რა გავლენა ექნებათ არჩევნებზე საქართველოში მომუშავე სპეცსამსახურებს?!
საქართველოში ერთ წელიწადში არჩევნებია და ამ უმნიშვნელოვანესი პროცესისადმი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ინტერესი ძლიერდება. საინტერესოა, რა მხრივ შეიძლება გააქტიურდნენ რეგიონში რუსული ან სხვა დაინტერესებული მოთამაშეების სპეცსამსახურები ისე, რომ 2024 წელს საპარლამენტო არჩევნებზე ზეგავლენა შეძლონ. რომელია ამ ჯგუფში ყველაზე ანგარიშგასაწევი და უხეში მოთამაშე, ვისგან გვემუქრება სამხედრო-პოლიტიკური აქტიურობის საფრთხე და როგორია საარჩევნოდ სპეცსამსახურების მუშაობის მეთოდები, ამ კითხვებზე პასუხს ექსპერტ მამუკა არეშიძესთან ინტერვიუში ამოიკითხავთ:
- არჩევნები ამა თუ იმ პოლიტიკური მოთამაშის პოლიტიკური მდგომარეობის განმტკიცების, ლეგიტიმაციის მაღალი ხარისხის, საკუთარი ინტერესების გატარების საშუალებაა. საქართველო ისეთ გეოპოლიტიკურ სივრცეშია, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია როგორც უსაფრთხოების, ისე სავაჭრო-ეკონომიკური და პოლიტიკური თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, საქართველოში კონკრეტული მოთამაშის გავლენის გაძლიერება ჩვეულებრივი ფორმულაა - ისტორიულად სულ ასე ხდებოდა. ხანდახან გვიკვირს, რატომ მოიწევდნენ დიდი ძალები საქართველოს დასაპყრობად სამხრეთიდან თუ ჩრდილოეთიდან, სწორედ იმიტომ, რომ განლაგება აქვს მომგებიანი - ერთბაშად აკონტროლებ შავი და კასპიის ზღვის აუზებს... არჩევნები დასკვნითი ეტაპია და გავლენის სივრცეების მომზადება წლების განმავლობაში მიდის. არსებობს სხვადასხვა ტიპის: სოციალური, პოლიტიკური, რელიგიური, ეთნიკური ჯგუფები, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობენ როგორც ამომრჩევლები და მათთან მუშაობა ძალზე მნიშვნელოვანია.
- როგორი მეთოდოლოგიით მუშაობენ პოლიტიკური მოთამაშეები?
- მაგალითად, მეხუთე კოლონის მსგავსად - მუშაობენ ინტერესის, გავლენის ჯგუფების მეშვეობით ღიად თუ ფარულად, ფულით და იდეოლოგიით. საქართველოში ეს ყველაფერი გამოიყენება, პლუს ძლიერი სამხედრო-პოლიტიკური ზეწოლა ოკუპირებული ტერიტორიებიდან. საქართველო მსოფლიოში ბევრისთვის სუსტი სახელმწიფოა, მას არა აქვს დემარკირებულ-დელიმიტირებული საზღვრები და აქვს დაკარგული ტერიტორიების პრობლემა. ყველა მოთამაშე დაინტერესებულია კავკასიაში პოლიტიკური ამინდის შექმნით. შემიძლია ჩამოვთვალო ეს მოთამაშეები: ყველა ჩვენი მეზობელი (ნაკლებად სომხეთი, მას თავისი პრობლემები აქვს, თუმცა მისი გავლენა მაინც იგრძნობა, განსაკუთრებით ოკუპირებულ აფხაზეთში), განსაკუთრებით აზერბაიჯანი, თურქეთი, რუსეთი, ირანი, შორეული მეზობელი ევროკავშირი, ამერიკა, უფრო შორეული ქვეყანა, ჩინეთი.
- დამეთანხმებით, რუსეთ-უკრაინის ომმა რეგიონში ძალიან დაასუსტა რუსეთის გავლენა, ამიტომ შეგვიძლია თუ არა ამ სიიდან ამოვიღოთ ოკუპანტი ქვეყანა, თუ რაღაც ხრიკებით შეეცდება "ფორმაში ჩადგომას"?
