"ფეისბუკის" გარეშე ჩემი ცხოვრება უკვე ვერ წარმომიდგენია... თუ ისეთი რამე დავწერე, რომ არ მოეწონათ, ჩემი შვილიშვილი მირეკავს და მეკაპასება, მაგრამ პოსტს არ ვშლი"
ვისაც სოციალურ ქსელთან აქტიური კავშირი აქვს, შეუძლებელია არ იცოდეს, ვინ არის ლამარა აბჟანდაძე. 93 წლის ბლოგერი მსოფლიოში, ალბათ, ერთ-ერთი უხუცესი ადამიანია, რომელსაც სოციალურ ქსელში რამდენიმე ათასი ფოლოუერი ჰყავს. მისი აზრი ყოველთვის საყურადღებოა როგორც საზოგადოებისთვის, ისე მედიისთვის. როგორი იყო ლამარა აბჟანდაძის ცხოვრება ბლოგერობამდე და როგორ შეიცვალა მას შემდეგ, ქალბატონ ლამარასთან ინტერვიუდან შეიტყობთ:
- მოგვიყევით თქვენზე, როგორი იყო ბავშვობისა და ახალგაზრდობის წლები?
- დავიბადე 1930 წლის 10 ოქტომბერს. ბავშვობა თერჯოლის რაიონის სოფელ ზემო სიმონეთში გავატარე. ხომ იცით, 30-იან წლებში ყველა შიშში ცხოვრობდა, რეპრესიები იყო, ფაქტობრივად, ბავშვობა არც მქონია. მამა ტყიბულის რადიოში მუშაობდა და სულ რამდენიმე დღით გამოასწრო, მისი ყველა ამხანაგი დახვრიტეს. მერე დაიწყო ომი, ბავშვები და მოხუცები შიმშილით იხოცებოდნენ. დიდი გაჭირვება გამოვიარეთ. ცოტა ამოვისუნთქეთ, როცა ომი დამთავრდა. 1947 წელს სკოლა მედალზე დავამთავრე და უნივერსიტეტში უგამოცდოდ ჩავირიცხე მათემატიკურ ფაკულტეტზე და მაშინდელ დროში გმირობა ჩავიდინე, იმ წელსვე დავტოვე კომკავშირი. ამის გამო ლექტორები ჩასაფრებული იყვნენ... უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სოფელში დავბრუნდი და სკოლაში დავიწყე მუშაობა. საბჭოთა პერიოდი ბავშვებმა გადამატანინეს, ისე ვუყვარდი ყველაც, ახლაც კი მეხმიანება ბევრი. დირექტორი მომცემდა ხოლმე რომელიმე ყრილობის გადაწყვეტილებას, რომელიც მოსწავლეებისთვის უნდა გამეცნო, მე კი ამოვდებდი ჟურნალის ქვემოთ და ბავშვებს არ ვუკითხავდი. 28 წელი ვიმუშავე სკოლაში, პენსიაზე გასვლამდე. შემდეგ ჩემს შვილებთან წამოვედი თბილისში, ვერ გავჩერდი სოფელში მარტო.
- როდის მიხვდით, რომ საბჭოთა იდეოლოგიას არ იზიარებდით?
- სულ ასე იყო, ალბათ, ეს ოჯახიდან მოდის. დედაჩემის ბაბუა რუსეთის ჯარს საკვებით ამარაგებდა. დედა ძმასა და დედასთან ერთად სოხუმში ცხოვრობდა. ჩემი დიდი ბაბუის გარდაცვალების შემდეგ დედას ოჯახი ბოლშევიკებმა გაძარცვეს, ამიტომ დედას არ უყვარდა ბოლშევიკები, მუდამ აკრიტიკებდა, მენშევიკების მხარეს იყო. ალბათ, ამან განაპირობა, რომ კრიტიკულად აზროვნება ვისწავლე და რაღაცებს სხვა თვალით შევხედე. თუმცა რომ გითხრათ, ყველას გასაგონად გამოვთქვამდი აზრს-მეთქი, ეგრე არ იყო, ვერ იტყოდი, მაშინვე დაგაპატიმრებდნენ.
- როდიდან დაიწყო თქვენი სოციალური ცხოვრება?
