„შამშეს დახვრეტისა და შოვის გახსნის თარიღი ერთმანეთს დაამთხვიეს“
შოვის კურორტის დამაარსებელი, ცნობილი ექიმი შამშე ლეჟავა წარმოშობით ამბროლაურის რაიონის სოფელ წკადისიდან იყო. სამედიცინო განათლება ვენის უნივერსიტეტში მიიღო. ის ბევრს მოგზაურობდა, გაეცნო და გულდასმით შეისწავლა კურორტები: ალანდი, დავოსი, ვილდუნგენი, ბადენი, კარლსბადი... 1910 წელს საქართველოში დაბრუნდა. მშობლიურ რაჭაში ჩასვლისთანავე საკურორტო ადგილად შეარჩია ამბროლაურის რაიონის ერთ-ერთი ლამაზი კუთხე შაორი, სოფელ ნიკორწმინდასთან, ნაქერალას გადასასვლელზე... 1914 წელს ონში გაიმართა კრება, რომელზეც უნდა გადაეწყვიტათ საკითხი, სად აშენებულიყო სანატორიუმი, შოვში თუ შაორზე... თუმცა, ვერც ცარიზმისა და ვერც მენშევიკური ხელისუფლების დროს ვერ მოხერხდა ხორცი შესხმოდა შოვში კურორტის გაშენების იდეას. 1923 წელს გამოიყო თანხის ნაწილი, წინასწარი სამუშაოების ორგანიზაციისათვის შოვში მივლინებულ იქნა გამოჩენილი ინჟინერი ა. ჭიჭინაძე. მისი ხელმძღვანელობით მოკლე ხანში აშენდა ხიდი მდინარე ჭანჭახზე, რის შედეგადაც უკვე შესაძლებელი გახდა ქუთაისიდან საშენი მასალის შოვში ჩაზიდვა. ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა მდინარე ჭანჭახის მარჯვენა ნაპირზე დაიწყო, ელექტროენერგიის მისაღებად წყალი მდინარე ბუბიდან უნდა გამოყვანილიყო. 1925 წლის 15 ივლისს საძირკველი ჩაეყარა სანატორიუმის შენობას და 1928 წელს უკვე მზად იყო საექსპლუატაციოდ. წიწვნარში აშენდა სანატორიუმის ორსართულიანი ლამაზი შენობა, სასტუმრო, ელექტროსადგური, კურორტის მომსახურე პერსონალის საცხოვრებელი სახლი, პოლიკლინიკა, მეორე სანატორიუმი... 1929 წელს საკურორტო სამმართველოს საზეიმო ვითარებაში გადაეცა კურორტი. ამ საზეიმო დღეს ესწრებოდნენ სტუმრები საფრანგეთიდან, გერმანიიდან, იტალიიდან, ინგლისიდან, ამერიკიდან, ჩეხოსლოვაკიიდან...
გიორგი ლეჟავა, შამშე ლეჟავას შთამომავალი: - შამშე ლეჟავას ნაშრომები აქვს შოვის არა მარტო როგორც კურორტის, არამედ როგორც სამედიცინო დანიშნულების შესახებ. მისი დისერტაციის თემა იყო "კლიმატური პირობების გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე, ტვინის სისხლძარღვების აღდგენაზე"... თავიდან კურორტის განაშენიანება შაორზე იგეგმებოდა, მერე კი შამშემ ერთ-ერთი ექსპედიციის დროს შოვის ტერიტორიაზე მინერალური წყლები აღმოაჩინა და გადაწყვიტა კურორტი იქ გაეშენებინათ. შოვში 36 სახის მინერალური წყალია, რომლებსაც სხვადასხვა დანიშნულებისთვის იყენებდნენ. მაშინ მინერალური წყლებით მკურნალობა ძალიან პოპულარული იყო. შამშე ლეჟავამ დიდი შრომა და რესურსი ჩადო ამ საქმეში თანამოაზრეებთან ერთად. რაჭაში საგანგებოდ ჰესი აშენდა, შოვში რომ დენი ყოფილიყო, მდინარეზე ხიდი გაიდო, აშენდა პირველი სანატორიუმი... შემდეგ სხვა სანატორიუმებიც...
- კურორტს მის პატივსაცემად უწოდეს შამშოვი?
- ვინაიდან შამშემ მთელი ენერგია, განათლება, საკუთარი სახსრებიც კი ამ კურორტს მიუძღვნა, თავიდან მას შამშოვი უწოდეს, თუმცა ის ამის წინააღმდეგი იყო, მორიდებული კაცი გახლდათ... კურორტს შამშოვი ხუთი წელი ერქვა, შემდეგ შამშემ თავის შვილიშვილს შოვინა დაარქვა. შოვინა ქაცარავა საქართველოს რადიოს თეატრალური რედაქციის მთავარი რედაქტორი იყო 45 წლის განმავლობაში.
- სამწუხაროდ, შამშე ლეჟავა რეპრესიების მსხვერპლი გახდა...
