რუსეთ - უკრაინის ომში 52-ე ქართველი დაიღუპა - კვირის პალიტრა

რუსეთ - უკრაინის ომში 52-ე ქართველი დაიღუპა

1-ლ სექტემბერს, ღამის პირველ საათზე, საქართველოში უკრაინაში გმირულად დაცემული ქართველი მებრძოლი, 42 წლის ნიკოლოზ ახვლედიანი ჩამოასვენეს. ნიკოლოზი 52-ე ქართველია, რომელიც რუს ოკუპანტებთან ბრძოლას შეეწირა. ის უკრაინის ინტერნაციონალური ლეგიონის რიგებში ბატალიონ "დიდგორის" სახელით იბრძოდა და დროებით ანექსირებული ბახმუტის სამხრეთით, კლიშევკასთან შეტაკების დროს დაიღუპა. როგორც თანამებრძოლები ამბობენ, ის სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული კაცი იყო. უფრო ვრცლად ნიკოლოზ ახვლედიანის შესახებ მისი და, ნინო ახვლედიანი და თანამებრძოლი გიორგი მიქელაძე გვესაუბრებიან:

"ჩვენს ტკივილს მხოლოდ რუსეთის დამარცხება გაანელებს"

ნინო ახვლედიანი: - კეთილი, ალალი, სამშობლოზე შეყვარებული ადამიანი იყო. 2008 წლის ომის შემდეგ ძალიან ბრაზობდა რუსებზე, გიორგი ანწუხელიძის წამების ამსახველი ვიდეო რომ ნახა, ძალიან განიცადა, ამ ნაძირალებს როგორ უნდა შერჩეთ ეს ყველაფერიო. რუსები უკრაინაში რომ შეიჭრნენ, მაშინ თქვა, დროა ჩვენი­ ბიჭების გამო შური ვიძიოთო. ჩვენ, რა თქმა უნდა, მის პატრიოტულ სულისკვეთებას ვაზიარებდით, მაგრამ არ გვინდოდა ომში წასულიყო, სამხედრო გამოცდილება არ ჰქონდა და ამ დღის დადგომის გვეშინოდა. შეგვპირდა, არ წავალო, მაგრამ გაგვეპარა. უკვე უკრაინაში იყო, რომ დაგვირეკა, ომში ვარო. გვამშვიდებდა, წინა ხაზზე არა ვარო.

- ცოლ-შვილი არ ჰყავდა?

- ახლა აპირებდა დაქორწინებას. ბოლოს 20 აგვისტოს ვესაუბრე, მითხრა, დღე-დღეზე შვებულებას ველოდები, ერთი კვირა თავისუფალი ვიქნები და ხელი უნდა მოვაწეროო. უკრაინელი საცოლე ჰყავდა, ჩვენც გაგვაცნო. გვეუბნებოდა, ახალ წელს ცოლთან ერთად ჩამოვალო.

- დაჭრილი არასდროს ყოფილა?

- ამის შესახებ არაფერი ვიცით. იმასაც არ გვეუბნებოდა, ცხელ წერტილში რომ იყო. შარშან დედა დაგვეღუპა, ნიკა ვერ ჩამოვიდა და ძალიან ინერვიულა, მაგრამ მე მამშვიდებდა, მაიმედებდა... ბოლოს რომ ვესაუბრებოდი, განგაშის სიგნალი ჩაირთო, კარგი წავედიო, მითხრა და წავიდა... ერთადერთი ძმა დავკარგე, ახლა მე და მამა იმასღა ვნატრობთ, რომ მისი თავგანწირვა­ ამაო არ აღმოჩნდეს. ჩვენს ტკივილს მხოლოდ რუსეთის დამარცხება გაანელებს.

- მისი ოცნება რა იყო?

- საქართველოს გაძლიერება. არასდროს ლაპარაკობდა პირად კეთილდღეობაზე, ჩემს შვილებზე, ძალიან ზრუნავდა. მეტყოდა ხოლმე, თუ მე და შენ ვერა, ესენი მაინც მოესწრონ გამთლიანებულ, წარმატებულ ქვეყანაში ცხოვრებასო.

