"როცა მეუღლე გარდამეცვალა, ჩემს შვილს ვუთხარი: წინა კორპუსში ვიღაც გაასვენეს, მათგან ტახტი გადმოიტანე, რომ მამა დავასვენოთ-მეთქი... გაკვირვებულმა შემომხედა, იმდენად მშვიდად ვუთხარი" - ტრაგედიის ფსიქოლოგია - კვირის პალიტრა

"როცა მეუღლე გარდამეცვალა, ჩემს შვილს ვუთხარი: წინა კორპუსში ვიღაც გაასვენეს, მათგან ტახტი გადმოიტანე, რომ მამა დავასვენოთ-მეთქი... გაკვირვებულმა შემომხედა, იმდენად მშვიდად ვუთხარი" - ტრაგედიის ფსიქოლოგია

"მახსოვს ბავშვობაში სოფლად ვიღაც საავადმყოფოში რომ გარდაიცვლებოდა, ექიმს მიუცვივდებოდნენ მოსაკლავად, საჩხუბრად, რატომ მომიკალიო - ანუ დამნაშავეს ეძებდნენ" - როგორია ტრაგედიის ფსიქოლოგია

შოვში სტიქიით დაზარალებული პირები, დაღუპულთა და დაკარგულთა ოჯახის წევრები მაღალკვალიფიციურ ფსიქოლოგიურ დახმარებას მიიღებენ - შესაბამისი­ დადგენილების პროექტი მთავრობის სხდომაზე განიხილეს. ჯანდაცვის უწყებამ სპეციალური აკრედიტაციის საფუძველზე­ სპეციალისტები შეამოწმა და მხოლოდ ამის შემდეგ მისცა დაზარალებულ ოჯახებთან მუშაობის უფლება. ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის სრული კურსის ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს, ცენტრები კი­ თბილისის გარდა, ქუთაისში, გორში, ბათუმსა და ზუგდიდში იმუშავებენ. ჯანდაცვის უწყება მოქალაქეების სურვილის შემთხვევაში რეაბილიტაციის ცენტრებში ფსიქოლოგიური დახმარების მსურველთა ტრანსპორტირებასაც უზრუნველყოფს.

როგორ მუშაობენ დაზარალებულ ოჯახებთან სპეციალისტები და როგორია ტრაგედიის ფსიქოლოგია, ამ კითხვებს "კვირის პალიტრასთან" ფსიქოლოგები - ნანა ჩაჩუა და ნინო კერესელიძე უპასუხებენ.

ტრაგედიის 5 ეტაპი

ნანა ჩაჩუა, ფსიქოლოგი:

- ტრაგედიას აქვს თავისი ეტაპები. პირველი ეტაპისას ფაქტს უყურებ, ხედავ და ვერ აღიქვამ ადეკვატურად. მეორე ეტაპზე უნდა დაადანაშაულო ვინმე, ეძებ დამნაშავეს. მესამე ეტაპზე საკუთარი თავისკენ მიმართავ აქცენტს, რა შეიძლებოდა გამეკეთებინა,­ ზოგჯერ თავ­საც იდანაშაულებ - ამ საფეხურს შევაჭრება ჰქვია. მეოთხე ეტაპია დეპრესიულობის მომენტი, ოღონდ არა დეპრესია. მეხუთე ეტაპზე მომხდარს უკვე რეალურად იღებ... ამიტომ, როდესაც დიდი ტრაგედია მოხდება და ვიღაცებისკენ იშვერენ ხელს, არ უნდა გაგვიკვირდეს. ეს დამახასიათებელია ასეთი მძიმე პროცესებისათვის. ამას ხშირად იყენებენ პოლიტიკური მიზნებისთვისაც, ვიღაცაზე შურის საძიებლად. ასეთი ტრაგედიების დროს ადვილად იკვეთება ადამიანების სუბიექტური განწყობა, განსაკუთრებით მეორე საფეხურზე, როდესაც ეძებ დამნაშავეს. მახსოვს ბავშვობაში სოფლად ვიღაც საავადმყოფოში რომ გარდაიცვლებოდა, ექიმს მიუცვივდებოდნენ მოსაკლავად, საჩხუბრად, რატომ მომიკალიო - ანუ დამნაშავეს ეძებდნენ. ასე რომ, მეხუთე საფეხურამდე ობიექტური განსჯა გამორიცხულია. აი, როცა მომხდარს მიიღებ, მერე შეიძლება დაინახო ჭეშმარიტი მიზეზ-შედეგობრივი კავშირები მოვლენებს შორის. მეხუთე ეტაპზე­ იწყება მომხდარის შეფასება და ის იქნება­ ობიექტური, მაგრამ ამას დრო სჭირდება. ზოგი ძალიან სწრაფად გადის, ზოგი რომელიმე საფეხურზე დიდხანს ჩერდება...

