"ჩემი ცხოვრება მათემატიკის გარეშე არაფერია...ბებოს ცრემლები წამოუვიდა, ეგეთი ბედნიერი როდის იყო, აღარ მახსოვს" - რას ჰყვებიან აბიტურიენტები, რომლებმაც სწავლის 100%-იანი დაფინანსება მოიპოვეს - კვირის პალიტრა

"ჩემი ცხოვრება მათემატიკის გარეშე არაფერია...ბებოს ცრემლები წამოუვიდა, ეგეთი ბედნიერი როდის იყო, აღარ მახსოვს" - რას ჰყვებიან აბიტურიენტები, რომლებმაც სწავლის 100%-იანი დაფინანსება მოიპოვეს

ერთიანი ეროვნული გამოცდების სააბოლოო შედეგები ცნობილია.განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, 2023 წლის ეროვნული გამოცდების შედეგად სტუდენტი 34 843 აბიტურიენტი გახდა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, წელს სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვა რეგისტრირებულ აბიტურიენტთა 77 %-მა.

2023 წელს დაფინანსდა 12 000-ზე მეტი გამოსაცდელი. სახელმწიფო გრანტი მოიპოვა 6 540-ზე მეტმა გამოსაცდელმა. აქედან - 100%-იანი სახელმწიფო გრანტი მიიღო 1 000-ზე მეტმა აპლიკანტმა, 70%-იანი - 1 450-ზე მეტმა გამოსაცდელმა, 50%-იანი გრანტი კი - 4 080-ზე მეტმა აბიტურიენტმა. სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა 5 500-ზე მეტი გამოსაცდელი.

kvirispalitra.ge გაგაცნობთ აბიტურიენტებს, რომლებიც 100%-იანი სახელმწიფო გრანტით ჩაირიცხნენ ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში.

ანანო მარგიშვილი იმ წარმატებულ სტუდენტებს შორისაა, რომელმაც სწავლის სრული დაფინანსება მოიპოვა და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში კომპიუტერულ ტექნოლოგიებზე უფასოდ ისწავლის.

"კომპიუტერულ ტექნოლოგიებზე ჩავირიცხე თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივირსიტეტში. გამოცდებზე კარგი შედეგები მქონდა, მაღალი ქულები ავიღე. რადგან ყველა გამოცდა კარგად ჩავაბარე, მოლოდინი მქონდა, რომ გრანტს მოვიპოვებდი".

- როგორ მიაღწიე ასეთ შედეგს, დადიოდი რეპეტიტორებთან?

- ქართულზე და მათემატიკაზე დავდიოდი კერძო მასწავლებლებთან. ინგლისურში ჩემით ვემზადებოდი. სულ სამი გამოცდა ჩავაბარე.

- წელს აბიტურიენტები აღნიშნავდნენ, რომ მათემატიკის გამოცდა ძალიან რთული აღმოჩნდა მათთვის. შენ რას გვეტყვი?

- მე მატემატიკაში 51 ქულიდან 47 ქულა ავიღე და არ გამჭირვებია, გამოცდიდანაც მალე გამოვედი და დროც დამრჩა.

- როგორ ფიქრობ, საკმარისია სკოლაში მიღებული ცოდნა გამოცდების წარმატებით ჩასაბარებლად?

- თბილისის 32-ე საჯარო სკოლა დავამთავრე. ვერ ვიტყვი, რომ სკოლაში მიღებული ცოდნით ჩავაბარე. ჩემი აზრით, სკოლაში მიღებული განათლება საკმარისი არ არის. უნივერსიტეტზე კი ვფიქრობ, რომ გარემო და გამოცდილებაა მნიშვნელოვანი, მხოლოდ უნივერსიტეტის იმედად ვერ იქნები, კარიერულ წინსვლაზე და პიროვნულ განვითარებაზე თვითონ უნდა ვიზრუნო.

- ქრისტინე კიკაჩეიშვილი:

- სამტრედიის პირველი საჯარო სკოლა დავამთავრე და უმაღლეს განათლებას "კავკასიის უნივერისტეტში" გავაგრძელებ, სადაც კომპიუტერულ მეცნიერებებს დავეუფლები. ქართული, მათემატიკა, ინგლისური და ფიზიკა ჩავაბარე. ზოგადად, რატომღაც ფიზიკაში ბევრი აბიტურიენტი იჭრება, წელს 31% ჩაიჭრა. სკოლაში კარგად ვსწავლობდი და ბოლო წელს მოვემზადე მხოლოდ. საუკეთესო სკოლაში დავდიოდი და ძალიან კარგად მასწავლიდნენ მასწავლებლები. რეპეტიტორებთან მომზადება დამჭირდა მეტი თავდაჯერებულობისთვის და თავის დაზღვევისთვის. მათემატიკა ძალიან მიყვარს, ჩემი ცხოვრების ნაწილია, ჩემი ცხოვრება მათემატიკის გარეშე არაფერია - ისედაც ვაბარებდი, მაგრამ ფიზიკით მოვიპოვე სწავლის 100%-იანი დაფინანსება. დიდი ხანი ვფიქრობდი ჩემს პროფესიულ არჩევანზე და ისე მივიღე გადაწყვეტილება.

