რას გულისხმობს „იარაღის შესახებ“ კანონში ცვლილება
გაზეთ "კვირის პალიტრაში" გრძელდება სამოქალაქო საკითხებზე კითხვების გამოგზავნა. ჩვენი ერთგული მკითხველების შეკითხვებს პასუხს გასცემს ადმინისტრაციულ, სამოქალაქო საქმეთა და ბავშვთა უფლებებში სპეციალიზებული ადვოკატი ნუგბარა როსტიაშვილი.
- როგორც შევიტყვე, "იარაღის შესახებ" კანონში ცვლილება შევიდა. იქნებ განგვიმარტოთ, რა წესი შეიცვალა? გამოცდა ჩაბარებული მაქვს და იარაღიც ოფიციალურად გაფორმებული.
- იარაღის დარეგისტრირების მსურველი რეგისტრაციის პროცედურის გავლას მხოლოდ გამოცდის წარმატებით გავლის შემთხვევაში შეძლებს. 2015 წლის 1-ლი ნოემბრიდან აუცილებელია იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდის ჩაბარება. საგამოცდო ბილეთები საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით არის შედგენილი და იარაღის დარეგისტრირების მსურველი შს სამინისტროს მომსახურების სააგენტოში გამოცდას აბარებს. რა სახის იარაღის შეძენაც სურს პირს, მისი შესაბამისი გამოცდა უნდა ჩააბაროს. მაგალითად,D თუ სურს თავდაცვითი იარაღის შეძენა, ამ საკითხებზე შედგენილ საგამოცდო ბილეთებს უნდა გასცეს პასუხი; თუ სანადირო იარაღის შეძენა სურს, მაშინ შესაბამის ბილეთებს გასცემს პასუხს. ბარდება სამი სახის გამოცდა: გამოცდა თავდაცვის მოკლე ცეცხლსასროლი იარაღისა და გაზის (აირის) იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში; გამოცდა სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაა და გამოცდა სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში. საგამოცდო ტესტი 15 კითხვისგან შედგება და გამოცდა ჩაბარებულად ითვლება, თუკი 13 სწორი პასუხის გაცემას შეძლებთ. თეორიული გამოცდის ჩასაბარებლად პირს 20 წუთი ეძლევა. გამოცდაზე გასასვლელად მოქალაქემ უნდა წარადგინოს: ცნობა ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ; პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
2023 წლის 1-ლი აგვისტოდან "იარაღის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილება შევიდა. მიღებული ცვლილებების მიხედვით, იარაღის სახეებად დაყოფის ერთ-ერთ კრიტერიუმად განისაზღვრა იარაღის საერთო სიგრძე. შესაბამისად, იარაღები სიგრძის მიხედვით დაიყო მოკლე და გრძელ იარაღებად. მოკლე იარაღად მიჩნეულია პისტოლეტი, რევოლვერი ან იარაღი, რომლის საერთო სიგრძე 55 სმ-ს არ აღემატება. სანადირო ხრახნილლულიანი (მათ შორის, კომბინირებული) ცეცხლსასროლი იარაღის მესაკუთრე ვალდებულია 2023 წლის 1-ლი აგვისტოდან 2024 წლის 1-ლ თებერვლამდე ბალისტიკური შემოწმების მიზნით მომსახურების სააგენტოში წარადგინოს 2023 წლის 1-ლ აგვისტომდე მის სახელზე რეგისტრირებული სანადირო ხრახნილლულიანი (მათ შორის, კომბინირებული) ცეცხლსასროლი იარაღი, აღნიშნული იარაღის ყველა ის რეგისტრირებული დამატებითი ძირითადი ელემენტი, რომლებიც იარაღზე კონსტრუქციულად დამაგრების შემთხვევაში ცვლის ამ იარაღის საერთო სიგრძეს ან გავლენას ახდენს მის მიერ კვალწარმოქმნაზე, და შესაბამისი ტიპისა და კალიბრის არანაკლებ 6 ვაზნა იარაღის ექსპერიმენტული გასროლისთვის, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. აღნიშნული პირები ბალისტიკური შემოწმებისთვის დაწესებული საფასურისგან თავისუფლდებიან. იმ შემთხვევაში, თუ შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ იარაღი მიეკუთვნება მოკლე იარაღს, მოექცევა თავდაცვის კატეგორიაში და საჭიროა მისი ხელახალი რეგისტრაცია შენახვის უფლებით. კატეგორიის ცვლილებისას, გარდა მომსახურების საფასურისა, მფლობელი ასევე თავისუფლდება შესაბამისი კატეგორიის გამოცდის ჩაბარების ვალდებულებისგან. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობა იწვევს იარაღის მესაკუთრისთვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით პასუხისმგებლობის დაკისრებას, მათ შორის, მის გაფრთხილებას აღნიშნული ვალდებულების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში შესრულების შესახებ, ხოლო ვალდებულების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვა, რეგისტრაცია და რეგისტრაციის შედეგად გაცემული იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა იურიდიული ძალის არმქონედ მიიჩნევა. 