რატომ გაჯიუტდა პრეზიდენტი და რას „თხრის“ ოცნება? - კვირის პალიტრა

რატომ გაჯიუტდა პრეზიდენტი და რას „თხრის“ ოცნება?

მაშინ, როდესაც ოპოზიციას ჯერ საზაფხულო არდადეგები არ დაუსრულებია, "ქართულმა ოცნებამ" შემოდგომა­ პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოცხადებით დაიწყო. რაც მთავარია, ეს გადა­წყვეტილება რამდენიმე საათში ისე მიიღო,­ რომ განცხადებიდან: "იმპიჩმენტს არ დავიწყებთ!",­ განცხადებამდე: "იმპიჩმენტს ვიწყებთ!" ახალი არაფერი მომხდარა - პრეზიდენტი­ "ოცნების" პირველი განცხადებისას უკვე წასული იყო და შეხვედრებიც დაწყებული ჰქონდა.

რას ნიშნავს პრეზიდენტის წინააღმდეგ იმ პარტიის მიერ იმპიჩმენტის დაწყება, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში ზურაბიშვილის მხარდამჭერი იყო და თანაც ისეთი, რომ ბანერებზე კანდიდატის ნაცვლად ივანიშვილი-კობახიძის ფოტოები ჰქონდათ გამოფენილი, რა მიზანი შეიძლება ჰქონდეს "ოცნებას" და მიდის თუ არა ვა-ბანკზე, ამ საკითხებზე პოლიტიკის ანალიტიკოს რამაზ­ საყვარელიძეს ვესაუბრეთ.

- "ოცნების" ქცევის გარდა, აქ კიდევ ერთი მომენტია,­ რომელიც გაოცებას იმსახურებს - რამ გამოიწვია სალომე ზურაბიშვილის სიხისტე? ჯერ მან გამოავლინა შეუპოვარი სიჯიუტე ტურნესთან დაკავშირებით და მერე უკვე ამათ. ნორმალური ქვეყნის პრიზმაში რომ შევხედოთ, ორივე მხრის საქციელი გაუგებრობაა. წესით, ერთმანეთს უნდა შეხვედროდნენ, მოელაპარაკებინათ, ვინ რას აკეთებს და ამბობს, და ამის მერე დაეწყოთ მოგზაურობა. ზურაბიშვილი რომ გაიძახის, გინდა თუ არა, წავალო, ესეც დიდი გაუგებრობაა, რადგან მთავრობა არ გეთანხმება, რომლის ნებართვაც კონსტიტუციის მიხედვით გჭირდება. ამიტომაც პირადად მე და, ალბათ, სხვებსაც, დაებადა ეს კითხვა, თუ რატომ გაჯიუტდა პრეზიდენტი? ეს არის ამ გაუგებრობების დასაწყისი და ამას სხვა გაუგებრობებიც მოჰყვება.

- თქვენი ვარაუდით, რატომ შეიძლებოდა პრეზიდენტი გაჯიუტებულიყო, როგორც თქვენ ამბობთ?

- სავარაუდოდ, მიზეზი ის შეიძლება იყოს, რაც ყველა ადამიანს აქვს ხოლმე,­ სურს თავისი პოზიციის მხარდამჭერები იპოვოს. ჩვენ ხომ ჩვენი პოზიციები შვილებივით გვიყვარს, ჩვენი ნაშობია, და ასეთი ნაშობი იყო ზურაბიშვილისთვის პოზიცია, რომ მთავრობა რიგ შემთხვევებში თავს იკავებს რუსეთთან დაპირისპირებისგან. დაახლოებით ის პოზიციაა, რაც ოპოზიციასთან ერთად უკრაინიდანაც ისმის. შესაძლოა თავად ზურაბიშვილს ეს პირდაპირ არ უთქვამს, რომ მთავრობა რუსეთისკენ მიდის, ყოველ შემთხვევაში, მე არ მახსოვს, მაგრამ ეს დასკვნა ხომ აქედან გამომდინარეობს? ამიტომაც, თუკი ეს ვერსია აქვს, სავარაუდოდ, სურს კიდეც მისი გაზიარება სხვებისთვის, მათ შორის, უცხოელი პარტნიორებისთვის. სიმართლე გითხრათ, ამ ვერსიის უცხოელებისთვის შეთავაზება მეც სახიფათოდ მიმაჩნია, რადგან უცხოელები ამ სცენარში ისედაც სახიფათოდ იქცევიან. ამიტომ, თუ ასეა, მაშინ "ოცნების" ქცევასაც აქვს ახსნა.