- რუსეთის გავლენა მართლაც ძალიან შესუსტდა და ის რევანშის აღებას ცდილობს. ყველაზე მსხვილი მოთამაშე და უხეში ამ ჯგუფში რუსეთია. სამხედრო-პოლიტიკური აქტიურობის ყველაზე მეტი საფრთხე მისგან მოდის. რუსეთის პოლიტიკა დაფუძნებულია ძალის დემონსტრირებაზე, რისი მაგალითიც უკვე გვაქვს აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში. უნდა გავითვალისწინოთ ისტორიული კონტექსტიც - თავის დროზე რუსეთმა დიდი ძალისხმევა დახარჯა, რათა შეემცირებინა შავი და კასპიის ზღვის აუზებში სამხრეთელი მეზობლების, პირველ რიგში, მაშინდელი სპარსეთისა და თურქეთის გავლენა. 1920 წელს თავისი დიპლომატიისა და პოლიტიკური ხელმძღვანელების უმძიმესი შეცდომების გამო 100-წლიანი პაუზის შემდეგ სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისით სამხრეთ კავკასიაში თურქეთი დააბრუნეს, სადაც ის ზეაქტიური მოთამაშე გახდა და ახლა მისი აქედან გაყვანა ძალზე პრობლემატურია. მიუხედავად იმისა, რომ ზოგ შემთხვევაში ერდოღანი და პუტინი ერთმანეთს ეფლირტავებიან, რუსული პოლიტიკა, ისევე როგორც თურქული, რეგიონიდან ერთმანეთის განდევნაზეა ორიენტირებული - და არა მარტო რეგიონიდან, უპირველესად შავი ზღვის აუზიდან.
- რუსეთს აქვს ბერკეტები, თურქეთი განდევნოს და სიტუაცია მართოს რეგიონში?
- დიახ, აქვს ძალიან სერიოზული ბერკეტები და უპირატესობა სხვებთან შედარებით - ეს არის ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები და სიტუაციის მართვის ცდები. ოკუპირებულ ე.წ. სამხრეთ ოსეთში განლაგებულია რუსეთის ძალიან სერიოზული სადაზვერვო სისტემა, მათ შორის ელექტრონული დაზვერვის უახლესი საშუალებები, რომელთა მეშვეობითაც რუსეთისთვის ძალიან მარტივია საკომუნიკაციო სისტემების გაკონტროლება. მაგალითად, კონკრეტული პირების სატელეფონო საუბრებისაც. ცხინვალში არის ცენტრი, რომელიც აანალიზებს საქართველოს ყველა მსხვილი ტელევიზიის პოლიტიკურ გადაცემებს, კითხულობს ქართულ პრესას და სწავლობს საზოგადოებრივ აზრს სოცქსელების მეშვეობით. ძალზე სერიოზული ინსტიტუტებია არა მარტო სამხრეთ, არამედ ჩრდილო ოსეთშიც, ასევე აფხაზეთშიც.
- ჰყავს ე.წ. მეხუთე კოლონაც...
- რასაკვირველია, რუსეთს, აქ ჰყავს სხვადასხვა ტიპის "მეხუთე კოლონა", რბილ ძალასაც ამუშავებს, ოღონდ რუსული რბილი ძალა დაბალეფექტურია იმის გამო, რაც გაუკეთა მან საქართველოს - საზოგადოების დიდ ნაწილში რუსეთით გაღიზიანებაა და რაც მთავარია, მნიშვნელოვანი ფაქტორია კორუფცია. მაგალითს მოვიყვან: საქართველოში ფუნქციონირებს კულტურული ხასიათის რუსული ცენტრი, რომელიც ორიენტირებული უნდა იყოს ქვეყანაში რუსული ენისა და კულტურის გავლენის აღდგენაზე. ეს ორგანიზაცია ფინანსდება "რუსსკი მირის" მეშვეობით - ეს არის რუსული იდეოლოგიის გამტარებელი ქსელი მსოფლიოში. კიდევ არის ასეთივე ორგანიზაციები. მათი ამოცანაა რუსული იდეოლოგიის ტირაჟირება მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც. ეს ორგანიზაცია, რომელიც საქართველოშია, ახლა სკანდალშია გახვეული - აღმოჩნდა, რომ რუსეთიდან მიღებული ფულით ანტირუსულ ღონისძიებებს აფინანსებს. ეს იმიტომ, რომ კორუფციული სისტემა ეფექტურად მუშაობს. როგორც სკანდალიდან ჩანს, ამ ორგანიზაციის წევრები შეკრული არიან იმ ჩინოვნიკებთან, მათ შორის რუსულ წარმომადგენლობასთან საქართველოში, რომლის ხელშიც გადის ფული. პრაქტიკულად, ეს ორგანიზაცია კი მუშაობს და იღებს ფულს მოსკოვიდან, მაგრამ მისი საქმიანობა რუსეთის ინტერესების გატარებისთვის დაბალეფექტურია. მოსკოვში ეს იციან და ამიტომ არის, რომ ყურადღებას უფრო სამხედრო-პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს უთმობენ და გავლენის აგენტებს ეყრდნობიან. გავლენის აგენტები ყველა დონეზეა საქართველოში - საზოგადოებაში, პოლიტიკურ ელიტაში.
