"უმძიმესი პაციენტი გადაჰყავდათ კლინიკაში, დაშავებულები არიან სასწრაფო დახმარების სამივე წევრი, ექიმები და მძღოლი" - ერთმანეთს ტრაილერი და სასწრაფო დახმარების მანქანა შეეჯახა
ფოთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა. შემთხვევა დღეს, მალთაყვას უბანში მოხდა. ერთმანეთს ტრაილერი და სასწრაფო დახმარების მანქანა შეეჯახა.
როგორც ირკვევა, ავტოავარიის დროს სასწრაფოს ბრიგადას უმძიმესი პაციენტი გადაყავდა და სავარაუდოდ, სასწრაფოს მძღოლი ამიტომ სიჩქარით მოძრაობდა. დაშავებულები არიან სასწრაფო დახმარების სამივე წევრი, ექიმები და მძღოლი, ამჟამად კლინიკაშია არიან გადაყვანილები, მათ მოტეხილობები აღენიშნებათ საბედნიეროდ მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც ფაქტის თვითმხილველი ჩვენთან საუბარში ამბობს, სასწრაფოს ხმოვანი სიგნალი და ციმციმა ჩართული ჰქონდა. `უმძიმესი პაციენტი გადაყავდათ კლინიკაში, მას თურმე გული გზაში ორჯერ გაუჩერდა, სასწრაფოს ექიმებმა ისე იყოჩაღეს, რომ გული აუმუშავეს პაციენტს. ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანი იყო პაციენტი კლინიკამდე დროულად მიეყვანათ და ამიტომ სასწრაფო დახმარების მანქანას ჩართული ჰქონდა ხმოვანი სიგნალიც, ციმციმაც და ჩქარა მოძრაობდა, ამ დროს მოხდა შეჯახება. ავარიის მიზეზებს ადგენენ. მანქანაში მყოფი მედპერსონალი კლინიკაში გადაიყვანეს. მოტეხილობები აქვთ, მაგრამ ამბობენ, რომ მსუბუქად დაშავდნენ. ავარიის დროს არ დაშავებულა პაციენტი, ისიც ამ დრომდე კლინიკაში რჩება, მისი სიცოცხლე ამ ავარიამდე ექიმებმა გადაარჩინეს. კლინიკაში ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება მედპერსონალი, როდის გაწერენ მათ, ჯერჯერობით უცნობია", - ამბობს ჩვენთან საუბარში თვითმხილველი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.
(სპეციალურად საიტისთვის)