რატომ უწოდეს თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრას პუტინის "ალტერ ეგოს" უფასო "მასაჟი" - BBC russian - კვირის პალიტრა

რატომ უწოდეს თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრას პუტინის "ალტერ ეგოს" უფასო "მასაჟი" - BBC russian

"რუსეთმა და თურქეთმა ვერ შეძლეს მოლაპარაკება "მარცვლეულის გარიგების" განახლების" შესახებ - ასეთი დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ ჟურნალისტების წინაშე რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტების - ვლადიმერ პუტინისა და რეჯეფ ერდოღანის გაკეთებული განცხადებებიდან, სოჭში გამართული მოლაპარაკების შემდეგ", - ნათქვამია ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის - „ბი-ბი-სის“ რუსული სამსახურის (BBC russian) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში, სათაურით - "პუტინმა და ერდოღანმა "მარცვლეულის გარიგების" აღდგენაზე ვერ მოილაპარაკეს".

რუსეთისა და თურქეთის ლიდერების სოჭის შეხვედრის ჯერ ანონსი და უშუალოდ თვითონ პრეზიდენტების მოლაპარაკების ფაქტი, შეიძლება ითქვას, ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოვლენას წარმოადგენს ბოლო დღეების საერთაშორისო ცხოვრებაში. მით უმეტეს, რომ შეხვედრას ერთგვარ ინტრიგას მატებდა ვიზიტის ირგვლივ შექმნილი სიტუაცია: ჯერ, თითქოსდა, ვლადიმერ პუტინი უნდა ჩასულიყო თურქეთში, შემდეგ კი, ყველასათვის მოულოდნელად, გამოცხადდა, რომ სოჭს რეჯეფ ერდოღანი ეწვეოდა ანუ ანკარის ეს გადაწყვეტილება ძალიან ჰგავდა ერთგვარ კომპრომისს.

შეხვედრის წინახანებში რუსულმა მხარემ არა ერთხელ განაცხადა, რომ მას არ აკმაყოფილებდა ისეთი სიტუაცია, როცა 2022 წლის ივლისში ხელმოწერილი შეთანხმებით (ოფიციალური სახელწოდება "შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა") უკრაინის მარცვლეული გემებით გადიოდა, რუსეთის მიზნები შეუსრულებელი რჩებოდა (პარალელურად რუსული მარცვლეულის ექსპორტი, ზოგიერთი რუსული ბანკის „სვიფტის“ სისტემაში ჩართვა და ა.შ.). საბოლოოდ, რუსეთმა მუქარა შეასრულა და 17 ივლისს კრემლმა შეთანხმებაში მონაწილეობა შეწყვიტა. ამერიკული პრესა წერდა, რომ ვლადიმერ პუტინი გაბრაზებული იყო რეჯეფ ერდოღანზეც იმის გამო, რომ თურქმა ლიდერმა უკრაინელი ტყვეები ("აზოვის" ბატალიონის მეთაურები) მოსკოვთან შეუთანხმებლად გაათავისუფლა. გაზეთი "უოლ-სთრით ჯორნელი" იმასაც კი აღნიშნავდა, რომ პუტინი ერდოღანის სატელეფონო ზარებს არ პასუხობსო.

ასე იყო თუ ისე, თურქეთის პრეზიდენტის ვიზიტის წინ აშკარად ჩანდა, რომ ვლადიმერ პუტინი თავიდანვე ნეგატიურად იყო განწყობილი "მარცვლეულის გარიგების" აღდგენის იდეის მიმართ. და მაინც, რეჯეფ ერდოღანი პირადად შეეცადა ვლადიმერ პუტინის დარწმუნებას, მაგრამ რამდენად გამოუვიდა ანკარას?

პრეზიდენტების მოლაპარაკება სოჭის სამთავრობო სანატორიუმ "რუსში" გაიმართა. მხარეთა საუბარმა სამ საათზე მეტ ხანს გასტანა, შემდეგ კი ისინი ჟურნალისტთა წინაშე გამოვიდნენ.

ვლადიმერ პუტინმა კიდევ ერთხელ დაადანაშაულა კიევი, რომ უკრაინული მხარე შავი ზღვის ჰუმანიტარულ დერეფანს ტერორისტული შეტევებისათვის იყენებდა იმ დროს, როცა რუსეთი ზედმიწევნით უზრუნველყოფდა "მარცვლეულის დერეფნის" უსაფრთხოებას. რუსი ლიდერის აზრით, დასავლეთი ფიქრობდა, მოატყუებდა რუსეთს, რომ ჰუმანიტარულ დერეფანს თითქოსდა მხოლოდ მარცვლეულის ექსპორტისთვის იყენებდა, მაგრამ რუსეთი ყველაფერს ხედავდა. რუსეთის ლიდერმა განაცხადა, რომ იგი უარს ამბობს "მარცვლეულის გარიგების" აღდგენაზე, სამაგიეროდ, თვითონ, ცალმხრივად გააგრძელებს ხორბლისა და სასუქების ექსპორტს. რუსეთი მოლაპარაკებას აწარმოებს აფრიკის ქვეყნებთან მარცვლეულის მიწოდებასთან დაკავშირებით.

