იმპიჩმენტის დილემა, ანუ ახსოვს თუ არა ვინმეს საქართველოს საგარეო ინტერესები და იმიჯი
ევროკავშირის 12-პუნქტიანი გეგმის პუნქტი #1 - დეპოლარიზაცია! პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრისას ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა "დეპოლარიზაცია" კიდევ ერთხელ გაიმეორა. როდესაც ეს ტერმინი გაჩნდა 12-პუნქტიან გეგმაში, იგულისხმებოდა დეპოლარიზაცია ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, თუმცა დღეს სახელისუფლებო შტოები - აქეთ პრეზიდენტი და იქით საპარლამენტო უმრავლესობა ისეთ დღეში არიან, რომ ოპოზიცია აშკარად თამაშგარეშე მდგომარეობაში რჩება და მხოლოდ მოვლენების კომენტირებით არის დაკავებული.
ჩვენს პოლიტიკოსებს უყვართ ხოლმე თქმა - ისტორიაში პირველად! დიახ, ისტორიაში პირველად საპარლამენტო უმრავლესობამ დაიწყო პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი. იმ პრეზიდენტის, რომელიც 2018 წელს რომ აერჩიათ, ლამის წელში გაწყდნენ. სოცქსელში კვლავ პოპულარული გახდა ბილბორდზე გამოსახული ირაკლი კობახიძე წარწერით: "ხმა მიეცით სალომე ზურაბიშვილს". თუმცა სახუმაროდ ნამდვილად არ გვაქვს საქმე - ერთია ქართული შიდაპოლიტიკური თუ შიდასახელისუფლებო დაპირისპირება და მეორეა ის, რომ ეს ყველაფერი დარტყმას აყენებს ქვეყნის იმიჯს. თავი დავანებოთ გარკვევას, ვინ მტყუანია და ვინ მართალი - "ოცნება" თუ ზურაბიშვილი. მოდი, ამ ვითარებას შევხედოთ ევროპელი პოლიტიკოსების თვალით - შენთან ჩამოდის საქართველოს პრეზიდენტი და პარალელურად მის ქვეყანაში იწყება იმპიჩმენტის პროცესი იმ მოტივით, რომ პრეზიდენტი მთავრობასთან შეუთანხმებლად წავიდა ვიზიტით და ამით კონსტიტუცია დაარღვია. და ამ დროს პრეზიდენტი აცხადებს, რომ მთავრობასთან შესათანხმებელი არაფერი ჰქონდა, რადგან ეს კერძო ვიზიტია და თითქოს თავისი კერძო საქმეებისთვის ხვდება გერმანიის პრეზიდენტსა და შარლ მიშელს. უხეშად რომ ვთქვათ, პრეზიდენტი სახლიდან გაიქცა უფროსთან შეუთანხმებლად და ახლა უფროსი აპირებს, რომ დასაჯოს... ნუ მივაღწევთ იმას, რომ ევროპაში ჩვენზე ანეკდოტები შეთხზან.
დიახ, კანონმდებლობით პრეზიდენტს არა აქვს უფლება მთავრობასთან შეუთანხმებლად განახორციელოს ესა თუ ის ვიზიტი, თუმცა ხომ შეიძლებოდა "ოცნების" წარმომადგენლებს განგაში არ აეტეხათ მაინცდამაინც მაშინ, როდესაც ზურაბიშვილი ევროპაში იყო (ვინმეს მოსწონს თუ არა, ზურაბიშვილი ატარებს პრეზიდენტის სტატუსს, ისევ და ისევ "ოცნების" გამოისობით). რამდენად სწორი ქმედებაა მაინცდამაინც იმპიჩმენტის თემის წინა პლანზე წამოწევა, თანაც იმ კონტექსტის გათვალისწინებით, რომ იმპიჩმენტი განუხორციელებელია? მოკლედ ავხსნით - ზურაბიშვილი პრეზიდენტის თანამდებობიდან "ოცნებამ" რომ გადააყენოს, 100 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. პარლამენტში 150 დეპუტატია. "ოცნებას" "ხალხის ძალიანად" და "ევროპელი სოციალისტებიანად" 84 დეპუტატის მობილიზება შეუძლია. ანუ ზურაბიშვილის იმპიჩმენტისთვის სჭირდებათ 16 ოპოზიციონერის მხარდაჭერა, რაც ფანტასტიკის სფეროა. შესაბამისად, ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით, ალბათ სჯობდა "ოცნებას" პაუზა გაეკეთებინა, პრეზიდენტი დაბრუნებულიყო საქართველოში და მერე, კი ბატონო... პოლიტიკური სკანდალებით ქართველებს ვერ გაგვაკვირვებ.
რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, იყო კი სწორი მთავრობისთვის ჯიბრში ჩადგომა? თუ არ გიშვებენ საზღვარგარეთ, გამოდი და თქვი საჯაროდ - ვიზიტები ამიკრძალეს, მაგრამ ტელეფონით დავურეკავ ევროპელ ლიდერებს და ვთხოვ, რომ საქართველოს სტატუსი მისცენ. იმის თქმა, რომ ზურაბიშვილი არ ელოდა "ოცნებისგან" ასეთ რეაქციას, პოლიტიკური გულუბრყვილობა იქნება. "ოცნება" ისე იყო "აკრეფილი" პრეზიდენტზე, რომ "პირველად ისტორიაში" იმპიჩმენტის პოლიტიკურ სცენაზე გამოგორება მხოლოდ დროის ამბავი იყო...
ამ ურთიერთჯიბრითა და ვიზიტებში "გამიშვი-გამაკავეს" ვაიუშველებელმა ქვეყნის იმიჯი დააზარალა. თუმცა ყველაზე საინტერესო ის არის, რატომ უფრთხის "ოცნება" სალომე ზურაბიშვილის საზღვარგარეთ გაშვებას. ოპოზიციას აქვს თეორია, რომ "ოცნება" პრორუსულია და ამიტომაც არ უნდა, რომ ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღოს. თქვენი მონა-მორჩილის აზრით, ეს არალოგიკურია.
ჯერ ერთი, კანდიდატის სტატუსი არ ნიშნავს ევროკავშირში გაწევრებას - შეიძლება სტატუსი მიიღო 2023 წლის ბოლოს ან 2024 წელს და ევროკავშირში გაწევრდე 2030 ან 2035 წელს.
მეორე - თუ ქვეყანამ მიიღო კანდიდატის სტატუსი, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, ჩათვალეთ, რომ "ოცნებას" გამარჯვება გარანტირებული აქვს. ამას გამოიყენებს სუპერპიარისთვის, გამართავს კონცერტებს, მოაწყობს ზეიმებს და ა.შ.
მესამე - "ოცნებაზე" ან სალომე ზურაბიშვილზე არ არის დამოკიდებული მივიღებთ თუ არა სტატუსს, ეს დამოკიდებულია ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებზე. ბრიუსელში, ბერლინსა თუ პარიზში ძალიან კარგად იციან, რომ სალომე ზურაბიშვილს არანაირი აღმასრულებელი ბერკეტები არა აქვს და სიმბოლური ფიგურაა. შესაბამისად, თუ ევროკავშირში არ არის პოლიტიკური ნება, რომ სტატუსი მოგცენ, ვერაფერსაც ვერ მიიღებ, საქართველოს ხელისუფლების ყველა შტო ბრიუსელში რომც ჩამოჯდეს. სავარაუდოდ, საქმე სხვა რამეშია... კერძოდ, ერთ-ერთი ვერსიით, სალომე ზურაბიშვილს აქვს ამბიცია, რომ მის გარშემო შეიქმნას მესამე პოლიტიკური ცენტრი. რაც უფრო მოახლოვდება ზურაბიშვილისთვის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვა, ეს თემა მით მეტად გააქტიურდება. სავარაუდოდ, "ოცნება" ეჭვიანობს, სალომე ზურაბიშვილი ვიზიტებისას ხომ არ სთავაზობს თავის თავს უცხოელ პარტნიორებს, როგორც "ოცნების" ალტერნატივას? ყოველ შემთხვევაში, "ოცნება" დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტი მათ ძირს უთხრის ევროპელ თუ ამერიკელ ლიდერებთან დახურულ კარს მიღმა. რა თქმა უნდა, ერთია, როდესაც ოპოზიციონერი გელაპარაკება და მეორე, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი გესაუბრება.
საზოგადოების დიდ ნაწილს აინტერესებს, თუ რა იქნება სალომე ზურაბიშვილის საპასუხო ნაბიჯები. მას არა აქვს აღმასრულებელი ბერკეტები და ვერც მთავრობას დაითხოვს, ვერც პარლამენტს. თუმცა პასუხის რამდენიმე ვარიანტი მაინც არსებობს. 1) მრავალმნიშვნელოვნად გაჩუმდეს და არ გასცეს პასუხი, რამაც შეიძლება მის იმიჯზე დადებითად იმოქმედოს. 2) ევროპიდან გააკეთოს ხმამაღალი განცხადებები, წაუყენოს ბრალდებები "ოცნებას" და პოლიტიკური სკანდალი უფრო მაღალ ტემპერატურაზე აიყვანოს. 3) გადადგას "ოცნებისთვის" ყველაზე მტკივნეული ნაბიჯი და... მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს.
