"შოკის გამო, გული რამდენიმე წუთით გამიჩერდა... თუმცა სიცოცხლე იმდენად მიყვარს, რომ სიკვდილი დავამარცხე და თვალები გავახილე!" - რას ჰყვება შშმ გოგონა საკუთარ ცხოვრებაზე - კვირის პალიტრა

"შოკის გამო, გული რამდენიმე წუთით გამიჩერდა... თუმცა სიცოცხლე იმდენად მიყვარს, რომ სიკვდილი დავამარცხე და თვალები გავახილე!" - რას ჰყვება შშმ გოგონა საკუთარ ცხოვრებაზე

"...აი, დადგა ის დღეც, ოპერაცია გავიკეთე და მოვიკვეთე ფეხი... იყო მომენტი, როდესაც შოკის გამო, რამდენიმე წუთით გული გამიჩერდა... თუმცა მე ცხოვრება იმდენად მიყვარს, რომ სიკვდილი დავამარცხე და თვალები გავახილე! დიახ, მე ვარ ადამიანი, რომელიც იმდენად შეყვარებულია ცხოვრებაზე, რომ მისი წართმევა სიკვდილმაც ვერ შეძლო! ხშირად ვამბობ: - მე ვარ შეყვარებული ცხოვრებაზე და ცხოვრება ჩემზეა შეყვარებული! შევიძინე უამრავი ახალი მეგობარი, პროფესია და, რაც მთავარია, მივაგენი ჩემს საყვარელ საქმიანობას.

ბავშვობიდან ყველაზე მეტად წვიმაში სირბილი და სეირნობა მენატრება. მართალია, გავიზარდე, მაგრამ გულით ისევ ბავშვური ვარ და ლაღად სიცილიც შემიძლია...", - ამბობს, რომ პატარა ასაკში ექიმების არასწორი მკურნალობის შედეგად მარცხენა მენჯ-ბარძაყის ძვლის დისპლაზია განუვითარდა... ურთულესი დაბრკოლებების მიუხედავად, დღეს წარმატებულია, ბანკში ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე კლიენტებთან გარკვეული სახის მოლაპარაკებას აწარმოებს, ქმნის ხელნაკეთ სამკაულებს და მრავალ გამოფენაში აქვს მიღებული მონაწილეობა, ასევე, გეგმავს პერსონალურ გამოფენას....

მშვენიერი, ნიჭიერი და უძლიერესი - ლანა თავის საინტერესო ცხოვრებაზე გვესაუბრება...

- მე ვარ ლანა, - გოგონა ეტლით! მინდა გამიცნოთ და ჩემი ისტორია გიამბოთ...

ერთი შეხედვით, თითქოს, ჩემი ამბავი არაფრით განსხვავებული არ არის, თუმცა არის კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი დეტალი - მე შშმ პირი ვარ!

ჩემი ბავშვობაც ცოტათი განსხვავებული იყო, თუმცა, თავიდან ვერ ვაცნობიერებდი, შემდეგ დაიწყო ახალი, სკოლის პერიოდი. თავიდან შიშის გრძნობა დამეუფლა, მაწუხებდა კითხვები, როგორ მიმიღებდნენ თანატოლები, პედაგოგები. კარგად მახსოვს, პირველ დღეს გული როგორ ძლიერ მიცემდა მღელვარებისგან, კიდევ მახსოვს ჩემი მეგობრების გაოცებული თვალები... თუმცა, ჩემდა გასაოცრად, მათი გაოცება მალევე გაქრა მათი სახეებიდან. მათთვის მე შშმ პირი კი არა, უბრალოდ, ლანა გავხდი...

პირველკლასელი ლანასთვის, რომელმაც პირველ სექტემბერს სკოლის კარი შეაღო, მეგობრების თანადგომით ახალი ეტაპი დაიწყო. ჩემი, როგორც პიროვნების ჩამოყალიბება, სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება. მეგობრების და ახლობლების თანადგომა ჩემთვის დიდი სტიმული იყო. მათი თანადგომით მქონდა უდარდელი და ლაღი ბავშვობა. ხეებზეც ავდიოდი და ბევრ სხვა აქტივობებშიც ვიყავი ჩართული.

დღითი დღე ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა იცვლებოდა. 14 წლის ასაკში ხელში ჯოხის დაჭერამ მომიწია. ფსიქოლოგიურად ეს რთული გადასალახავი იყო, ერთგვარი ტრაგედიაც კი, თინეიჯერი გოგოსთვის. მაგრამ ეს პრობლემაც გადავლახე, რადგან ყველა გვერდით დამიდგა - ოჯახი, მეგობრები, სკოლა, უბანი და ჩემ გარშემო მყოფი ადამიანები. ისინი მამხნევებდნენ და სულ მახსენებდნენ, რომ ბევრი რამ შემეძლო...

დიახ, თითქოს, ერთი შეხედვით, ახლა ამაზე საუბარი და წერა ადვილია, მაგრამ მაინც ძნელი იყო პატარა გოგონასგან ოცნებებზე უარის თქმა, რომელიც ცხოვრებას იწყებს და უნდა, თანატოლებივით იმოგზაუროს, კლუბებში იაროს, იცეკვოს, შეყვარებული ჰყავდეს...

ამ ტკივილის დაძლევაც ჩემი მეგობრების დახმარებით შევძელი, სწორედ მათ დამანახვეს, რომ ამ ყველაფრის გაკეთება ხელჯოხითაც შესაძლებელია, ეს ადამიანები მაძლევენ ძალას და იმედს, რომ გავაგრძელო ცხოვრება, ვიბრძოლო ბოლომდე და გავუძლო ყველა იმ გამოცდას, რასაც ცხოვრება მიმზადებს.

