რატომ გააძვირეს ბანკებმა სესხი
აგვისტოს ბოლოს "ფორბსმა" გამოაქვეყნა კვლევა საბანკო სესხების პროცენტების მაჩვენებლების შესახებ, რომელიც მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებს ეყრდნობა. მასალაში გამოყვანილია სესხების საშუალო პროცენტული მაჩვენებლები და გაკეთებულია დასკვნა, რომ ამ მაჩვენებლით 2022 წლის ბოლოსთვის საქართველო საბანკო სესხის სიძვირით მსოფლიოში 36-ე ადგილზეა 152 ქვეყანას შორის. კონკრეტულად, მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, 2022 წლის ბოლოს საქართველოში გაცემულ სესხებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 13,7% იყო. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციითაც, 2022 წლის ბოლოს საქართველოში სესხის საშუალო წლიური საბაზრო განაკვეთი 13,14% იყო. საქართველოში საპროცენტო განაკვეთი მნიშვნელოვნად განსხვავდება იმის მიხედვით, თუ რომელ ვალუტაშია სესხი გაცემული. 2022 წლის ბოლოს ლარში გაცემულ სესხებზე განაკვეთი 16,2% იყო, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემულებზე - 8,6%. თუმცა პრობლემა ის არის, რომ ბოლო თვეებში ეს მაჩვენებლები უფრო გაიზარდა და აგვისტოში ქართულ ბანკებში სამომხმარებლო სესხის აღება წლიურად 16-18%-მდე იყო შესაძლებელი. რამ განაპირობა საბანკო პროცენტის გაზრდა, როგორ ანგარიშობენ ბანკები პროცენტს და არის თუ არა შანსი, რომ საქართველოში სესხები უფრო იაფი გვიჯდებოდეს, ამ საკითხებზე ფინანსისტ ზვიად ხორგუაშვილს ვესაუბრეთ:
- ბანკის სესხი არის ნებისმიერი სხვა პროდუქტის მსგავსი. წარმოვიდგინოთ ასეთი რამ - ადამიანი ბინას ქირაობს, იხდის ქირას და საბოლოოდ კი ბინას მეპატრონეს უბრუნებს. სესხიც ანალოგიურია - ქირაობს რაღაც ოდენობით ფულს, იხდის ამაში ქირას, ანუ ბანკის პროცენტს, და შემდეგ ამ ფულს აბრუნებს. სხვადასხვანაირი გადახდაა, მაგრამ ლოგიკა ის არის, რომ ფული ისეთივე აქტივია, როგორიც სახლი, მანქანა და ა.შ., ნებისმიერი რამის დაქირავება ფული ღირს. როგორ დგება ეს პროცენტი: ბანკი პირველ რიგში უყურებს რისკებს, რადგან ის ამ ფულს, თავის აქტივს რისკავს, რომ შესაძლოა აღარ დაუბრუნონ და აქტივი დაკარგოს. მეორე მომენტია, რომ მოთხოვნა ადგენს ფასს - ანუ თუ მოთხოვნა დიდია, მაშინ ძვირდება. იგივე მოხდა ბინებზე - ვნახეთ, როცა მოთხოვნა გაიზარდა რუსებისა და ბელარუსების შემოსვლის გამო, როგორ გაიზარდა ფასი. ანალოგიურად არის აქაც - თუ ბევრ მოქალაქეს სურს სესხის აღება, პროცენტიც იმატებს. მესამე მომენტია მიწოდება: თუ ბაზარს ბევრი ფული მიეწოდება, სესხის პროცენტები იკლებს და პირიქით, ოღონდ მიწოდებაცა და მოთხოვნაც დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მდიდრდება ქვეყანა. თუ ქვეყანა არ მდიდრდება, შესაბამისად, მოთხოვნაც ნაკლებია და მიწოდებაც - რომ შევაჯამოთ, ბანკის პროცენტი არის ხარჯებს დამატებული მარჟა, ამ მარჟას კი სესხზე მოთხოვნა განსაზღვრავს.