- დიახ, 1937 წელს დახვრიტეს. შამშეს მეუღლე ლიზა ჭიჭინაძე დახვრეტას გადაურჩა, მაგრამ რეაბილიტაციამდე წლები გაატარა ციხეში. დიდი ტანჯვა და დამცირება გადაიტანა. მთელი ქონება ჩამოართვეს, ოჯახი გამოდევნეს როგორც თბილისისა და შოვის, ასევე წკადისის სახლიდანაც. დიდი ოჯახის გადარჩენილი წევრები ერთოთახიან ბინაში იყვნენ შეხიზნული რეაბილიტაციამდე. შემდეგ მთავრობამ ლიზა ჭიჭინაძეს ქალაქის ცენტრში სამოთახიანი ბინა გამოუყო.
შამშე ლეჟავა ამავე დროს "წითელი ჯვრის" წარმომადგენელიც იყო საქართველოში. ის იმიტომ დახვრიტეს, რომ ევროპული განათლება, ხედვა ამოეძირკვათ საბჭოთა საქართველოში. შოვი მხოლოდ საბჭოთა კავშირში კი არა, ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო კურორტი უნდა ყოფილიყო. ეს ჩანდა როგორც მის შენობა-ნაგებობებში, ასევე მის დაგეგმარებაში. შოვში რაც აშენდა, ნალექისა და ღვარცოფის საწინააღმდეგო ჯებირებზე იქნა დადგმული. შოვში ნალექიანობა ყოველთვის მაღალი იყო, ამიტომაც ქვისგან აშენდა სპეციალური ჯებირები, რაზეც ძველი სახლები დგას. შამშეს მოშურნეები, ბევრი მტერი გამოუჩნდა. დასმენებით საქმე იქამდე მივიდა, მისი დახვრეტისა და შოვის გახსნის თარიღი ერთმანეთს დაამთხვიეს. განადგურდა შამშე ლეჟავას ნაშრომები, სულ რამდენიმეღაა შემორჩენილი, რომლებიც თითო ეგზემპლარად იყო გადამალული. ფოტოც სულ ორიოდე დარჩა, ფოტოებიც კი გაანადგურეს. შამშეც და მისი მეუღლე ლიზაც შეძლებული ოჯახებიდან იყვნენ. ლიზაც ექიმი იყო, ის თან ახლდა შამშეს ევროპაში. შოვში ძალიან ბევრი რამ შამშემ თავისი ხარჯით ჩამოიტანა. ავსტრიიდან ჩამოტანილი ავეჯის ნაწილი მისი მეგობრებისა და კეთილი მეზობლების წყალობით იქნა შენარჩუნებული. დღესაც სახლში გვაქვს ზოგიერთი რამ. როდესაც შამშე დახვრიტეს, მისი ავეჯის გარნიტური თბილისის ოფიცერთა სახლში წაიღეს. მიუხედავად იმისა, რომ იყო კომუნისტური პარტიის წევრი, მან მთელი ცხოვრება მედიცინას, მეცნიერებას, კურორტოლოგიას მიუძღვნა და ამას გადაჰყვა კიდეც...
- ამბობენ, შოვში სტალინიც იყოო...
- ეგ მითია. როდესაც სტალინი დასათვალიერებლად მიდიოდა, გზაში შეუძლოდ გახდა და ქუთაისში სადილზე, "თეთრ დუქანში" გაჩერდა... იქ სტალინს შამშესთვის უთქვამს, "დარაგოი შამშე! ბალნოი ტუდა ნე დაედეტ ა ზდაროვი ტუდა ნე პოედეტ", ანუ ამ სიშორეზე რამ წაგიყვანაო...
- თქვენთვის უთუოდ მეტისმეტად მტკივნეულია შოვში დატრიალებული ტრაგედია...
- უდიდესი ტრაგედია მოხდა... ჩვენი ოჯახის დიდი სიამაყეა შოვი, ეს უნიკალური კურორტი. სწორედ ამ კურორტს გადააყოლეს შამშე და მისი სიმდიდრეც, ამიტომაც ოჯახისთვის დიდი ტკივილიც არის... ჩემი შვილიშვილი, ქეთო ლეჟავა, წელს შვეიცარიაში ლე-როშის უნივერსიტეტის კურორტოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. ასე რომ, ტრადიცია გრძელდება.
გულით ვისურვებდი, შოვი აღარასოდეს იყოს უბედურების ადგილი. იქაურობა აუცილებლად უნდა გავაცოცხლოთ. საქართველო არ არის ისეთი მდიდარი ქვეყანა, რომ ასეთი ადგილები უპატრონოდ მივაგდოთ. სწორად განვითარებით, დაგეგმვით მომავალ თაობებს ეს სიმდიდრე უნდა დავუტოვოთ! შოვში ძალიან დიდი უბედურება მოხდა, მაგრამ სწორედ მიცვალებულთა სახელთა უკვდავსაყოფად უნდა აღდგეს და უფრო განვითარდეს. სწორედ იმ დაკარგულ სიცოცხლეებს უნდა მივუძღვნათ. რაც მთავარია, ბუნებას არ უნდა შევებრძოლოთ და მასთან ერთად თანაცხოვრება ვისწავლოთ!