„ქართული სახელმწიფოს ჯანსაღი ამბიცია გაცხადდა“ - კვირის პალიტრა

„ქართული სახელმწიფოს ჯანსაღი ამბიცია გაცხადდა“

ქვეყანაში მიმდინარე აქტუალურ პროცესებზე "კვირის პალიტრას" პოეტი დათო მაღრაძე ესაუბრა:

- ჩემთვის მთავარი და იმედისმომცემია, რომ საქართველო საერთაშორისო ყურადღებისა და პატივისცემის საგანი გახდა. ამის მაგალითი იყო პრემიერის ვიზიტი ჩინეთში, დახვედრის ფორმა, უცხოელი ლიდერების სურვილი ურთიერთობის გაღრმავებისა. ეს იგრძნობოდა ისრაელში, საუდის არაბეთშიც. ჩინურ კულტურას ვინც იცნობს, მიხვდებოდა, როდესაც ლიდერი მეუღლესთან ერთად მიდის მეორე ქვეყნის მეთაურის დასახვედრად, ეს დიდი პატივისცემის გამოხატულებაა. ასევე, მისი განცხადება, რომ საერთაშორისო ტენდენციების მიუხედავად, საქა­რთველო-ჩინეთის ურთიერთობები არ შეიცვლება და სტრატეგიული პარტნიორობის ხარისხში­ ავა. ასეთი დამოკიდებულების მიზეზი მხოლ­ოდ საქართველოს გეოპოლიტიკური მდგომარეობა­ და აზერბაიჯანთან ერთად შუა დერეფნის პერსპექტივა არ არის, საქარ­თველომ გააზრებული რისკის ფასად შეძლო და ეროვნული ინტერესები პოლიტი­კურ კონიუნქტურაზე მაღლა დააყენა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია... ახლა ევროპაც იბრუნებს თავის ამბიციას. ევროპის ლიდერები თავად აღიარებენ, რომ გარკვეული­ წლების განმავლობაში, განსაკუთრებული ზეწოლის გამო, რაღაც დათმობებზე მიდიოდნენ. ამის მაგალითი იყო გერმანიაში­ უკრაინის გათავხედებული ელჩის გამოსვლა, რომელმაც გერმანიის კანცლერს "ლივერნაია კალბასა" უწოდა, ბოდიშიც არ მოუხდია და არც მას უთხოვია. ახლა კი ეს მიდგომა შეიცვალა და ამის თვალსაჩინო მაგალითია ჩინეთის ლიდერთან, სი ძინ პინთან შეხვედრის შემდეგ მაკრონის განცხადება, სტრატეგიული პარტნიორობა ვასალურ დამოკიდებულებას არ ნიშნავსო. შემდეგ შარლ მიშელმაც იგივე თქვა. აქამდე "დიდი შვიდეულის" საპირწონედ არავითარი გაერთიანება და ორგანიზაცია არ არსებობდა, მაგრამ პოლიტიკურ ასპარეზზე ჩინეთის გააქტიურებისა და ბრიქსის ქვეყნების კოალიციის შექმნით ჰეგემონიის საპირწონე გამოჩნდა. მოგვწონს ეს თუ არა, ასეთია მოცემულობა, რაც კონფლიქტს კი არა, პოლიტიკურ გავლენებს, მღელვარე ცხოვრებას ნიშნავს. ამ რეალობის ფონზე შექმნილი საფრთხეებისა და რისკების გათვალისწინებით, ევროპული ოჯახის წევრობა სულ უფრო მიმზიდველი, უფრო სწორად, წყალივით, ჰაერივით საჭირო ხდება. ევროპისკენ სწრაფვა ჩვენი ცხოვრების განმსაზღვრელი უნდა იყოს. საქმე ის არის, რომ ჰეგემონიის პირობებში სხვა ქვეყნებს, თავად ევროპასაც კი, დამოუკიდებლობის შენარჩუნება უჭირთ. მეორე პოლიტიკური ცენტრის გაჩენამ კი შექმნა ასპარეზი, რომლითაც ისინი ამბიციას იბრუნებენ. აშკარად ჩანდა, რომ ევროპა ვასალური დამოკიდებულებით შეწუხებულია და როგორც კი ჩინეთის სახით პოლიტიკური ბალანსი გამოჩნდა, დამოუკიდებლობაზე ზრუნვა დაიწყეს - ანუ ასეთი ბალანსის დროს თავად ევროპასაც კი საკუთარ დამოუკიდებლობაზე ზრუნვა უადვილდება. მით უფრო მისასალმებელია, რომ საქართველოსთანა ქვეყანა თავისი დამოუკიდებლობის ხარისხს ბალანსში პოულობს. ვინაიდან არავასალური პოლიტიკა აქტუალურია, საქართველო პოლიტიკურად და სამხედრო თვალსაზრისით ჩვენზე ბევრად ძლიერი ქვეყნების კონკურენციის ფონზე საკუთარი ინტერესების ფლაგმანი გახდა. ვფიქრობ, ამ ორმა ტენდენციამ განაპირობა ის, რომ საქართველო საერთაშორისო ინტერესის საგანი გახდა. ქართული სახელმწიფოს ჯანსაღი ამბიცია გაცხადდა.

