"ქვეყანა ზონირებული რომ ყოფილიყო, შოვში კოტეჯები მეწყერსაშიშ ზონაში საერთოდ არ იქნებოდა" - კლიმატური ცვლილებები: რა უნდა გავაკეთოთ საფრთხეების შესამცირებლად და მძიმე შედეგების თავიდან ასაცილებლად?
მკვლევარები, გარემოს დაცვის სპეციალისტები და ექსპერტები ბუნებრივი კატასტროფების გახშირების შესახებ გვაფრთხილებენ.
"თითქმის ყველა ბუნებრივი კატასტროფა, რაც კი შეიძლება დავასახელოთ, გლობალური დათბობის შედეგად უფრო მძაფრდება და ხშირდება: იქნება ეს ანომალიური სიცხე ზაფხულში, დამანგრეველი მეწყერი თუ სეტყვა. ბოლო რამდენიმე წელიწადი კი ამას ნათლად გვაჩვენებს", - ამბობს გარემოსდაცვითი საკითხების მკვლევარი ალექსი სამსონიძე. რამდენად აქვს გააზრებული ჩვენს ხელისუფლებას ახალი გლობალური გამოწვევები, რა კეთდება და რა უნდა კეთდებოდეს რისკების შესამცირებლად და რა უნდა იცოდეს საზოგადოებამ? - ამ საკითხებზე ალექსი სამსონიძე გვესაუბრება:
- ყოველწლიურად სულ უფრო ხშირდება ანომალიურად ცხელი დღეების რიცხვი, რის შედეგად საფრთხის ქვეშ დგება აგრარული სექტორი და ზოგადად ბუნება. სამწუხაროდ, მოსალოდნელია ხანძრების გახშირებაც. საფრანგეთი, რომელთანაც თითქმის იდენტური კლიმატური ზონა გვაქვს, უკვე ზარალდება გახშირებული ხანძრების გამო - 2022 წლის ივლის-აგვისტოში, ჯამში მიწის 27 ათასი ჰექტარი დაიწვა. შემცირდა ხორბლის მოსავალი, დავარდა ღვინის ხარისხი, საქონელისთვის შემცირდა საძოვრები.
როგორც წესი,საშუალო ტემპერატურის ზრდის შედეგად, ხშირდება და ძლიერდება კოკისპირული წვიმები, რაც არა მხოლოდ მოსავალს ანადგურებს, არამედ მთიან რეგიონებში წარმოქმნის მეწყერებს. NASA-ს 2020-2021 წლების გამოკვლევებით, მომავალი წლიდან აზიის მთიან ზონებში ტემპერატურის ზრდის შედეგად მეწყერების სიხშირე გაიზრდება 30-70%-მდე. ჩვენ უკვე რეალურად ვხედავთ, თუ რა რისკების წინ ვდგავართ და რას აკეთებს ამ დროს საქართველოს ხელისუფლება?! - პრაქტიკულად, არაფერს! იმის მაგივრად, რომ რესურსები და დრო დაუთმონ მოქალაქეებისთვის სასიცოცხლო საკითხებს, დროს ხარჯავენ ჯანმრთელობისთვის მავნე სამშენებლო ნებართვების გაცემებში, მაგალითად, ქვემო ფონიჭალაში ფეროშენადნობის ქარხნისთვის. თბილისი ჩამოუვარდება ევროპის ქალაქების უმეტესობას მწვანე სივრცეების მასშტაბით, მეტიც, მათი რაოდენობა სულ უფრო მცირდება - ესეც ქაოტური მშენებლობების გამო. (გააგრძელეთ კითხვა)