„ჩანდრაიან 3“-ის მისია - კვირის პალიტრა

„ჩანდრაიან 3“-ის მისია

მთვარე! მის დასაპყრობად მსოფლიო კონკურენციაა გაჩაღებული. თუმცა თავად მთვარემდე ჯერ მხოლოდ ხუთმა ქვეყანამ მიაღწია: რუსეთმა,­ აშშ-მა, ჩინეთმა, ისრა­ელმა და ახლახან ინდოეთმაც, რომელმაც ეს ამბიციურობა სენსაციური აღმოჩენით გაამყარა: ინდოელებმა­ სპექტრული გამოსხივებით მთვარეზე პირველებმა აღმოაჩინეს წყალი. კერძოდ, მის ნაკლებად შესწავლილ სამხრეთ პოლუსზე, სადაც პირველად დაეშვა ინდური "მთვარის ხომალდი", იგივე "ჩანდრაიან 3", რომელიც იქ მთავრის გრუნტის ანალიზს ატარებს. ეკონომიკური აღმავლობის გზაზე დამდგარმა ინდოეთმა მთვარეზე ამ ნაბიჯით სერიოზული განაცხადი გააკეთა კოსმოსის ისტორიაში. სავარაუდოდ, სწორედ ინდოეთს ექნება მთვარის წყლის ექსპლუატაციაში პირველობის ამბიციაც. მით უფრო, რომ არსებული ინფორმაციით, მთვარის წყალი ბევრად ხარისხიანია დედამიწის წყალთან შედარებით. ეს არ ნიშნავს, რომ მთვარის წყლის ათვისებაზე პრეტენზია სხვებსაც არა აქვთ: 2020 წელს რვა ქვეყანამ (აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა, იტალიამ, კანადამ, ავსტრალიამ, იაპონიამ, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა და ლუქსემბურგმა) ხელი მოაწერა ხელშეკრულებას მთვარის განმარხი რესურსების მოპოვების რეგლამენტის შესახებ, რითაც მათ მთვარის მატერიალური რესურსების მოპოვების უფლება მიენიჭათ. ამ ყველაფრის შესახებ ილიას უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს, ასტრონომ გიორგი ჯავახიშვილს­ ვესაუბრეთ:

- ადამიანი ორგანული ნაწილია იმ უსასრულო სამყაროსი, რომელსაც კოსმოსი ჰქვია და რომელიც მართლაც მოქმედებს მის ყოფაზე. მთავრისაკენ ასეთი გამალებული სწრაფვა მარტივი ასახსნელია: მთვარე ჩვენთვის ყველაზე ახლოს მყოფი კოსმოსური ობიექტია, იქამდე მიღწევას მხოლოდ 2 დღე სჭირდება 11 კმ/წმ-ში სიჩქარით, როდესაც ამავე ტექნოლოგიით თუნდაც მარსამდე მისასვლელად 6 თვეა საჭირო. ამასთან, მთვარის ათვისებაში გადამწყვეტ როლს თამაშობს დედამიწის პოლიტიკა: ზესახელმწიფოებს მიაჩნიათ, რომ მათი ზესახელმწიფოებრიობის სტატუსი დედამიწაზე და კოსმოსშიც ერთნაირი უნდა იყოს. აშშ, ჩინეთი, რუსეთი და ინდოეთი კოსმოსის ათვისების გიგანტურ რბოლაში არიან ჩართული. მათ ბოლო დროს დაემატა ისრაელიც - 2019 წელს ამ პატარა სახელმწიფომაც გაუშვა მთვარეზე ხომალდი. მიუხედავად იმისა, რომ ხომალდი მთვარის ზედაპირზე დაშვებამდე რამდენიმე წამით ადრე გამოვიდა მწყობრიდან, ეს მაინც პატარა სახელმწიფოს დიდი განაცხადი იყო კოსმოსის ათვისებაში. ამ კონკურენციაში საინტერესოა რუსეთი და მისი ხომალდის ბედიც, რომელიც­ სულ ახლახან, 11 აგვისტოს გაგზავნეს მთვარეზე, რითაც, სავარაუდოდ, ინდოეთს დაასწრეს. თუმცა 20 აგვისტოს რუსმა ასტ­რონომებმა განაცხადეს, რომ მათი აპარატი არაპროგნოზირებად ორბიტაზე გავიდა, მთვარეს შეეჯახა და განადგურდა. ალბათ, ყველას დაებადება კითხვა, თუ რა უნდოდა უმძიმეს ომში ჩართულ რუსეთს მთვარეზე, რომელმაც იქ ბოლო 50 წლის განმავლობაში პირველი ხომალდი გაუშვა? პასუხი მარტივია: მთვარის ათვისებაში მას სხვებმა გაუსწრეს და ეს არ უნდა დაეშვა... ამერიკაშიც აქტიურად მუშაობენ მთვარის ათვისების იდეაზე. 2019 წელს ტრამპმა ხელი შეუწყო თავდაცვის დეპარტამენტში "კოსმოსური ძალების" განშტოების ჩამოყალიბებას. ევროკავშირის ხომალდ "გაიას" უკვე გამაოგნე­ბელი შედეგები­ აქვს, ამ ხომალდმა­ 1 700 000 ობიექტის შესახებ გამო­გზავნა ინფორმაცია­ დედამიწაზე,­ იაპონიამ კი სასწაული ჩაიდინა, როდესაც 2019 წელს დედამიწიდან 280 მილიონი კილომეტრით დაშორებულ ასტეროიდზე დასვა აპარატი და კოსმოსური სინჯები აიღო. კრატერში დაშვებულმა­ აპარატმა სპეციალური ტყვია ისროლა ასტეროიდში, რათა მტვრისა და გრუნტის ფრაგმენტები მაღლა ასულიყო და ამ მასისაგან ინფორმაცია ჩაეწერა.

