ახალციხელი ფერმერის გზა - „კარტოფილიდან ლოკოკინამდე“ - კვირის პალიტრა

ახალციხელი ფერმერის გზა - „კარტოფილიდან ლოკოკინამდე“

2016 წელს ზურაბ სადათიერაშვილს ახალციხეში თავის ნაკვეთში ვესტუმრეთ და მაშინ კარტოფილის მოსავალზე ვისაუბრეთ. წლებია, მეურნეობას ძმასთან ერთად უძღვება და გარდა კარტოფილის, სიმინდის, ხახვისა და ჭარხლის მოწევისა, მესამე წელიწადია, ლოკოკინების ფერმაც გამართა. ზურაბი მხატვარია, ახალციხის უნივერსიტეტში გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტი ხის, ქვის, ლითონისა და სხვა მასალათა მხატვრული დამუშავება და რესტავრაციის განხრით დაამთავრა. საკუთარ თავს ხუმრობით "ნამხატვრალს" უწოდებს, თუმცა მხატვრის ხედვა ხომ არასდროს იცვლება?! ჰოდა, ეს ხედვა და თავისუფლების შეგრძნება არასდროს ტოვებს. კმაყოფილია თუ არა თავისი საქმიანობით? წლების შემდეგ ზურაბ სადათიერაშვილი კვლავ პასუხობს ჩვენს კითხვებს.

ზურაბ სადათიერაშვილი:

- სოფლის მეურნეობას ოჯახი სულ მისდევდა, მაგრამ ცოტა დიდი ნაკვეთების ყიდვა 2010 წლიდან დავიწყე და ნელ-ნელა ვაფართოებთ. ახალციხეში ყველაზე კარგად კარტოფილი მოდის და მისი მოყვანა გადავწყვიტეთ. ვინაიდან თესლბრუნვა აუცილებელია, კარტოფილის ალტერნატივად ხახვი და სიმინდი ავირჩიეთ, შიგადაშიგ ჭარხალსაც ვთესავთ. სასურველია, ერთი და იგივე კულტურა ნაკვეთზე ოთხ წელიწადში ერთხელ დაბრუნდეს. ჩვენს პირობებში ცოტა გვიჭირს, მაგრამ ვცდილობთ სამწლიანი ციკლი მაინც გვქონდეს. თესლბრუნვა ერთგვარი დაცვაა დაავადებებისა და სარეველებისგან. წლეულს 2,5 ჰექტარზე კარტოფილი მითესია, 0,5-0,5-ზე - ხახვი და სუფრის ჭარხალი, სადღაც 1 ჰექტარზე ხორბალი, დაახლოებით 10 ჰექტარზე კი სიმინდი გვაქვს.

- მიწა სრულად თქვენს საკუთრებაშია თუ იჯარით გაქვთ აღებული?

- უმეტესობა ჩემი და ჩემი ძმის საკუთრებაა და ნაწილიც იჯარით გვაქვს აღებული.

kartofili2-1693919533.jpg

- პროდუქტს სად ყიდით?

- ვაჭრები სამარშრუტოებით დადიან და კარტოფილს იბარებენ. როცა მოთხოვნა დიდია, პირდაპირ ნაკვეთიდან გააქვთ. ჩვენც ვცდილობთ გაყიდვას, რადგან შესანახადაც რთულია, შეტანა-გამოტანა აძვირებს პროდუქციას, მუშახელის დეფიციტიც არის... სიმინდი ბრუნვაში ჩვენთან იმიტომ შემოვიდა, რომ კომბაინით ვიღებთ და ადამიანური შრომა ნაკლებად გვჭირდება. აქაურ ფერმერებს მიაქვთ, წისქვილები აქვთ, კომბინირებულ საკვებს ვინც ამზადებს, მათაც სჭირდებათ. ფასები, ცოტა დაეცა, რადგან რუსეთიდან ბევრი შემოდის.

- მუშახელის სიმცირეს თითქმის ყველა ფერმერი უჩივის...

