"ცივი ომის“ მეთოდებით „ცხელი ომის“ წინააღმდეგ
დასავლურ მედიაში სულ უფრო ხშირად ისმის რუსეთ-უკრაინის ომში დასავლეთის ქმედებებით უკმაყოფილება, მიუხედავად იმ დიდი დახმარებისა, რასაც უკრაინას უწევენ. ასეთი სათაურებიც კი გაჩნდა, რომ დასავლეთი ლაპარაკობს, როგორც ჩერჩილი და იქცევა, როგორც ჩემბერლენი. პრინციპში, ეს არც არის გასაკვირი, რადგან ბოლო მონაცემები აჩვენებს, რომ ერთი მხრივ, რუსეთისთვის დაწესებული სანქციები კრემლს ბევრს ვერაფერს აკლებს და მეორე მხრივ, ფაქტობრივად, არც სრულდება. გამოქვეყნდა მონაცემები, რომ ევროპამ შარშან მარტიდან დღემდე რუსეთისგან 40%-ით მეტი თხევადი გაზი იყიდა. ცოტა ხნის წინ იყო ინფორმაცია, რომ ცნობილი ბრენდები რუსეთში დაბრუნდნენ უცნობ ბრენდებს ამოფარებული და სხვ. ამის პარალელურად რუსეთი მოკავშირეებს იკრებს და ხუთწევრიანი "ბრიკსი" (ბრაზილიის, რუსეთის, ინდოეთის, ჩინეთისა და სამხრეთ აფრიკის გაერთიანება) იანვრიდან 11-წევრიანი გახდება, რაც, ცხადია, რუსეთის გავლენის გაძლიერებაზე მიუთითებს. არის თუ არა დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ თანამიმდევრული, აქვს თუ არა სათანადო შედეგი დაწესებული სანქციების 11 პაკეტს, რისი გაკეთება შეუძლია დასავლეთს, თუნდაც ეკონომიკური თვალსაზრისით, რათა ქმედებებითაც ჩერჩილს ჰგავდეს და რაც მთავარია, იქნება თუ არა ეს საკმარისი რუსეთის დასამარცხებლად, ამ საკითხებზე აკადემიკოს ლადო პაპავას ვესაუბრეთ:
- როდესაც 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო, დასავლეთი იდგა არჩევანის წინაშე - ან ომში უნდა ჩართულიყო და ასე დაეცვა უკრაინა, რაც, ფაქტობრივად მესამე მსოფლიო ომის დაწყებას ნიშნავდა, ან უნდა ემოქმედა "ცივი ომის" წესებით, ანუ ეკონომიკური სანქციების დაწესებით. დასავლეთმა მეორე გზა აირჩია - ის სამხედრო ოპერაციებში პირდაპირ არ არის ჩართული, თუმცა ეხმარება მატერიალურად, სამხედრო შეიარაღებით, უკრაინელი სამხედროების წვრთნით. პარალელურად, რუსეთს ეკონომიკური სანქციები დაუწესა, რისი მიზანიც რუსეთის ეკონომიკურად დასუსტება იყო. თავდაპირველად ეს სანქციები ძლიერი ჩანდა, სვიფტიდან გათიშეს რამდენიმე რუსული ბანკი (თუმცა, სამწუხაროდ, არა ყველა!) და იცით, ამის გამო ვი-თი-ბი ბანკი საქართველოში აღარ არსებობს. გარდა ამისა, მიიღეს მთელი რიგი ზომები, რომლებიც რუსეთის ეკონომიკისთვის მძიმედ გადასატანი უნდა ყოფილიყო. მაგრამ თავად სანქციები არ არის სრულყოფილი და ამის ყველაზე ნათელი არგუმენტი შემდეგია: როცა შემოღებულია სანქციების მეთერთმეტე პაკეტი, ეს ნიშნავს, რომ ყველა წინა პაკეტი სრულყოფილი არ ყოფილა. სანქციები სრულყოფილი რომ ყოფილიყო, ერთხელ შემოიღებდნენ და ის იმუშავებდა, მაგრამ ყოველი მომდევნო პაკეტი იყო წინას გამოტოვებული "ხვრელების" ამოვსება. იმავდროულად, ჩვენ გვავიწყდება, რომ მსოფლიო ეკონომიკა გლობალურია და ქვეყნები ერთმანეთზე არიან ეკონომიკურად დამოკიდებული. ამიტომაც რუსეთის სანქციებში მოქცევა ასე მარტივად ვერ ხდება. მარტივ მაგალითს გეტყვით: რამდენი ხანია, ამერიკული სანქციების ქვეშ არის ირანი და ზარალდება თუ არა ამით? რა თქმა უნდა, ზარალდება, მაგრამ რა, კატასტროფულად? ცხადია, არა! ირანი ვითარდება. მართალია, ნელი ტემპით და არა ისე, როგორც ეს მოხდებოდა, ირანს დემოკრატიული მთავრობა რომ ჰყავდეს და ქვეყანა სანქციების ქვეშ არ იყოს, მაგრამ ფაქტია, ასე თუ ისე, ვითარდება. მეტსაც გეტყვით, როდესაც უკრაინაში ირანული დრონები ჩამოაგდეს, აღმოჩნდა, რომ მათი შიგთავსის 82% იყო ამერიკული. არადა, დიდი ხანია, ამერიკას ირანისთვის სანქციები აქვს დაწესებული. ეს ნიშნავს, რომ სანქციები ირანთან მიმართებაშიც არ იყო სრულყოფილი. მოკლედ რომ ვთქვათ, დასავლეთმა ვერ შექმნა სანქციების ისეთი პაკეტი, რომელიც სრულყოფილი იქნებოდა.
- რატომ ვერ შექმნა, სად არის პრობლემა, ეს არის უფრო მეტად ეკონომიკური, თუ პოლიტიკური?
- ამ სანქციებს აშკარად აქვს ორი დიდი "ხვრელი". პირველი - ამ სანქციებს მსოფლიოს ყველა ქვეყანა არ შეუერთდა. უფრო მეტიც, ქვეყნების უმეტესობა არ შეუერთდა. სანქციების შემომღები დიდი შვიდეულის ქვეყნები არიან, აშშ, ევროკავშირის ქვეყნები, იაპონია, ავსტრალია, ახალი ზელანდიაც, რომლებიც ეკონომიკურად ძლიერი ქვეყნებია და მათ შორის მსოფლიოს ნომერი პირველი ეკონომიკა - აშშ. თუმცა ნომერი მეორე ეკონომიკის მქონე ქვეყანა, ჩინეთი, ამ სანქციებს არ შეუერთდა, ასევე ინდოეთი, ჩვენი მეზობელი თურქეთი, აშშ-ის სტრატეგიული მოკავშირე ისრაელი და ბევრი სხვა. მეტიც, ამ ქვეყნების ნაწილმა დასავლეთის საწინააღმდეგო კოალიციაც კი შექმნა, რაც აისახა ბრიკსის გაფართოებულ ფორმატში და იქ ხუთის ნაცვლად 2024 წლიდან უკვე 11 წევრი იქნება, თანაც საუბარია მის კიდევ უფრო გაფართოებაზე. მაშასადამე, სანქციების არასრულყოფილება გამოიხატება პირველ რიგში იმაში, რომ სანქციების პაკეტს ყველა ქვეყანა არ იზიარებს. მეორეა, ვინც ამ სანქციებს იზიარებს, ისინიც კი ამას სრულყოფილად არ იცავენ. იმავე აშშ-ის მაგალითი გავიხსენოთ - ჯერ სანქციები შემოიღო რუსეთის წარმოებულ სასუქებზე, მერე აღმოჩნდა, რომ ამ სასუქების გარეშე თავად შეექმნა სირთულეები და სანქციების მორიგ პაკეტში მოხსნა ეს შეზღუდვა. სასუქებს რომ თავი დავანებოთ, აშშ რუსეთისგან ყიდულობს ბირთვული იარაღისთვის საჭირო მასალას, ევროკავშირის