ქართულ მოიერიშეებსა და შვეულმფრენებს თბილისშივე ვარემონტებთ... - კვირის პალიტრა

ქართულ მოიერიშეებსა და შვეულმფრენებს თბილისშივე ვარემონტებთ...

რუსეთ-უკრაინის ომი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ "გრძელი მუშტის" ანუ შორ მანძილზე საცეცხლე ზემოქმედება ხშირად გადამწყვეტ როლს თამაშობს არა მარტო კონკრეტული ბრძოლის, არამედ თვით ომის საბოლოო შედეგზეც.

ამ ომში გამოიყენება 500-1000 კმ-ზე და უფრო შორ მანძილზე მოქმედი ოპერატიულ-ტაქტიკური და თვით სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო, საავიაციო და დრონების სისტემები, რაც, ერთი მხრივ, რუსეთის საოკუპაციო ძალებს საშუალებას აძლევს საჰაერო დარტყმები მიაყენოს უკრაინის უკიდურეს დასავლეთ ნაწილსაც, ხოლო უკრაინელებს კი დაბომბონ საზღვრიდან 600-700 კმ-ის სიღრმეში მდებარე რუსული სამხედრო აეროდრომები.

საქართველოს თავდაცვის ძალები ვერ დაიტრაბახებს მის არსენალში ოპერატიულ-ტაქტიკურ სიღრმეში, ვთქვათ, 300 კმ-ზე მფრენი რაკეტებით, ჩვენი მაქსიმალური "რეკორდი" მხოლოდ... 45 კმ-ით შემოიფარგლება - სწორედ ამ სიშორეზე თუ მიფრინავენ ჯერ კიდევ აგვისტოს ომამდე ნაყიდი Lar-160 ტიპის უმართავი რაკეტები.

არადა, ჩვენმა კარის მეზობლებმა ამ მხრივ დიდი ხანია გაგვისწრეს - სომხეთის შეიარაღებაში 120 კმ-ზე მოქმედი ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსები Точка-У და თვით Искандер-М-იცაა, რომელსაც 500 კმ-ზე მიღწევაც კი შეუძლია, ხოლო აზერბაიჯანის არმიის განკარგულებაშია ბელარუს-ჩინური წარმოების 300 კმ რადიუსის მქონე სარაკეტო Полонез-ები და ისრაელის წარმოების LOღA, რომლის რაკეტა 430 კმ-შიც კი დიდი სიზუსტით ხვდება მიზანს.

აღარაფერს ვამბობთ რუსეთის საოკუპაციო ძალების ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში დისლოცირებული სამხედრო ბაზებიდან სარაკეტო დარტყმების შესაძლებლობებზე, კრემლს ერთ დღეში შეუძლია გადაისროლოს Искандер-М-ის სარაკეტო დანადგარები, თუმცა ეს არც სჭირდება, რადგან ჩრდილო კავკასიიდან გაშვებული "ისკანდერის" აერობალისტიკური რაკეტა 500 კმ-ის რადიუსში ისედაც ფარავს საქართველოს ნებისმიერ წერტილს.

მცირედით მაინც სიტუაციის გამოსწორება, რათა ნებისმიერმა სავარაუდო მოწინააღმდეგემ იცოდეს, რომ უკიდურეს შემთხვევაში მათ მაინც მისწვდება ქართული რაკეტა, შეიძლებოდა ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების სარაკეტო კომპლექსების შეძენით, მაგრამ ეს დღეს რუსეთ-უკრაინის ომის გამო წარმოუდგენელია.

ამ ეტაპზე გვრჩება მხოლოდ ერთი რეალური შანსი - საბრძოლო მდგომარეობაში გვყავდეს ის საშუალებები, რომლებსაც საცეცხლე დარტყმის მიყენება სავარაუდო მოწინააღმდეგის ზურგში 200-300 კმ-ის სიღრმეში მაინც შეეძლებათ.

ასეთი კი საბრძოლო ავიაციაა, კერძოდ, Cy-25 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავები და Mи-24 ტიპის დამრტყმელი შვეულმფრენები, რომლებიც ჯერ კიდევ შემოგვრჩა აფხაზეთისა და აგვისტოს ომების შემდეგ.

ამიტომაც მისასალმებელია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაცია, რომ "თავდაცვის ძალების სამხედრო ავიაციის გაძლიერება და არსებული საფრენი აპარატების აღდგენა-რეაბილიტაცია-მოდერნიზაციის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სსსტც "დელტასა" და სს "თბილავიამშენის" ერთობლივი ძალისხმევით ქართველი სპეციალისტების მუშაობის შედეგად უკვე გაიმართა 7 ერთეული ჩყ-25-ის ტიპის თვითმფრინავი, მიმდინარეობს მუშაობა 3 ერთეულ L-39 ტიპის სასწავლო-საბრძოლო საფრენი აპარატის რემონტზეც.