- ჩემი ქალიშვილი გურიაში არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობდა. მეც ხშირად დავდიოდი იქ. როცა სამსახურში იყო, მე მარტო ვიყავი სახლში. ერთ დღესაც მითხრა, გაგიკეთებ "ფეისბუკს" და აღარ მოგწყინდებაო. ეს იყო 5-6 წლის წინ. მალევე დავწერე პოსტი - გია კორკოტაშვილი გავლანძღე. ვერ მოვითმინე, დავწერე, რომ თანამედროვე ახალგაზრდობა ასე არ უნდა იქცეოდეს, სირცხვილია. ისეთი გამოხმაურება მოჰყვა, კინაღამ ჩამქოლეს ტროლებმა. მეორე პოსტი უარესი დავწერე და რომ არ შევუშინდი, დამანებეს თავი.
- იფიქრებდით, რომ ამხელა გამოხმაურება მოჰყვებოდა თქვენს პოსტებს და ასეთ პოპულარობას მოიპოვებდით?
- ნამდვილად არ ველოდი, ვწერდი გულწრფელად, რისიც მწამდა და მაღელვებდა. მკაცრ პოსტებსაც ვწერდი იმ თემებზე, რაც ძალიან მიუღებელი იყო ჩემთვის.
- როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება ბლოგერ ლამაზა აბჟანდაძის შექმნის შემდეგ?
- ძალიან მსიამოვნებს, ქუჩაში რომ მცნობენ. დიდ სიყვარულს ვიღებ. რაც მთავარია, ოჯახს მოსწონს ჩემი ბლოგერობა, გვერდით მიდგანან და მეთანხმებიან. განსხვავებული ორიენტაციის ადამიანებს რომ გამოვექომაგე, ჩემს შვილიშვილებს განსაკუთრებით ეგ მოეწონათ. თუ ისეთი რამე დავწერე, რომ არ მოეწონათ, ჩემი შვილიშვილი გოგონა მირეკავს და მეკაპასება. ასეთ დროს პოსტს არ ვშლი, თუმცა კომენტარებს ვამატებ ხოლმე. თუმცა ეგეთი შემთხვევა ერთი-ორი იყო, უმეტესად მეთანხმებიან ხოლმე.
- გარდა იმისა, რომ ბლოგერი ხართ, კიდევ რით ხართ დაკავებული, როგორია თქვენი ყოველდღიურობა?
- ყვავილებს ვუვლი, ძალიან ბევრი ყვავილი მაქვს, კერვაც მიყვარს. თუმცა მეტ დროს კომპიუტერთან ვატარებ. ამის გარეშე ჩემი ცხოვრება უკვე ვერ წარმომიდგენია. "ფეისბუკის" გარდა, აქტიურად ვიყენებ ინტერნეტს, ყველა სიახლეს ვიგებ.
- ხშირად წერთ პოლიტიკური ცხოვრების შესახებ, ხართ ლიბერალი. მინდა გკითხოთ თაობათა შორის სხვაობებზეც.
- დიდი განსხვავებაა წინა თაობებსა და ამ თაობას შორის. მაშინ დიდი შიში იყო, მშობლები დაშინებული იყვნენ და შვილებსაც თრგუნავდნენ, რათა საკუთარი აზრი არ გამოეთქვათ. ახლანდელი თაობა განსაკუთრებით გაბედულია, თავისუფლება უყვართ, მეტი სიხალისე აქვთ. ხომ ხედავთ, როგორ დაიცვეს საკუთარი პოზიცია რუსული კანონის წინააღმდეგ.
- რა არის ცხოვრებაში მთავარი? რას ურჩევთ ახალგაზრდებს?
- მთავარია, არ დაკარგო ღირსება, მით უმეტეს, ახალგაზრდამ. უნდა იცხოვრო სიყვარულით, იყავით ლაღები, ნევრიულობის გარეშე არ არსებობს ადამიანი, მაგრამ ყველაფერს არ უნდა გადაჰყვე. ჯანსაღი ცხოვრების წესი უნდა დაიცვა, დაწყებული კვებით და დამთავრებული იდეოლოგიით. ყველაფერს აქვს მნიშვნელობა.
სოფო კაჭარავა