„ექიმო, „პოტენციალი“ დამიქვეითდა...“ - რას გვირჩევს უროლოგი - კვირის პალიტრა

„ექიმო, „პოტენციალი“ დამიქვეითდა...“ - რას გვირჩევს უროლოგი

"თითოეულ ადამიანში დაბადებისთანავე უფლისგან ჩადებულია კოდი, მე ვიტყოდი, გეზი თუ გზა, რომლითაც ის შეძლებს საკუთარი ნიჭისა და უნარის მაქსიმალურ რეალიზაციას", - ამბობს პროფესორი არჩილ ჩხოტუა, საქართველოს უროლოგთა ასოციაციის თავმჯდომარე, ლ. მანაგაძის სახ. უროლოგიის ეროვნული ცენტრის დირექტორი სამეცნიერო დარგში, რომელსაც მიაჩნია, რომ ეს უმნიშვნელოვანესი კოდი ამოცნობილი აქვს, ვინაიდან აკეთებს იმ საქმეს, რაც უყვარს.

eqimi-1693744059.jpg

- ექიმების ოჯახში გავიზარდე. მამაჩემი, ბებია, ბაბუა, ბიძა და დეიდა ექიმები­ იყვნენ და ეს სპეციალობა ჩემთვის ძალიან ახლობელი იყო. ამის გამო სხვა პროფესიაზე არათუ სერიოზულად, გატაცებითაც კი არასდროს მიფიქრია. თუმცა, ჩემი აზრით, თითოეულ ადამიანში დაბადებისთანავე უფლისგან ჩადებულია კოდი, გეზი თუ გზა და მთელი სირთულე ამ კოდის ამოცნობაშია. ის, ვინც ახერხებს მის დროულ ამოცნობას, თავისი შესაძლებლობების მაქსიმალურ რეალიზაციას და ცხოვრებით ტკბობას აღწევს. ბედნიერებაც ესაა. ის, ვინც ვერ ახერხებს, არარეალიზებული, ცხოვრებით უკმაყოფილოა. მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი კოდი ამოცნობილი მაქვს!

- რატომ მაინცდამაინც უროლოგია?

- მე პედიატრიული ფაკულტეტი დავამთავრე და ბავშვთა ქირურგის სპეციალობით დავიწყე მუშაობა მცხეთის პოლიკლინიკაში. იმხანად დამაინტერესა ზოგიერთმა­ უროლოგიურმა დაავადებამ, რომელიც ბავშვთა ასაკში ხშირია, ერთ-ერთი იყო ბავშვთა ენურეზი. დავამუშავე ეს თემა და მამაჩემის დახმარებით წარვდექი მოხსენებით უროლოგიისა და ნეფროლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, რომელსაც გამოჩენილი ექიმი და მეცნიერი ლაურ მანაგაძე ხელმძღვანელობდა. მას მოეწონა ჩემი გამოსვლა და თავის ინსტიტუტში გადასვლა შემომთავაზა... ეს იყო უაღრესად საინტერესო წლები ჩემს კარიერაში. იმ პერიოდს მე ქართული უროლოგიის აღორძინების ხანას ვუწოდებ, როცა პროფესორმა მანაგაძემ დაიწყო ქართული უროლოგიის სკოლის საძირკვლის ჩაყრა. ქვეყნისთვის უმძიმეს 90-იან წლებში მან შეკრიბა ნიჭიერი ახალგაზრდების­ ჯგუფი­ და მალე ჩვენი სკოლის სახელი გასცდა ქვეყნის ფარგლებს...

- ყველაზე ხშირად რა ჩივილებით მოგმართავენ?

- ხშირი შარდვა და შარდვის დროს წვა - ეს ორი ჩივილი აქვს თითქმის ყველა­ პაციენტს. შემდეგ მოდის: ტკივილი, მღვრიე ან სისხლიანი შარდი, ღამით შარდვა და ა.შ. ხშირად პაციენტებს უჭირთ ჩივილების გადმოცემა და გვიხდება ანამნეზის დაკითხვის სტილში, პროკურორისა და გამომძიებლის მსგავსად შეკრება, რათა გავერკვე რა პრობლემასთან გვაქვს საქმე.