- ამაზე ლაპარაკი რომ უნდოდეს, ონლაინრეჟიმში საუბარს ან საელჩოების მეშვეობით მიწოდებას ვერ შეძლებს? მაინცდამაინც ჩასვლა იყო საჭირო?

- ჩასვლა სხვა პრობლემაა, რადგან დახურული კარის იქით რაც ითქმება, ის გარეთ, როგორც წესი, არ გამოდის, ხოლო როცა დოკუმენტს გზავნი, ეს უკვე ოფიციალური განაცხადის ტოლფასია. ოფიციალური განაცხადის დონეზე კი, დიდი იმედი მაქვს, ზურაბიშვილს არც სურვილი ჰქონია და არც გეგმა, მაგრამ იმ დონეზე, რომ თვითონ ეჭვობს და აინტერესებს, სხვები როგორ ფიქრობენ, შესაძლებელია აიხსნას მისი სიჯიუტე. თავის მხრივ, შეუძლებელია აიხსნას "ქართული ოცნების" პოლიტელიტის გადაწყვეტილება, რადგან ამით, ფაქტობრივად, ხელები გაუხსნეს პრეზიდენტს, რომ იმ ყველაფერზე ილაპარაკოს, მანამდე განზრახვაც რომ არ ჰქონია. ახლა კი უბიძგეს იმისკენ, რომ თქვას, იმიტომ მებრძვიან, რომ მებრძვიან, ვაკრიტიკებ რუსული ვექტორისკენ სვლასო. ოპოზიციის ამა თუ იმ ჯგუფის თუ ლიდერების მიერ ამის თქმა სხვა დონის პრობლემაა, მაგრამ იმავეს თქმა ქვეყნის ნეიტრალური პრეზიდენტის მიერ, სულ სხვა სიმძიმისაა და შესაძლოა მართლაც გაუჩინოს ეჭვები დასავლეთის პოლიტიკურ ელიტას. ამიტომ "ქართული ოცნებისგან" ამ ამბის ასე გართულება რაღაცით აგენტების შესახებ ამერიკულ-რუსული კანონის მიღების ამბებს მაგონებს. მაშინაც მოწმენდილ ცაზე უცბად თავი გადაიკლეს, გინდა თუ არა, უნდა მივიღოთო, და მერე რომ ნახეს შედეგი, ქუჩაში ხალხი გამოვიდა, ფეხზე წამოდგა ყველა ჩვენი პარტნიორი და ა.შ., აკეცეს აფრები და თქვეს, ამ კანონის ხაზით უკვე აღარ ვთამაშობთო. არ იყო ძნელი დასანახავი, რომ ამ კანონის მიღებას ასეთი შედეგი მოჰყვებოდა. იგივე სიტუაციაა ახლაც.

- რატომ მოხდა, რომ რამდენიმე თვეში­ უკვე მეორედ უშვებენ ასეთ შეცდომას? რაღაცას რომ ამბობენ ან აკეთებენ, ხომ განიხილავენ სცენარებს, მრჩევლები ხომ ჰყავთ?