- 13 წლის წინ დავიწყე ეს საქმე და მაშინ ვინც მუშაობდა, მათგან ბევრმა ასაკის გამო დაანება თავი, ბევრსაც სოციალურად დაუცველის სტატუსი მიენიჭა და შრომა აღარ უნდა. დიდი ნაწილი ქვეყნიდან წავიდა. ვფიქრობ, ქვეყანაში იაფი მუშახელი აღმოსავლეთიდან შემოვა, რადგან სხვა გზა არ გვექნება.

kartofili-1693919441.jpg

- რამდენი კაცი გყავთ დასაქმებული?

- თითქმის ყოველდღე 2-3 კაცია დასაქმებული. მოსავლის აღებისას 2 კვირის განმავლობაში 40-50 კაცია საჭირო.

- თითოეული კულტურა, რომელიც მოგყავთ, თავისებურებებით გამოირჩევა. მეტ ყურადღებას რომელი უფრო მოითხოვს?

- წლეულს, არასტაბილური ამინდების გამო, კარტოფილის მოვლა-მოყვანა ძალიან შრომატევადი იყო. დაახლოებით ისეთივე, როგორიც, მაგალითად, კახეთში, ვაზს ჭრაქი და ნაცარი რომ მოედო. აქაც მსგავსი პრობლემები გვაქვს. ამ ეტაპისთვის 7-ჯერ მაქვს ნაკვეთი შეწამლული, რადგან წვიმა, მაღალი ტენიანობა, ტემპერატურის ცვლა სოკოსთვის ხელსაყრელია. დიდი ამბავია სარეველებთან ბრძოლაც. კვირა არ გასულა, კარტოფილი არ შეგვეწამლა.

კლიმატი უცნაური გახდა. ჩანაწერებს ვაკეთებთ, სურათებს ვიღებთ. წლეულს მაის-ივნის-ივლისში სამცხისთვის მთელი წლიური ნალექის ნახევარზე მეტი მოვიდა. 1-ლი მაისიდან 20 ივლისამდე 250 მილიმეტრს გადასცდა, როცა ნალექის საშუალო წლიური რაოდენობა 450-650 მმ-ია. სამაგიეროდ, 20 ივლისის შემდეგ გვალვაა და ახლა მორწყვის პრობლემა გვაქვს.

ბოლო დროს წვეთოვან სისტემაზეც უარი იმის გამო ვთქვი, რომ მუშახელის დეფიციტია. გადავედით დაწვიმების სისტემებზე, რადგან ადვილი გასაშლელი და დასაკეცია.

mamul6-1693577788.jpg

- თქვენი მეურნეობისთვის ლოკოკინას გამრავლება სიახლეა, თუმცა თქვენი მხარისთვის ეს არცთუ უცხოა. რა თავისებურება აქვს მის წარმოებას?

- კი, ჩვენთვის ტრადიციული კულტურაა. თუმცა მაინც კათოლიკეებს მიაწერენ, რომ მათი საკვებია, რისიც ბოლომდე არ მჯერა. როცა ბუნებაში რამე არსებობს და ადვილად მოსაპოვებელია, რატომაც არა, თანაც კულინარიის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია.

პირველად 2008 წელს საექსპერიმენტოდ ვცადე, მაგრამ გასამრავლებლად არაეფექტური იყო. ბოლო წლებში მელოკოკინეობის განვითარება დაიწყო და მეც ვიშოვე ლიფსიტები. მოკლედ, შარშანწინ ვცადე და 100 კგ მივიღე, შარშან უკვე 1,5 ტონა და წლეულს ორჯერ მეტის მიღებას ვგეგმავ.

- ფერმა სად გაქვთ?