განსაცდელი კი კვლავ მელოდა! ერთხელაც დავეცი და ფეხი დავიზიანე. დამჭირდა ოპერაცია, რომელმაც ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა! კიდევ ერთხელ შეიცვალა ჩემი ცხოვრება. ამ ოპერაციის შემდეგ ფეხის მდგომარეობა გართულდა. ერთადერთი მეთოდი, რომ ფეხი ნორმალურ მდგომარეობას დაჰბრუნებოდა, ღია ჭრილობაზე მარილის დაყრა იყო. ამასაც გავუძელი...

ერთ-ერთი დიდი განსაცდელი იყო, როდესაც ჩემი საუკეთესო მეგობარი და ერთ-ერთი დამცველი დავკარგე... კვლავ წამოვდექი ფეხზე და ვიბრძოდი ბედნიერებისთვის! შემდეგ ჩემს ოჯახში დიდი ტრაგედია დატრიალდა: დავკარგე ძმა, რომელიც ჩემი ცხოვრების უდიდესი საყრდენი იყო, ეს ჩემთვის ისეთი ტკივილი იყო, რომ გამიჭირდა მასთან გამკლავება, მახსოვს, როდესაც მღვდელი მოვიდა, გაბრაზებულმა კისრიდან ჯვარი მოვიხსენი, მღვდელს მივაწოდე და ვუთხარი: - მე არ მინდა მწამდეს იმ ღმერთის, რომელმაც ჩემთვის ყველაზე ძვირფასი და საიმედო ადამიანი წამართვა, და ეს მაშინ, როდესაც ამდენი ცუდი ადამიანი დედამიწაზე ბედნიერად დადის-მეთქი! რატომ ჩემი ძმა? მოძღვარი გაოგნებული მიყურებდა და მითხრა, - ღმერთს თავისთვის კარგები უნდაო! მაგრამ მაშინ მე ძალიან გაბრაზებული ვიყავი ღმერთზე...

გავიდა დრო და კიდევ ერთი გამოცდის დრო მოვიდა ჩემს ცხოვრებაში, - ეტლში ჩაჯდომამ მომიწია... მე მაინც ვცდილობდი, ჩემს ახლობლებს და მეგობრებს არ ეგრძნოთ, რომ ეს ჩემთვის ტრაგედია იყო და ღიმილით ეტლის დადებით მხარეებზე ვესაუბრებოდი, - მაგალითად, ფეხსაცმელი არ დამესვრებოდა ან ავტობუსში არავინ მეტყოდა, ადექი, ეს ჩემი ადგილიაო! რა თქმა უნდა, ჩემი მეგობრები ამ ყველაფერს ძალიან რაციონალურად შეხვდნენ და ჩემთან ერთად გააგრძელეს ბრძოლა.

ამდენი ნეგატივის შემდეგაც კი ჩემთვის ცხოვრება მაინც მშვენიერი და ფერადია...

დიახ, ცხოვრებამ ბევრჯერ სცადა ჩემი დაჩოქება და მაიძულებდა, რომ მისთვის თავი დამეხარა, მაგრამ არ ვნებდებოდი. გადაწყვეტილება ფეხის ამპუტაციის შესახებაც მე მივიღე. სათქმელად თითქოს ადვილია, მაგრამ ბევრად უფრო რთულია იმის წარმოდგენა, რომ ერთ დღეს გაიღვიძებ და ფეხი აღარ გექნება...

აი, დადგა ის დღეც, ოპერაცია გავიკეთე და მოვიკვეთე ფეხი... იყო მომენტი, როდესაც შოკის გამო რამდენიმე წუთი გული გამიჩერდა... თუმცა მე ცხოვრება იმდენად მიყვარს, რომ სიკვდილი დავამარცხე და თვალები გავახილე!

დიახ, მე ვარ ადამიანი, რომელიც იმდენად შეყვარებულია ცხოვრებაზე, რომ მისი წართმევა სიკვდილმაც ვერ შეძლო! ხშირად ვამბობ: - მე ვარ შეყვარებული ცხოვრებაზე და ცხოვრება ჩემზეა შეყვარებული! შევიძინე უამრავი ახალი მეგობარი, პროფესია და, რაც მთავარია, მივაგენი ჩემს საყვარელ საქმიანობას. ბავშვობიდან ყველაზე მეტად წვიმაში სირბილი და სეირნობა მენატრება. მართალია, გავიზარდე, მაგრამ გულით ისევ ბავშვური ვარ და ლაღად სიცილიც შემიძლია.

მე ვარ ლანა, გოგონა ეტლით, რომელსაც ისე ძლიერ უყვარს სიცოცხლე რომ ყველაზე დიდი განსაცდელის დროსაც კი შემიძლია პოზიტივის დანახვა! მინდა, თქვენც გითხრათ, რომ გიყვარდეთ თითოეული წამი, რადგან ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა და არ დაკარგოთ ეს დრო უაზროდ...

ხშირად უთხარით ერთმანეთს: მე შენ მიყვარხარ! ყოველთვის მინდოდა, რომ სხვებისთვის მისაბაძი მაგალითი ვყოფილიყავი და ეთქვათ, ლანას თუ შეუძლია, რომ ამდენს გაუძლოს, მე რატომ ვერ შევძლებო?! იმედია, რომ მეც გავხდები მისაბაძი მაგალითი ყველასთვის! გავიხსენებ მხოლოდ იმას, რაც კარგი გადამხდენია ცხოვრებაში ...

(სპეციალურად საიტისთვის)