- მე წელიწადზე ცოტა მეტხანს ვიყავი სააკაშვილის მრჩეველი, მაგრამ მას ჩემთვის არაფერი უკითხავს. ასეთი უკითხაობის რეჟიმი დიდხანს გრძელდება და ეჭვი მაქვს, ასეა სხვა ანალიტიკოსებისთვისაც. როდესაც გვინდა ხმა მივაწვდინოთ ხელისუფლებას, მედიას ვიშველიებთ. არ ვიცი, ახლა ჰყავთ თუ არა მრჩევლები. თუ ჰყავთ, კიდევ უარესი, რადგან მრჩეველი მაინც ვალდებულია ემოციური ნეიტრალობა შეინარჩუნოს. თუმცა მრჩევლის ინსტიტუტს აქვს ერთი ხარვეზი - უმეტესად იმას ამბობენ, რაც დამქირავებელს მოეწონება. რატომ­ არის, რომ უცხოეთში "ტინკ-ტანკები" გაყვანილია გარეთ? იმიტომ, რომ მრჩეველიც ადამიანია­ და უნდა თუ არა, ვერტიკალს ემორჩილება, და მაღალი თანამდებობის პირი რომ ეტყვის, მე ასე ვფიქრობო, მერე თვითონაც მხარს უბამს. ამიტომაც არის იქ გარეთ გატანილი. მოკლედ, მრჩევლის სწორად გამოყენებას დიდი მნიშვნელობა აქვს. არ ვიცი, ახლა "ოცნებაში" რა ხდება. მხოლოდ ვვარაუდობ, რომ ასე იქნება სწორედ შედეგებიდან გამომდინარე.

- "ოცნების" ქცევის მოტივებზე რომ ვიმსჯელოთ, შესაძლებელია, რომ სწორედ იმის შეეშინდათ, პრეზიდენტს უცხოელებთან მათ პრორუსულობაზე არ ელაპარაკა?

- რა თქმა უნდა, შესაძლებელია, მაგრამ ნათქვამია, ხერხი სჯობია ღონესაო. თუ ამის გეშინია, დაისვი სალომე გვერდით, ელაპარაკე, უთხარი, რომ მასზე ჭკვიანი არავინაა და პირიქით, იქით გაუშვი შენი დავალებით. ამიტომ მიკვირს "ოცნების" ჭიდაობის სტრატეგია. ის, რომ ჭიდაობა გამართლებული არაა, კარგად ჩანს "ოცნების" სხვა მიმართულებებით გადადგმულ ნაბიჯებშიც. მაგალითად, "ქართული ოცნება" ყოველ წუთს ხაზს უსვამს, რომ ოპოზიცია ქვეყნის ინტერესებს ღალატობს და ა.შ. მოკლედ, საშინელი ბრალდებები აქვს, მაგრამ ამ ბრალდებებისთვის იურიდიული მსვლელობა "ქართულ ოცნებას" არ მიუცია, რადგან იცის, იურიდიული მსვლელობა რომ მისცეს, ამან შესაძლოა უკურეაქცია გამოიწვიოს - ანუ ოპოზიციას დევნილის სტატუსი მისცეს, რაც ოპოზიციისთვის სასურველიც კი იქნება, რადგან თუ ხელისუფლება მდევნის, ესე იგი, მართალი ვარ. თუ ამდენი მოიფიქრე და ოპოზიციას ამდენს უთმენ, აქაც დაფიქრდი. საკითხი ხომ ფაქტობრივად იგივეა, თუ რაღაცის გეშინია, იმას არ უნდა მიაქციო ყურადღება, ან დაელაპარაკო და შენ გვერდით დაიყენო.

- რადგან ვარაუდებზე ვმსჯელობთ, შესაძლებელია სააკაშვილის შეწყალების შეეშინდათ? რამდენად არის შესაძლებელი, რომ შიშობდნენ, დასავლეთი ზურაბიშვილს სტატუსის მოსანიჭებლად სააკაშვილის გათავისუფლებას მოსთხოვს და ისიც დათანხმდებაო? მით უმეტეს, ასეთ შემთხვევაში სტატუსის მიღება ზურაბიშვილის დამსახურებად ჩაითვლება და ამიტომაც "ოცნებას" ამის ორმაგად ეშინია?

- რა თქმა უნდა, შესაძლებელია ამოტივტივდეს სააკაშვილის თემა, მაგრამ ამ შემთხვევაში ყველაზე მძიმე დარტყმის ქვეშ სწორედ სალომე ზურაბიშვილი აღმოჩნდება, რადგან მან ძალიან ბევრჯერ დაიფიცა, რომ სააკაშვილს არ შეიწყალებს. ამიტომაც ძალიან ძნელი წარმოსადგენი იქნება, ამას დათანხმდეს. გარდა ამისა, არა მგონია, ევროკავშირში გაერთიანების საპირწონედ სააკაშვილის გათავისუფლება დადგეს, მით უმეტეს, აქამდე სააკაშვილის საკითხი პირობებში არც ფიგურირებდა. როგორც ჩანს, არ არის სააკაშვილი ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანი და ამიტომ ეს ყველაზე ნაკლებად სავარაუდო მგონია.