2024 წლის 1-ლ თებერვლამდე დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთის ან/და სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის მფლობელი იურიდიული პირი/ინდივიდუალური მეწარმე; ფედერაცია; სპორტული ორგანიზაცია და ის იურიდიული პირები, რომლებიც ეწევიან სარეწაო, სამოყვარულო-სპორტულ ან სამეცნიერო ნადირობას, ან აღნიშნული პროფილით ეწევიან ტურისტულ მომსახურებას, ვალდებული არიან მის საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული იარაღი მომსახურების სააგენტოში გაატარონ რეგისტრაციაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობა იწვევს იურიდიული პირისთვის/ინდივიდუალური მეწარმისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ კანონში შესული ცვლილებების შედეგად კანონით განსაზღვრულ იურიდიულ პირებსა და ინდივიდუალურ მეწარმეებს დაევალათ შეძენილი იარაღის 10 სამუშაო დღეში რეგისტრაციის ვალდებულება, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. აღსანიშნავია, რომ მიღებული კანონით რეგისტრირებული იარაღის მესაკუთრეს მიენიჭება უფლება, ყოველგვარი ნებართვისა და დროებითი მოწმობის გარეშე გადაიტანოს ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ან გაზის (აირის) იარაღის 300 ვაზნამდე (ნაცვლად 50 ვაზნისა). ცვლილება ეხება ასევე სპორტულ იარაღებს. ფიზიკურ პირს უფლება ექნება მომსახურების სააგენტოს გაცემული იარაღის დროებითი მოწმობის საფუძველზე სპორტულ სროლაში საკვალიფიკაციო ნორმატივების შესრულების, შეჯიბრებაში მონაწილეობისა და შეკეთების მიზნით გადაიტანოს სპორტული მოკლე ცეცხლსასროლი იარაღი და სპორტული მოკლე პნევმატური იარაღი.
როგორ გავიფორმოთ მემკვიდრეობა და რა მიიჩნევა განქორწინების დამაბრკოლებელ გარემოებად
- მოგესალმებით, რა საბუთებია საჭირო იმისთვის, რომ გარდაცვლილი ოჯახის წევრის კუთვნილი მანქანა ჩემს სახელზე გადავიფორმო?
- მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის გარდაცვალების შემთხვევაში მემკვიდრეს შეუძლია სატრანსპორტო საშუალება გაიფორმოს თავის სახელზე. ამისთვის საჭიროა ნოტარიუსის გაცემული სამკვიდრო ცნობა, რომელიც გაიცემა პირის გარდაცვალებიდან 6 თვეში. იმ შემთხვევაში, თუ მესაკუთრის გარდაცვალებიდან უკვე გასულია 6 თვე და მემკვიდრეს ნოტარიუსისთვის სამკვიდროს გახსნაზე არ მიუმართავს, ფაქტობრივად კი ნივთს ფლობს, მან ჯერ ნოტარიუსს უნდა მიმართოს. ნოტარიუსი განუმარტავს, რომ პირის გარდაცვალებიდან 6-თვიანი ვადა გასულია, ამიტომ მოუწევს სასამართლოში წასვლა, რათა იქ ნივთის ფაქტობრივი ფლობა დაამტკიცოს. როდესაც სასამართლო დაადგენს მფლობელობას, შემდეგ ამ დოკუმენტის საფუძველზე ნოტარიუსი გასცემს სამკვიდროს. მნიშვნელოვანია ყველამ გაითვალისწინოს, რომ ოჯახის წევრის გარდაცვალებიდან 6 თვის განმავლობაში აუცილებელია მემკვიდრემ განცხადებით მიმართოს ნოტარიუსს, რომელსაც სამკვიდროს გახსნაზე მასალების შესწავლისთვის შეიძლება ერთი წელიც დასჭირდეს, მაგრამ მთავარია, თქვენ მიმართული გქონდეთ კანონით დადგენილ ვადაში. ასეთ შემთხვევაში არ მოგიწევთ სასამართლოსთვის მიმართვა. რაც შეეხება ახალ მესაკუთრეზე მანქანის გადაფორმებას, უნდა მიმართოთ მომსახურების სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურს, ადგილზე უნდა შეავსოთ განცხადება და წარადგინოთ შემდეგი დოკუმენტები: სამკვიდრო მოწმობა; მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობა; დათვალიერების აქტი; პირადობის მოწმობა; კანონით განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
- მოგესალმებით, ჩემი ყოფილი მეუღლე არ იმყოფება საქართველოში, ოფიციალურად არა ვართ განქორწინებული. ვაპირებ ახალი ოჯახის შექმნას, სასამართლოს გარეშე ვერ შევძლებ განქორწინებას?
