"შეჯავშნული მატარებლით რუსეთში" - რაზე ისაუბრებენ საიდუმლო შეხვედრაზე კიმ ჩენ ინი და პუტინი?! - კვირის პალიტრა

"შეჯავშნული მატარებლით რუსეთში" - რაზე ისაუბრებენ საიდუმლო შეხვედრაზე კიმ ჩენ ინი და პუტინი?!

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი უახლოეს მომავალში რუსეთში ვიზიტსა და ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას გეგმავს, რათა იარაღის მიწოდების საკითხი განიხილონ.

გასულ კვირას თეთრი სახლის წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ მოსკოვი საიდუმლო მოლაპარაკებას აწარმოებს ჩრდილოეთ კორეასთან იარაღის მიწოდების საკითხზე, რომელსაც რუსეთის მხარე შემდეგ უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოიყენებს.

„როგორც ჩვენ ადრეც გაფრთხილებდით, რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის იარაღის წიმოდებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს - განაცხადა თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელმა ედრიენ უოტსონმა - ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ კიმ ჩენ ინი ამ მოლაპარაკებების წარმოების გაგრძელებას რუსეთის ლიდერთან ელის“.

გამოცემა New York Times-ის ცნობით, კიმ ჩენ ინი, რომელიც ჩრდილოეთ კორეას იშვიათად ტოვებს, შეჯავშნული მატარებლით ვლადივოსტოკში ჩასვლასა და ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას აღმოსავლეთის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გეგმავს, რომელიც 10 -13 სექტემბერს გაიმართება.

“პუტინს სურს კიმი დაარწმუნოს, რომ რუსეთს საარტილერიო ჭურვები და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები მიაწოდოს, კიმს კი სურს რუსეთმა ჩრდილოეთ კორეა უახლესი თანამგზავრული ტექნოლოგიებითა და ბირთვული წყალქვეშა ნავებით მოამარაგოს“, - ვკითხულობთ New York Times-ში. სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ კიმ ჩენ ინი ისურვებდა, რუსეთს ქვეყნისთვის სასურსათო დახმარებაც გაეწია.

ედრიენ უოტსონის ცნობით, ფხენიანში ბოლო ვიზიტისას, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ცდილობდა ჩრდილოკორეელთა დარწმუნებას, რათა მათ რუსეთისთვის საბრძოლო მარაგი მიეყიდა. „მოვუწოდებთ ჩრდილოეთ კორეას შეწყვიტოს მოლაპარაკებები რუსეთთან იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით და დაიცვას საზოგადოების წინაშე აღებული ვალდებულება და არ მიჰყიდოს იარაღი რუსეთს", - ამბობს უოტსონი.

გასულ კვირას გაეროში აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, სამხრეთ კორეის და იაპონის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ რუსეთსა და ჩრდ. კორეას შორის ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოვება უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციის დარღვევად აღიქმება, რომელსაც თავად მოსკოვმაც დაუჭირა მხარი.

მათი განცხადებით, შოიგუს შემდეგ ფხენიანში რუსეთის სხვა წარმომადგენლებიც წავიდნენ, რომელთაც გააგრძელეს მოლაპარაკებები იარაღის შესყიდვის საკითხზე.

ამერიკული პრესა ჯერ კიდევ გასულ წერს წერდა, რომ მოსკოვი ჩრდილოეთ კორეისგან ყიდულობდა ჭურვებს. ფხენიანი და მოსკოვი კი უარყოფდნენ, რომ რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე ჩრდილოეთ კორეიდან მიწოდებული იარაღით იბრძვის.

ჯონ ევერარდი, რომელიც ჩრდილოეთ კორეაში ბრიტანეთის ელჩის პოსტს 2006-2008 წლებში იკავებდა. BBC-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ შესაძლოა ახლა კიმ ჩენ ინის ვიზიტი რუსეთში საერთოდ აღარ შედგეს:

„კიმ ჩენ ინი პირადი უსაფრთხოების საკითხშე აბსოლუტური პარანოიკია. ის ყველაფერს გააკეთებს, რომ მისი ყოველი გადაადგილება საიდუმლოდ დატოვოს და თუ ცნობილი გახდა, რომ ვლადივოსტოკში პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრას გეგმავს, სავარაუდოდ, ის ამ ღონისძიებას გააუქმებს“ - აღნიშნა BBC-სთან საუბრისას ჯონ ევერარდმა. (წყარო)