თავის მხრივ, რეჯეფ ერდოღანმა აღნიშნა, რომ დღეისათვის "მარცვლეულის გარიგებას" ალტერნატივა არ აქვს (ანუ იგი არ დაეთანხმა რუსი კოლეგის თვალსაზრისს). ამასთან, თურქმა სტუმარმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ უკრაინამ თავისი მიდგომები "შავი ზღვის დერეფნის" მიმართ უნდა შეარბილოს. ყოველი შემთხვევისთვის, როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ანკარამ მაინც მოამზადა თავისი ხედვა "მარცვლეულის გარიგების“ აღდგენის თაობაზე და ის რუსეთს გადასცა შესწავლის მიზნით. რეჯეფ ერდოღანი მზადაა, რუსული ხორბალი თავისთან მიიღოს, დაფქვას და ფქვილის სახით აფრიკის ქვეყნებს გაუგზავნოს. "თურქეთი კვლავაც გააგრძელებს თავის საშუამავლო მოქმედებას", - აღნიშნა თურქმა ლიდერმა.

"ვლადიმერ პუტინს მარცვლეულის გარიგება არ სჭირდება", - წერს კომენტარში BBC russian-ის კორესპონდენტი, - "სამაგიეროდ, ის სჭირდება უკრაინას და პირადად - რეჯეფ ერდოღანს. ვლადიმერ პუტინს არ სურს, რომ უკრაინამ თავისი მარცვლეული გაყიდოს და ფული მიიღოს. იმიტომ, რომ უკრაინის ხორბლის ექსპორტი ხელს უშლის რუსული ხორბლის ექსპორტს.

მიმდინარე წელს რუსეთს მარცვლეულის და, უპირველესად, ხორბლის რეკორდული მოსავალი აქვს. შარშანაც ასე იყო. მოსკოვს შარშანდელი მოსავლიდან გასაყიდი დარჩა 100 მილიონი ტონა, რომელსაც ახალი მოსავლის იმდენივე მოცულობა დაემატება. სად უნდა წაიღოს რუსეთმა ამდენი ხორბალი? - აფრიკის ქვეყნებში, მაგრამ იქ მისი კონკურენტი უკრაინა იქნება. ესე იგი, მოსკოვს კიევის ექსპორტის განახლება არ აწყობს.

ბოლო დრომდე უკრაინას თავისი მარცვლეული სამი მარშრუტით გაჰქონდა: ა) სტამბოლის გავლით - აფრიკის ქვეყნებში ("შავი ზღვის ჰუმანიტარული დერეფნის" მეშვეობით); ბ) მდინარე დუნაის ნავსადგურებით ევროპაში და გ) რკინიგზით და ავტოტრანსპორტით.

პირველი მარშრუტი ვლადიმერ პუტინმა "ჩაჭრა": "გარიგებიდან" გამოვიდა, "დერეფნის" უსაფრთხოებას აღარ უზრუნველყოფს, ოდესის ნავსადგური სასტიკად დაბომბა, მარცვლეულის სატვირთო ტერმინალი გაანადგურა. იმავეს აკეთებს მეორე მარშრუტის მიმართაც - ირანული დრონების მეშვეობით ბომბავს მდინარე დუნაიზე არსებულ მარცვლეულის საწყობებს ქალაქ რენში. რჩება მესამე სახმელეთო ავტო და სარკინიგზო მარშრუტი: მოლდოვას, სლოვაკეთისა და პოლონეთის გავლით - ევროკავშირში, მაგრამ იქაური ფერმერები აღშფოთებულნი არიან უკრაინული იაფი მარცვლეულის შეტანით.

ვლადიმერ პუტინმა "მარცვლეულის გარიგების აღდგენისათვის" ულტიმატურული პირობები წამოაყენა, რაც დასავლეთისათვის მიუღებელია. კრემლი ყველანაირად ცდილობს, უკრაინას შემოსავლების მიღების გზები მოუსპოს, განსაკუთრებით - სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტი, რომელიც წინა წლებში უკრაინის სახელმწიფო ბიუჯეტს 40%-მდე ავსებდა. სამაგიეროდ, გაიყიდება რუსული ხორბალი.

კრემლისათვის სამმაგი მოგება გამოდის: კიევს შემოსავლები აკლდება, მის ბაზარს რუსეთი იკავებს და თავის მარცვლეულს უფრო ძვირად ჰყიდის (რადგან მას კონკურენტი არ ჰყავს).

და პლუს ვლადიმერ პუტინის "ალტერ ეგოს" უფასო მასაჟი: რუსეთის ტელევიზიით ქვეყნის მოსახლეობის წინაშე გამოსვლისას მას შეუძლია აჩვენოს - "აი, როგორი მნიშვნელოვანი თხოვნებით მოდიან ჩემთან უცხოელი ლიდერები, მე კი მათ უკან პირში ჩალაგამოვლებულებს ვგზავნი", - აღნიშნავს თავის კომენტარში BBC russian-ის კორესპონდენტი.

წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