რა ვითარებაა კახეთში, სადაც სეტყვამ რეგიონი სერიოზულად აზარალა
კახეთში ზარალს ითვლიან. ამ დროის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაზარალებულია 4 მუნიციპალიტეტი, მათ შორის ყველაზე მძიმე მდგომარეობა ახმეტის სოფლებშია.
სტიქიამ სოფელ არგოხში, ფიჩხოვანსა და მაღრაანში სრულად გაანადგურა ვენახები, საზამთროსა და ნესვის ბაღები. ადგილობრივები აცხადებენ, რომ უამინდობამ შემოსავლის გარეშე დატოვა, მათ მოსავალი ერთ კვირაში უნდა მიეღოთ.
ადგილზე იმყოფებიან ხელისუფლების წარმომადგენლები.
გარდა სასოფლო სამეურნეო სავარგულების, ქარმა სახლები დააზიანა. გადახდილია სახურავები, მოგლეჯილია ხეები და ელექტროგადამცემი ბოძები.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, კახეთის რეგიონში მოსულ უხვ ნალექთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.როგორც ადმინისტრაციაში განმარტავენ, კახეთის რეგიონში მოსულმა სეტყვამ და ძლიერმა ქარმა რამდენიმე მუნიციპალიტეტი მნიშვნელოვნად დააზარალა. ვენახები დაისეტყვა ახმეტის, თელავის, გურჯაანისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში. ასევე, დასეტყვილია სასოფლო- სამეურნეო სავარგულები, ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა, მოგლეჯილია ხეები, რამაც ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანება გამოიწვია.
"სტიქიის ზონაში მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამაშველო ჯგუფები და თითოეული მერიის შესაბამისი სამსახურები. ზარალის დამთვლელი მუდმივმოქმედი კომისიების მიერ დაწყებულია ზარალის შესწავლა..", - ნათქვამია ინფორმაციაში