„პუტინი, რომელიც სტალინის მიბაძვას ცდილობს, სინამდვილეში მისი ჩინური ვერსიაა“
"რუსეთის მმართველი ელიტა თავის გადარჩენას ცდილობს და ამისათვის განტევების ვაცს ეძებს", - ასე აფასებს რუსეთში არსებულ პოლიტიკურ დღის წესრიგს საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი, რუსეთის სპეციალისტი გიორგი გობრონიძე და ირწმუნება, რომ პუტინი, როგორც ტირანებს სჩვევიათ, ჯერ კიდევ ახერხებს საკუთარი კრახის შეფუთვას, მაგრამ "შუბი ხალთაში ვერ დაიმალება", ჩვენ ვხედავთ, რომ კიევი უტევს, მოსკოვი თავს იცავს და ამას აუცილებლად ექნება გავლენა რუსეთის შიდა პოლიტიკაზე. რა ცვლილებებია მოსალოდნელი კრემლში, პროცესების როგორი განვითარებაა მოსალოდნელი ფრონტის ხაზზე და როგორ აისახება რუსეთში შეცვლილი დღის წესრიგი ჩვენს ქვეყანაზე, ამ საკითხებზე გიორგი გობრონიძე უფრო ვრცლად გვესაუბრება.
- რუსეთსა და უკრაინას, ორივეს აქვს სისუსტეების მთელი კასკადი - ერთ მხარეს არის რუსეთი, რომელმაც ვერ მიაღწია ვერც ერთ დეკლარირებულ საგარეო პოლიტიკურ მიზანს, დაწყებული ნატოს გაფართოების შეჩერებით, დამთავრებული უკრაინაში გარკვეული პოზიციების შექმნით (თუ არ ჩავთვლით დონბასსა და ყირიმს, რომელსაც ისედაც აკონტროლებდა), მეორე მხარეს არის უკრაინა, რომელმაც ვერ გაამართლა დასავლეთის იმედი და კონტრშეტევა სწრაფად ვერ წარმართა. მე თუ მკითხავთ, დასავლეთს გადაჭარბებული მოლოდინი ჰქონდა, რაც არ უნდა მოძველებული იარაღი ჰქონდეს რუსეთს, იმის რესურსი მაინც აქვს, რომ თავდაცვითი პოზიციები კარგად ჰქონდეს გამაგრებული. ნახეთ, რა საინტერესო მოცემულობაა - ჩვენ რუსეთს შემტევ ძალად მივიჩნევდით, დღეს კი ვსაუბრობთ იმაზე, რომ რუსეთს თავის დაცვა შეუძლია. ასეთი დიდი ჩავარდნის შემდეგ პუტინი სტაბილურობას ვერ შეინარჩუნებს. შიდაპოლიტიკურ და სამხედრო ძალებს შორის უკვე იყო დაპირისპირება და მომავალში უფრო გამწვავდება. რუსული ელიტა საკუთარი თავისა და კაპიტალის გადასარჩენად ეძებს ჯგუფს ან პირს, რომელსაც ხელს შეაწმენდს. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ჯერ კიდევ არ მოხსნილა დღის წესრიგიდან უკრაინაში ვითარების შემობრუნების საკითხი, ჯერ კიდევ არის თეორიული შანსი იმისა, რუსეთმა წარმატებას მიაღწიოს.შეგახსენებთ, რომ რუსეთს აქვს გრძელვადიან, დამანგრეველ ომებში გამარჯვების გამოცდილება. სხვათა შორის, ორივე ქვეყანას საბჭოთა წარსული აერთიანებს. შესაბამისად, რუსები ელიან, რომ ომს მოიგებენ, ის ფაქტორი ამშვიდებთ, რომ ბრძოლა რუსეთის ტერიტორიაზე არ არის.ამასთან, დასავლეთის პასიურობასაც ხედავენ და ფიქრობენ, რომ თუ ქვეყანაში შეინარჩუნებენ ერთიანობას, დასავლეთს ნერვების ომს მოუგებენ...
