"სოფო ჯაფარიძემ კი არა, დედა ტერეზამ რომ იაროს სააკაშვილის სახელით, ძნელი წარმოსადგენია, პარტიაში დაწყებული დიდი შიდაეჭვიანობის გარდა, მიშას ამან პოლიტიკურად რაიმე მოუტანოს"
როდესაც ადამიანი ილუზიებში ცხოვრობს და რეალობას არის აცდენილი, აუცილებლად დგება ხოლმე მწარე იმედგაცრუების მომენტი ნებისმიერ სფეროში და, რა თქმა უნდა, პოლიტიკაშიც. სწორედ ასეთი იმედგაცრუება ელის მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც, როგორც ჩანს, გადაწყვეტილი აქვს არ გაუსწოროს თვალი რეალობას.
სააკაშვილმა "ნაცმოძრაობის" წევრი სოფო ჯაფარიძე აღჭურვა სპეცმანდატით - ამომრჩეველს შეუთვალა, ჩემთვის სათქმელი ჯაფარიძეს უთხარითო. საკითხავია, მაშინ რას აკეთებს ლევან ხაბეიშვილი ან მთლიანად პარტიის გუნდი? თუ სააკაშვილი ფიქრობს, რომ ჯობს სოფო ჯაფარიძეს "ამოეფაროს", რომელიც ნაკლებად აღიზიანებს საზოგადოებას? ეს ტაქტიკა ახალი არ არის. ჯერ კიდევ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, როდესაც გაუჭირდებოდა, სააკაშვილი გადამალავდა ხოლმე აგრესიულ სახეებს (მაია ნადირაძეს, გიგა ბოკერიას, გივი თარგამაძესა და ა.შ.) და ამოეფარებოდა ისეთ ვითომდა ნეიტრალურ პირებს, როგორიც, მაგალითად, დავით ბაქრაძე იყო.
რა არ სცადა სააკაშვილმა ამ ბოლო წლების განმავლობაში, ვისთან აღარ "დაალაგა" ურთიერთობები, მათ შორის იმასთანაც, ვინც მისი დაუძინებელი ოპონენტი იყო, მაგრამ... "ნაცმოძრაობა" კი რჩება მთავარ ოპოზიციურ პარტიად, მაგრამ თუ ქვეყანაში რაიმე აპოკალიფსური კატაკლიზმები არ მოხდა, ის ხელისუფლებაში ვეღარასოდეს დაბრუნდება. მიზეზი სააკაშვილმა საკუთარ თავსა და შეცდომებში უნდა ეძებოს.
მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა ყველანაირი შანსი, საქართველოს ისტორიაში შესულიყო როგორც ერთ-ერთი ყველაზე დადებითი პერსონა. მიშას მომხრეები, როდესაც მისი ხელისუფლების დროს მომხდარ ამბებზე საუბრობენ, მუდმივად ამტკიცებენ, რომ თურმე "სიმკაცრის გარეშე ახალი ქვეყნის აშენება არ გამოდის". არადა, უნდა გავმიჯნოთ სიმკაცრე და სადიზმი. დიახ, მას შემდეგ, რაც სიმკაცრე სადიზმში გადაიზარდა, ფაქტობრივად, მხოლოდ დროის ამბავი იყო, როდის დასრულდებოდა სააკაშვილის ხელისუფლება. გავიხსენოთ ბიზნესრეკეტი კეზერაშვილის ხელმძღვანელობით, რომელსაც პირადად სააკაშვილი უჭერდა მხარს. თუმცა ყველაზე კლასიკური ამბავი მაინც გირგვლიანის საქმეა, რომლის დროსაც მთელი ხელისუფლება, სააკაშვილის თამადობით, დანაშაულის დაფარვით იყო დაკავებული, ემანდ ვანო მერაბიშვილს პრობლემები არ შეექმნასო. სააკაშვილს ეს ყველაფერი თავის დროზე რომ "დაეტორმუზებინა" და საზოგადოებაში გაჩენილიყო განცდა, რომ ხელისუფლება კი უშვებს შეცდომებს, მაგრამ ასწორებს და სამართლიანობის დაცვის პრინციპით მოქმედებს, მიშას თავისუფლად შეეძლო გამხდარიყო ისეთი ფიგურა, რომელსაც საზოგადოების დიდი ნაწილი მაინც მისცემდა ხმას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ იქნებოდა მისი ოპონენტი.
ჰოლივუდის ფილმში "ადამიანები შავებში" პერსონაჟებს აქვთ მოწყობილობა, რომელიც ადამიანებს მეხსიერებას უშლის. ალბათ, სააკაშვილს ეს რომ ჰქონოდა, მასზე ბედნიერი პოლიტიკოსი არ იქნებოდა (და არამარტო სააკაშვილს, ხელისუფლებაშიც და ოპოზიციის სხვა ფლანგებზეც მოიძებნებიან ასეთი ფიგურები). თუმცა ასეთი მოწყობილობა მხოლოდ ფანტასტიკის სფეროა. შესაბამისად, უნდა თუ არა ამის გააზრება სააკაშვილს, ფაქტია - საზოგადოების დიდ ნაწილს ისე მწარედ ახსოვს მისი მმართველობის დროინდელი დანაშაულები, რომ "ნაცმოძრაობის" ოპოზიციაში გადასვლიდან 11 წლის შემდეგაც კი ურჩევნიათ, საერთოდ არ წავიდნენ არჩევნებზე ან ისევ "ოცნებას" მისცენ ხმა, ოღონდ მიშა არ დაბრუნდეს ისევ თავის მერაბიშვილიან-კეზერაშვილიან-ადეიშვილიანად.
