საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის საიდუმლოება - სად გაქრა ქვეყნის მთავარი დოკუმენტი, რომლის კვალსაც 33 წელი ვერ მიაგნეს? - კვირის პალიტრა

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის საიდუმლოება - სად გაქრა ქვეყნის მთავარი დოკუმენტი, რომლის კვალსაც 33 წელი ვერ მიაგნეს?

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ორიგინალი დაკარგულია და მას დღემდე არავინ ეძებს. დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს 1991 წლის 9 აპრილს უზენაესი საბჭოს სხდომათა დარბაზში დეპუტატებმა საზეიმოდ მოაწერეს ხელი. როგორც მაშინდელი უზენაესი საბჭოს სამდივნოს უფროსი ჰამლეტ ჭიპაშვილი იხსენებს, ამ დოკუმენტზე ხელის მოსაწერად დეპუტატებმა ახალი კალმები იყიდეს, ბევრს ნერვიულობისგან ხელი უკანკალებდა, ამიტომ ზოგიერთი პარლამენტარის გვარი მკაფიოდ არ ჩანს. ამ დღის შემდეგ ჩვენმა ქვეყანამ უამრავი ქარტეხილი გამოიარა, დამოუკიდებლობის აქტის დედანი კი უცნაურად გაუჩინარდა და ეს ისტორია დღემდე საიდუმლოების ბურუსითაა მოცული. ვერსიები და ვარაუდები ბევრია, მაგრამ დღემდე საფუძვლიანი გამოძიება არავის ჩაუტარებია იმის დასადგენად, თუ სად გაუჩინარდა ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი. შენობები, სადაც შეიძლებოდა აქტი შენახული ყოფილიყო, გაიძარცვა, დაიწვა, განადგურდა... დოკუმენტის შექმნისა და გაუჩინარების ზოგიერთი ეპიზოდის შესახებ ჰამლეტ ჭიპაშვილი გვიამბობს:

- 1991 წლის 9 აპრილს უზენაესი საბჭოს საგანგებო სხდომა დაინიშნა. რამდენიმე დღით ადრე უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ, ბატონმა ზვიად გამსახურდიამ რამდენიმე კაცს დაგვავალა, სასწრაფოდ შეგვემუშავებინა დამოუკიდებლობის აქტის ტექსტი. ჩვენ ტექსტის საფუძვლად 1918 წლის დამოუკიდებლობის დეკლარაცია გამოვიყენეთ, ფორმაც ზუსტად ისეთივე შევარჩიეთ. გამსახურდიას ტექსტი მოეწონა, სხდომაც დაინიშნა... უზენაესი საბჭოს შენობის დარბაზში, მთავარი ტრიბუნის წინ, პატარა მაგიდა დავდგით და მუყაოს დიდ ქაღალდზე დაბეჭდილი ტექსტი დავდეთ, ვეცადეთ ყველაფერი ისე გაკეთებულიყო, როგორც მენშევიკების დროს იყო. აქტზე ხელმოწერის უფლება ითხოვა მინისტრთა საბჭომაც, რაზეც ბატონი ზვიადი მცირე ფიქრის შემდეგ დათანხმდა. მოკლედ, ხელმოწერის დასრულების შემდეგ, რადგან მე გახლდით უზენაესი საბჭოს სამდივნოს უფროსი, დოკუმენტი ჩამოვიტანე ჩემს კაბინეტში, დავუსვი უზენაესი საბჭოს ბეჭედი, დავადასტურე ჩემი ხელმოწერით და შევინახე სეიფში. შემდეგ ჩემთან მოვიდა „საბჭოთა საქართველოს“ ხელმძღვანელი ვახტანგ ესვანჯია, რომელმაც დოკუმენტი მთხოვა, თან განმიმარტა, რომ ფოტო უნდა გადაეღო და პრესაში გამოექვეყნებინა. ბადრიმ დოკუმენტი იმ დღესვე დამიბრუნა, მეორე დღეს კი აქტი, თავისი ხელმოწერებით, გაზეთებში გამოქვეყნდა.

- ამ დოკუმენტზე მანანა არჩვაძე- გამსახურდიას ხელმოწერა როგორ გაჩნდა?

