როგორ გადაარჩინა წლევანდელი მოსავალი კახელმა მევენახემ - კვირის პალიტრა

როგორ გადაარჩინა წლევანდელი მოსავალი კახელმა მევენახემ

კახეთს რთველი მოადგა კარს, მალე მზისთვალშეპარული ყურძენი მკრეფავებს მოუხმობს. როგორც ამბობენ, წლევანდელი წელი უხვმოსავლიანი ვერ იქნება ამინდების გამო. კახელი გლეხები მომიყვნენ, რომ ზოგიერთი ვენახი კარგა ხანია გამოკრეფილს დაემსგავსა. ,,აღარ გვიღირს ვენახების მოვლა, არც ამინდი გვწყალობს და ყურძნის ფასიც ისეთი დაბალია, ჩაბარების დროსაც არა გვაქვს ხეირი. გავუგდებთ წალდს და მის ადგილზე საზამთროს გავაშენებთ, კარტოფილს მოვიყვანთ, ბოლო-ბოლო, კაკალს დავრგავთ და არ ვიწვალებთ ამდენს", - მითხრეს გზის პირას ჩამომსხდარმა გლეხებმა. ბევრმა თურმე ,,აქამდეც იხმარა ჭკუა" და ვაზის ნაცვლად სხვა კულტურის მოყვანას მიჰყო ხელი. ამბობენ, რომ გლეხკაცი ასე უფრო ნახულობს ხეირს. ყურს არ ვუჯერებდი, როცა ვისმენდი, რომ თურმე ვენახი გლეხისთვის დამაზარალებელი გამხდარა.

სიმართლე გითხრათ, დადარდიანებული და გაბრაზებული კახელების გადაწყვეტილებამ მეც ამაფორიაქა და უფრო ოპტიმისტი მევენახის ძებნა დავიწყე და ვიპოვე, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანის მკვიდრი გია გურაშვილი. გიას ისე ჰყვარებია ვაზი, ჰექტარობით ვენახს მარტო უვლის, მითხრეს, საჩვენებელი ვაზი და სანაქებო მოსავალი აქვსო. მისი ეზოს დიდ ხეივანზე ჩამოკონწიალებულმა შავი ყურძნის უხვმა მოსავალმა მისვლისთანავე მომტაცა თვალი. წლევანდელი ცუდი ამინდების მიუხედავად, ყურძენი შეინარჩუნა და ჰექტარზე 35 ტონას მოკრეფს. ჩემი გაოცებული სახის დანახვამ ცოტა დააბნია გამრჯე მევენახე და კითხვა შემომიბრუნა, ერთი ძირი ვაზიდან 11-12 კილოგრამ ხარისხიან ყურძენს ვკრეფ და რატომ გაიოცეთო?

- მე გეტყვით, რატომ დაღუპა ჭრაქმა­ ვენახები. გლეხობა მიჩვეული იყო ვენახის 3-4 ჯერ შეწამვლას. წინა წლებში მყარი ამინდები გვქონდა და ყურძენიც არ ფუჭდებოდა. ამტკიცებდნენ, სიცივეში ჭრაქი არა ჩნდებაო, მაგრამ არ აღმოჩნდა სწორი, ჩნდება სიცივეშიც, მაგრამ ფოთოლზე კი არა, ვაზის ბწკალზე. ფოთლის ჭრაქი მხოლოდ ფოთლებს აზიანებს და გვიან გადადის ნაყოფზე­, ბწკალიდან კი ღეროზე სწრაფად ვრცელდება და ვაზის მტევანს ახმობს. ახლა ზოგიერთ ვენახს რომ შეხედოთ, გამოკრეფილი გეგონებათ. ასეთი ამინდების დროს წამლობის ვადებსაც არ უნდა უყუროს კაცმა და რაც შეიძლება ხშირად და ხარისხიანად შეწამლოს, რათა დაავადება შეაჩეროს. მთავარია, ვაზი ყვავილობიდან შედეგიანად გამოვიდეს. როცა სრულყოფილ მტევანს მიიღებ, მერე პრობლემა აღარ იქნება. ვინც კომბინირებული წამლით ინტენსიურად ვწამლავთ, გადაგვირჩა ვენახები და ვინც ვერა, ყველას გაუფუჭდა. - როგორც მითხრეს, თვითნასწავლი მევენახე ხართ...