ქვეყნებიდან კი გაიზარდა იმპორტი რუსეთში. ის ცნობილი ბრენდებიც, შარშან დიდი ზარ-ზეიმით რომ გამოაცხადეს, რუსეთს ვტოვებთო, ძალიან მალე უკან დაბრუნდნენ სხვა, ნაკლებად ცნობილი ბრენდების ქოლგებქვეშ. აქედან გამომდინარე, რუსეთს შემოსავლებიც აქვს, ახალი მოკავშირეებიც გაუჩნდა და აქვს იარაღის წარმოების საშუალებაც, რადგან ის ქვეყნები ეხმარებიან სხვადასხვა ფორმით, ვინც სანქციებს არ არის მიერთებული. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მსოფლიოში გლობალიზაციის დასრულება შეუძლებელია. ასევე, მოგეხსენებათ, უკრაინაზე გადის რუსული გაზსადენი, რომელიც დღემდე მუშაობს. კი დაიწყეს ლაპარაკი, გაზსადენი გავაჩეროთო, მაგრამ ფაქტია, რუსული გაზი მიეწოდება ევროპას, ხოლო მის ტრანზიტით კი თავად უკრაინა ხეირობს. ამიტომ ეს საკითხი არ არის ასე მარტივი, რადგან პრაქტიკულად "ცხელი ომის" წინააღმდეგ "ცივი ომის" მეთოდები გამოიყენება - "ცხელია" ომი, რომელსაც რუსეთი აწარმოებს უკრაინაში, და "ცივია" ომი, რომელსაც დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ წარმართავს. მსოფლიოს ისტორიას ნამდვილად არა აქვს პრეცედენტი, რომ "ცივი ომის" მეთოდებით შეიძლება დასძლიო "ცხელი ომი", მით უმეტეს, როცა "ცხელი ომის" ერთ-ერთი მხარე ბირთვული სახელმწიფოა. ამასთან, რუსეთისთვის დაწესებული სანქციები, როგორც გითხარით, სრულყოფილი არ არის. ხშირად მომყავს ასეთი მაგალითი, რომ ინდოეთი რუსეთის სტრატეგიული პარტნიორია და გაიზარდა რუსეთიდან ინდოეთში ნედლი ნავთობის ექსპორტი, რომლისგანაც ინდოეთი აწარმოებს ნავთობპროდუქტებს და მას უკვე აშშ ყიდულობს, რადგან აშშ-ს სურს ინდოეთს დაეხმაროს, რათა გაძლიერდეს ჩინეთის საპირწონედ. ახლა ამით ამერიკა ვის ატყუებს, საკუთარ თავს თუ სხვას? ამიტომაც საფუძველს კარგავს მოწოდებები, რატომ არ უწესებენ ცალკეული ქვეყნები რუსეთს სანქციებსო, რადგან ყველა საკუთარი ინტერესებით მოქმედებს. ჩემთვის გასაოცარი იყო, როდესაც სანქციებს არ შეუერთდა აშშ-ის ისეთი პარტნიორი, როგორიც ისრაელია, მაგრამ ის თავისი სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამოვიდა. რატომღაც ისრაელს არავინ სთხოვს სანქციებთან მიერთებას, რომელსაც ასევე ხშირად არღვევს თავად დასავლეთი სხვადასხვა მექანიზმის გამოყენებით. ამაზე სისტემატურად იწერება თავად დასავლურ მედიაში და ჩვენ მხოლოდ ამ ფაქტებზე დაყრდნობით ვმსჯელობთ.
- ამ ფონზე ჩვენთვის მუდმივი საყვედური რამდენად ადეკვატურია? ეს არ მოქმედებს თავად საზოგადოების განწყობებზე დასავლეთის მიმართ? რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ამას და რა შეიძლება იყოს მიზანი?
