლის არაერთი ბაღი გაშენდა, რომელთა მოსავალიც, ევროპაშიც გადის. ფაქტი ის არის, რომ კაკლის ბაღებს განსაკუთრებული, მუდმივი მოვლა სჭირდება, რაზეც ფერმერები ზრუნავენ. ჩვეულებრივ პირობებში კი ქართული კაკალი იმდენად შეგუებული იყო გარემოს, რომ მას მოვლა არ სჭირდებოდა, დაბერტყვის გარდა.
- იმერეთში ამბობენ, კაკალს აღარც ბერტყავენ, მხოლოდ იმას ელოდებიან, როდის ჩამოცვივდება თავისით, მოსავალი ამანაც გააუარესა, რადგან დაბერტყვისას ტოტები იმტვრეოდა, რაც გასხვლის ერთგვარი შემცვლელი იყოო.
- არის ამ ნათქვამში სიმართლე, თუმცა, პირველ რიგში, ვთქვათ კლიმატის ზეგავლენაზე. ერთია დათბობა, მაგრამ მეორე და უმნიშვნელოვანესია თოვლის საფრის ხანგრძლივობა. ბოლო ათეულ წლებამდე ჩვენში თოვლი მიწას დაახლოებით 50-60 დღის განმავლობაში ფარავდა. ახლა ეს პერიოდი 20-25 დღემდე დავიდა. თოვლი აგროვებს მცენარისთვის ტენს, ხელს უშლის ნიადაგში პათოგენების გამოზამთრება-გამრავლებას - ანუ თოვლიანობის ორჯერ შემოკლებულმა პერიოდმა ნიადაგის პათოგენობაც გაზარდა, რაც პირდაპირ მოქმედებს ქართულ კაკალზე - მას ხომ, ინტენსიური ბაღებისაგან განსხვავებით, მავნებლების საწინააღმდეგოდ არ ვწამლავთ. ამას ემატება ისიც, რომ კლიმატის პიკები შეიცვალა - ადრე გვქონდა 8-9-დღიანი მზიანი ამინდი და შემდეგ დაახლოებით ერთკვირიანი ნესტიანი, ახლა 20-25-დღიანი (ხანდახან ორთვიანი) გვალვიანი ამინდი გვაქვს და დაახლოებით ერთკვირიანი წვიმა, თანაც კაკლის გაახალგაზრდავებაც გაცილებით რთულია, ვიდრე, მაგალითად, მსხლის ან ვაშლის.
- მსხალი ან ვაშლი როგორ ახალგაზრდავდება, ჯერ ის მითხარით.
- გეტყვით, და ისიც დავიმახსოვროთ, რომ ახალი ჯიშების საძირეები, რომლებიც, მართალია, მოვლის წყალობით შესანიშნავად ისხამს, გაცილებით სუსტია, ვიდრე ადგილობრივი, ჩვენს პირობებს შეგუებული საძირეები. ამიტომ ურიგო არ იქნება, თუ მსხლის ან ვაშლის ძველი, მაგრამ კარგი ჯიში გვაქვს, გავაახალგაზრდაოთ. აი, ეს როგორ ხდება: მაგალითად, თუ გვაქვს 6-მეტრიანი მსხალი ან ვაშლი, პირველ წელიწადს ვამოკლებთ - ტოტებს გადავჭრით დაახლოებით მეტრ-ნახევრით. უფრო მეტით, მაგალითად, 2 მეტრით რომ გადავჭრათ, ხე გახმება. აი, მეორე წელიწადს კი, შემოდგომაზე, შეგვიძლია ხე უფრო მეტადაც დავამოკლოთ, მაგალითად, გადავჭრათ 4 მეტრით და დავტოვოთ მხოლოდ ახალგაზრდა ტოტები. რაც შეეხება კაკალს, გასაახალგაზრდავებლად შეგვიძლია მთლიანად ჩამოვაჭრათ ხმობაშეპარული და ძველი ტოტები.
თუმცა, თუ კაკალი გახმობას დაიწყებს, შეიძლება უშველოს ხმელი ტოტების გადაჭრამ, მაგრამ, დიდი ალბათობით, ამ დროს ხის ფესვებში ან ღეროში მიდის დაავადების პროცესი, რომლის შველა ძნელია სპეციალური ღონისძიებების, მავნებლებზე დამუშავების გარეშე. თან ამ კულტურის ერთი თვისებაც უნდა გვახსოვდეს: მცენარემ გაზაფხულზე ახალი ტოტი თუ არ წამოიღო, ეს ნიშნავს, რომ მომავალ წელიწადს აღარ მოისხამს. სხვათა შორის, თავად კაკლის ნაყოფს "თავისი" ჭია არა ჰყავს, მას ვაშლის ჭია აჭიანებს. თუმცა ყველას ვერ ვნებს, ზოგიერთი ნაყოფი იმდენად არის ბუნებრივად დაგმანული, რომ ჭია ვერ შედის.
- კიდევ გამოსავალი რა არის?
- კაკალი, საბედნიეროდ, ადვილად მრავლდება თესვით. დასათესად ახალი ნაყოფი გამოიყენება. მანამდე ის უნდა გათავისუფლდეს წენგოსგან და ჩრდილში გამოშრეს. თუმცა სასურველია მანამდე ახალდაკრეფილი თესლის 1-2 დღით მზეზე გაშრობა, რაც ნაჭუჭს უფრო ნათელ შეფერვას აძლევს და იცავს სოკოვანი დაავადებებისგან. ამ შემთხვევაში სათესლე კაკალს გაზაფხულზე, დათესვის წინ, 2 დღით წყალშიც დავალბობთ, ხოლო თუ მცენარეს შემოდგომაზე ვთესავთ, მაშინ თესლი წინასწარ დამუშავებას არ საჭიროებს.
გაზაფხულზე თესვისთვის საჭიროა თესლის განსაკუთრებული შენახვა სარდაფში 12-14C-ზე. უნდა გვახსოვდეს, რომ კაკალი არავითარ შემთხვევაში არ ითესება ჭაობიან ადგილას, მას მშრალი ნიადაგი მოსწონს. ამიტომაც არის დასავლეთ საქართველოში, მაგალითად, გურიის ზოგიერთ ადგილას, კაკალი რომ ვერ ხარობს ძალზე ნესტიანი ნიადაგის გამო. კაკალი მშრალ ნიადაგზე უნდა დავთესოთ. მაგალითად, სანერგეებში კაკალი კარგად გაფხვიერებულ კვლებში ითესება 5-7 სმ სიღრმეზე, ერთმანეთისგან 10-15 სმ-ის დაცილებით. თესვისას რეკომენდებულია კაკლის წვეროს გვერდულად გადახრა.