ნაწილობრივი რეაბილიტაციის შანსი სააკაშვილს 2012 წლის არჩევნების შემდეგაც ჰქონდა. კერძოდ, ქართველი საზოგადოება შემწყნარებელია და აქვს უნარი, აპატიოს ადამიანს შეცდომები. ქართულ პოლიტიკაში უნდა აეღო ორწლიანი პაუზა მაინც და შემდეგ "გულწრფელად" მოენანიებინა, ბოდიში მოეხადა, ეთქვა ხალხისთვის: "დიახ, ხელისუფლებაში ყოფნის დროს სწორად მიმაჩნდა ჩემი ესა თუ ის ნაბიჯი, მაგრამ დღევანდელი გადასახედიდან ვხვდები, რომ შევცდი" - ის შეინარჩუნებდა საზოგადოების ნაწილის კეთილგანწყობის შანსს. ასევე უნდა გამიჯნოდა ყველა ფიგურას, რომლებიც დანაშაულთან იყვნენ ასოცირებული (თუმცა ეს რთული იყო მიშასთვის, რადგან ზემოხსენებული ფიგურები ვალში არ დარჩებოდნენ და სავარაუდოდ, იტყოდნენ, რომ ბრძანებებს უშუალოდ მიშასგან იღებდნენ).
როგორც ჩანს, ამაზე თავის დროზე სააკაშვილიც ფიქრობდა (ან ურჩიეს), მაგრამ ვერ აიძულა საკუთარი თავი ბოლომდე "გახსნილიყო". მაგალითად, ერთ-ერთ ტელეეთერში თქვა, რომ საერთოდ არ იცნობდა დათა ახალაიას. ვინმე დაიჯერებდა, რომ სააკაშვილი, რომლის გარეშეც სოფლის გამგებლის მოადგილე არ ინიშნებოდა თანამდებობაზე, არ იცნობდა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსს და შემდეგ თავდაცვის მინისტრის მოადგილეს? ბაჩო ახალაიას ხომ იცნობდა? აბა, თავდაცვის მინისტრად შევარდნაძემ დანიშნა? როლანდ ახალაია ღირსების ორდენით ვინ დააჯილდოვა?
რაც შეეხება გირგვლიანის საქმეს - სააკაშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში (მანამდე საერთოდ თავს არიდებდა ამ თემაზე საუბარს და ღიზიანდებოდა, თუ ჟურნალისტები რამეს ჰკითხავდნენ) თქვა, დიახ, მძიმე ფაქტი იყო და მერაბიშვილის ადგილას მე თანამდებობიდან გადავდგებოდიო. ეს არ არის შეცდომის აღიარება. კარგი, ვთქვათ, ჩვენ არ ვიცოდით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მთელი სახელისუფლებო ვერტიკალი (პრეზიდენტიან-მოსამართლეებიანად) ჩართული იყო დანაშაულის დამალვაში. მერაბიშვილის ადგილას თანამდებობიდან გადავდგებოდიო კი არ უნდა ეთქვა, არამედ, ალბათ, ვნანობ, რომ მერაბიშვილი არ გადავაყენე თანამდებობიდან, რადგან მე ვიყავი მაშინ პრეზიდენტი და მხოლოდ მე შემეძლო ამის გაკეთებაო. სააკაშვილმა რამდენჯერმე ბოდიში მოიხადა ზოგადად და ისეთი ტონით, რომ აქეთ დააყვედრა საზოგადოებას. ეს არ ითვლება. საზოგადოება გულწრფელობის ხარისხს ძალიან კარგად ხვდება. სადაც არ არის გულწრფელი ბოდიში, იქ, რა თქმა უნდა, შეუძლებელია თუნდაც ვერსიის დონეზე იმის დაშვება, რომ სააკაშვილი გამიჯნულიყო თავისი ხელისუფლების ყველაზე ავადსახსენებელ ფიგურებს. გაემიჯნა კი არა, ისინი დაბრუნდნენ, ოღონდ მცირე მასშტაბით. კეზერაშვილმა და მერაბიშვილმა პარტია ხელში ჩაიგდეს და არსებული ინფორმაციით, სულ უფრო და უფრო ხშირად ერთვება პარტიულ გადაწყვეტილებებში ზურაბ ადეიშვილი. ერთი მეგის ქარდავა აკლია ამ "კამანდას". შესაბამისად, სადაც ვერ შეიცვალა სააკაშვილი, ვერც მისი პარტია შეიცვალა. არადა, ერთი შეხედვით, ნიკა მელიას ეს პროცესი დაწყებული ჰქონდა, თითქოსდა "ნაცმოძრაობაში" უნდა მისულიყვნენ ახალი სახეები, პარტია გაწმენდილიყო იმ ყოფილი ჩინოვნიკებისგან, ვინც დანაშაულებთან ასოცირდებოდნენ, და ა.შ. თუმცა, სავარაუდოდ, სააკაშვილის ჩუმი თანხმობით აქეთ ნიკა მელიასგან და მისი გუნდისგან "გაწმინდეს" პარტია... გააგრძელეთ კითხვა