გასაგებია, რომ ზურაბიშვილს თავის დროზე სააკაშვილის შეწყალებაზე ნათქვამი აქვს: "არა და არასოდეს!", თუმცა პოლიტიკური ბრძოლა ისეთი რამეა, შესაძლოა გუშინდელი მტერი მოკავშირედ გექცეს (იხ. "ნაცმოძრაობისა" და პოლიტიკოსთა გარკვეული ჯგუფის სიამტკბილობა, როდესაც სულ რამდენიმე წლის წინ ერთმანეთს ქვეყნის ღალატში ადანაშაულებდნენ). და პირიქითაც ხდება (იხ. სალომე ზურაბიშვილისა და "ოცნების" მაგალითი). შესაბამისად, "არა და არასოდეს" კი არა, ქართულ პოლიტიკაში არასოდეს არაფერი გამორიცხული არ არის.
შეცვლის თუ არა რაიმეს სააკაშვილის გამოსვლა ქართულ პოლიტიკურ რეალობაში, გარდა იმისა, რომ დესტაბილიზაციის საფრთხე გასამმაგდება, სხვა სტატიის თემაა. თუმცა თუ სალომე ზურაბიშვილმა სააკაშვილი შეიწყალა, შესაძლოა ეს მისი კარიერისთვის იმპიჩმენტზე უარესი იყოს. კერძოდ, ზურაბიშვილს 2018 წელს სწორედ იმ ამომრჩეველმა მისცა ხმა, რომლისთვისაც სააკაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნება (გრიგოლ ვაშაძის სახით) წითელი ხაზი იყო. შესაბამისად, თუ პრეზიდენტი მართლაც ფიქრობს ე.წ. მესამე ცენტრზე, მომავალ პოლიტიკურ კარიერაზე, სააკაშვილის შეწყალება უკანასკნელი საქმეა, რაც მან უნდა გააკეთოს.
დასასრულ, ვიტყვით იმას, რომ სახელისუფლებო შტოებს შორის დაპირისპირება მხოლოდ საგარეო იმიჯის კუთხით არ არის საზიანო - ქვეყნის შიგნითაც სახიფათოა, რადგან გარკვეული გარემოებების დამთხვევისას (და ამას ხელს შეუწყობენ საქართველოს მტრები, რომლებიც ჩრდილოეთისკენ "ბუდობენ"), შესაძლოა, მოვლენები რადიკალური სცენარით განვითარდეს. ამის კლასიკური მაგალითი გვაქვს 90-იანი წლების საქართველოს სახით - ყველას კარგად გვახსოვს, როგორ დამთავრდა შიდასახელისუფლებო განხეთქილება, როდესაც პრეზიდენტს თავისივე პრემიერი და გვარდიის სარდალი აუჯანყდნენ: სამოქალაქო ომად, დაკარგულ (დროებით) აფხაზეთად, ქაოსად და ქვეყნის მინიმუმ 50 წლით უკან დახევად...
შიდასახელისუფლებო განხეთქილება იყო "ვარდების რევოლუციაც", როდესაც პრეზიდენტს ამჯერად პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და იუსტიციის ყოფილი მინისტრი აუჯანყდნენ. დიახ, რევოლუცია მშვიდობიანად დამთავრდა, მაგრამ სულ ნახევარი ნაბიჯი დაგვაკლდა, რომ 90-იანი წლების სისხლიანი მოვლენები არ მიგვეღო.
დაპირისპირება იყო "ნაცმოძრაობის" ხელისუფლებაშიც - სააკაშვილსა და ჟვანიას შორის. ჟვანია რომ არ გარდაცვლილიყო, არავინ იცის, როგორ განვითარდებოდა მოვლენები (დღემდე არცთუ ცოტა ადამიანი - ჟვანიას ახლობლები თუ მეგობრები - ამტკიცებენ, რომ ზურაბ ჟვანია სწორედ ამ დაპირისპირებას შეეწირა). სხვათა შორის, მას შემდეგ, რაც სააკაშვილს მთავარი დამბალანსებელი ჟვანია გვერდით აღარ ჰყავდა, აიწყვიტა და სწორედ ამიტომ ზის ციხეში...
ამ ფონზე უწყინრად გამოიყურება მარგველაშვილის პრეზიდენტობის დროს ქვეყნის იმიჯის დამაზიანებელი კინკლაობები. მაგალითად, გაეროში ორ-ორი დელეგაციით სიარული (ერთი საპრეზიდენტო, მეორე საპრემიერო და თან ამ დელეგაციის წევრები ერთმანეთს არ ელაპარაკებოდნენ).
ასე რომ, ისტორიაც უნდა გვახსოვდეს, წინაც უნდა ვიყუროთ და თითოეული ნაბიჯიც გავთვალოთ, განსაკუთრებით იმ ადამიანებმა, რომელთაც ქვეყნის ბედი აბარიათ. ასევე, ყველამ (სახელისუფლებო შტოებმა თუ პოზიცია-ოპოზიციამ) კარგად უნდა გაიგოს, რომ პოლიტიკური სკანდალებით ქართველი საზოგადოება უკვე ძალიან დაიღალა.
გიორგი კვიტაშვილი