- ქრისტი, ოჯახის წევრები თუ ელოდნენ შენს ასეთ შედეგს?

- ძალიან მომთხოვნები არიან, ოქროსმედალოსანი ვარ და ელოდნენ, რომ კარგი შედეგებით ჩავირიცხებოდი. მე, დედამ და ბებომ ერთად შევამოწმეთ შედეგები. ენითაღუწერელი სიხარული დაგვეუფლა, ბებოს ცრემლები წამოუვიდა, ეგეთი ბედნიერი როდის იყო, აღარ მახსოვს.

- თიკა სამყურაშვილი, სანამ ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგებს გაიგებდა, მანამ გაიცნო საზოგადოებამ, როგორც წარმატებული აბიტურიენტი, რადგან ინგლისურში მაქსიმალურ 70 ქულა მოიპოვა.

- თიკა, სად ჩაირიცხე და რომელ რომელ პროფესიაზე?

- საერთაშორისო ურთიერთობებზე ჩავირიცხე "თავისუფალ უნივერსიტეტში". ინგლისურში მაქსიმალური ქულა ავიღე და დანარჩენ ორ საგნში მაქსიმალურთან მიახლოებული. მოლოდინი მქონდა, რომ კარგი შედეგი მექნებოდა გამოცდებზე და სწავლის სრულ დაფინანსებას მოვიპოვებდი. ბებოს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის, ის მასწავლიდა 3-4 წლის ასაკიდან ინგლისურს.

- კარგი შედეგების მისაღწევად რეპეტიტორებთან სიარული აუცილებელია?

- რეპეტიტორებთან სიარული უფრო თავდაჯერებულს გხდის, თუმცა ეს საკმარისი ნამდვილად არ არის, სკოლასაც აქვს თავისი როლი, ამასთანავე შენც უნდა იყო მოტივირებული და მონდომებული. უმაღლესი სასწვლებლის და პროფესიის არჩევასაც აქვს მნიშვნელობა, შენი ინტერესებიდან გამომდინარე უნდა მიიღო გადაწყვეტილება.

- ანა ასანიძე:

- თავამთავრე მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საიმერლოს სკოლა და "ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში" გავაგრძელებ სწავლას საინფორმაციო ტექნოლოგიების ფაკლტეტზე. ძალიან მაინტერესებს მათემატიკა და პრესტიჟული პროფესიაც ამიტომ ავირჩიე. მიუხედავად იმისა, რომ მაღალი ქულები ავიღე, ბოლომდე დარწმუნებული არ ვიყავი, რომ 100%-იან გრანტს მოვიპოვებდი. შედეგი როცა ვნახე, გავიფიქრე, რომ შრომა დამიფასდა.

- მათემატიკის გამოცდით ძალიან ბევრი აბიტურიენტი იყო უკმაყოფილო. შენ როგორ შეაფასებდი საგამოცდო საკითხების სირთულეს?

- თუ აბიტურიენტს მათემატიკაში მხოლოდ საბაზისო ცოდნა ჰქონდა, მათთვის შესაძლოა ყოფილიყო რთული. პირადად ჩემთვის რთული არ ყოფილა მათემატიკის გამოცდა.

ინფორმაციისთვის, წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სულ 45 000 აბიტურიენტი იყო რეგისტრირებული. ამასთან, აღსანიშნავია, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2023 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ყველაზე მეტი აბიტურიენტი მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების - ფიზიკის, ქიმიის და ბიოლოგიის გამოცდებზე ჩაიჭრა. გარდა ამისა, წელს, ყველაზე მეტმა გამოსაცდელმა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შედეგი გაასაჩივრა, ყველაზე ნაკლებმა კი, ფრანგული ენის გამოცდის შედეგი - 2023 წელს 128 440 ნაშრომიდან გასაჩივრდა 4 292, რაც აბიტურიენტების ნაშრომების საერთო რაოდენობის მხოლოდ 3,34%-ია.

(სპეციალურად საიტისთვის)