- ყველაზე მეტად რა გაღიზიანებთ, პაციენტთან ურთიერთობისას?

- უპასუხისმგებლობა საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ. როცა ადამიანი ვერ ან არ იზიარებს პასუხისმგებლობას საკუთარ სიცოცხლეზე, მას ყველაზე მცოდნე ექიმიც ვერ დაეხმარება! როცა პაციენტი მწეველია და ექიმის რჩევაზე დაანებოს­ თამბაქოს თავი პასუხობს, რა ვქნა, ვერ ვანებებო; ან აქვს ჭარბი წონა და მოთხოვნაზე დაიკლოს წონა, პასუხობს, არაფერს ვჭამ და მაინც ვსუქდებიო, ეს არათუ ძალიან გამაღიზიანებელია, მკურნალობის ცუდი შედეგების წინასწარმეტყველიცაა...

საშარდე სისტემის ორგანოების დაავადებები ორივე სქესის ადამიანებს აწუხებთ. თუ საერთო სტატისტიკით ვიმსჯელებთ, ყველაზე ხშირი საშარდე გზების ინფექციები, ონკოლოგიური და შარდ-კენჭოვანი დაავადებებია.

- არსებობს კავშირი უროლოგიასა და უშვილობას შორის?

- დიახ, ზოგიერთი უროლოგიური დაავადება იწვევს უშვილობას როგორც მამაკაცებში, ისე ქალებში. ამ პრობლემას თანამედროვე მედიცინა­ განიხილავს, როგორც რამდენიმე მიზეზით განპირობებულს,­ რომელიც სხვადასხვა სპეციალისტის მონაწილეობით უნდა იყოს მართული და ამ ჯგუფში უროლოგებს მნიშვნელოვანი როლი ენიჭებათ... თანამედროვე მედიცინაში ტერმინი "იმპოტენტი" აღარ გამოიყენება. საზოგადოების განათლება ამ საკითხში ზედაპირულია და ხშირად ამ იარლიყის მიწებება­ ხდება. მამაკაცის სქესობრივი ფუნქცია ურთულესი ფენომენია, რომელიც რამდენიმე სხვადასხვა ფუნქციის ერთობლიობაა. ესენია: სქესობრივი ლტოლვა; ერექცია; ორგაზმი და ეაკულაცია... თითოეული ამ მექანიზმის უშეცდომოდ ფუნქციონირებაა აუცილებელი ნორმალური სქესობრივი ფუნქციის რეალიზებისთვის. თითოეული მათგანი­ რეგულირდება ურთულესი­ და დღემდე ბოლ­ომდე ამოუცნობი ფიზიოლოგიური მექანიზმებით, რომელშიც მრავალი ორგანო მონაწილეობს, დაწყებული ტვინით და დამთავრებული სასქესო ორგანო­ებით.

- რა ასაკამდე არის მამაკაცი რეპროდუქციულად ჯანმრთელი?

- ქალებისგან განსხვავებით, მამაკაცები რეპროდუქციულ ფუნქციას ბევრად გვიან ასაკამდე ინარჩუნებენ. ამასაც თავისი ფიზიოლოგიური მექანიზმები აქვს. ცნობილია არაერთი შემთხვევა მამაკაცის ფერტილობის ფუნქციის რეალიზებისა მე-7 და მე-8 ათწლეულშიც კი. რა არის ამისთვის საჭირო? ისევ და ისევ ჯანმრთელი ცხოვრების წესი, იმ ფაქტორების გამორიცხვა, რომლებიც აზიანებენ ამ ფუნქციას: თამბაქო, ჭარბი ალკოჰოლი, ნარკოტიკები, ჭარბი წონა, თანმხლები დაავადებები (დიაბეტი, ენდოკრინული, გულ-სისხლძარღვთა, თირკმლებისა და სხვა დაავადებები). ამასთან, უმნიშვნელოვანესია მემკვიდრეობითი, ანუ გენეტიკური ფაქტორი.

