„რუსეთში დარჩენილ ვაგნერელებს გადარჩენის შანსი არა აქვთ“ - კვირის პალიტრა

„რუსეთში დარჩენილ ვაგნერელებს გადარჩენის შანსი არა აქვთ“

არც ისე დიდი ხნის წინ გმირებად და დაუმარცხებელ მებრძოლებად აღიარებული­ ვაგნერელები რუსეთში უკვე ქვეყნის მოღალატე გასამხედროებულ ორგანიზაციად არის აღიარებული. როგორც ვაგნერელები­ ამბობენ, ზეწოლა დაიწყო. გაუმართლათ მათ, ვინც პრიგოჟინის დაღუპვამდე გაასწრო. ნიკოლოზ ტროშკინი, რომელმაც ქვეყანა დატოვა, "კვირის პალიტრას" უამბობს, თუ როგორ გადაიბირა რამდენიმე თვის წინ ევგენი პრიგოჟინის გარემოცვამ ერთ-ერთი სასჯელაღსრულებითი დაწესებულებიდან და უკრაინის ომში გაუშვა, ნასამართლობის მოხსნის, კარგი ანაზღაურებისა და ბონუსების პირობით.

- ადმინისტრაციის თანამშრომლებმა გვითხრეს, რომ ჩვენთან ხელისუფლების წარმომადგენლებს უნდოდათ შეხვედრა. გაგებული მქონდა, რომ მკაცრი რეჟიმის კოლონიებიდან პატიმრები ომში მიჰყავდათ, მაგრამ სახელისუფლებო მედია დოზირებულ ინფორმაციას გვაწვდიდა და სიმართლეს არ გვეუბნებოდა. ამბობდნენ, ყველაფერი კონტროლს ექვემდებარება, ყოფილ პატიმრებს მხოლოდ ზურგსა და მომარაგებაში უშვებენ, რადგან "გათავისუფლებულ ტერიტორიებზე" დამხმარე ძალა გვჭირდებაო.

როგორც ათასობით სხვამ, მეც დავიჯერე და პრიგოჟინის ხალხს, რომლებიც ციხის კარებს ლამის წიხლით აღებდნენ, არც ადმინისტრატორებს აქცევდნენ ყურად­ღებას და აღარც დაცვას, დავთანხმდი. მათ ყოველთვის ხარისხიანი ამუნიცია ჰქონდათ, კარგი თბილი ტანსაცმელი ეცვათ, დაცვას ირონიულად ელაპარაკებოდნენ, შესაძლოა ამ ბიჭებში გმირები ერიოს და მათი აქ დაყოვნებისთვის ბოდიშის მოხდამ მოგიწიოთო... ხელი არაფერზე მოგვიწერია, მხოლოდ გვარ-სახელი და ჩემი პირადი მონაცემები ჩაიწერეს, ყველაფერზე ჩვენ ვართ პასუხისმგებელიო. ისე იქცეოდნენ, ვიფიქრე, სინამდვილეში პრიგოჟინი ხომ არ გახდა ჩვენი პრეზიდენტი-მეთქი. ტანსაცმელი­ მომცეს, ეს დროებით, ადგილზე რომ მივა­ლთ, სამხედრო ფორმებს­ დაგირიგებთო. ბრეზენტგადახურულ სატვირთო მანქანის ძარაზე ასვლა გვიბრძანეს. ძალიან ყინავდა.­ მანქანაში ასაკოვანი­ კაცებიც ისხდნენ, ზოგი ჯანმრთელობაშერყეული იყო, ზოგს სათვალე ეკეთა. ფერდაკარგულებს რეზინის ჩექმები და იმ ყინვაში თხელი ქურთუკები ეცვათ. ზოგს კბილებიც კი არ ჰქონდა. ვცდილობდი თავი დამემშვიდებინა და არ მეფიქრა, რომ "ვაგნერში", რომელზეც ლამის ლეგენდები დადიოდა, მოხუც, დავრდომილ, დაავადებულ კაცებსაც იღებდნენ.