- ჩვენი ევროპული ორიენტაცია, რომელიც კონსტიტუციით არის გამყარებული, სამწუხაროდ, ჩვენი შიდა დაპირისპირების საგანი გახდა და ოპოზიცია თავის უმთავრეს კოზირად იყენებს, რათა რამენაირად ხელისუფლება დააზარალოს. ამ დროს ფაქტი ხომ ჯიუტია, რომ კონსტიტუციაში ქვეყნის ევროატლანტიკური ორიენტაცია სწორედ "ქართულმა ოცნებამ" დააფიქსირა. ის, რომ საქართველომ ევროკავშირთან მიაღწია თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმს და ასოცირების შეთანხმებას, უვიზო რეჟიმს, ესეც ხომ "ქართული ოცნების" ხელისუფლების დროს მოხდა? იმავდროულად, ჩვენი ხელისუფლება უკრაინას უჭერს მხარს და ამას გამოხატავს პრაქტიკულად ყველა საერთაშორისო ფორმატში და ჰუმანიტარული დახმარებით. სანქციების დაწესება ეკონომიკურად დააზარალებდა არა იმდენად რუსეთს, რამდენადაც საქართველოს. არც ისაა გამორიცხული, რუსეთთან კონფრონტაციული მუხტის ზრდის გამო მოსკოვს შეეძლო მიეღო გადაწყვეტილება აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რუსეთთან მიერთების შესახებ. არც ის არის გამორიცხული, უკრაინაში ადვილი გამარჯვების შეუძლებლობის ნაწილობრივი კომპენსირებისთვის საქართველოშიც განეახლებინა საომარი მოქმედებები. ღმერთმა დაიფაროს და, ეს რომ მოხდეს, რას იზამს დასავლეთი? ატეხს განგაშს, გამოხატავს აღშფოთება-შეშფოთებას, რუსეთს ეტყვიან, უკან დაიხიეო, რუსეთი კი არ დაიხევს. ამის სამწუხარო გამოცდილება გვაქვს. 2008 წლის ომის მერე დასავლეთს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებიც კი არ შემოუღია. ამიტომ ჩვენი დღევანდელი ხელისუფლების პოზიცია საკმაოდ პრაგმატულია, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მით უმეტეს, როდესაც სანქციებში დასავლეთი თავად არ არის თანამიმდევრული და ეს კარგად ჩანს იმაშიც, რომ უკვე დაწესებული აქვს სანქციების მეთერთმეტე პაკეტი. თუ პირველი არ არის სრულყოფილი, მეორე და მაქსიმუმ მესამე პაკეტმა მაინც ხომ უნდა ამოავსოს ეს "ხვრელები"? ახლა კი უკვე მეთორმეტე პაკეტზე დაიწყეს საუბარი...
- ეს სანქციები რომ არ არის შედეგიანი ან მინიმალური შედეგი აქვს, ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარეობს. შეუძლებელია რუსეთთან სანქციებით ბრძოლა და თუ შესაძლებელი იყო თანამიმდევრული პოლიტიკის გატარება, მაშინ ეს როგორი უნდა ყოფილიყო?
- არ მინდა მკითხველს შეექმნას განცდა, რომ რუსეთზე სანქციები საერთოდ არ მოქმედებს. არა, მოქმედებს. რუსული რუბლი გაუფასურდა, მერე ცენტრალური ბანკი შეეცადა გამყარებას, მაგრამ ის მაინც განაგრძობს გაუფასურებას. პუტინი ცდილობდა ბევრ საერთაშორისო სავაჭრო ოპერაციაში რუბლის გამოყენებას, მაგრამ არ გამოუვიდა. მაგალითად, ინდოეთი რუსეთიდან ნედლ ნავთობს ინდური რუპიებით ყიდულობს. იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის იმპორტი ინდოეთიდან იმდენი არ არის, რამდენ რუპიასაც თავისი ნავთობის გაყიდვით იღებს, მოსკოვს ახალი პრობლემა შეექმნა - არ იცის, ეს რუპიები როგორ დახარჯოს. ამიტომ რუსეთს ეკონომიკურად სირთულეები აქვს, მაგრამ არა იმ დონის სირთულეები, რომ ამის გამო ჩამოიშალოს.