- როგორ მოქმედებს მარიხუანა (ან ფსიქოტროპული საშუალებები) სპერმატოგენეზზე და რა საფრთხეს უქმნის ის ადამიანის რეპროდუქციულ ჯანმრთელობას?

- როგორც მარიხუანა, ისე სხვა ნარკოტიკული საშუალებები მკვეთრად უარყოფით გავლენას ახდენენ მამაკაცის განაყოფიერების უნარზე. მრავალი კვლევით არის დამტკიცებული მათი უარყოფითი გავლენა სპერმის უმნიშვნელოვანეს პარამეტრებზე.

- ყველაზე უხერხული კითხვა, რასაც გისვამენ, და კითხვა, რომელსაც ყველაზე უხერხულად სვამენ?

- ექიმისთვის არ უნდა არსებობდეს უხერხული კითხვა, მას უნდა შეეძლოს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებულ ყველა შეკითხვას გასცეს დასაბუთებული პასუხი. რაც შეეხება თავად პაციენტებს, მამაკაცებს ყველაზე მეტად სწორედ პოტენციის პრობლემებთან დაკავშირებული შეკითხვის დასმა ეუხერხულებათ. ხშირად ისინი ამ პრობლემას "პოტენციალს" უწოდებენ, "პოტენციალი" დამიქვეითდა ექიმოო, გაიძახიან. ქალებისთვის ყველაზე უხერხული შარდის შეუკავებლობის პრობლემაზე საუბარია. ესენი, როგორც წესი, პოსტმენოპაუზის ასაკის ქალები არიან და მეტად ეუხერხულებათ ახალგაზრდა მამაკაც ექიმთან ამ თემებზე საუბარი, მით უმეტეს, ფიზიკური გასინჯვა.

- დარწმუნებული ვარ, სახალისო ამბებიც გქონიათ პაციენტებთან ურთიერთობისას.

- თქვენმა წინა კითხვამ გამახსენა ერთი სახალისო შემთხვევა. მე იმ პერიოდში­ მომიწია მუშაობამ როცა მედიცინა ჯერ ფასიანი არ იყო, პაციენტებს ფული არ ჰქონდათ და ექიმების პატივისცემას (ასე ეძახდნენ მაშინ), ძირითადად, "ბარტერით" ახდენდნენ. მოჰქონდათ ყველაფერი: ღვინო,­ წვრილი თუ მსხვილფეხა საქონელი და ფრინველი, რძის პროდუქტები... ერთი პაციენტი მყავდა, აფხაზეთიდან ლტოლვილი, ახალგაზრდა მამაკაცი. ოპერაცია გავუკეთე და კლინიკიდან გაწერის დროც დადგა.­ წასვლის წინ შემოვიდა ჩემს კაბინეტში დასამშვიდობებლად, მადლობა მითხრა და ბოლოს, რომ გადიოდა, ხელი ჯიბისკენ წაიღო, რაღაც ამოიღო და მაგიდაზე დადო - ეს თქვენ, ექიმო, გალიდან არის, კმაყოფილი დარჩებითო, დააყოლა. თვალი მოვკარი თხილისოდენა ვერცხლის ქაღალდში შეხვეულ რაღაც ნივთს. აზრზე ვერ მოვედი, რა შეიძლებოდა ყოფილიყო! არ არის საჭირო-მეთქი, ვიუარე და დაბრუნება ვცადე, მაგრამ უკანმოუხედავად გავიდა კაბინეტიდან. დავაცქერდი ნივთს და ვცადე გამომეცნო, რა შეიძლება ყოფილიყო. ერთადერთი რაც შეიძლება­ კაცს აზრად მოგსვლოდა, ბრილიანტი ან რამე სხვა ძვირფასი ქვა იყო. გავხსენი და რას ვხედავ - ფოლგის ქაღალდში გახვეული პლანი, მაშინ ასე უწოდებდნენ მარიხუანას. ავტობუსის გაჩერებასთან ძლივს დავეწიე იმ კაცს და, რა თქმა უნდა, დავუბრუნე. დღემდე ვერ ვხვდები, რა შემატყო იმ პაციენტმა ასეთი ეგზოტიკური "საჩუქრის" მოყვარულის.