- როგორ ფიქრობთ, ზურაბიშვილი ამ გადაწყვეტილებას ივანიშვილის გარეშე მიიღებდა და ამის გამო "ოცნება" ივანიშვილი-ზურაბიშვილის მათ გარეშე ურთიერთობაზე ხომ არ ეჭვიანობს?

- თუ საეჭვიანოა, ალბათ, სხვა ვინმე უნდა ეჭვიანობდეს და არა "ოცნება". მე თითქმის გამოვრიცხავ ივანიშვილისა და ზურაბიშვილის შეთანხმებას. ასე რომ ყოფილიყო, მაშინ იმპიჩმენტის საკითხი, ფაქტობრივად, ივანიშვილზე დარტყმაა.

- იმპიჩმენტის საკითხიც ძალიან გაუგებრად დააყენეს. ჯერ თქვეს, არ დავაყენებთო, და მერე რამდენიმე საათში კობახიძემ საგანგებო განცხადება გააკეთა, ვაყენებთო. ეს რაზე მიანიშნებს?

- გეთანხმებით, რომ განცხადებები ძალიან გაუგებარი იყო. პირველი ნათქვამით დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ამ თემას მიჩქმალავდნენ, ისევე როგორც ოპოზიციასთან უთანხმოებას ჩქმალავენ და ამით დამთავრდებოდა ეს საკითხიც, მაგრამ არა, იმპიჩმენტის საკითხი დააყენეს, ეს კი ძალიან სერიოზული მოვლენაა პოლიტიკური თვალსაზრისით. მე იურიდიულ მხარეზე არ ვლაპარაკობ. რომ ამბობენ, კონსტიტუცია დაირღვაო, არის თუ არა ეს დარღვევა იმის ტოლფასი, პრეზიდენტი დაითხოვო და მით უმეტეს, სხვა რეჟიმში გადახვიდე, ნამდვილად ძალიან სერიოზულია. რაც მთავარია, პოლიტიკურად ძალზე წამგებიანია, რადგან ეს, ფაქტობრივად, ივანიშვილის იმპიჩმენტია. ფაქტობრივად, ზურაბიშვილი სრულად ივანიშვილის კანდიდატი იყო, ამის გამო სრულად უჭერდა "ოცნება" მხარს და, თუ ამ სრულად მხარდაჭერილი კანდიდატი უმრავლესობისგან საიმპიჩმენტოა, გამოდის, ეს უმრავლესობა ეუბნება ივანიშვილს, შენ არასწორ საკადრო პოლიტიკას ატარებო. სწორედ ეს ტექსტი იკითხება იმპიჩმენტში და სწორედ ამას გაიძახის ყოველ მეორე დღეს ოპოზიცია. მმართველი გუნდი იმპიჩმენტს რომ აცხადებს, ოპოზიციაც ხომ იტყვის, რასაც ვამბობდით, ხომ მართალი ყოფილაო? ამიტომ ამ მხრივაც გაუგებარია, რითია გამართლებული მათი პარტიული ინტერესები და ეს ნაბიჯები.

დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა კონსტიტუცია

ვახტანგ ხმალაძე, კონსტიტუციონალისტი: - ამ საკითხზე კონსტიტუციონალისტებს შორისაც განსხვავებული მიდგომაა. მე მიმაჩნია, რომ არ დაურღვევია.­ ამ ვიზიტებთან დაკავშირებით შეგვიძლია გამოვიყენოთ კონსტიტუციის ორი მუხლი: მუხლი 52.1-ის ა ქვეპუნქტი, რომელიც ეხება პრეზიდენტის წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს­ და 78-ე მუხლი, რომელიც სახელმწიფოს კონსტიტუციურ ორგანოებს ავალდებულებს, ყველა ზომა მიიღონ ევროსტრუქტურებში საქართველოს ინტეგრირებისთვის. 52-ე მუხლი ამბობს, რომ პრეზიდენტი­ მთავრობის თანხმობით ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებას, რაც ნიშნავს ნებისმიერი პირის მიერ სახელმწიფოს სახელით მოქმედებას, მაგრამ პრეზიდენტი მთავრობასთან უნდა იყოს შეთანხმებული, რას იტყვის, რას მოიმოქმედებს, რას მოაწერს ხელს... თუმცა, ჩემი, აზრით, ეს არ ართმევს პრეზიდენტს უფლებას, გამოთქვას თავისი აზრი მთავრობასთან შეუთანხმებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოვიდოდა, რომ პრეზიდენტს არა აქვს მთავრობის არანაირი კრიტიკის უფლება და პრეზიდენტისთვის მოქმედებს მკაცრი ცენზურა მთავრობის მხრიდან. ლოგიკურად ჩნდება კითხვა, თუ პრეზიდენტს აქვს თავისი აზრის მთავრობასთან შეუთანხმებლად საჯაროდ გამოხატვის უფლება, შესაძ­ლებელია თუ არა, რომ აეკრძალოს აზრის გამოხატვა სხვა სახელმწიფოს მეთაურთან შეხვე­დრისას? ჩემი აზრით, თუ პრეზიდენტი ისაუბრებს მხოლოდ თავისი სახელით, გამოთქვამს მოსაზრებას, რომელიც ვიცით, რომ არის საქართველოსთვის ევროკავშირის სტატუსის მინიჭების ხელშეწყობა და მთავრობის პოზიციაც არის ის, რომ უნდათ სტატუსის მიღება, რის ხელშეწყობასაც კონსტიტუცია ორივეს ავალდებულებს, რანაირად არის კონსტიტუციის დარღვევა?! მე სხვა კითხვა მიჩნდება - როდესაც მთავრობამ პრეზიდენტს ამ ვიზიტებზე უარი უთხრა, თავად მთავრობამ ხომ არ დაარღვია კონსტიტუციის 78-ე მუხლი, რადგან ამ ვიზიტების მიზანი იყო სტატუსის მინიჭების ლობირება, რაც არის კონსტიტუციური ვალდებულება. შესაბამისად, პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებაც არის სტატუსის წინააღმდეგ მოქმედება... თუ საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია, ეს იქნება პრეზიდენტზე ძლიერი დარტყმა, მაგრამ გაცილებით მნიშვნელოვანია ის, რომ შეიქმნება პრეცედენტი, რომ როგორც მოქმედ, ისე მომავალ პრეზიდენტს, პირი ექნება აკრული და მთავრობის გარეშე ნაბიჯს ვერ გადგამს ქვეყნის გარეთ. არის კიდევ ერთი რამ - თუ მოახერხეს პრეზიდენტის გადაყენება, მაშინ ახლავე უნდა გაიმართოს პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნები და ეს არჩევნები უნდა გამართოს საარჩევნო კოლეგიამ, რომელიც შედგება პარლამენტის, აჭარის უმაღლესი საბჭოს, აფხაზეთის უზენაესი საბჭოსა და საკრებულოების წევრებისგან, სადაც დღეს უმრავლესობაში "ქართული ოცნებაა" და მაღალი ალბათობით, "ქართული ოცნება" შეძლებს სასურველი პრეზიდენტის არჩევას. იმ პირობებში კი, როცა მოსალოდნელია, რომ გაისად საპარლამენტო არჩევნებში "ოცნებამ" ვეღარ გაიმარჯვოს, ანუ მთავრობა მარტომ ვეღარ ჩამოაყალიბოს, ეყოლება მისადმი ლოიალური პრეზიდენტი და შესაძლოა მიზანიც ეს არის. მაგრამ ამისთვის საჭიროა, რომ პრეზიდენტი თანამდებობიდან გადააყენონ, რაც დღეს უპერსპექტივოდ ჩანს.

რუსა მაჩაიძე