- ნერვების ომში რას გულისხმობთ?
- უკრაინიდან ემიგრანტების დიდი ნაკადი გაედინება დასავლეთში და ამით ყველა არ არის კმაყოფილი. დასავლეთში, სადაც ხალხი მიჩვეულია კომფორტულ ცხოვრებას, დევნილთა ნებისმიერი ნაკადი აღქმულია პრობლემებთან, ცხოვრების წესის ცვლილებასთან. შესაბამისად, იბადება კითხვები, როდემდე უნდა დავეხმაროთ უკრაინას? ან რატომ უნდა დავეხმაროთო? მსგავსი განცხადებები ისმის პოლიტიკური ტრიბუნიდანაც ამერიკასა თუ ევროპაში.
- ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, ეს რუსული სპეცსამსახურების მუშაობის შედეგია. ეს თემა გააქტიურებულია ამერიკაში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიაშიც. მაგალითად, რესპუბლიკური პარტიიდან საპრეზიდენტო კანდიდატობის ერთმა პრეტენდენტმა, ვივეკ რამასვამიმ, განაცხადა, რომ აღიარებს უკრაინაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის კონტროლს და ჩაკეტავს უკრაინის გზას ნატოში.
- ჩვენ ამერიკელებისა და ევროპელების ძალიან ბევრ უცნაურ და თამამ განცხადებას ვისმენთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იმას გააკეთებენ, რასაც ამბობენ. ამერიკას უკვე იმხელა რესურსი აქვს ჩადებული უკრაინის მხარეს, რამასვამი კი არა, ვინც არ უნდა გახდეს ამ ქვეყნის პრეზიდენტი, საგარეო პოლიტიკას ვერ შეცვლის. მას მარტივად შეუძლია თქვას, რომ ეცადა, მაგრამ არ გამოუვიდა. არ გამორიცხოთ, რომ თუ ის მართლა გახდა პრეზიდენტი, უშუალოდ მოითხოვოს ნატოს მისიის გაგზავნა ადგილზე, რომ ამერიკის მიერ დახარჯულმა ფულმა ნაყოფი გამოიღოს. ისინი ფულს ტყუილად არ ყრიან. რადგან თეთრმა სახლმა უკრაინის გამარჯვებაში ჩადო ფული, შედეგის მიღებას აუცილებლად შეეცდება. სავარაუდოდ, რამასვამის ეს განცხადება შიდა აუდიტორიისთვის იყო განკუთვნილი. შეგახსენებთ, ტრამპი რას ამბობდა პუტინზე, გადასარევი ადამიანი, იდეალური ლიდერიაო, და ამის ფონზე სირიაში რუსული ბაზები დაიბომბა. არც ტრამპი იყო პუტინისთვის იოლად ამოსაცნობი.
- ტრამპს დღემდე ადანაშაულებენ რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში.
- ამერიკაში ვერ იქნები პრორუსი პოლიტიკოსი. შეიძლება იყო იმ შემთხვევაში, თუ რუსეთიდან ელოდები იმას, რისი მოცემაც შენს ქვეყანას არ შეუძლია.
- მაშინ რუსული სპეცსამსახურები რა ლოგიკით ცდილობდნენ საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებას ტრამპის სასარგებლოდ?