ზერელე სამედიცინო შემოწმება გავიარეთ. მხოლოდ ერთი კითხვა დამისვეს, ტუბერკულოზი თუ გაქვთო. არა-მეთქი. მაშინ თავისუფალი ხარო. არადა, დარწმუნებული ვარ, იმ ხალხმაც ისე უპასუხა, როგორც მე, ოღონდ მათ ნამდვილად ჰქონდათ, რადგან მთელი ღამე მესმოდა, როგორ­ ახველებდნენ. სახეზეც კი ეტყობოდათ, რომ ზოგს ღვიძლი აწუხებდა, ზოგს ფილტვები, გული, სისხლძარღვები, შაქრიანი დიაბეტი, შიდსი, ვენერიული დაავადებები, ჩ-ჰეპატიტი, თუმცა არავის შეუმოწმებია. მკაცრი რეჟიმის მიუხედავად, კოლონიაში არაყი­ და ნარკოტიკი მაინც შემოდიოდა და თვეში ერთი მიცვალებული გაჰყავდათ.

vagner2-1693738846.jpg

სამხედრო ექიმს ლამის სახეზე ეწერა, რომ მაინც მალე დაგვხოცავდნენ და ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობას დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა. არადა, ციხეში ისე შელამაზებულად გვიყვებოდნენ ყველაფერს - გმირობა, ერთგულება, ბონუსები, კარგი ანაზღაურება, შესაძლოა ტყვიის გასროლაც არ დაგჭირდეთ, თუმცა იარაღი უნდა გქონდეთ და სროლაც უნდა ისწავლოთო.

იქ მიყვანილი პატიმრებისთვის ისიც კი არ უკითხავთ, რომელი მუხლით იხდიდნენ­ სასჯელს, არადა, მკაცრი რეჟიმის კოლონიიდან გამოგვიყვანეს. მე ნარკოტიკების­ ჯგუფური რეალიზაციისთვის მეორადი­ სასჯელი მქონდა, იყვნენ პედოფილები,­ მკვლელობისთვის, გაუპატიურებისთვის, სასტიკი დანაშაულებისთვის გასამართლებულები. იარაღი დაურიგეს და გაუშვეს...

მალე გავიგე, რომ შემტევ პოზიციებზე­ გვიშვებდნენ. ციხეში მეორედ ვიჯექი, პირველად 6 წელი მოვიხადე, მაგრამ იარაღი ხელში არასდროს მჭერია. ბრიგადებში გაგვანაწილეს და გამოგვიცხადეს, რომ ბრძანების შესრულებას შევდგომოდით.

- სად იყავით?

- გვითხრეს, როსტოვის სამხედრო-საწვრთნელ ბაზაში მიგიყვანთ, სწავლება უნდა გაიაროთო, მაგრამ სამხედრო თვითმფრინავით ლუგანსკის ოლქში გადაგვიყვანეს. ბაზაში პირველ დღეს ფურცლები დაგვირიგეს, სადაც უნდა ჩაგვეწერა, დაღუპვის შემთხვევაში, რა მისამართზე და ვისთვის უნდა შეეტყობინებინათ ამბავი. ჩემთან ერთად ორი ქართველი იყო. ერთი საქართველოში დაბადებული და რუსეთში გაზრდი­ლი, ქართულად ვერ ვლაპარაკობო, ამბობდა. რუსეთის არმიის საჰაერო ნაწილში ჰქონდა კონტრაქტით ნამსახურები. "კოვიდის" მერე ყველაფერი ამერია და საქმე, რასაც სამხედროს შემდეგ ვაკეთებდი, ჩამივარდაო. ომი რომ დაიწყო, თურმე "ვაგნერმა" გადაიბირა. ის მალევე მოკვდა. ერთი ვერსიით,­ ჩასაფრებაში მოყვა. თუმცა ისიც ითქვა, რომ კადიროველებთან ჰქონდათ გაუგებრობა, ერთხელაც დრო იხელთეს და ზურგიდან გაუხსნეს ცეცხლი... მეორე იარაღის ვაჭრობისთვის იყო გასამართლებული. რომ გამოვიქეცი, ცოცხალი იყო, შემდეგ რა ბედი ეწია, არ ვიცი.

- ლუგანსკში რას აკეთებდით?

