"ხელისუფლება ცდილობს შოვის საკითხი გაქრეს დღის წესრიგიდან და დაფაროს დანაშაულის კვალი"
ხელისუფლება ცდილობს შოვის საკითხი გაქრეს დღის წესრიგიდან და დაფაროს დანაშაულის კვალი, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ლელოს" დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ნაცვლიშვილის თქმით, შოვთან დაკავშირებით 45 კითხვა გაუგზავნა სახელმწიფო უწყებებს და ვერც ერთ მათგანზე პასუხი ვერ მიიღო.
როგორც დეპუტატი განმარტავს, მნიშვნელოვანია საგამოძიებო კომისიის შექმნა, რადგან საჭიროა სრული სიცხადე, თუ სად იმუშავა სისტემამ, სად ვერა და რა არის გასაკეთებელი იმისთვის, რომ მომავალში მაინც არ იყოს სახელმწიფოს მოქმედება დაგვიანებული, ფრაგმენტული და მისივე შეფასებით, დანაშაულებრივი.
"იმავე დღეებში მე გავგზავნე 45 სადეპუტატო შეკითხვა ყველა იმ სახელმწიფო უწყებასთან და ხელმძღვანელ პირთან, რომლებსაც კანონით აქვთ ვალდებულება ჩართულიყვნენ კრიზისის პრევენციასა და მართვაში. ამ დროისთვის არც ერთ სახელმწიფო უწყებას არ აქვს პასუხი კრიტიკულ კითხვებზე შოვთან მიმართებით. სადეპუტატო შეკითხვების უპასუხოდ დატოვებით, ხელისუფლება აშკარაა, ცდილობს წაშალოს დანაშაულის კვალი შოვში. შეკითხვები გაგეგზავნა პრემიერ-მინისტრს, შს მინისტრს, საგანგებო სიტუაციების სამსახურს, უსაფრთხოების საბჭოს, გარემოს დაცვის უწყებებს, საგარეო საქმეთა სამინისტროს. კითხვები მიემართებოდა კრიზისის პრევენციის და მართვის საკვანძო საკითხებს, მათ შორის 3-4 აგვისტოს ღამით მიმდინარე და ჩასატარებელ სამძებრო სამუშაოებს, თუ რატომ და რა მოტივით ითქვა უარი შემოთავაზებულ საერთაშორისო დახმარებაზე, იმას, თუ რა ფორმატში და ვის მიერ ხდებოდა საკვანძო გადაწყვეტილებების მიღება, რა ფორმატში იყო, თუ იყო კოორდინაცია სახელმწიფო უწყებებს შორის კრიტიკულად მნიშვნელოვან საათებში, როცა მოქალაქეებს დახმარება სჭირდებოდათ, ასევე იყო კითხვები, თუ რა სამუშაოები იყო გაწეული პრევენციის სისტემის დანერგვისთვის. თუმცა, 45- დან არც ერთ კითხვაზე არ აქვს პასუხი სახელმწიფო უწყებებს, შეკითხვები ეხებოდა დაზარალებულთა დახმარებას, ასევე სამაშველო სამსახურში დასაქმებულთა სამუშაო პირობებს. არც ამ კითხვებზეა პასუხი. ერთადერთი უწყება, რომელმაც ვადაში გამოგზავნა პასუხი, არის პროკურატურა, რომელმაც დაადასტურა ამ დროისთვის უკვე საჯაროდ ცნობილი ინფორმაცია, რომ გამოძიება მიმდინარეობს.
რას მიანიშნებს ეს ყველაფერი - ეს მიანიშნებს, რომ ხელისუფლება ცდილობს შოვის საკითხი გაქრეს დღის წესრიგიდან და ცდილობს, დაფაროს შოვში დანაშაულის კვალი. ხელისუფლებას არაფერი აქვს მოქალაქეებისთვის სათქმელი, მომავალში მაინც რა ნაბიჯებს გადადგამს, რომ ასეთი კატასტროფული შედეგები აირიდოს,"- განაცხადა ნაცვლიშვილმა.
"ინტერპრესნიუსი"