- იქ, სადაც კარტოფილია დათესილი. შემოღობილია, ეს აუცილებელია. შიგნით ბარიერები უნდა, ტაბლეტირებული მარილი, ელექტროშოკი... ვწყემსავთ, რომ არ გაგვექცნენ, რადგან ლოკოკინა საკმაოდ მოძრავია. სპეციალურად ითესება ბალახი, ლაგდება ფიცრის დაფები, რათა მზისგან თავშესაფარი ჰქონდეთ. ყოველ საღამოს უნდა მოირწყას, რომ ჭამოს, თორემ სიცხეში მოდუნებულია და იძინებს. მაგ დროს აქტიური არ არის და შესაბამისად, არც იზრდება.

kartofili3-1693919604.jpg

- ესე იგი, მზეს ემალება...

- კი, ულტრაიისფერი სხივები კლავს, ამიტომ ყველაფერი საღამოობით ხდება. მათთვის შემოღობილი ადგილი ზემოდან დაფარული არ არის, მაგრამ ბარიერები აქვს გაქცევისგან დასაცავად. მართალია, რაღაც რაოდენობა მაინც ახერხებს გაპარვას, მაგრამ 95% ადგილზე რჩება.

ლიფსიტებს ნაკვეთში 15 ივნისისთვის ვუშვებ, ნაკვეთი ლოკოკინასთვის 15 აპრილისთვის ითესება. მოვლა უნდა, რათა მწვანე მასა კარგად გაიზარდოს და ლოკოკინას ბევრი საკვები ჰქონდეს. ივნისში ლიფსიტების გაშვების შემდეგ, სადღაც 3,5-4 თვეში, 10-12 გრამს იწონიან. სექტემბრის ბოლოს ვაგროვებთ, ვრეცხავთ, ვახარისხებთ, მაცივარში ვინახავთ და, ძირითადად, ახალციხეში 25 ლარად ვყიდით. სავარაუდოდ, წლეულს ორჯერ მეტი უნდა მივიღო და ვფიქრობ, ფასი იგივე იქნება. ღირებულების 50-60% ხარჯია, მაგრამ ყველა კულტურის წარმოებას მარჟით ჯობია. თუ ევროპაში გაიტან, ფასი ცოტა დაიწევს, ამიტომ მასშტაბი უნდა გაიზარდოს, თუმცა მაინც მგონია, რომ მომგებიანი საქმე იქნება.

- ხარჯში რა იგულისხმება?

- შემოღობვა, დაფები, ფიცარი - თვითონ ლოკოკინა, რომელსაც კვება სჭირდება, ასევე ნიჟარის მყარი სტრუქტურის ჩამოსაყალიბებლად დიდი რაოდენობით კირი. ამიტომ სპეციალური კომბინირებული საკვები შედგება ცარცისგან, კირისა და მარცვლოვანი კულტურებისგან. ამას დამატებული მწვანე მასა, რომელიც დათესილია და კიდევ ცალკე საკვები.

ასე რომ, სამომავლოდ ნელ-ნელა ვცდილობ გაზრდას, თუმცა უფრო წლევანდელი შედეგებიდან გამომდინარე გადავწყვეტ, როგორ განვაგრძოთ. ავიღე გრანტი და ლოკოკინების ფერმას თანამედროვე ღობეს ვუკეთებ, მზის პანელი უნდა დავდგა, რომელიც დენს გამოიმუშავებს.

- მოკლედ, მუშახელი და ამინდია მთავარი დამაბრკოლებელი.

- და საბანკო სესხები, დაბალ პროცენტში მოკლე ვადით გვაძლევენ, ცოტაა 5 წელიწადი, სოფლის მეურნეობა კი მაღალხარჯიანი დარგია. არა ვარ ბიომეურნე, შესაბამის პესტიციდებს ინტენსიურად ვიყენებ, ოღონდ მხოლოდ ევროპული ხარისხისას და დაშვებული ნორმებით. როგორც ევროპელი ფერმერი უვლის თავის მეურნეობას, ასევე ვუვლი მეც. მიყვარს ჩვენს საქმეში სულ უფრო მეტი ცოდნის მიღება და განვითარებაც მჭირდება. სხვანაირად არაფერი გამოვა.