საქართველოში, ცხადია, პროცენტი უფრო მაღალია განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით და ჩვენ მათ არც უნდა ვედარებოდეთ, არ არის გამართლებული საქართველოს ევროპის და საერთოდ, განვითარებულ ქვეყნებთან შედარება. ჯერ ერთი, ეს ქვეყნები უფრო მდიდარია და მეორე, ჩვენთან გაცილებით მეტია რისკი ბევრი ფაქტორის გამო. მაღალ პროცენტს, სამწუხაროდ, უფრო ზრდის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკა. მაგალითად, რამდენიმე წლის წინ, როდესაც ხელისუფლება ლარიზაციის პროცესს იწყებდა, დოლარში სესხი იყო 5-6%-ში, ევროში - 4%-ში. ახლა ეს პროცენტები გაორმაგებულია, რაც ნიშნავს, რომ მოსახლეობას სესხები გაუძვირეს დოლარშიც, ევროშიც და შესაბამისად, ლარშიც, რადგან როცა დოლარსა და ევროში ვერ იღებს, იზრდება მოთხოვნა სესხზე ლარში და შესაბამისად, გაზრდილი მოთხოვნის გამო იზრდება პროცენტიც. დოლარსა და ევროში კი, როგორც იცით, გამკაცრებული პოლიტიკის გამო სესხს ვერ იღებს მოსახლეობა, ვგულისხმობ სესხის 200.000-იან ზღვარს, რომლის ქვემოთ სესხს ევროსა და დოლარში, უბრალოდ, ვერ აიღებ. ამის გამო ბუნებრივად გაიზარდა მოთხოვნა ლარში სესხზე, რამაც, ერთი მხრივ, სესხის პროცენტი გააძვირა და მეორე მხრივ, სესხების რაოდენობა გაზარდა. ამას დაემატა მსოფლიოში მიმდინარე ამბები, კოვიდპანდემია, რუსეთ-უკრაინის ომი - ყველა ეს ფაქტორი სესხებსა და სესხის პროცენტებზე მოქმედებს.
- გასაგებია, რომ ჩვენ მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე გავლენას ვერ მოვახდენთ, მაგრამ ქვეყანაში თუ არის რესურსი, რომ პროცენტები შემცირდეს?
- როგორც გითხარით, სესხზე პროცენტი მნიშვნელოვნად გაზარდა რეგულაციების შემოღებამ. შესაბამისად, შემცირებისთვის პირველ რიგში დერეგულაცია უნდა მოხდეს. ამისთვის ე.წ. ლარიზაციაზე უნდა ვთქვათ უარი, რაც ნიშნავს ლარიზაციისთვის დაწესებული ყველა რეგულაციის უკან წაღებას. ასევე აუცილებელია შემცირდეს სარეზერვო განაკვეთები. ეს არის რაღაც პროცენტი, რომელიც ბანკს ავალდებულებს, ვთქვათ, ყოველი 100 ლარიდან 5 ლარი დაარეზერვოს, ანუ ხელი არ ახლოს. დოლარსა და ევროში ეს ხუთჯერ მეტია. ეს განაკვეთები უნდა შემცირდეს ანუ ბანკებს მეტის გაცემის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ. ამით პროცენტები აუცილებლად შემცირდება. კიდევ ერთი - ლარის პროცენტს ძალიან დაარტყა იმანაც, რომ დაერივნენ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს. კი, გასაგებია, რომ ნამდვილად მაღალ პროცენტებში გასცემდნენ სესხებს, მაგრამ ფაქტია, იმ წელს, როდესაც მათ დაერივნენ, ბაზრიდან 1 მილიარდი ლარი აორთქლდა. აორთქლდა ნიშნავს, რომ იატაკქვეშეთში გადაინაცვლა და მისი ადმინისტრირება აღარ ხდება, იატაკქვეშეთში კი მომხმარებლისთვის უარესი პირობები და უარესი რისკებია.
- ბოლო დროს რა მოხდა ისეთი, რამაც პროცენტი ობიექტურად გაზარდა?