- ასეთ ადამიანებთან როგორ მუშაობენ ფსიქოლოგები?

- პირველ რიგში, საჭიროა მომხდარის გაცნობიერება - როცა რაიმე ხდება, ამ მოვლენის­ მიმართ დამოკიდებულება უნდა იყოს ადეკვატური. ფსიქოლოგმა საკუთარ თავს უნდა ჰკითხოს: მე რა მევალება,­ რა შემიძლია გავაკეთო­ ახლა? ფსიქოლოგიაში სხვადასხვა მიმართულება და მეთოდია, მაგრამ ეგზისტენციალური ფსიქოლოგია ამას გვთავაზობს, რომ დავინახოთ რა მოხდა და რა არის გასაკეთებელი.

რაც შეეხება დაზარალებულებს, არსებობს საერთო ტრადიცია, ერთ-ერთი მექანიზმი იმისა, თუ როგორ მივი­ღოთ რეალობა, ფსიქოლოგს კი ის აქვს გასაკეთებელი, რაც შეეფერება ამ პროცესს და ამის მიხედვით ვიმოქმედოთ -­ თუ ადამიანი­ რელიგიურია, ვხელმძღვანელობთ იმით, თუ რას გთავაზობს რელიგია, თუ ათეისტია, რას გვთავაზობს სამოქალაქო ცნობიერება... ჩემი პრაქტიკიდან მაქვს უამრავი მაგალითი. ამბობენ, დრო მკურნალიაო. დრო მკურნალი კი არ არის, დრო არის ის, რაც მიგიყვანს ადეკვატურ, რეალურ ხედვამდე. დრო კი არ არის მკურნალი, დრო არის საჭირო ეტაპების გასავლელად.

როცა ჩემი მეუღლე საავადმყოფოში იწვა, ჩვენს საერთო მეგობარს გულიკო ჩაფიძისთვის უთქვამს, როგორმე გადაარჩინეთ, თორემ ისეთი ურთიერთობა აქვთ, ნანა მის სიკვდილს ვერ გადაიტანსო. როცა ჩემი მეუღლე გარდაიცვალა, მე მარტო ვიყავი, შვილები არ იყვნენ ისეთი ასაკის, რომ ამ განსაცდელში დამხმარებოდნენ. როცა გამოვედი იმ ოთახიდან, სადაც ჩემი მეუღლე­ გარდაიცვალა, მივედი ჩემს შვილთან და ვუთხარი: ლევან, მამა გარდაიცვალა. წინა კორპუსში ვიღაც გაასვენეს. წადი მათთან და ტახტი გადმოიტანე, რომ მამა დავასვენოთ-მეთქი. გაკვირვებულმა შემომხედა, იმდენად მშვიდად ვუთხარი. მე მოკლე პერიოდში გავიარე ზემოჩამოთვლილი საფეხურები. ეს იყო 90-იან წლებში.

ფაქტს ვერსად გავექცევით. რეალობა გვეუბნება, რა უნდა გავაკეთოთ. როცა რეალობას არ იღებ, არა ხარ ადეკვატური არც გამოხატვაში, არც პასუხში რეალობასთან...

"უნივერსალური კითხვაა, რით შემიძლია დაგიჭირო მხარი, რა შემიძლია გავაკეთო შენთვის"

ნინო კერესელიძე:

nino-kereselize-1693896560.jpg

- გლოვის 5 სტადიას ადამიანები გადიან ფსიქოემოციური­ ფაზების მიხედვით. ეს გრძელდება 40 დღიდან 6 თვემდე, რაც ნორმალურ ფსიქიკურ მდგომარეობად ითვლება. პირველი 3 ფაზა დაახლოებით 5-7 დღეში გადის. ეს დამოკიდებულია ადამიანის გამკლავების მექანიზმზე, რაც ინდივიდუალურია. 6 თვე არის პერიოდი, როცა ვთვლით, რომ ფსიქიკამ შეძლო რეაბილიტაციის გავლა და უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს. სამწუხაროდ, არის გამონაკლისები, როდესაც უჭირს ადამიანს აღქმა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ახლობელი ადამიანი დაკარგა.­ იხილეთ სრულად - ტრაგედიის ფსიქოლოგია