"ადამიანები აქ სპეციალური საშვით დაიშვებიან. კლდეში ნაკვეთი ბაზილიკის გარკვეული ნაწილი ჩამონგრეულია, სამწუხაროდ... რამდენიმე საუკუნეა წირვა-ლოცვა არ ჩატარებულა, მიტოვებული იყო"
"ოლოდა - კლდის ხუროთმოძღვრების კიდევ ერთი, ნაკლებად ცნობილი, მნიშვნელოვანი და საინტერესო ნიმუში... ასპინძა, ჯავახეთი XII-XIII..." - ამ წარწერით უნიკალური ფოტოები მკვლევარმა - გიორგი მაღრაძემ გამოაქვეყნა...
ოლოდას შესახებ ეთნოლოგიის დოქტორი - მირიან ხოსიტაშვილი გვესაუბრა:
- ამ ძეგლის შესახებ ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობამ არ იცის... ოლოდა, რომელიც კლდეში ნაკვეთი ბაზილიკაა და მეთერთმეტე საუკუნის ძეგლს წარმოადგენს, ჯავახეთში მდებარეობს, ასპინძის მუნიციპალიტეტშია, ასპინძიდან დაახლოებით 40-45 კილომეტრის მოშორებით... თურქეთის მიმართულებით მდებარეობდა სოფელი აზმანა და სწორედ აზმანას ტერიტორიაზეა ეს ბაზილიკა...
ოლოდა, სამწუხაროდ, დღეს არ არის სახარბიელო მდგომარეობაში. კლდეში ნაკვეთი ბაზილიკის გარკვეული ნაწილი ჩამონგრეულია. ტურისტებისთვის იქ მისვლა მიუწვდომელია, იქიდან გამომდინარე, რომ თურქეთს და საქართველოს სასაზღვრო, ნეიტრალურ ზონაშია... ადამიანები იქ სპეციალური საშვით თუ დაიშვებიან. ძეგლის შესახებ ჯავახეთის მხარის მკვლევრებისთვის, ისტორიკოსების ვიწრო წრისათვის არის ცნობილი.
უნდა ითქვას, რომ ჯავახეთის ტერიტორიაზე ასეთი ტიპის ძეგლები საკმაოდ მრავალია... განსაკუთრებით - კლდეში ნაკვეთი, რადგან სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიაზე ამ სტილის ნაგებობები გარკვეულ ტრადიციას ეფუძნებოდა.
პირველი ის, რომ მეტ-ნაკლებად თავდასაცავი პუნქტი იყო, მეორეც, გეოგრაფიულ არეალს კარგად ეთვისებოდა... ვარძიის ტიპის, ვანის ქვაბის გამოქვაბულების მსგავსს შევხვდებით, თუმცა რასაკვირველია, არა იმ მასშტაბებისას, რაც ვარძია და ვანის გამოქვაბულებია...
- ოლოდა რით არის განსაკუთრებული და უნიკალური?
- დიდი ისტორიული მოვლენები ამ ძეგლს არ უკავშირდება... ისტორიოგრაფიაში ცნობილი არ არის, რომ აქ რამე განსაკუთრებული მომხდარა. თუმცა თავისი მნიშვნელობით, აღწერილობით, ძალიან საინტერესო ძეგლია და მეტ შესწავლას საჭიროებს...
სამცხე-ჯავახეთის ძეგლები ფართო საზოგადოებისთვის დიდად არ არის ცნობილი... ცნობილია, რომ საუკუნეების განმავლობაში, ოსმალეთის იმპერიაში შედიოდა ტერიტორია - სამცხე-საათაბაგოს სახით... შემდეგ დიდხანს მივიწყებული იყო... როდესაც საქართველოს დაუბრუნდა, საბჭოთა პერიოდშიც კი, იქ იშვიათად ჩადიოდნენ. საბჭოთა დროს ადამიანები მხოლოდ სპეციალური საშვებით შედიოდნენ. ამიტომაც, სამცხე-ჯავახეთის ბევრი ძეგლი თითქმის თავიდან არის შესასწავლი...
- მკვლევრებს ძეგლის - ოლოდას შესახებ რაიმე სახის კვლევები არ აქვთ?
- ძალიან იშვიათად, რომ რაიმე ცნობა ჰქონდეთ ან ნაშრომში გამოექვეყნებინოთ... ვინც ჯავახეთით არის დაინტერესებული, მათ შორის, ახალციხის სახელმწიფო უნივერსიტეტის რამდენიმე მკვლევარი და ადგილობრივი მოსახლეობა, იცნობს ამ ძეგლს...
- ძეგლი ოდესმე სხვა მიზნით გამოიყენებოდა?
- არა, ეს არის სამლოცველო, ქრისტიანული ტაძარი და ეს შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. იქ არქეოლოგიური გათხრები არასოდეს ჩატარებულა. არ ვიცით, შუა საუკუნეებიდან რა შეიძლება აღმოჩნდეს.
ასე, ზედაპირული დათვალიერებით კედლებზე მოხატულობაც საკმაოდ მკრთალად ეტყობა ანუ ფრესკებს ვგულისხმობ. თამამად შეიძლება ითქვას, რომ იქ რამდენიმე საუკუნეა, წირვა-ლოცვა არ ჩატარებულა, მიტოვებული იყო. ქართველი მოსახლეობაც მოშორებით ცხოვრობს და დიდი ყურადღება ძეგლს არ ექცეოდა. ამიტომაც არის ნაკლებად ცნობილი და საინტერესო საკვლევი. თუ იქ არქეოლოგიური კვლევა ჩატარდება, დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრ ისტორიულ ფაქტს ფარდას ახდის და რეალურად შეგვეძლება გავაცოცხლოთ საუკუნეების განმავლობაში არსებული ძალიან, ძალიან საინტერესო ცხოვრება...
- ამ ძეგლის მსგავსად სხვებიც...
- დიახ, როგორც ვთქვით ბევრი უცნობი ძეგლია... ამ ყოველივეს სპეციალური კვლევა სჭირდება. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ძეგლი ხელოვნურად მოშალეს. შესაბამისად, მათზე ცნობები არ გვაქვს. საჭიროა ახალი კვლევა, რომ ჯავახეთის ტერიტორიაზე შევისწავლოთ ქართული მატერიალური, კულტურის ძეგლები...
- ექსკურსიები ხომ არ იქნება სასურველი?
- სამწუხაროდ, საკმაოდ რთული გზაა... სპეციალური ექსპედიცია უნდა მოეწყოს, სადაც მისასვლელად საშვები იქნება დაშვებული. ამ რთულ გზაზე მაღალი გამავლობის მანქანებია საჭირო... ამას ხელახლა დასურათება, სპეციალისტების მობილიზება სჭირდება დღევანდელობაში და ისტორიოგრაფიაში კიდევ დამატებითი კვლევა უმნიშვნელოვანესი იქნება!
(სპეციალურად საიტისთვის)