- ამ პირობებში როგორ შეიძლება დასავლეთმა რუსეთს მოუგოს? მიზანი ხომ ეს არის?
- კიევის ოფიციალური გაცხადებული მიზანია, რომ უკრაინამ აღიდგინოს ტერიტორიული მთლიანობა, რაც, ცხადია, მთელი მსოფლიოს პროგრესული საზოგადოების და მათ შორის, საქართველოს უშუალო ინტერესშია. თუმცა, მეორე საკითხია, რამდენად არსებობს ამის ობიექტური შანსები. შანსები იქნება მხოლოდ ერთი პირობის გათვალისწინებით - თუ რუსეთი არ გამოიყენებს ბირთვულ იარაღს. გასათვალისწინებელია, რომ თუ რუსეთს ძალიან გაუჭირდება, ის, დიდი ალბათობით, გამოიყენებს ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს (ღმერთმა დაიფაროს!). თუკი საქმე ბირთვული იარაღის გამოყენებამდე მივა, ძალიან მეეჭვება ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამოიყენოს, რადგან ეს უშუალოდ მასაც დააზიანებს. ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, რუსეთმა ეს იარაღი შეიძლება უკრაინის დასავლეთ ნაწილში გამოიყენოს და რადიაცია მოედება როგორც უკრაინას, ასევე დასავლეთით მდებარე მეზობელ ქვეყნებს. ესენი კი ყველა ნატოს წევრი ქვეყნებია, რაც ნიშნავს, რომ უკვე ნატოც ჩართული აღმოჩნდება საომარ მოქმედებებში. ამიტომაც უკრაინის მოგების შანსი ძალიან დიდია იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი არ გამოიყენებს ბირთვულ იარაღს, ხოლო რომ არ გამოიყენოს, ამისთვის საჭიროა თავად რუსეთში წარიმართოს ჯანსაღი დემოკრატიული პროცესი, გამოჩნდეს ჯანსაღი ოპოზიცია, რომელსაც ექნება მოსახლეობის მხარდაჭერა, რათა ეს ომი შეწყდეს და რუსეთმა ოკუპირებული ტერიტორიები გაათავისუფლოს. ეს ყველაფერი თეორიულად შესაძლებელია, მაგრამ ამის ნიშნები, სამწუხაროდ, არ არის, ცხადია, პრიგოჟინიც და მისი "ვაგნერიც" კი, რომელიც კარგად ვიცით, რა ბოროტება იყო თუნდაც უკრაინაში, კრემლს რომ დაუპირისპირდა, გაჩნდა იმედი, რომ ამ ბოროტებით მეორე ბოროტება შესუსტდებოდა, მაგრამ ვნახეთ, "პრიგოჟინიადაც" როგორ განვითარდა და დასრულდა.
- დასავლეთს სანქციების გაძლიერება და ამით რუსეთის დამარცხება შეუძლია? თუ არა, მაშინ სხვა მეთოდებს რატომ არ მიმართავს? გამოცდილებაც ხომ გვაქვს, დათმობის პოლიტიკამ რა შედეგებამდე მიიყვანა მსოფლიო.