- 9 აპრილის საღამოსვე, ცხრა საათზე, ბატონმა ზვიადმა დამირეკა და მთხოვა, რომ ორიგინალი მასთან ამეტანა. ასეც მოვიქეცი, მან მითხრა, რომ დოკუმენტს დაიტოვებდა და დილით დამიბრუნებდა. დილით მართლაც დამიბრუნა, თუმცა მასზე უკვე იყო მისი მეუღლის, მანანა არჩვაძე-გამსახურდიას ხელმოწერა. ბატონმა ზვიადმა მთხოვა, რომ აქტი გაზეთებში დასაბეჭდად ხელმეორედ გამეშვა - უკვე მანანა არჩვაძე-გამსახურდიას ხელმოწერით.

- სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი დოკუმენტის ვინმესთვის, თუნდაც ის ზვიად გამსახურდია ყოფილიყო, შინ გატანების უფლება გქონდათ?

- ყოველ შემთხვევაში, უარსაც ვერ ვეტყოდი. მე დოკუმენტი უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს კაბინეტში შევუტანე. მეორე დღეს, დოკუმენტზე ქალბატონი მანანას ხელმოწერა რომ ვნახე, ერთი კი ვუთხარი ბატონ ზვიადს, უხერხულია-მეთქი, მაგრამ მითხრა, არა უშავსო. ამან საზოგადოებაში უკმაყოფილება გამოიწვია. მეორე დღეს გამოსულ გაზეთებში უკვე ამგვარად ხელმოწერილი აქტი გამოქვეყნდა. ე.ი. 10 და 11 აპრილს დამოუკიდებლობის აქტის ორი, სხვადასხვა ვარიანტი გავრცელდა. მე და ვერც სხვა ვერავინ ვერ იფიქრებდა, რომ გამსახურდია დოკუმენტს გამომართმევდა იმისთვის, რომ შინ წაეღო და ქალბატ მანანას ხელი მოეწერა. 9 აპრილის საგანგებო სხდომაზე მოწვეული გვყავდა ოლღა დემურია-კოსტავა. მოგეხსენებათ, რაოდენ უსაზღვრო იყო ბატონ მერაბ კოსტავას წვლილი საქართველოს დამოუკიდებლობაში, შესაბამისად, ზვიად გამსახურდიამ შემოგვთავაზა, რომ კარგი იქნებოდა, თუ ამ დოკუმენტს ხელს მოაწერდა მერაბ კოსტავას დედა, ქალბატონი ოლღა დემურია-კოსტავა. ალბათ, ამის შემდეგ ქალბატონმა მანანამ მიიჩნია, რომ მისი ხელმოწერაც უნდა ყოფილიყო დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე. დაზუსტებით ვერაფერს გეტყვით. ამ ამბიდან ორი დღის შემდეგ ბატონმა ზვიადმა დოკუმენტი ისევ მთხოვა, ჩეჩნეთიდან მეგობრები არიან ჩამოსულები და მათ უნდა ვაჩვენოო. ამის შემდეგ აღარ დაუბრუნებია. ორი- სამი დღის შემდეგ მე შევახსენე, დამიბრუნეთ-მეთქი, მაგრამ მითხრა, ჩემთან უკეთ შეინახებაო. მეც შევეშვი. მერე სამოქალაქო ომიც დაიწყო და საერთოდ გაქრა დედნის ასავალ-დასავალი. ამბობენ, რომ დოკუმენტი ზვიადმა გროზნოში წაიღო, მერე რა ბედი ეწია, ვერ გეტყვით.

- ზოგიერთი ვერსიით, ის მანანა არჩვაძე-გამსახურდიას უნდა ჰქონდეს, არსებობს ასეთი მოსაზრებაც, რომ დოკუმენტი საპატრიარქოში ინახება.

- არ ვიცი, ამის შესახებ მართლა ვერაფერს გეტყვით. მე ის ვიცი, რომ დოკუმენტი ზვიად გამსახურდიას მივეცი. არა მგონია, რომ დოკუმენტი საპატრიარქოში იყოს, არც ბატონი ზვიადის ოჯახის წევრებს უთქვამთ, რომ დოკუმენტი მათ აქვთ. მე იმის უფრო მჯერა, რომ ზვიად გამსახურდიამ დოკუმენტი გროზნოში წაიღო და იქ დაკარგა.

- რამდენად მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ ახლა ამ დოკუმენტის მოძიება?

- რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანას საკუთარი დამოუკიდებლობის აღგენის აქტის დედანი ჰქონდეს, მაგრამ რას ვიზამთ, დაიკარგა, მე ახლა იმის მოძიება წარმოუდგენლად მიმაჩნია.

ხათუნა ბახტურიძე

(სპეციალურად საიტისთვის)