- საქართველოში შემოსულ ათიათასობით რუსეთის მოქალაქეს შორის არიან თუ არა სპეცსამსახურების თანამშრომლები?
- რასაკვირველია, არიან. ეკონომიკური აქტივობები, რასაც რუსული მხარე იჩენს საქართველოში, ქვეყნისთვის საფრთხის შემცველია. ჯერჯერობით, ის რუსი საზოგადოება, რომელიც საქართველოშია, ისე არ არის ჩამჯდარი საერთო სტრუქტურაში, რომელსაც, ხვალ რომ არჩევნები იყოს, შეუძლია გავლენა იქონიოს მასზე, მაგრამ ერთი წლის შემდეგ შეიძლება სურათი შეიცვალოს. ობიექტურობისთვის ვიტყვი, ჩემი ვარაუდით, ჩამოსულების 60% წინააღმდეგია კრემლის დღევანდელი კურსის, კონკრეტულად პუტინის.
- გვახსოვს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, როდესაც რუსულმა სპეცსამსახურებმა საქართველოში ანტიამერიკული განწყობის შესაქმნელად ლუგარის ლაბორატორიის თემა გაააქტიურეს. სავარაუდოდ, ამ არჩევნების წინაც გააძლიერებენ ამ მხრივ მუშაობას...
- აუცილებლად გააძლიერებენ. რაც მეტ შეცდომას დაუშვებენ ამერიკელები და ევროპელები, მით უფრო ეფექტური იქნება რუსების მუშაობა. რადგან ლუგარი ახსენეთ, არაერთხელ ვცადე დამედგინა ამ ლაბორატორიის ამბავი და ჩემი აზრით, იქ განსაკუთრებული არაფერი ხდება, მაგრამ ამასობაში ვხედავთ, რომ გამოდის კენედების ოჯახის ერთი წარმომადგენელი, ედუარდ კენედი, და იწყებს ლაპარაკს იმაზე, რომ ამერიკელები უკრაინაში ამუშავებენ ლაბორატორიებს, სადაც ბაქტერიოლოგიური იარაღის წარმოება მიმდინარეობს. ამერიკული პოლიტელიტის წარმომადგენელი ასეთ რაღაცას რომ იტყვის, რასაკვირველია, მოსკოვში აიტაცებენ და ლუგართან პარალელები გაჩნდება - ანუ დასავლური პოლიტიკის აქტიურ გატარებას რეგიონში თვითონ დასავლელი პოლიტიკოსები უშლიან ხელს. თუმცა ჩვენ დასავლეთის ალტერნატივა არა გვაქვს, დასავლეთი ბევრად დელიკატურია, მიუხედავად იმისა, რომ არასწორ პოლიტიკას ატარებს რეგიონში.
- რას გულისხმობთ?
