"ის, რომ უცხოელი პარტნიორები საქართველოში რევოლუციისთვის ნიადაგს ამზადებენ, პასუხი არ არის, თავის მართლებაა..."
„ქართული ოცნება“ უბრალოდ, ცდილობს თავიდან აირიდოს უხერხული კითხვები, ამიტომ არჩიეს განრიდება, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა იმას, რომ „ქართული ოცნების“ წევრები თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაში არ მონაწილეობენ.
ძაბირაძის თქმით, მმართველი პარტიის წარმომადგენლები ამ კონფერენციას რომ დასწრებოდნენ, მათთვის არც ისე სასურველ თემებზე მოუწევდათ საუბარი.
„ეს კონფერენცია შარშანაც ჩატარდა. მაშინ დევიზი ცოტა სხვა იყო. დღეს უფრო გამოკვეთილია. „ქართული ოცნება“ არც მაშინ იღებდა მონაწილეობას და არც წელს. ეს [კონფერენციაში მონაწილეები] არ არის უბრალო ხალხი. ეს ხალხი შეიძლება დღეს აქტიურ პოლიტიკაში არაა, მაგრამ ზოგადად, თავიანთ ქვეყნებში გარკვეულ პოლიტიკურ ამინდს ქმნიან და „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა შესაძლებლობა, საკუთარი ხედვა გაეცნო, რას აპირებენ. მაგრამ მათ არჩიეს, რომ განრიდებოდნენ და მიზეზად დაასახელეს, რომ ეს არის თურმე „ოპოზიციის გაგრძელება“. არ მგონია, პუტინის დამარცხება მხოლოდ ოპოზიციისთვის იყოს მომგებიანი. მგონი, ეს არის საერთაშორისო მნიშვნელობის ამოცანა. ამიტომ, „ქართული ოცნება“ უბრალოდ, ცდილობს თავიდან აირიდოს უხერხული კითხვები. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ამ კონფერენციას რომ დასწრებოდნენ, მათთვის არც ისე სასურველ თემებზე მოუწევდათ საუბარი და არგუმენტირება ან გამართლება საკუთარი პოზიციის. ამიტომ არჩიეს განრიდება. სხვა რაიმე წონიანი არგუმენტი ვერ მოვისმინე და ალბათ, არ აქვთ“, - განაცხადა ძაბირაძემ.
რაც შეეხება „ქართული ოცნების“ კონკრეტული წარმომადგენლების განცხადებებს, რომ კონფერენციაში მონაწილეობას იმის გამო არ იღებენ, რომ მასში მონაწილე დასავლელი პოლიტიკოსები საქართველოში ნიადაგს რევოლუციისთვის ამზადებენ, ძაბირაძე ამბობს, რომ „ეს თავის გამართლების მცდელობაა“.
„ეს არ არის პასუხი, ეს არის თავის გამართლება. მცდელობაა, რომ თავი გაიმართლოს, რომ იმიტომ არ მიდის კონფერენციაზე, რომ ეს თურმე დემოკრატიის წინააღმდეგაა და რევოლუციას ამზადებენ. ვერავინ ვერ მოამზადებს რევოლუციას, თუ ქვეყანაში ამის საფუძველი არ არის. საფუძველს ყოველთვის ხელისუფლება ქმნის - მისი უუნარო მოქმედება ან ზედმეტი აგრესიულობა. როგორ შეიძლება ჩათვალო, რომ ხელისუფლების კრიტიკა რევოლუციისთვის მზადებაა. კრიტიკაა ეს - „ქართულ ოცნებას“ აკრიტიკებს ყველა, გარდა მისი მხარდაჭერებისა“, - განაცხადა ძაბირაძემ.
შეგახსენებთ, რომ თბილისში მე-7 საერთაშორისო კონფერენცია „პუტინიზმის დამარცხება" იმართება, რომელსაც მმართველი პარტიის წარმომადგენლები არ ესწრებიან. „ქართული ოცნების“ შეფასებით, აღნიშნული ღონისძიება რადიკალური პლატფორმაა, თბილისში შეკრებილი უცხოელები კი რადიკალებს უჭერენ მხარს, რევოლუციისთვის ამზადებენ ნიადაგს და მეორე ფრონტის გახსნა სურთ.
"ინტერპრესნიუსი"