საფრენი აპარატების აღდგენა-მოდერნიზაცია ხელშეკრულების გრაფიკის შესაბამისად მიმდინარეობს. პარალელურად, მფრინავები და ტექნიკური პერსონალი კვალიფიკაციისა და სპეციალობების შესაბამისად გადამზადებას გადიან".

თავდაცვის სამინისტროს უფრო ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "თბილავიამშენი" ასევე არემონტებს დამრტყმელი Mи-24 და სამხედრო-სატრანსპორტო Mи-8MTV ტიპის შვეულმფრენებსაც - ანუ საქართველოს საჰაერო თავდაცვის ძალების საჰაერო კომპონენტის არსენალში შემავალი ოთხივე ტიპის საფრენი აპარატები ჩვენივე ძალებით რემონტდება, რაც ძალზე რთულია, რადგან სათადარიგო ნაწილების უმრავლესობა ათწლეულებია აღარ იწარმოება.

ეს პროცესი "თბილავიამშენში" ზუსტად სამი წლის წინ, 2020 წლის აგვისტოში დაიწყო, რამაც გადაარჩინა ქართული მოიერიშე თვითმფრინავები და დამრტყმელი შვეულმფრენები საზღვარგარეთ ჯართის ფასად გაყიდვას, რაც მანამდე წლების განმავლობაში იგეგმებოდა.

არსებობს ასეთი მოსაზრებაც - 30 წლის წინ გამოშვებული მოიერიშეებისა და შვეულმფრენების დრო გავიდა, ახლა დრონების ეპოქა დაიწყო და ამ ძველ თვითმფრინავებზე ფულის დახარჯვას ისევ დრონების ყიდვა სჯობიაო.

სხვადასხვა კლასისა და ტიპის დრონები მართლაც რევოლუციას ახდენენ საბრძოლო მოქმედებების თანამედროვე ისტორიაში, მაგრამ პილოტირებული ავიაციის დრო ჯერ კიდევ არ გასულა, თუნდაც რუსეთ-უკრაინის ომში სწორედ Су-25-ები, Mи-24-ები და Mи-8-ები ყოველდღიურად მონაწილეობენ საჰაერო ოპერაციებში, მართალია მეტ-ნაკლები წარმატებით (რადგან ამ ომში ორივე მხარის საჰაერო თავდაცვა აშკარად ჯაბნის ავიაციას), მაგრამ ვინც ამ მოიერიშეების შეტევის სამიზნე გამხდარა, დამეთანხმება, საბრძოლო ავიაცია დიდი ძალაა.

Су-25 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავის საბრძოლო მოქმედების რადიუსი (სამიზნემდე მიფრენა, საჰაერო იერიშისთვის მანევრირება და უკან დაბრუნება საწვავის ავარიული მარაგით) 300 კმ-მდეა, Mи -24 შვეულმფრენის 200 კმ-მდე (დამატებითი საწვავის ავზების ჩამოკიდების შემთხვევაში ფრენის სიშორე იმატებს, თუმცა თუკი ფრენა მიწის ახლოსაა მოწინააღმდეგის რადიოლოკატორებისგან დამალვის მიზნით, მაშინ საწვავის ხარჯი მნიშვნელოვნად იზრდება), ანუ სწორედ ამ რამდენიმე მოიერიშე თვითმფრინავისა და დამრტყმელი შვეულმფრენის (რომელთა რაოდენობას არ დავაზუსტებთ, თუმცა ეს დიდ საიდუმლოებას აღარ წარმოადგენს) იმედით, რომელთა ნაწილი უკვე გარემონტებულია, ნაწილიც ახლა რემონტდება, საქართველოს თავდაცვის ძალები ინარჩუნებენ შესაძლებლობას სავარაუდო მოწინააღმდეგე ოპერატიულ-ტაქტიკურ სიღრმეშიც "დასაჯონ".

P.S. 19 სექტემბერს ქართული სამხედრო ავიაცია შექმნის 31-ე წლისთავს აღნიშნავს და ამ სტატიის ავტორისთვის ძალიან საამაყოა, რომ იმ ისტორიულ დღეს, 1992 წლის 19 სექტემბერს, თბილისის საავიაციო ქარხნის "ველის" აეროდრომზე ჯერ კიდევ დამწყები სამხედრო კორესპონდენტის რანგში ქართველი სამხედრო მფრინავების Су-25 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებით პირველი ფრენების თვითმხილველი გახდა.