აგვისტოს ომისწინა ერთი „პატარა“ სამხედრო საიდუმლო...
სამხედრო ჟურნალისტის პროფესია ისეთია, რომ არცთუ იშვიათად ძალიან საინტერესო ინფორმაციას იგებ ან ანალიზის შედეგად თავადაც მიდიხარ ძალზე საინტერესო, ზოგჯერ სენსაციურ დასკვნამდე, მაგრამ ამის შესახებ მაშინ ვერ წერ...
ვერ წერ განა იმიტომ, რომ ვინმემ აგიკრძალა ან დაგემუქრა, არამედ შიდა ცენზურა გეუბნება, რომ სავარაუდო მოწინაარმდეგემ შენი სტატიის გამოქვეყნების შემდეგ შეიძლება ისარგებლოს ამ სენსიტიური ინფორმაციით და ის შემდეგ შენივე ქვეყნისა და შენივე ჯარისკაცების წინააღმდეგ გამოიყენოს და ეს თუ მოხდა, ერთი სამხედროც თუკი დაზარალდა შენი ჟურნალისტური თავყოყოჩინობის გამო, ეს ცხოვრების ბოლომდე გაგყვება...
ერთი ისტორია პირველად უნდა მოვყვე,რომელიც უკრაინის ფრონტზე შეიარაღების ერთ-ერთი იშვიათი სახეობის გამოყენებამ გამახსენა...
აგვისტოს ომამდე მაღალი ჩინის სამხედროებისგან გავიგე, რომ პოლონეთიდან შევისყიდეთ დისტანციური განაღმვის სისტემები, რომლებიც ჩვენ ტანკისტებს დანაღმული ველების გადალახვაში უნდა დახმარება შეტევაზე გადასვლის შემთხვევაში.
საბჭოთა წარმოების დისტანციური განაღმვის საშუალების УР-77 «Метеорит» -ის შესახებ კი გამეგო, მაგრამ ის ქართულ არმიას შეირაღებაში არ ჰქონდა და ამიტომაც იმავე დანიშნულების პოლონური დანადგარები დიდ ინტერესს იწვევდნენ.
მთავარი განსხვავება კი იმაში იყო, რომ საბჭოთა „მეტეორიტი“, რომელსაც სხვანაირად „ზმეი გორინიჩსაც“ ეძახდნენ, შეჯავნული გამწევის ბაზაზე იყო დამონტაჟებული, ხოლო პოლონური ვარიანტი მხოლოდ კომპაქტურ გასაშვებ დანადგარს წარმოადგენდა, რომლებიც ტანკის უკანა ნაწილში, მარცხენა და მარჯვენა მუხლუხების ზემოთ სპეციალურ სადგამებზე მაგრდებოდნენ, საბრძოლო გამოყენების წინ 45 გრადუსით „წამოიწეოდნენ“ და რაკეტებს მიბმულ დაგრძელებულ მუხტს იმ მხარეს უშვებდნენ, საითკენაც გზის ნაღმებისგან გაწმენდა სურდათ.
ანუ ერთ ტანკს ერთმანეთის მიყოლებით ორი მუხტის გაშვება და ასიოდე მეტრის წინ „გაწმენდა“ შეეძლო ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებისგან,რის შემდეგ მას მეორე ტანკი ჩაანაცვლებდა დისტანციური განაღმვის ანალოგიური დანადგარებით,მეორეს მესამე და ასე შეიძლება გადაგველახა ის დანაღმული ველი,რომელიც შეიძლება შეტევაზე გადასული ქართული ჯავშანტექნიკის წინ დაგვხვედროდა...
სამხედრო თემაზე მწერალი ჟურნალისტისთვის დისტანციური განაღმვისთვის შესყიდული ამ დანადგარების თემის გაშუქება ძალიან მომგებიანად მოჩანდა,მაგრამ ექსკლუზიურ სტატიას,მაშინ ამ თემის საერთოდ დავიწყება ვარჩიე და მხოლოდ ეხლა 15 წლის შემდეგ ვწერ და ისიც,იმიტომ რომ უკრაინელებმა ზაპოროჟიეს ფრონტის ხაზზე უხვად დანაღმული რუსული თავდაცვის პირველი ზღუდის გადალახვისას აქტიურად დაიწყეს სწორედ ასეთი დისტანციური განაღმვის დანადგარების გამოყენება და ისიც ძირითადად მხოლოდ მას შემდეგ,რაც პირველი კონტრიერიშებისას მტკივნეული დანაკარგი ნახეს ჯავშანტექნიკაში,რუსულ ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებზე აფეთქების შედეგად...
ასე,რომ ჩემი პატარა,გულში ჩარჩენილი ამბავი მაინც გავხსენე და მკითხველს გავანდე,ისე კი როგორც ვიცი(მე მგონი არ ვცდები),დისტანციური განაღმვის ეს დანადგარები ცხინვალისკენ დაძრულ ქართულ ტანკებზე არც ეყენა, ისე, როგორც არ ყოფილა დანაღმული ქალაქისკენ მიმავალი გზები,რის გამოც ომის შემდეგ თავად კოკოითის მებრძოლებში დიდი შიდა გარჩევები მოხდა...