მეცნიერებიც ნელ-ნელა ცდილობენ მთვარეზე ბიოლოგიური გარემოს შექმნას. მაგალითად, ჩინელებმა ხომალდი გაუშვეს და დასვეს კოსმოსურ სადგურში (დაახლოებით 384 ათას კილომეტრზე მდებარეობს) გამოყვანილი მცენარეებით, რომელთაც მთვარეზე ერთხანს იცოცხლეს. თანდათან მიმდინარეობს მთვარეზე ბიოლოგიური გარემოს შექმნის ცდები.

misia2-1693740206.jpg

- ჩინეთმა­ კოსმოსურ სადგურზე ლოტოსის ყვავილი გაზარდა,­ რომლის გამძლეობა კოსმოსშიც შეამოწმა და დედამიწაზეც: ჩინელი ფერმერები სწორედ კოსმოსში გამოყვანილ ლოტოსის ბაღებს აშენებენ.

- ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩინეთის ამბიციებს. როგორც ამბობენ, კოსმოსური ელექტროსადგურის აშენებასაც აპირებენ (დედამიწიდან 36.000 კმ-ზე), საიდანაც მზის ენერგიის ტრანსფორმაცია იქნება შესაძლებელი­. რაც შეეხება მთვარეზე ჟანგბადის მოპოვებასა და სუნთქვას, მეცნიერული თეორიით, მთვარეზე­ ეს გრუნტიდან არის შესაძლებელი. დღეისთვის უკვე დასტურდება, რომ ჟანგბადი გრუნტის ზედაპირიდან დაახლოებით მეტრის სიღრმეში მოიპოვება. ჟანგბადია წყალში, რომელიც ინდოელებმა მთვარის სამხრეთ პოლუსზე აღმოაჩინეს. ინდოეთი სწორედ ამ წყლის რესურსების მოპოვებაში უპირატესობის დამკვიდრებას შეეცდება, როგორც მთვარეზე წყლის პირველაღმომჩენი, მით უფრო, რომ არსებული კვლევებით მთვარის წყალი გაცილებით ხარისხიანია დედამიწის წყალზე. ამას მეცნიერები მასში შემავალი იზოტოპების რაოდენობით ამტკიცებენ. 2028 წლისთვის ამერიკაც გეგმავს მთვარეზე მუდმივი კოსმოსური ბაზის შექმნას მთვარის პოლარულ კრატერებში არსებული ყინულის გამოსაყენებლად.

- როდესაც შეიძლება დედამიწის ოკეანეების წყალი ადვილად გადაამუშაო, რატომ უნდა მიდიოდეს მისთვის ადამიანი მთვარეზე?

- წყლის გარდა, მთვარეზე ყველა ის ქიმიური ელემენტია, რაც დედამიწაზე, იქაც სრული მენდელეევის ცხრილია. ამას Aადასტურებს მთვარიდან ჩამოტანილი შენაერთები. აშშ-ს 700 კილოგრამამდე ასეთი შენაერთი აქვს. რუსებს კი, როგორც მახსოვს, 100 კილოგრამამდე. მთვარის შენაერთები გაცილებით დაბალი კონცენტრაციისაა, ვიდრე დედამიწის, მაგრამ ყველა მათგანი ადასტურებს, რომ მთვარის გრუნტის შემადგენლობაც ზუსტად ისეთივეა, როგორიც დედამიწის. მთვარეზე დიდი რაოდენობით მოიპოვება "ჰელიუმ 3", რომელიც ძალზე ცოტაა დედამიწაზე და ძალზე საჭიროა. "ჰელიუმ 3" უდიდესი ენერგიის მატარებელი ნივთიერებაა, რომელიც გამოიყენება ასევე ახალი ენერგიების მისაღებად. გარდა ამისა, მედიცინაშიც. ამიტომ არის ასე აქტუალური მთვარიდან მისი ტრასპორტირების იდეა. ერთ-ერთი ვერსიით, "ჰელიუმ 3"-ის ენერგია პირდაპირ მთვარეზე უნდა მიიღონ და დედამიწაზე გამოსხივების საშუალებით გამოგზავნონ. Aარსებობს თეორიები მთვარის დაბალი გრავიტაციის გამოყენების შესახებ. მარტივ მაგალითს მოვიყვან: დედამიწაზე მეტალურგიული ნაერთების მაღალ ტემპერატურაზე დნობისას მათი მძიმე მინარევები უფრო დაბლა ილექება, ვიდრე მსუბუქი ელემენტები. მთვარის დაბალი გრავიტაციის ანუ ნაკლები მიზიდულობის პირობებში კი ეს არ მოხდება. შესაბამისად, მეტალურგიასაც აქვს მთვარეზე პერსპექტივები. მოვიყვან დაბალი გრავიტაციის ერთ საინტერესო პერსპექტივასაც. საუბარია ექსპერიმენტზე, რომელიც უწონადობაში იმ შშმ პირებს ჩაუტარეს, რომლებიც ვერ მოძრაობენ. აღმოჩნდა, რომ ზოგიერთმა ამ პირობებში მოძრაობა შეძლო, რაც შეუძლებლის შესაძლებლობის პერსპექტივაა.