- ბოლო თვეებში არ არის მკვეთრი ზრდა. სესხების ტიპების მიხედვით რომ ჩავშალოთ, ვნახავთ, რომ რაღაცებზე გაზრდილია, რაღაცებზე კი შემცირებულია და საერთო ჯამში ბოლო თვეებში მკვეთრი ზრდა არ არის. ამასთან, ბოლო ორ-სამ თვეში მთავრობამ რეფინანსირების განაკვეთი შეამცირა და მოსახლეობის ნაწილმა ბანკებს პროცენტი შეამცირებინა. აქვე ვიტყვი, როდესაც რეფინანსირების განაკვეთი მცირდება, მოსახლეობას შეუძლია ბანკს პროცენტი შეამცირებინოს.
- მოსახლეობა ყოველთვის უკმაყოფილოა ბანკებით და ახლაც ასეა. ეს უკმაყოფილება არ არის საფუძვლიანი და პროცენტი უფრო დაბალი ვერ იქნება?
- ბანკები არც ერთ ქვეყანაში არავის არ უყვარს, ისევე როგორც კბილის ექიმი არ უყვარს არც ერთ ბავშვს. მაღალი პროცენტები განპირობებულია იმით, რომ მთავრობამ ბევრი ისეთი არასაჭირო რეგულაცია მიიღო, ერთი მხრივ, ბანკებს მოგება მკვეთრად გაეზარდათ და ამავე დროს, პროცენტებიც გაზარდეს. იმდენად უცნაური პოლიტიკა გვაქვს, რომ ბანკებს, ერთი მხრივ, ფულს აყრიან, საპენსიო ფონდიდანაც 3 მილიონ ლარზე მეტი ამ ბანკებში ჩაასხეს. ამავე დროს რეფინანსირებით ძალიან ბევრ ფულს აძლევენ, ამ მხრივ მილიარდობით ლარზეა ლაპარაკი და მეორე მხრივ, ზრდიან რეფინანსირების განაკვეთებს, რომელიც პირდაპირ აისახება მოსახლეობის პროცენტებზე და სესხები უძვირდებათ - ანუ ეს ხელისუფლების პოლიტიკას უკავშირდება. ის, რომ ბანკები "თავს არიან გასული", როგორც მოსახლეობა ამბობს, ამისთვის პასუხი პირველ რიგში იმას უნდა მოვთხოვოთ, ვინც თამაშის წესებს ადგენს, ანუ ხელისუფლებას.
- ამ მოცემულობაში აქვთ ბანკებს რესურსი, რომ მაგალითად, 16-18%-ის ნაცვლად, რაც ახლა არის, იყოს თუნდაც 14-16%? ასეთი შემცირების რესურსი თუ აქვთ?
- როგორც გითხარით, ბანკი მოქმედებს იმ თამაშის წესებით, რასაც ხელისუფლება უწესებს. ამიტომ პროცენტის შემცირებაზე ლაპარაკი არარეალურია. პროცენტის დასაწევად გამოსავალი შემდეგშია - საერთოდ გასაუქმებელია რეფინანსირების სესხები, ხელისუფლებამ შიდა ვალზე უარი უნდა თქვას - ანუ ცენტრალურმა ბანკმა უნდა აჩვენოს, რომ ის დამოუკიდებელი სტრუქტურაა და მთავრობას არ უნდა მისცეს საშუალება ძალიან დიდი ოდენობით აიღოს შიდა ვალი და მერე ეს ახალი ფული მოხვდეს ბაზარზე. ამასთან, როგორც გითხარით, სარეზერვო მოთხოვნები შესამცირებელია, მათ შორის უცხოურ ვალუტაში, და მესამე, ყველა რეგულაცია, რაც ლარიზაციისთვის მიიღეს, უკან უნდა წაიღონ. მეოთხეა ბანკის შესაქმნელად დაწესებული რეგულაციების გამარტივება, რათა კარგ უცხოურ ბანკებს საქართველოში შემოსვლის სტიმული გაუჩნდეთ. ლაპარაკია ისეთ ბანკებზე, რომლებსაც თავიანთ ქვეყნებში დაბალი პროცენტები აქვთ, ფულის ძალიან დიდ რეზერვს ფლობენ და შეუძლიათ დაბალ პროცენტში გაასესხონ. ეს კი შექმნის კონკურენციის პირობებს და ქართულ ბანკებს აიძულებს პროცენტები დაწიონ. მოკლედ რომ ვთქვათ, გამოსავალი არის ბაზრის გახსნა და რეგულაციების მოხსნა.
რუსა მაჩაიძე