- შეიძლება პუტინი დაინტერესებული იყო ჰილარი კლინტონის მოშორებით და ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებას შეეცადა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ტრამპი რუსეთის აგენტია... დასავლეთში არის ხალხი, ვისაც არა აქვს იმის განცდა, რომ რუსეთი თავისი იმპერიალისტური ბუნებით ცივილიზებულ სამყაროს საფრთხეს უქმნის და რუსულ პოლიტიკურ ელიტასაც ასეთ ხალხზე აქვს გათვლა... რუსული ეკონომიკა მართლა შეუვალი კი არ არის დასავლური სანქციების მიმართ, აქ სხვა პრობლემაა, რასაც, ალბათ, ამერიკელებიც აცნობიერებენ - რუსეთისა და დასავლეთის უკრაინაში დაპირისპირებამ ჩინეთს გაუხსნა ხელ-ფეხი გლობალური ჰეგემონიისკენ. მოდი, დავარქვათ რუსეთ-უკრაინის ომს პროქსიომი. ამერიკამ 142 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა უკრაინის კამპანიაზე. ამას დავამატოთ ევროკავშირის ფული და სხვა რესურსები. გვინდა თუ არა, უნდა ვაღიაროთ, რომ ეს არ არის მხოლოდ რუსეთ-უკრაინის ომი, დასავლეთი ფინანსურად მონაწილეობს ამ ომში. ამ მოცემულობით მოგებული რჩება ჩინეთი, რადგან რუსეთთან დაპირისპირებით დაკავებული დასავლეთი ვეღარ იცლის გლობალურ კონკურენციაში ჩაერთოს. სი ძინპინმა თქვა კიდეც, რომ მალე სამყარო ორპოლუსიანი იქნება, რაც ნიშნავს, რომ ძალის ერთი პოლუსი იქნება ვაშინგტონი, ხოლო მეორე - ბეიჯინგი (პეკინი). ამიერიდან როგორც არ უნდა დამთავრდეს ომი, რუსეთი, ისევე როგორც ევროკავშირი, გადადის საერთაშორისო პოლიტიკის პერიფერიაზე დაქვემდებარებული პარტნიორის როლში. ერთი ამერიკას დაექვემდებარება, მეორე ჩინეთს და ამით დასრულდება ეს ამბავი. თუ უკრაინა ომს მოიგებს, რუსეთი მეტად იქნება ჩინეთზე დამოკიდებული, თუ უკრაინა დამარცხდება, მაშინ ნაკლებად, მაგრამ მას დამოუკიდებლად არსებობის რესურსი უკვე დაკარგული აქვს. ნებისმიერ შემთხვევაში რუსეთი იქნება რეგიონული, მაგრამ ანგარიშგასაწევი ძალა. რუსეთმა ამ ომში იმხელა ძალისხმევა გასწია, რომ მას ფიზიკურად აღარ ექნება ჩინეთისთვის წინააღმდეგობისა და კონკურენციის გაწევის უნარი. აი, ამის წინასწარ განსაჭვრეტად რუსეთის პოლიტიკურ ელიტას მდოგვის მარცვლისოდენა შორსმჭვრეტელობაც არ აღმოაჩნდა. უკრაინის კრიზისით მთლიანად იცვლება საერთაშორისო უსაფრთხოების დღის წესრიგი. მოსკოვს შეეძლო ჩინეთსა და დასავლეთს შორის დამბალანსებელი ძალის როლი მოერგო და გაეტანა ყველაფერი რაც უნდოდა, მათ შორის, უკრაინის საკითხიც, მაგრამ ამის ნაცვლად აბსოლუტურად გაუაზრებელი ნაბიჯი გადადგა. პრობლემის მოსაგვარებლად ყველაზე ცუდი სცენარი აირჩიეს. თითქოს ნატო ძალიან გაფართოვდა და რუსეთს საფრთხე შეუქმნა! რა მიიღეს ამ ომით?! მიიღეს ფინეთით და შვედეთით გაფართოებული ნატო!
- რუსეთის დასამარცხებლად ამერიკა "ციხის შიგნიდან" გატეხას და პუტინის წინააღმდეგ გადატრიალების მოწყობასაც ცდილობს? შესაძლებელია პრიგოჟინი ამერიკული პროექტი ყოფილიყო?
