სტრატეგიულ ბომბდამშენს დრონისგან... ძველი საბურავებით იცავენ?!
რუსეთ-უკრაინის ომში, მეგონა აღარაფერი გამაკვირვებდა მას შემდეგ, რაც ტანკების კოშკურებზე „საქათმეები“ დაადგეს, ხოლო სატვირთო ავტომობილების შეუჯავშნავ კაბინებს ხის მორები ჩამოკიდეს, თუმცა ჯერ სად ვყოფილვართ...
უზარმაზარი სტრატეგიული ბომდამშენის, რომელსაც ბირთვულქობინიანი ფრთოსანი რაკეტების ზალპით ჩრდილო ამერიკის კონტინენტის ნახევარზე ყველა ცოცხალი არსების განადგურება შეუძლია, დასაცავად... ჩამოწერილ საბურავებს იყენებენ!
ეს გამოჩნდა ერთ-ერთი ევროპული თანამგზავრის მიერ გადაღებულ კომერციულ ფოტოებში,რომელზეც რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების ენგელსის(სარატოვის სიახლოვეს) სამხედრო აეროდრომია აღბეჭდილი, რომელზეც რუსეთის სტრატეგიული ბირთვული ტრიადის საავიაციო შემადგენელი ნაწილის, Ту-95МС და Ту-160 ტიპის სტრატეგიული დანიშნულების რაკეტმზიდ-ბომბდამშენებია განთავსებული.
ამ რუსული აეროდრომიდან აფრენილი რაკეტმზიდ-ბომბდამშენები სისტემატურად უშვებენ უკრაინული ქალაქების მიმართულებით Х-555 და Х-101 ტიპის ფრთოსან რაკეტებს და მიუხედავად იმისა, რომ ეს აეროდრომი არანაკლებ 700 კმ-ითაა დაშორებული ფრონტის ხაზიდან, გასულ წელს უკრაინელებმა ორჯერ მოახერხეს მასზე წარმატებული საჰაერო იერიშების მიტანა გადაკეთებული უპილოტო რეაქტიული მზვერავების Ту-141 «Стриж» -ების საშუალებით,რასაც რამდენიმე რუსული რაკეტმზიდ-ბომბდამშენის დაზიანება მოჰყვა.
ამის შემდეგ რუსეთის გენშტაბმა დიდი გაბარიტების მქონე ეს ბომბდამშენები ჩრდილოეთით, მურმანსკის ოლქში მდებარე ოლენიას აეროდრომზე გადააფრინა, რათა უკრაინელების „სტრიჟები“ ვეღარ მისწვდომოდნენ უკრაინის საზღვრიდან 1800 კმ-მდე დაცილებულ ამ აეროდრომს.
თუმცა, მას შემდეგ რაც რამდენიმე დღის წინ ორი რუსული სამხედრო-სატრანსპორტო Ил-76МД მთლიანად დაიწვა და ორი ასეთივე თვითმფრინავი დაზიანდა ფსკოვის აეროდრომზე (რომელსაც უკრაინის ჩრდილოეთ საზღვრამდე 700 კმ აშორებს), რუსეთის გენშტაბში მიხვდნენ, რომ სტრატეგიული ბომბდამშენების ბაზირების ადგილების დაშორება უკრაინისგან, გამოსავალი არ იყო, რადგან მათ სამხედრო აეროდრომებს უკრაინული დრონების თავდასხმები რუსეთის მთელ ტერიტორიაზე ემუქრებათ.
საქმე ის არის, რომ ფსკოვში რუსულ „ილებზე“ შეტევა არა უკრაინიდან გაშვებულმა დრონებმა, არამედ, თავად რუსეთის ტერიტორიიდან, უფრო სწორედ კი ფსკოვის აეროდრომის სიახლოვიდან აფრენილმა კვადროკოპტერებმა განახორციელეს, რომლებიც ღამის ხედვის კამერის გარდა, თბოვიზორებითაც იყვნენ აღჭურვილნი და მინი-ბომბები ზუსტად ჩააგდეს 46 მ სიგრძისა და 50 მ ფრთაგაშლილობის "ილებზე"...
