რამდენმა უცხოელმა მიიღო ბინადრობის ნებართვა საქართველოში
საქართველოში 2014 წლიდან 2023 წლის ჩათვლით 1 537 საინვესტიციო და 21 197 მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა გაიცა - ამის შესახებ აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს მიერ რომან გოცირიძისთვის სადეპუტატო კითხვის საპასუხოდ გაგზავნილ წერილში.
ცნობისათვის, კანონმდებლობის მიხედვით, საქართველოში საინვესტიციო ბინადრობის უფლებას იღებს ის უცხოელი, რომელიც ქვეყანაში 300 000 დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. აღნიშნული ნორმა ქვეყანაში 2019 წლიდან მოქმედებს, მანამდე კი ამ ნებართვის მოსაპოვებლად საჭირო იყო 300 000 ლარის ინვესტიცია. ამასთან, 2019 წლიდან აღნიშნული ნებართვის გაცემა შესაძლებელია მაშინაც, თუ პირი საქართველოში ფლობს საკუთრებას უძრავ ნივთზე, რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 300 000 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში. შესაბამისად, 2019 წლის 5 ივლისამდე 300 000-ლარიანი ინვესტიციის სანაცვლოდ სულ 566 საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა გაიცა, ხოლო ცვლილებების შემდეგ, ანუ 2019 წლიდან 2023 წლის 16 აგვისტომდე - 971 ნებართვა.
რაც შეეხება მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვებს, იუსტიციის სამინისტროს სტატისტიკის თანახმად, 2015 წლის 15 ივნისიდან 2023 წლის 16 აგვისტოს ჩათვლით, სულ 21 197 ნებართვაა გაცემული.