- ძალიან დიდი ალბათობით ამერიკას რესურსი აქვს ჩადებული იმაში, რომ რუსეთი შიგნიდან შეიცვალოს. მე მახსოვს, 2008 წელს, რუსეთის მიერ საქართველოს ინტერვენციის შემდეგ, ამერიკის დღევანდელი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადება, რუსეთი ძალიან დიდია იმისთვის, რომ იყოს მშვიდობიანი და კეთილი აქტორი საერთაშორისო ურთიერთობებშიო. მხოლოდ ბაიდენი კი არა, ამერიკელები აღიქვამენ რუსეთს ზედმეტად დიდად. სხვათა შორის, ამერიკელებსა და ჩინელებს ამ მიმართულებით ერთნაირი პოზიცია აქვთ. პეკინი მიიჩნევს, რომ რუსეთი ზედმეტად დიდია და მისი ნაწილი ჩინეთის შემადგენლობაში უნდა იყოს, ან დამოუკიდებელი იყოს და ჩინეთს ექვემდებარებოდეს. რაც შეეხება პრიგოჟინს, ის ამერიკული პროექტი კი არა, რუსული პროდუქტია. ნახეთ, როგორი პოლიტიკური სისტემაა რუსეთში. რუსი მკვლევარი ინოზემცევი რუსული მმართველობის სისტემას დეფექტურად მიიჩნევს. მისი თქმით, თუ სხვა ქვეყანაში კორუფცია და ნეპოტიზმი დანაშაულია, რუსეთში ეს პოლიტიკის კეთების საშუალებაა. რუსული პოლიტიკა სრულიად გახრწნილია და თავის წიაღში ბუნებრივად წარმოშობს ისეთ სუბიექტებს, როგორიც პრიგოჟინია. მაქს ვებერის თეორიის მიხედვით, სახელმწიფო არის ძალის ერთადერთი მონოპოლისტი, მხოლოდ მას უნდა ემორჩილებოდეს ჯარი, პოლიცია, საგადასახადო სისტემა და ა.შ., რუსეთში კი ჩვენ ვიხილეთ აბსოლუტურად უკონტროლოდ მოქმედი არმია, რომელსაც სადაზვერვო სამსახურის მიერ ჰქონდა მწვანე შუქი ანთებული და საზოგადოების ყველაზე საშიში ფენის რეკრუტირებას ახდენდა არმიაში. პრიგოჟინის გასამხედროებულ დაჯგუფებას ათასი სისაძაგლე აქვს ჩადენილი სირიაში, აფრიკაში... ის, რაც პრიგოჟინისგან მიიღო პუტინმა, სრულიად ლოგიკურია. ჩეხოვს დავესესხები, "თუ სპექტაკლის დროს, სცენაზე იარაღია დაკიდებული, იცოდეთ, რომ ის აუცილებლად გაისვრის". ჰოდა, ერთ დღეს პრიგოჟინმაც გაისროლა. დასავლეთის ჩარევის გარეშე რუსეთმა საკუთარი სურვილით პრიგოჟინის მსგავსი არაერთი მონსტრი შექმნა და ისინი სხვადასხვა ეტაპზე აუცილებლად იჩენენ თავს.
- პრიგოჟინის ბუნტის შუაგზაზე გაჩერება იმდენად ალოგიკურია, რომ შეთქმულების თეორიები გააჩინა.
- მართლაც წარმოუდგენელი შეცდომა დაუშვა. ის არ იყო პოლიტიკოსი, პუტინსაც ზედმეტად ენდობოდა. ამასთან, მას არ სჭირდებოდა პოლიტიკური ძალაუფლება, იმ ფულისა და ქონების დაბრუნება სურდა, რომელიც მისგან რუსეთის სამართალდამცავმა უწყებებმა ამოიღეს. ეს ყველაფერი მიიღო და წავიდა ბედნიერად. პოსტფაქტუმ კი პატარა, ღვარძლიანმა კაცმა შურისძიება დაგეგმა - სულ ეს იყო.
- ახლა რა გამოწვევის წინაშე დგას პუტინი?