- იმ იდეოლოგიურ ნარატივს, რომელიც მიუღებელია ქართველი საზოგადოებისთვის, გარდა ამისა, იმ პოლიტიკას, რომელიც ექსტრემალურ სიტუაციაში საკუთარი ინტერესებით მოქმედებასა და მოკავშირეების მიტოვებას გულისხმობს. ეს ჩვენ ერთხელ 1921-ში, მეორედ 2008-ში გავიარეთ... ტრაგედია ტრიალებს, გორი იბომბება და ამის მერე ცოტა ხანში დასავლელი პოლიტიკოსები გადატვირთვის პოლიტიკის იმპლემენტაციას იწყებენ რუსებთან. კიდევ კარგი, უკრაინაში შეცვალეს მიდგომა, თუმცა იქ ორ სკამზე თამაში მაინც მიდის...
- ყალბი ინფორმაციის გავრცელება, პროპაგანდა სოცქსელებში, ეთნიკური შუღლის გაღვივება, დესტაბილიზაცია, პოლიტიკური ფიგურების დისკრედიტაცია რუსეთის სპეცსამსახურების ხელწერაა. როგორ დავიცვათ საზოგადოება რუსული პროპაგანდისგან?
- ჩვენ ეს ყველაფერი საქართველოს სპეცსამსახურების იმედზე გვაქვს მიტოვებული, ეს კი საფუძველშივე წაგებული თამაშია. საზოგადოება ნიჰილისტურად არის განწყობილი. ზოგადი საუბრები საქართველოს ხვალინდელ დღეზე მხოლოდ საუბრებად და სოცქსელში აქტიურობად რჩება. ნიჰილიზმს იწვევს დღევანდელი პოლიტიკური მდგომარეობაც. როდესაც რბილ ძალაზე ვლაპარაკობთ, ვგულისხმობთ სხვის ძალას ჩვენს წინააღმდეგ გამოყენებულს და თვითონ არ ვქმნით ამ რბილი ძალის სისტემას, თუნდაც ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სამეზობლოში, ან ჩვენს ქვეყანაში. საკუთარ ქვეყანაში რბილი ძალის მუშაობის ტექნოლოგია ეროვნული იდეოლოგიის ჩამოყალიბებაა. სამშობლო მარტო კი არ უნდა გიყვარდეს, არსებობს მოვალეობაც ქვეყნის წინაშე. სახელმწიფომ და პოლიტელიტამ ამაში ხელი თუ არ შეგიწყო, არ არის გასაკვირი, რომ საზოგადოება ამ იდეოლოგიისგან დაიცალოს. როცა ქვეყანა დაცლილია ეროვნული მუხტისაგან, მაშინ ხდება ადამიანების დაშორიშორება. ჭაბუა ამირეჯიბს აქვს გადასარევად ნათქვამი, - ფუნქციადაკარგული, გათითოკაცებული ერიო. ზუსტად ეს ვართ დღეს, ვერაფრით ჩამოვაყალიბეთ ქვეყნის განვითარების მთავარი იდეა. ხშირად გვსმენია, კავკასიის ეკონომიკური ცენტრი უნდა გავხდეთო, და სხვა იდეოლოგიური ნარატივები, მაგრამ ეს ვერ მოვახერხეთ, რადგან პოლიტელიტის დიდი ნაწილისთვის ძალაუფლების შენარჩუნებაა მთავარი. დღეს ქვეყანაში გულით ქართველობის დეფიციტია, სიტყვით და ენით - ბევრია. ვიდრე არ იქნება ეროვნული საქმის კეთების სურვილი, სულ ასე ვიქნებით - ხან ვისი და ხან ვისი გავლენის ქვეშ... თუ ასე გაგრძელდა, 2024-ში ჩემი პროგნოზი ძალიან მძიმე იქნება. არჩევნებზე არაა საუბარი, ყოფნა-არყოფნაშია საქმე. საქართველო მხოლოდ ტერიტორიებს არ ნიშნავს, საქართველო ნიშნავს სახელმწიფოს. პარადოქსულია, მაგრამ რეგიონისადმი სხვა მიდგომები აქვს ევროკავშირს და სხვა - აშშ-ს... შეიძლება სიტუაციის დაძაბვამ საბოლოოდ დესტაბილიზაცია მოიტანოს. ხომ ხედავთ, როგორი ნაპრალია საზოგადოებაში, საზოგადოება ჯგუფებადაა დაყოფილი, ის ჯგუფები კი ინდივიდუალურ ადამიანებად. ამიტომაც არის ჩემი პროგნოზი მძიმე...