- შეუძლებელია. ჯერ ერთი, მსოფლიოს ყველა ქვეყანას ვერ აიძულებ სანქციებს შეუერთდეს. მეტიც, მაგალითად, საუდის არაბეთი აშშ-ის ერთ-ერთ პარტნიორად ითვლებოდა რეგიონში და ისიც პრაქტიკულად გაუდგა განზე. დაიწყო ნავთობით ვაჭრობა მაღალ ფასში? დაიწყო. შევიდა "ბრიკსის" შემადგენლობაში? შევიდა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ისრაელი, რომელიც აშშ-ის ძლიერი მხარდაჭერით სარგებლობს, შეუერთდა სანქციებს? არ შეერთებია. ასე რომ, მსოფლიო არ არის ერთგვაროვანი "მასა", რომ ვიღაცა სადღაც რომელიღაც ცენტრში გადაწყვეტილებებს მიიღებს და შემდეგ მას დაემორჩილოს. მეორე მხრივ, დასავლეთს სხვა არჩევანიც არ ჰქონდა. დღეს შეიძლება გავიხსენოთ, რომ ომის შეჩერების ყველაზე რეალური გზა იყო ამ კონფლიქტის გაყინვა 2022 წლის მარტში, როდესაც დაიწყო მოლაპარაკებები თურქეთში. საუბარი იყო უკრაინის მიერ ნეიტრალიტეტის გამოცხადებაზე, გარკვეულწილად ბუფერული ზონების შექმნაზე. ამის შესახებ თავად პრეზიდენტი ზელენსკი ლაპარაკობდა, მაგრამ ეს ყველაფერი გაჩერდა. მე ნამდვილად არ ვიცი, ვინ შეაცვლევინა ზელენსკის აზრი, მაგრამ ფაქტია, ეს საუბარი იყო 2022 წლის გაზაფხულზე, მერე კი თურქეთში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების შეხვედრები შეწყდა. ახლა ძალიან ბევრი რამ დამოკიდებულია იმაზე, ეს ომი რამდენ ხანს გასტანს და როგორი შედეგით დასრულდება 2024 წლის პრეზიდენტის არჩევნები ამერიკაში, ვინ გაიმარჯვებს, პირობითად ვამბობ, "ომის" პარტია თუ "მშვიდობის"? არცთუ დიდი ხნის წინ კი უკრაინის პრეზიდენტმა ისეთი განცხადებებიც გააკეთა, რომ ეს ომი შესაძლოა 2023 წლის ბოლოს დასრულდეს კიდეცო. ღმერთმა ქნას, ასე მოხდეს, ადამიანები აღარ იხოცებოდნენ და პოლიტიკოსები დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან, მაგრამ მოხდება კი ასე? ძალიან ძნელია თქმა. რაც შეეხება დასავლეთის ომში უშუალო ჩართვას, მაშინ ეს იქნება ნატოს ჩართვა და რეალურად მესამე მსოფლიო ომი, რა დროსაც რუსეთი აუცილებლად გამოიყენებს ბირთვულ იარაღს. ამიტომაც დასავლეთს სხვა რა დარჩენია, გარდა იმისა, რომ უკრაინას დაეხმაროს და მისცეს იარაღი. თავიდანვე კი იმიტომ არ მისცა, რომ მათი საწყობები გავსებული იყო 50-80-იან წლებში წარმოებული იარაღით, თავიდან ის უნდა "გასაღებულიყო". ამიტომ იარაღის პირველი პარტიები იყო მოძველებული იარაღი. ახლა საწყობები შესავსებია და დადგა თანამედროვე იარაღის მიცემის დრო. დასავლეთი სულ უფრო და უფრო სერიოზულ იარაღს აწვდის კიევს. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ ვართ ბირთვული ომის საფრთხის წინაშე და ეს რეალობაა. არ არის ადვილად პროგნოზირებადი კრემლი. ამ შემთხვევაში მხოლოდ პუტინს არ ვგულისხმობ. ყოველთვის არის საფრთხე, რომ მოსკოვმა გამოიყენოს ბირთვული იარაღი, თუნდაც ტაქტიკური, რასაც აუცილებლად მოჰყვება უკურეაქცია, რაც არავისთვის არ იქნება კარგი.
რუსა მაჩაიძე