თბილისელი „ხის ოსტატების“ უჩვეულო სამყარო - კვირის პალიტრა

თბილისელი „ხის ოსტატების“ უჩვეულო სამყარო

"ყოველი ადამიანი უფლის მოვლინებულია და ყველას ამ ცხოვრებაში თავისი მისია აკისრია, ჩემი მისიაც, ალბათ, ის იყო, რომ აქ ამოვსულიყავი და ეს შემექმნა" - გვეუბნება პანტომიმის მსახიობი თამუნა მდივანი. ის რომ ადამიანის ხელს, უამრავი რამის შექმნა შეუძლია, ამის გასაოცარი ნიმუში ახალგაზრდა ცოლ-ქმრის აგარაკია, რომელიც თბილისთან ახლოს, ულამაზეს ადგილას მდებარეობს, რომელსაც ვეჯინს უწოდებენ. როცა მათთან ინტერვიუს ჩასაწერად მივედი, ცოტა ხანს უხმოდ ვიდექი და ვუყურებდი საოცრებას, რომელიც ადამიანებმა თავიანთი ხელით შექმნეს.

mamul5-1693577788.jpg

გოჩა გელაშვილი: - აქ კინოსტუდიის აგარაკებზე ნაკვეთი 1988 წელს იყიდა ჩემმა ოჯახმა და 4-სართულიანი სახლი ავაშენეთ. რადან ხელოვანების ოჯახი გვაქვს, სახელოსნოც გავაკეთეთ. 90-იან წლებში, როდესაც არეულობა დაიწყო, აქაურობა გაიძარცვა და გაპარტახდა. მერე ისე წავიდა ყოფა, ვის ეცალა აქაურობისათვის. დროთა განმავლობაში აქ ტყე გაშენდა. "კოვიდის" დროს, როცა ყველა და ყველაფერი ჩაიკეტა, მეგობარმა მითხრა, ერთი ქოხი მაქვს გაკეთებული და ის ჩადგი ნაკვეთშიო. ეს ის ქოხია, რომელიც წინა ხელისუფლების დროს გაკეთდა, რუსთაველზე ამ პატარა სახლში თოვლის ბაბუა იჯდა და ბავშვებს იღებდა. ხომ წარმოგიდგენიათ, ამ პატარა ოთახში რამდენი დადებითი ენერგიაა.

გასაოცარი ისაა, რომ ჩემი ხელით ცხოვრებაში არაფერი დამიმზადებია, და რასაც ახლა უყურებთ, ყველაფერი ჩემი და ჩემი მეუღლის გაკეთებულია. მაგალითად, თავიდან სკამი არ მქონდა და ავაწყვე, წყალი არ მქონდა და მთიდან გადმოვიყვანეთ. ორი დიდი მუხის ხისგან განათების დეკორი გაკეთდა. სტუმარი რომ ამოსულიყო, მაგიდაც არ გვქონდა და ეს დიდი, ღია მისაღები შეიქმნა. ამის მერე დავიწყეთ ცალ-ცალკე ტერასების გაკეთება. ამასობაში პირველი ზამთარი დადგა და რომ დავინახე, თამუნა იყინებოდა, დიდი ღუმელი დავდგი. აქ ხომ უამრავი ხეა და ყველა დეტალს, დეკორს თუ ასე შემდეგ ამ ხეებისგან ვქმნი. მაგალითად, დავინახავ ხის პატარა ნაჭერს და მაშინვე ვხედავ, ამისგან რა გამოვა. სამზარეულო არ გვქონდა და ულამაზესი ხისგან ავაწყვე. აქ ბუნება იმდენ მასალას გაძლევს, რომც გინდოდეს, ვერ გაჩერდები. დღე არ გავა, რაიმე ახალი არ გავაკეთოთ. ცხენი მყავს და როცა ტყეში გავდივარ, ხან რას ვპოულობ და ხან რას... რომ არა ჩემი მეუღლე, მარტო ამას ვერ შევძლებდი. მას მოსდის ისეთი იდეები, რომ მაშინვე გაკეთება მინდება. სამი წელია აქ ვართ და გახედვაც არ მინდა თბილისისკენ. დროდადრო მაინც მიწევს ჩასვლა და გეფიცებით, ერთი დღით გაჩერებაც მიჭირს. "ჩემი თბილისი ჩაბარდა წარსულს, მე მაგ თბილისში ცხოვრება არ მსურს" - ჩვენთვის უკვე ასეა.

mamul9-1693577788.jpg

თამუნა მდივანი: - როცა "კოვიდი" დაიწყო, აქ წამოვედით. თავიდან ჩემი შვილები ფიქრობდნენ, დედაჩვენი გაგიჟდა, იქ რა უნდა გააკეთოსო. მთელი ცხოვრება ვოცნებობდი საკუთარ სახლზე და ოცნება ავისრულე. ურთულესი დღეები გამოვიარეთ, ორ წელიწადს მხოლოდ გზის გაწმენდას მოვუნდით, წყალიც მთიდან გადმოვქაჩეთ. თავდაპირველად აქ სველი წერტილებიც კი არ იყო. ქოხში მხოლოდ ღამით შევდიოდით დასაძინებლად, მანამდე ვმუშაობდით. ხშირად სულ მარტო ვიყავი, რადგან მეუღლეს საქმის გამო ქალაქში უწევდა ჩასვლა. გოჩას ხომ არ დაველოდებოდი, ლურსმანი თუ იყო მისაჭედი, ვაჭედებდი, გასალესი თუ იყო, ვლესავდი. შეშას ვჩეხდი, რომ არ გავყინულიყავი. ფერმერობასაც მოვკიდე ხელი და ქათმები, თხები და იხვებიც მყავდა, ერთხანს ბოსტანიც კი გავაშენე. მალე მივხვდი, რომ ფერმერობა არ მაკმაყოფილებდა და ტურიზმშიც ვცადე ბედი. ახლა გამწვანებით ვარ დაკავებული, ყვავილების მოშენებით და ა.შ.

mamul3-1693577787.jpg

პირველად აქ რომ ამოვედი, ჩემს თავს ვუთხარი, თამუნა, რადგან აქ ხარ, უკანდასახევი გზა აღარ არის-მეთქი. აქ ღმერთთან სიახლოვესაც უფრო გრძნობ, როცა მარტო რჩები. მაშინ ამ ტყეში მხოლოდ მე და ერთი მონაზონი ვცხოვრობდით, რომელმაც სასწაული მონასტერი ააშენა. მერე და მერე ამოვიდა მოსახლეობა. გადაწყვეტილი მაქვს, ჩემი ტერიტორია სრულად შემოვღობო. გრანდიოზული რამ მაქვს ჩაფიქრებული, ცოტა ხანში ეს ჩვენი სახლი ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი იქნება, სადაც უამრავ სტუმარს მივიღებთ. მთავარი მონდომებაა, მიზანი და ძალიან დიდი შრომა. თურმე ნულიდან მართლა შეგიძლია ცხოვრება დაიწო და მყარად დადგე მიწაზე.

რუსუდან შაიშმელაშვილი