"ბოდიში, რომ ნიკა დაეცა, მე ცოცხალი ვარ"

გიორგი მიქელაძე: - ნიკა ყოველთვის ცხელ წერტილში იყო. საკუთარზე მეტად სხვის სიცოცხლეს უფრთხილდებოდა. უკან დახევა არ იცოდა. ნიკა უკრაინაში ჩამოსვლისთანავე გავიცანი. ერთხანს სხვადასხვა ადგილას ვიყავით, ბოლო პერიოდში კი ორივე ბატალიონ "დიდგორში".

- ნიკა რა ვითარებაში დაიღუპა?

- ნიკა და კიდევ ორი ბიჭი ლეგიონის ბიჭებთან ერთად, სულ 9 კაცი, დავალებაზე გაუშვეს. ისინი რუსების დრონმა აღმოაჩინა, 24 საათის განმავლობაში იბომბებოდნენ და ერთ-ერთი ჭურვი ზუსტად იქ ჩავარდა, სადაც ნიკა იყო ჩასაფრებული. ნიკა დაიღუპა, ორმა ქართველმა და ერთმა ჩეჩენმა კი კონტუზია მიიღეს. გული მწყდება, რუსეთის დაცემას რომ ვერ მოესწრო, მაგათი ბოღმა ჰქონდა, სულ იმაზე ლაპარაკობდა, რამდენი ხალხი დაგვიხოცეს რუსებმა, აფხაზეთში ჩვენი ქალები და ბავშვები აწამეს. ისეთი მანიაკები არიან, უკრაინა თუ დააჩოქეს, საქართველოშიც შემოვლენო. მირჩევნია, მე აქ მოვკვდე, ვიდრე ჩემი და, და დისშვილები, ჩემი დეიდაშვილები, ნათესავები ამათ ხელში აღმოჩნდნენო.

იმ ადამიანებს მინდა მივმართო, რომლებიც ნიკას უყვარდა - ბოდიში, რომ ნიკა დაეცა, მე ცოცხალი ვარ, ძნელი ყოფილა გადარჩენილების სიაში ყოფნა.

ლისიჩანსკში ერთ-ერთი ოპერაციის დროს ალყაში აღმოვჩნდით, ერთი კვირის განმავლობაში განუწყვეტლივ გვბომბავდნენ, გადარჩენის შანსი თითქმის არ გვქონდა, მაგრამ ნიკას წარბი არ შეუხრია, მისი შეშინებული სახე არ მინახავს, პირიქით, ძალიან მშვიდად, შემართებით იყო და ჩვენც სტიმულს გვაძლევდა. მერე საფრიდან გამოსვლა გავრისკეთ. ცეცხლში მოგვიწია გავლამ, მაგრამ მანქანებამდე მივაღწიეთ. ნიკა მარტო ჩვენთვის კი არა, უკრაინელებისთვისაც დიდი დანაკარგია, გიჟებს ჰგვანან! ქართველები, უკრაინელები, ამერიკელებიც კი მირეკავდნენ და ნიკას ცხედრის გამოყვანის ოპერაციაში დახმარებას გვთავაზობდნენ. იმ ოპერაციაში, როცა ნიკა დაიღუპა, ჩვენი ბატალიონის მეთაურიც მონაწილეობდა, კონტუზია მიიღო და წოლითი რეჟიმი დაუნიშნეს. ვერ მოისვენა, გაიპარა და ბიჭებთან ერთად ნიკას გამოსაყვანად ცხელ წერტილში შევიდა...

- ნიკა უკვე 52-ე ქართველი მოხალისეა, რომელიც ამ ომს შეეწირა. როგორია თქვენი განწყობა, რას აპირებთ?

- ბოლომდე ბრძოლას! ჩვენ ანწუხელიძის ქვეყნიდან ვართ, არასოდეს დავნებდებით. გამარჯვების დიდი იმედი მაქვს, მაგრამ ასეც რომ არ იყოს, სიცოცხლის უკანასკნელ წვეთამდე ვიბრძოლებთ და ჩვენი ამბავი ისტორიას დარჩება. რუსებისთვის ანგარიშის გასწორება უკვე ჩემი პირადი საქმეა. სახელებითა და გვარებით ვიცი ის ბავშვები და ქალები, რომლებიც რუსებმა აწამეს და დახოცეს. ამაზე პასუხი უნდა აგონ.

ხათუნა ბახტურიძე