- თუკი თქვენ ადრე იყავით დაქორწინებული და არა ხართ ოფიციალურად განქორწინებული, ეს გარემოება ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებაა. ხშირად მოგვმართავენ წყვილები ამ პრობლემით, რადგან ერთ-ერთი სხვასთან იმყოფება ქორწინებაში, იმ სხვას კი არ სურს განქორწინება. ან როდესაც უცნობია მოპასუხის ადგილსამყოფელი და პირადი მონაცემები, ამ შემთხვევაში განქორწინება რთულ და ხანგრძლივ პერიოდს მოიცავს. კანონში ცალსახად ხაზგასმულია, რომ ორცოლიანობა აკრძალულია და აუცილებელია ყოფილ მეუღლესთან ოფიციალურად განქორწინება. ეს საკითხი მარტივად მოგვარდება მაშინ, თუკი ორივე მხარე თანახმაა განქორწინებაზე. ასეთ დროს განქორწინება სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში ხდება, ორივე მხარე მიდის და აწერს ხელს განქორწინებას, ხოლო თუკი რომელიმე მხარე უარს ამბობს განქორწინებაზე, მაშინ განქორწინების მსურველმა მხარემ უნდა მიმართოს სასამართლოს. აქვე განვმარტავ - ქორწინების დამაბრკოლებელ გარემოებას ასევე წარმოადგენს ნათესაური კავშირის არსებობა. მხარეები არ უნდა იყვნენ ერთმანეთის პირდაპირი, აღმავალი ან დაღმავალი შტოს ნათესავები, ბიოლოგიური ან არაბიოლოგიური და და-ძმა, ასევე ნაშვილები და მშვილებელი.
კანონი ასევე იცნობს განქორწინების დაუშვებლობას იმ შემთხვევაში, როდესაც ცოლი ორსულადაა ან ბავშვს ჯერ არ შესრულებია ერთი წელი. ასეთ დროს ქმარს არა აქვს უფლება ცოლის თანხმობის გარეშე აღძრას საქმე განქორწინებაზე. თუკი მაინც შეიტანს სარჩელს სასამართლოში, სასამართლო უარს ეტყვის განქორწინებაზე. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი დაუშვებლობის არსებობისას, როდესაც ქმარს ცოლის თანხმობის გარეშე მიუმართავს სასამართლოსთვის, ცოლსაც უცნია შემდგომ სარჩელი იმ საფუძვლით, რომ ქორწინების აღდგენის პერსპექტივას ვერც ცოლი ხედავდა. განქორწინება სასამართლო წესით, ძირითადად, იმ დროს ხდება, თუ ერთ-ერთი მეუღლე თანახმა არ არის განქორწინებაზე, ან ქონების გაყოფის საკითხზე თუ აქვთ დავა და თვლიან, რომ სასამართლოს გზით ამის მოგვარება უკეთესია. ასეთ დროს სასამართლო ვალდებულია განიხილოს მეუღლეთა ქონების გაყოფის საკითხიც. გაიყოფა ის ქონება, რომელიც წარმოადგენს მეუღლეთა საერთო საკუთრებას. საერთო საკუთრება კი არის ის ქონება, რომელიც მეუღლეთა მიერ შეძენილია ქორწინების შემდგომ პერიოდში. მაგალითად, თუ ქორწინების პერიოდში ერთ-ერთ მეუღლეს აჩუქეს ან მემკვიდრეობით გადასცეს რაიმე სახის ქონება, ეს ქონება განქორწინების დროს არ იყოფა, მაგრამ თუ ერთად თანაცხოვრების პერიოდში შეიძინეს ბინა, ეს ქონება აუცილებლად გაიყოფა. რომ გაგიადვილდეთ განქორწინების პროცედურა, უმჯობესია დაუკავშირდეთ ყოფილ მეუღლეს, დაითანხმოთ ის განქორწინებაზე და ორივეს თანხმობის შემთხვევაში ეს სწრაფად მოგვარდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოგიწევთ მიმართოთ სასამართლოს.