- რაც ევროპისკენ სწრაფვაში გვეხმარება თუ პირიქით?

- გვეხმარება... ევროპა ფრთხილობს და ამის დასტურია შარლ მიშელის განცხადება, ისინი ვალდებულიც არიან თავიანთ მომავალს გაუფრთხილდნენ. სიფრთხილესთან ერთად, გაფართოებაზეც უნდა იზრუნონ, რათა გეოგრაფიულ ევროპაში კულტურული ევროპა გადარჩეს. ევროპასაც სჭირდება ახალი წარმომადგენლობა, სიახლეები, რომელიც, როგორც წესი, ამდიდრებს ევროპულ სამყაროს. სხვადასხვა ქვეყნის კულტურების ინტენსიური ურთიერთობები ამდიდრებენ ერთმანეთს. განსხვავებული ხასიათისა და თვისებების მატარებელი ნაციონალური კულტურები, სხვადასხვა ქვეყნის საზოგადოებები საერთაშორისო ნორმებს უნდა ეთანხმებოდნენ, რაღაც საერთო საძირკველს უნდა ემყარებოდნენ, რათა ერთმანეთთან კულტურათა დიალოგში შევიდნენ. სხვა შემთხვევაში ევროპას მუზეუმად ქცევის საფრთხე უდგას. ყველა თანამედროვეობას სიახლეები სჭირდება. არიერგარდი ავანგარდის გარეშე კვდება, ისევე როგორც ავანგარდი კარგავს აზრს არიერგარდის გარეშე. ეს ერთობა­ დიდი ღვთაებრივი ჰარმონიაა. ჩვენს ცხოვრებაში, ამ რეალობაში რომ გადმოვიტანოთ, ხშირად კონსერვატორებს ირქმევენ ადამიანები, რომლებიც გაშეშებული ტრადიციების მომხრე არიან. ლიბერალებს ირქმევენ ისინი, ვინც ტრადიციას ეჭვით უყურებენ. სინამდვილეში ტრადიცია ცოცხალი მაშინ არის, როდესაც ახალი ძიება ახლავს თან. როდესაც ახლის ძიება წყდება, ადამიანი, საზოგადოება, ქვეყანა ვეღარ ვითარდება და სამუზეუმო ექსპონატი ხდება, რომელიც თანამედროვე ცხოვრებაში ვერ მონაწილეობს. ყველა თანამედროვეობა ტრადიციას თავის ენაზე თარგმნის. ნიკოლაი კარამზინი წერდა, დღეს ჩვენში ზოგმა ლიბერალის მუნდირი მოირგო, ზოგმაც კონსერვატორის, მე კი მიმაჩნია, რომ თავისუფლება მუნდირის გარეშე არსებულ ცხოვრებაშიაო - ანუ ჩარჩოები საფრთხესაც მოიცავს, როდესაც თავს დოგმებს დაუწესებ, მეორე, განსხვავებული ადამიანის აღქმა გიჭირს. ევროკავშირის სიფრთხილე გასაგებია, მაგრამ განახლების საჭიროებაც გარდაუვალია. ამ მხრივ შემაშფოთებელი იყო ბატონი ჟოზეფ ბორელის განცხადება, ევროპის იქით ჯუნგლებიაო. პირამიდები ჯუნგლებში არ აშენებულა, ჩინურ კულტურაზე­ რომ არაფერი ვთქვათ, არც ბორხესი,­ კორტასარი და თაგორი დაბადებულან ევროპაში. ეს ტენდენცია ემოციის ექო მგონია და არა საერთო პოლიტიკა, იმიტომ, რომ ასეთი ტენდენცია ევროპის განვითარებას შეაფერხებს, რადგან მისი უდიდესი მონაპოვარი იყო გახსნილობა. გათვითცნობიერებული ჰქონდათ, რომ კარჩაკეტილობას სიკეთე არასდროს მოაქვს. ლოტრეკის შემოქმედებაში დიდწილად იგრძნობა ჩინური გრავიურის გავლენა. ევროპული გახსნილობის ტრადიცია ყოველთვის მომგებიანი იყო, როგორც მისთვის, ასევე დანარჩენი სამყაროსთვის. გახსნილობა იყო ევროპული რენესანსის საფუძველი. როდესაც ანტიკური საბერძნეთი თავიდან გაიხსენეს, ამას მოჰყვა კულტურული აფეთქება, ბაროკოს და ზოგადად, მაღალი რენესანსის სახით.

- სხვა თემებზეც გკითხავთ, მთავრობის უარის მიუხედავად, პრეზიდენტი ევროპაში მაინც წავიდა, რასაც "ქართული ოცნებისგან" მისი იმპიჩმენტის მოთხოვნა მოჰყვა. მთავრობისა­ და პრეზიდენტის დაპირისპირება პირველი არ არის. ვის რა როლი აქვს ამ თამაშში?