- ძველ საბავშვო ბანაკის შენობაში სამხედრო მანქანების საბურავებს ვამოწმე­ბდით, მერე საბრძოლო მასალას სამხედრო მანქანებში ვტვირთავდით... იქ კიდევ ორი კითხვა დამისვეს, უკრაინაში­ თუ გყავს ნათესავები და ჩემი სიკვდილის ან მძიმედ დაჭრის შემთხვევაში ფულს ვინ მიიღებდა.

- რა თანხაზე იყო საუბარი?

- თვეში 240 ათას რუბლზე, თუმცა­ ბონუსებით 170-დან 700 ათას რუბლამდე­ ავიდოდა. ასე გვითხრეს კოლონიაში, შემდეგ ამაზე არც ყოფილა ლაპარაკი. ლუგანსკში მხოლოდ იმას გვეუბნებოდნენ, რომელ პოზიციაზე გაგვანაწილებდნენ. წარწერები და აბრები რომ წავიკითხე, ვიფიქრე, ლუგანსკის ოლქში რა პოზიციების დაცვა სჭირდებათ, 2014 წლიდან რუსეთი აკონტროლებს-მეთქი, მაგრამ აგვიხსნეს, აქ დროებით ხართ, მომზადების შემდეგ სხვაგან გაგიშვებთო. აშკარა იყო, შემტევი ბრიგადისთვის გვამზადებდნენ. სამხედრო ბანაკში არც წესრიგი იყო და არც წვრთნები. გაუგებარი ჯგუფები შემოდიოდნენ და გადიოდნენ. თუ ვინმე თავდაცვის წარმომადგენელი დახვდებოდათ, აგდებულად ესაუბრებოდნენ. არ ვიცი, სტაჟიანი ვაგნერელების მენიუ როგორი იყო, სადილად ჩვენთან არასდროს სხდებოდნენ, ჩვენი­ კი საშინელება იყო - კოლონიის შემდეგ თუ რამე გამაკვირვებდა, არ მეგონა.

70-იან წლებში გამოშვებული ავტომატი­ და ხიშტ-დანა მომცეს, სხვა არაფერი. ფოტოები გადამიღეს და გამაფრთხილეს, ორ კვირაში ადგილს შევიცვლით და სადმე დარეკვისგან თავი შეიკავეთო. რამდენიმე დღე სროლაში გვავარჯიშეს და შემდეგ "ურალებით" ტყისკენ წაგვიყვანეს, სტრატ­ეგიული ადგილიაო. გაგვაფრთხილეს, ღამე სანგარში მოწევა არ გაბედოთ, ფარანი არ აანთოთ, თორემ უკრაინელების სამიზნე ხართო.

ერთხელაც ღამით უკრაინელებმა დრონებითა და არტილერიით დაგვბომბეს, ჩვენ კი მხოლოდ ავტომატები გვქონდა, ოღონდ ტყვიები გამოლეული იყო. როდესაც ჩვენი მეთაურობა რაციით ბაზას დაუკავშირდა­ და იკითხა, საბრძოლო მასალას როდის მომაწვდით, მოწინააღმდეგე გვიტევსო, უპასუხეს, როგორც კი მოგვიხერხდებაო. სანგარში თავჩარგული ვიფიცებოდი, რომ თუ შეტევას გადავურჩებოდი, აუცილებლად გავიქცეოდი... უკრაინელებმა დრონებით ჩვენი "ურალები" და სხვა მანქანები დაადუღეს. მე და რამდენიმე ბიჭმა იარაღი დავყარეთ და გავიქეცით. ისინი სოფელში შევიდნენ, მე ამუნიცია და ჟეტონი გადავყარე და დაღამებას დაველოდე, გადარჩენაზე უნდა მეფიქრა. ერთმა ტაქსისტმა წაყვანაზე უარი მითხრა, მაგრამ მითხრა, ვიცი, ვისაც შენნაირი ხალხი დონეცკამდე მიჰყავს, ოღონდ დიდ ფულს ითხოვსო.