როგორც ჩანს, რუსეთის ტერიტორიაზე მაცხოვრებელ ან სპეციალურად ჩასულ უკრაინელ დივერსანტებს აქვთ დავალება მომცრო დრონების გამოყენებით იერიშები მიიტანონ რუსულ სამხედრო აეროდრომებზე, რაშიც მათ რუსეთის საჰაერო თავდაცვა ხელს დიდად ვერ შეუშლის, ეს უფრო რუსული სპეცსამსახურების მოვალეობაა არ მიუშვან უკრაინელი დივერსანტები ამ აეროდრომების სიახლოვეს და არ გამოაყენებინონ დისტანციურად მართვადი მომცრო ზომის საფრენი აპარატები.
ეტყობა, იმის შემხედვარე, რაც მოხდა ფსკოვში „ილების“ დაწვის სახით, ენგელსის საჰაერო ბაზის მეთაურობამ ინიციატივა გამოიჩინა მათ აეროდრომზე დარჩენილი სტრატეგიული რაკეტმზიდ-ბომბდამშენების დრონებისგან თავდასხმისგან დასაცავად და 50 მ სიგრძისა და ფრთაგაშლილობის მქონე Ту-95МС -ს ფრთებზე არც მეტი და არც ნაკლები, ძველი საბურავები დააწყობინა ჯარისკაცებს...
თანამგზავრულ ფოტოებზე კარგად მოჩანდა, რომ თეთრად შეღებილი სტრატეგიული ბომბდამშენის ფრთებზე შავი ფერის უცნაური ფიგურები გამოჩნდა, რაც ზოგიერთმა დასავლეთელმა სამხედრო ექსპერტმა ახალ კამუფლირებულ შეღებვად ახსნა, რომ ამით თითქოს ძნელდებოდა ამ თვითმფრინავის ვიზუალურად იდენტიფიცირება...
თუმცა, უფრო მაღალი ხარისხის თანამგზავრულ ფოტოზე უკვე ნათლად გამოჩნდა, რომ უზარმაზარი ბომბდამშენის ფრთასა და ფიუზელაჟზე ზემოდან უბრალოდ ძველი საბურავები დააწყვეს, ეტყობა იმ გათვლით, რომ უკრაინელმა დივერსანტებმა ფსკოვის წარმატებული ოპერაციის ენგელსშიც გამეორება რომ მოინდომონ, დრონიდან ჩამოყრილი მინი-ბომბები უშუალოდ ბომდამშენის კორპუსს კი არა არამედ, მის ზემოთ დაწყობილ საბურავებს მოხვდება და აფეთქების ტალღაც და ნამსხვრევებიც ნაკლებად ან საერთოდ ვერ დააზიანებენ თვითმფრინავს...
მაგრამ, მათ ერთი რამ ვერ გაითვალისწინეს - ასეთი დაბომბვის დროს ხანძრის გაჩენის შემთხვევაში, თვითმფრინავზე ზემოთ დაწყობილი რამდენიმე ასეული საბურავი, პირიქით ისე დაიწყებს წვას, რომ მათი ჩაქრობა შეუძლებელი გახდება...
საბჭოთა პერიოდში აგებული არკის ფორმის დაცული ანგარები ძირითადად საფრონტო გამანადგურებლების თავშესაფარად იყო გათვალისწინებული, სტრატეგიული ბომბდამშენებისთვის ასეთი გადახურული და დაცული ანგარის აგება ურთულესია და ძალიან ძვირი სიამოვნებაა, აქედან გამომდინარე რუსული საბრძოლო ავიაცია აეროდრომებზე უმეტესად ღია ცის ქვეშ რჩება, რაც უკრაინელი დივერსანტების მომცრო დრონ-ბომბდამშენებსა და FPV-დრონებს მომავალშიც კარგ „საკბილოს“ უტოვებს...