ყარაბაღის პრორუსული კლანი სომხეთ-აზერბაიჯანის მორიგი ომის პროვოცირებას ცდილობს?
სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ისევ ისვრიან, არიან დაჭრილები და დაღუპულები და ეს ხდება ყარაბაღის ბოლო ომიდან მესამე წლისთავზე, რაც შეიძლება ახალი ომის დაწყების საბაბი გახდეს. არადა, ბოლო თვეებში თითქოს ყველაფერი დალაგდა - ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსების შუამავლობით ერევანმა და ბაქომ რამდენიმე ნაყოფიერი შეხვედრა გამართეს, მათ შორის პირველი პირების, ფაშინიანისა და ალიევის დონეზე, და თითქოს გადალახეს უმთავრესი პრობლემა "- სომხეთი აღიარებს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას, მათ შორის ყარაბაღის შემადგენლობით, სამაგიეროდ, აზერბაიჯანიც ცნობს სომხეთის საზღვრებს.
მაშინ რაღაშია პრობლემა?
მთავარი პრობლემა სწორედ ყარაბაღელ სომხებშია, რომელთა ბედის გარკვევა დიდ ვნებათაღელვასთანაა დაკავშირებული - პრეზიდენტმა ალიევმა არაერთხელ ნათლად განაცხადა, ყარაბაღელმა სომხებმა კეთილინებონ დაყარონ იარაღი, მიიღონ აზერბაიჯანის მოქალაქეობა და გააგრძელონ ცხოვრება ყარაბაღში ყოველგვარი ავტონომიების გარეშეო. ეს კი არ აწყობს ყარაბაღის პრორუსულ კლანს, სომხეთის ყოფილ პრეზიდენტებს, ქოჩარიანსა და სარგსიანს, რომელთა პოლიტიკური ინტერესები და გავლენის სფეროები უკიდურესად შეზღუდა ფაშინიანმა, რომელმაც, მიუხედავად 2020 წლის ომში სომხეთის წაგებისა, მაინც შეინარჩუნა ხელისუფლება.
რუსეთის პრეზიდენტ პუტინისთვის კატეგორიულად მიუღებელია, რომ ევროპელმა და განსაკუთრებით ამერიკელმა დიპლომატებმა სომხეთი და აზერბაიჯანი შეარიგონ და მოხსნან ყარაბაღის პრობლემა. ამ შემთხვევაში რუსეთის გავლენა ძალზე შესუსტდება სომხეთში (აზერბაიჯანზე რუსეთს არც აქამდე ჰქონია ძალზე დიდი გავლენა, თუმცა ჭკვიანი ალიევი ყოველთვის პოულობს საერთო ენას პუტინთან, რაშიც, რა თქმა უნდა, მამის, ჰეიდარ ალიევის კა-გე-ბეშნიკური წარსულიც ეხმარება, პუტინიც ხომ ამ „ოჯახიდანაა).
სომხეთის ხელისუფლებაში თავისი მეგობარი ქოჩარიანი რომ დააბრუნოს, პუტინი წავა ყარაბაღის მორიგ „აფეთქებაზე“ - თვითგამოცხადებული ყარაბაღის „პრეზიდენტი“ არაიკ არუთინიანი რამდენიმე დღის წინ გადადგა და ქოჩარიან-სარგსიანის წყვილი ყველაფერს გააკეთებს ყარაბაღელ სომხებში დიდი „მოძრაობის“ დასაწყებად, რაც პირველ რიგში ბაქოს კი არა, არამედ ერევნის და კონკრეტულად ფაშინიანის ხელისუფლების წინააღმდეგ იქნება მიმართული მთავარი მოთხოვნით - გასული წლის დეკემბრიდან აზერბაიჯანს ჩაკეტილი აქვს ლაჩინი-სტეფანაკერტის სამანქანო გზა და როდემდე უნდა ვიყოთ ბლოკადაში, ოფიციალური ერევანი რატომ არ გვეხმარება, ძალით გავხსნათ გზა სომხეთის საზღვრამდეო.
ფაშინიანს რაღაცის შეცვლა სურს მოჯადოებული წრიდან გამოსასვლელად, რადგან ლოზუნგმა „ყარაბაღი მეორე სომხეთია“ პირველი სომხეთი ლამის სრული დაღუპვის პირას მიიყვანა სამი წლის წინ, ბოლო ომში დამარცხების შემდეგ და დღეს ახალი ომი ბევრად ძლიერ აზერბაიჯანის არმიასთან, რომელსაც კიდევ უფრო ძლიერი თურქეთი უჭერს მხარს, ხოლო ისრაელი ულტრათანამედროვე შეიარაღებით ამარაგებს, კარგს არაფერ უქადის სომხეთის მომავალს. თუმცა ფაშინიანის ხელისუფლების დამხობისა და ერევანში ქოჩარიან-სარგსიანის წყვილის დაბრუნების შემთხვევაში პუტინმა შეიძლება თავის მეგობარს ბევრად დიდი სამხედრო-პოლიტიკური დახმარება გაუწიოს, ვიდრე სამი წლის წინ ყარაბაღის ბოლო ომში ფაშინიანის ხელისუფლებას დაეხმარა, რადგან ყარაბაღის კონფლიქტის მუდმივობა სამხრეთ კავკასიაში რუსეთის ყოფნის გაძლიერების ტოლფასია.
მაგრამ ყველაფერს მაინც რუსეთ-უკრაინის ომის მსვლელობა განსაზღვრავს, სადაც რუსი ოკუპანტების მარცხის შემთხვევაში პუტინს საკუთარი თავის მიხედვა გაუჭირდება, არათუ მეგობარ ქოჩარიანისთვის ყარაბაღში დახმარება.