- ეს კითხვა მეც გამიჩნდა, მაგრამ პასუხი არა მაქვს. არ ვიცი, რა მოტივებით არის ეს ქმედებები ნაკარნახევი. ამ კონკრეტულ პრობლემას ჩემი პასუხით არაფერი ეშველება, მაგრამ კარგი იქნება, ვისაც ხელეწიფება, მომავლისთვის გაითვალისწინონ - პრეზიდენტის კანდიდატად ისეთი ადამიანი უნდა შეარჩიო, რომელსაც ერთი-ორი მოქალაქე მაინც წარმდგენის გარეშეც დაუჭერს მხარს. ეს მართლაც არ არის პირველი პრეცედენტი, როდესაც ის გადაწყვეტილებებს თავისებურად იღებს.

როდესაც ადამიანი სინამდვილეში არ არის ხალხის რჩეული, ის ხალხის წინაშე პასუხისმგებლობას არ გრძნობს. ამიტომაც მას მოქალაქეებზე ფიქრი გულში არასდროს გაუვლია. ამ პროცესებს გაფაციცებული უყურებს ოპოზიცია და ერთი სული აქვს, სიტუაცია გამწვავდეს და საკბილო იპოვოს. ხან რას მიედებიან, ხან რას... უნდა შევეგუოთ, რომ არსებობს ადამიანთა ნაწილი, რომელიც ქართველი საზოგადოების ცხოვრების თანამდევ პროცესებს არ იზიარებს, არც ლხინს და არც მწუხარებას. ჩემთვის ადამიანურად, პოლიტიკურად თუ ემოციურად გაუგებარია, რატომ უნდა გეწყინოს ლაშა ტალახაძის გამარჯვება და წარმატებები, იმიტომ, რომ შენთვის მისაღებ პოლიტიკურ მესიჯებს არ ახმოვანებს და შეხედულებებს არ იზიარებს?.. ან რატომ უნდა გაგაღიზიანოს შენი თანამემამულის საერთაშორისო აღიარებამ, ქართული რაგბი ხომ ჩვენი, ნაციონალური სპორტია და ბორჯღალოსნებს მართლაც საამაყო შედეგები აქვთ? ან ლაშა ბექაურის მიღწევებმა რატომ არ უნდა გაგახაროს, ან ფეხბურთის ქართველი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას პოპულარობას რატომ უნდა უკირკიტებდე, როდესაც თავისი ნიჭით, შრომისმოყვარეობით, მოკრძალებულობით, მართლა ამდენი რამ გააკეთა ქვეყნისთვის? ჩვენებურ ადამიანს უცხოეთში რომ ასე აფასებენ, ეს სიხარული, წარმატებებით გამოწვეული ემოცია მხოლოდ ხელისუფლებას რატომ უნდა აჩუქო?..

- რას გულისხმობთ?

- იმას, რომ ისინი ამ ახალგაზრდების წარმატებას თავისად, საერთო დღესასწაულად არ მიიჩნევენ, მიაჩნიათ, რომ მათი სიხარული მხოლოდ ხელისუფლებას ეკუთვნის. გალაკტიონის შექმნილი დღესასწაული გაახარებს თუ არა, ეს ადამიანმა თავად უნდა გადაწყვიტოს. ამისთვის მხოლოდ ცოდნა და განათლებაც არ არის საკმარისი, რომ მისი მნიშვნელობა აღიქვა. გალაკტიონი უბრალოდ გამახსენდა, როგორც ყველაზე ბუმბერაზი პოეტი, რომელმაც განსაკუთრებულად ფაქიზ სამყაროს გვაზიარა, ისეთი სივრცე გახსნა საქართველოში, რომ მისი გაგებისა და აღქმისთვის მხოლოდ განათლება არ არის საკმარისი, სხვა ღირებულებებიც უნდა ჰქონდეს ადამიანს.

ყველა თემით სპეკულაცია შემთხვევით არ მიხსენებია, უკრაინელი სამართალდამცავის მიერ მოკლული ქართველის თემა გახდა აქტუალური, ოღონდ ყველაფერს როგორც სურთ, ისე წარმოაჩენენ. უკრაინის ხელისუფლება საქართველოს მიმართ ძალიან ხშირად და სრულიად უსაფუძვლოდ არაკორექტული, უსამართლო განცხადებებითა და ბრალდებებითაც გამოირჩევა, იმიტომ, რომ ჩვენი ყოფილი ხელისუფლება, "ნაციონალური მოძრაობა", და უკრაინის ახლანდელი მთავრობა, ერთი პროექტის წარმომადგენლები არიან, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იმის თქმა, რომ უკრაინის პოლიციამ კაცი ქართველობის გამო მოკლა. შესაძლოა ეს გათავხედებული პოლიციისგან უფლებამოსილების გადამეტება იყო, უიარაღო ადამიანისთვის სროლას გამართლება არა აქვს და როგორც ვიცი, დააკავეს კიდეც დამნაშავე, მაგრამ იმაზე ლაპარაკი, რომ მკვლელობა ნაციონალური ნიშნით მოხდა, მიუღებელი მგონია და ამით სპეკულირება, ვინც არ უნდა იყოს, გაუმართლებელია.