არ ვიცოდი, სად უნდა წავსულიყავი. ამიტომ სახლში წავედი. 4 წელზე მეტხანს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში ვიჯექი და სამეგობრო და საახლობლო შემომეცალა. მხოლოდ ოჯახის წევრები დამრჩა და ვიფიქრე, მათთან ერთად გადავწყვეტ, როგორ მოვიქცე-მეთქი. რომ დამინახეს, გაგიჟდნენ. არ იცი, ქვეყანაში რა ხდება, ყველა გარბის, შენ აქ რამ მოგიყვანა, ჩვენც პრობლემები შეგვექმნებაო. ეს ყველაფერი ციხის დატოვებიდან სამი-ოთხი კვირის შემდეგ ხდებოდა, მერე პრიგოჟინის ამბოხი დაიწყო და ყველაფერი შეტრიალდა. ოჯახის წევრებმა მითხრეს, "ვაგნერის" რიგებში წასვლა რამ გაფიქრებინა, ყველაზე საშინელ ადგილებში უშვებენ, ცოცხალი ძალიან ცოტა ბრუნდება, ახლა კაცებისთვის ციხეში ყოფნა უფრო უსაფრთხოაო. კოლონიაში სიმართლეს ვინ გვეტყოდა, ტრაბახობდნენ, პოლონეთსაც თითქმის ჩვენები აკონტროლებენ, ევროპა შავ დღეშია, ამერიკაში ბუნტი­ დაიწყოო... ამიტომ იყო 200 კაცზე მეტი უკრაინაში წასვლას რომ დავთანხმდით. თურმე ოჯახს ჩემი წერილი არც მიუღია, ჩვენ კი დარეკვის უფლება არ გვქონდა. მითხრეს, ომში წასვლა რამ გაფიქრებინა, საშინელი სიტუაციაა, ბიჭები შვებულებაში რომ ჩამოდიან, უკან წასვლას სიკვდილი ურჩევნიათ, რამდენიმემ თავი დაისახიჩრა, მაღალი სართულებიდან ხტებოდნენ, რომ კიდურები მოეტეხათო. რამდენიმეს გამოუვიდა, მაგრამ შემდეგ ეფ-ეს-ბემ და სამხედრო კომისარიატმა გაუგეს და "სამშობლოს დაცვისთვის თავის არიდების მიზნით განზრახ მიყენებული თვითდაზიანების გამო" გაასამართლესო. ისიც გავიგე, რომ რამდენიმე სააბაზანოში ჩამომხრჩვალი იპოვესო. ამასობაში, ბიჭებისგან გავიგე, რომ ჩემზე, როგორც დეზერტირზე, ძებნა გამოცხადდა, ოღონდ არ ვიცი, "ვაგნერის" მეთაურობამ სამხედრო კომისარიატს გადასცა ჩემი საქმე თუ თავად მეძებდნენ. როდესაც პრიგოჟინის ამბოხის შესახებ შევიტყვე, გამიხარდა, ვიცოდი, რომ მოსკოვამდე არავინ მოუშვებდა, სადმე გაანეიტრალებდნენ და იმედი მომეცა, რომ მეც გავთავისუფლდებოდი. ვიცოდი, ადვილად არ მომეშვებოდნენ და ისევ კოლონიაში დაბრუნება გადავწყვიტე, რამდენიმე წელი მქონდა დარჩენილი და ვიფიქრე, ადვოკატის დახმარებით შეწყალებას ვითხოვ-მეთქი. ადვოკატმა მითხრა, ვინც "ვაგნერმა" გადაიბირა, მათ სასჯელი უკვე მოუხსნეს, ახლა კი რომელიმე განყოფილებაში რომ გამოცხადდე როგორც ვაგნერელი, ამბოხის გამო შესაძლოა ღალატის მუხლი მოგიყენონო, თან მკაცრად გამაფრთხილა, აღარ დამირეკო, ვაგნერელი ხარ, თქვენზე ნადირობაა გამოცხადებული, ორივეს ტელეფონი ისმინება და პრობლემები არ მჭირდებაო. "ვაგნერი" ისედაც დაშლის პირას იყო და პრობლემებს ვერ შემიქმნიდა, მაგრამ მივხვდი, ეფ-ეს-ბე მალე მომაკითხავდა და იქაურობა დავტოვე. რაც დრო გადის, რუსეთს მეტი სამხედრო, ყოფილი ვაგნერელი თუ სხვა გასამხედროებული კომერციული ორგანიზაციის წევრი ტოვებს. გამოქცეულთა ნაკადი არ წყდება. იქ დარჩენილ ვაგნერელებს გადარჩენის შანსი არა აქვთ.