- პუტინის ბედი პირდაპირ კავშირშია რუსეთ-უკრაინის ომთან. რუსებს ესმით, რომ ამ ომის შედეგზეა დამოკიდებული, თუ რა ფორმით გააგრძელებს რუსეთი არსებობას. ამიტომ პუტინს მარცხს არ აპატიებენ, მით უფრო, რომ მან სისუსტე გამოიჩინა. პუტინი, რომელიც სტალინს ადარებს თავს, პრიგოჟინს დაემალა, მოსკოვიდან გაიქცა, სტალინმა კი მოსკოვი მაშინაც კი არ დატოვა, როდესაც ჰიტლერი მიდიოდა მოსკოვზე. არ იფიქროთ, რომ სტალინს ვაქებ, უბრალოდ, იმის თქმა მინდა, რომ პუტინი, რომელიც სტალინის მიბაძვას ცდილობს, სინამდვილეში მისი ჩინური ვერსიაა. ამ ჩინურმა ვერსიამ კი მიიღო უკრაინაში შეჭრის აბსოლუტურად გაუაზრებელი გადაწყვეტილება, რომელიც ისტორიაში ყველაზე უაზრო გადაწყვეტილების სახელით შევა და ამ ქვეყნის დიდებასაც დაასამარებს. შეიძლება ითქვას, პუტინმა რუსეთი ჩინეთს ლანგრით მიართვა.
- საინტერესოა, ამ ფონზე რას ნიშნავს მედვედევის მუქარა, რომ ჩინეთი და ინდოეთი მალე აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობას ცნობენ?
- ეს ისეთივე უაზრო განცხადებაა, როგორიც რუსეთის უკრაინაში შეჭრა იყო. როგორც ჩანს, მედვედევს ახალი არხი აქვს გონებაში გახსნილი და აღარ იცის, რა სისულელე თქვას. ალბათ, ბოლოდროინდელი ქართულ-ჩინური ურთიერთობების გამო ეჭვიანობს. სი ძინპინმა განაცხადა, რომ საქართველოსა და ჩინეთის ურთიერთობა სტრატეგიული ურთიერთობების დონეზე ადის. სხვათა შორის, თუ ჩვენ ჩინეთთან პარტნიორულ ურთიერთობას ისეთ დონეზე განვავითარებთ, როგორიც ამერიკასა და ევროპასთან გვაქვს, ვაშინგტონისა და ბრიუსელისგან განსხვავებით, პეკინს არ გაუჭირდება საქართველოს სასარგებლოდ რუსეთზე ზეწოლა. ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ჯერ კიდევ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს გააკეთა ძალიან საინტერესო განცხადება, რომ პეკინი რუსეთის ამ ქმედებაში საბჭოთა კავშირის აღდგენის მცდელობას ხედავს, რასაც ჩინეთში საფრთხედ აღიქვამენ. ვისაც დიპლომატიის ანაბანა გაეგება, იცის, რომ ჩინეთისთვის ნებისმიერი რუსული ექსპანსია მიუღებელია.
- შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ხელისუფლება თან რუსეთ-უკრაინის ომის შედეგის მოლოდინშია და ჩინეთთან ალაგებს ურთიერთობას, რომ საჭირო მომენტში შეცვალოს რუსეთთან დათმობის პოლიტიკა?
- რა თქმა უნდა, "ქართული ოცნება" ელოდება ომის დამთავრებას, მანამდე კი ხელთ არსებული შესაძლებლობების გამოყენებას, მანევრირებას ცდილობს. სხვა საკითხია, რამდენად ეფექტურად იყენებს. საერთო ჯამში, "ქართულ ოცნებას" ბევრად ეფექტურად შეუძლია დღეს არსებული საგარეო ფაქტორების გამოყენება. მე არ ვგულისხმობ რუსებისთვის საზღვრის ჩაკეტვას და ა.შ. ჩვენ ვხედავთ, რა დინამიკურად იცვლება უსაფრთხოების გარემო. აი, ეს უნდა გაითვალისწინონ და უფრო გონივრული სვლები გააკეთონ. ძალიან პოზიტიურად ვუყურებ საქართველოსა და ჩინეთის ურთიერთობის გაღრმავებას, მაგრამ ეს არ უნდა ხდებოდეს დასავლეთთან ურთიერთობის გაფუჭების ხარჯზე.
ხათუნა ბახტურიძე