"წავიკითხოთ ეტიკეტი! ჩვენთან რა საკვებდანამატებიც არის დაშვებული, ევროკავშირში აკრძალულია“
შაუბრები პროდუქტების შესახებ, რომლებიც საქართველოს ბაზარზეა ხელმისაწვდომი და ყოველდღიურად მოვიხმართ, საინტერესოა მომხმარებლისთვის. ამჯერადაც ამ თემით დაინტერესებულებმა ჯერ პრობლემებზე ვისაუბრეთ სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ხელმძღვანელ ვახტანგ კობალაძესთან, შემდეგ კი იმაზე, თუ რა უნდა გავითვალისწინოთ:
- ჩვენთან საკვებდანამატების კონტროლი, ფაქტობრივად, არ კეთდება - შეიცავს თუ არა ესა თუ ის პროდუქტი რომელიმე საკვებ დანამატს, სურსათის ეროვნული სააგენტო ვერ ამოწმებს. როგორც ვიცი, ერთადერთ საკვებდანამატს, ტექნიკური საღებავ "სუდანის" შემცველობას ამოწმებენ პერიოდულად. სხვადასხვა დროს "სუდანს" შეიცავდა სხვადასხვა ტიპის საწებლები და სუნელები, რომლებიც გამოვლენისთანავე ამოიღეს ბაზრიდან. საინტერესოა, რომ ჩვენთან რა საკვებდანამატებიც არის დაშვებული, ზოგიერთი ევროკავშირში აკრძალულია. ზედმეტად დაშაქრული ტკბილეული ან მეტისმეტად მარილიანი სასუსნავები არ არის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო. უნდა ვეცადოთ რაც შეიძლება ცოტა შაქარი, მარილი და ცხიმები მოვიხმაროთ. განსაკუთრებით ბავშვს რაც უფრო იშვიათად მივცემთ ასეთ პროდუქტს, მით უკეთესი.
დავხედოთ ეტიკეტს, მივაქციოთ ყურადღება, რას შეიცავს ესა თუ ის პროდუქტი. რაც უფრო ნაკლები იქნება სხვადასხვა დანამატი, მით ჯანსაღია პროდუქტი.
- მაგალითად, ბავშვის ვაშლის ხილფაფას 2-3 წელი აქვს შენახვის ვადა. გათლილი ვაშლი 5 წუთში იჟანგება და მისი ხილფაფა 2 წელი რომ ძლებდეს, ეს ჯანმრთელობაზე როგორ ახდენს გავლენას?
- ტექნოლოგიები განვითარდა და თუკი პროდუქტი ჰიგიენურად იქნება დამზადებული და ჰერმეტულად შეფუთული, ის დიდხანს ძლებს. არ არის აუცილებელი, დიდი რაოდენობით კონსერვანტს შეიცავდეს. ეტიკეტზე პროდუქტის შემადგენლობის შესახებ ინფორმაციაა დატანილი და მისი ნახვა შესაძლებელია. ზოგადად, როდესაც პროდუქტს დიდი მოხმარების ვადა აქვს, სავარაუდოდ, კონსერვანტებს შეიცავს. კარგი იქნება, თუ დააკვირდებით სურსათის ეროვნული სააგენტოს შემოწმების შედეგებს, რასაც ყოველკვარტალურად აქვეყნებენ საიტზე.
- ზოგი მშობელი ცდილობს არ მიაჩვიოს ბავშვი კანფეტებს, იოგურტებს, რადგან მათი მკვეთრი ფერი ნდობას არ იწვევს.
- ძირითადად, კვების მრეწველობაში გამოიყენება ის, რაც დაშვებულია. რაც უფრო მკვეთრი ფერი აქვს პროდუქტს, მით მეტი საღებავია გამოყენებული.
- როგორც ამბობენ, შოკოლადი შესაძლოა სულ არ შეიცავდეს საჭირო ინგრედიენტებს. მართლა ასეა?
- რას უნდა ერქვას შოკოლადი, ჩვენთან არ იყო რეგლამენტირებული, ახლა კი გვაქვს ნორმატიული აქტი შოკოლადის შესახებ, რომელიც ძალაში შევიდა ივლისში და მასში განსაზღვრულია, თუ რა პროდუქტს შეიძლება ერქვას შოკოლადი. აქამდე ნებისმიერი პროდუქტისთვის შეიძლებოდა დაერქმიათ შოკოლადი. ახლა ნორმატიული აქტის წყალობით სიტუაცია შეიცვლება.
- ხორცპროდუქტების საქმე როგორ არის?
- ხორცპროდუქტებზე არ არის მსგავსი კანონი მიღებული. ბიზნესოპერატორზეა დამოკიდებული, რას დაარქმევს ძეხვს ან სოსისს. ისევ და ისევ ეტიკეტით შეგვიძლია განვსაზღვროთ, ესა თუ ის პროდუქტი რამდენად შეიცავს ხორცს და ამის მიხედვით გავაკეთოთ არჩევანი.
- რამდენ პროცენტ ხორცს უნდა შეიცავდეს პროდუქტი, რომ ძეხვი ერქვას?
- ესეც არ არის ჩვენი კანონით განსაზღვრული და შეიძლება ამ დასახელების პროდუქტი არც შეიცავდეს ხორცს. ერთხანს რძის ნაწარმის ნატურალურობაც პრობლემური იყო. ერქვა რძის ნაწარმი პროდუქტს, რომელიც არ შეიცავდა რძეს. ახლა კანონი არეგულირებს ამ საკითხს. ხალხმა უნდა მოსთხოვოს ბიზნესოპერატორებსაც და ხელისუფლებასაც, რომ მომხმარებლის უფლებები უფრო მეტად იყოს დაცული. მანამდე წავიკითხოთ ეტიკეტი და თვალი ვადევნოთ სურსათის ეროვნული სააგენტოს კონტროლის შედეგებს.