- მამაჩემს კომუნისტების დროს სოფლის ბოლოს ორი ვენახი ჰქონდა - ურწყავში პატარა ვენახი და არხს ქვემოთ დიდი. ურწყავის ყურძნის შაქრიანობა 30 გრადუსამდე ადიოდა და ,,კაპლივით" ღვინოსაც გვაძლევდა. მშობლებმა შემასწავლეს და შემაყვარეს­ ვაზი. სკოლის მოსწავლე ვიყავი და ზოგჯერ მარტო ვსხლავდი, ვყელავდი, ვწამლავდი... ახლა ერთი დღე რომ გავიდეს და ვენახში არ ჩავიდე, ვერ ვისვენებ. უკვე 60 წელს ვუახლოვდები და იმხელა გამოცდილება დამიგროვდა, ვენახის მოვლის ჩემეული მეთოდებიც კი შევიმუშავე. ვაზის ენა რომ არ ვიცოდე, დღეს, როცა კახეთში გლეხების უმეტესობას ვენახები გაუფუჭდა, საჩვენებელი ვენახი არ მექნებოდა.

როცა წამოვიზარდე, თავადაც გავაშენე ახალი ვენახი და კიდევ 1,5-ჰექტარიანი ძველი ვენახიც მქონდა. ვაზს მარტო ვუვლი, შიგ მუშა არასდროს შემიყვანია. მუშის მოვლილი ვენახით იმ შედეგს ვერ მივიღებ, რასაც ახლა ვიღებ. არის შემთხვევები, მუშებს უხდიან ფულს, ვენახში ატარებინებენ საჭირო სამუშაოებს და რამდენიმე წელიწადში ვენახი უჩანაგდებათ.

მუშა გაძვირდა, თან ყველამ არ იცის საქმე. ყურძნის ფასიც ძალიან დაბალია და გლეხს მოგება თითქმის აღარ რჩება. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი ვენახების გაჩეხისა. ზოგი ვაზის ნაცვლად კარტოფილს თესავს, ზოგიც საზამთროს. კახეთში საზამთროს მომყვანებს წლეულს გაუმართლათ და კარგ ფასად გაყიდეს, თორემ წინა წლებში არც მაგისი მოვლა უღირდათ, რადგან დახარჯულ თანხას ვერ იღებდნენ. სასუქი, შხამქიმიკატები თუ არ მიეცი, მოსავალს ვერ იღებ. 1 ჰექტარზე რომ მოიყვანო კარგი საზამთრო, 10 ათას ლარამდე უნდა დაახარჯო. კახეთში მოყვანილი კარტოფილიც არ ინახება, ახლობაში თუ არ გამოიყენე, მერე ღივი ამოსდის და ფუჭდება. კარტოფილის კულტურას სიგრილე უყვარს. ტემპერატურა 30ოჩ-ს თუ გადასცდა, ძირს აღარ იკეთებს და სიმაღლეში მიდის. ზოგმაც ნუში, კაკალი დარგო, აბა, რა ქნან, ოჯახი როგორ არჩინონ.

- ამართლებთ ვაზის გაჩეხას?

- არ მინდა გავამართლო, მაგრამ შრომამ თუ არაფერი დაუტოვა გლეხკაცს, ისე როგორ იმუშავებს, ოჯახს ხომ რჩენა უნდა?!

გასულ წლებში თუ 5-6 ჯერ ვწამლავდი ვაზს, წელს 12-ჯერ შევწამლე ძლიერდოზიანი წამლით, რადგან არამყარი ამინდები იყო. ცხადია, ამან ხარჯიც გაზარდა, თან ღვინო-არაყზე მოთხოვნა აღარ არის. აქაურები ლუდის სმაზე არიან გადასული. იყო წლები, ყურძენს არ ვაბარებდი ქარხანაში, შინ ვწურავდი, ღვინოს ვაყენებდი და სახლიდან ვყიდდი. კარგი შემოსავალიც მქონდა, მაგრამ ბოლო წლებია, არავის დაუძახია, ღვინო მომყიდეო. არაყს აღარც ვხდი, აზრი არ აქვს. ისე იაფად უნდათ, იმ ფასად ვერ გაყიდი, რადგან გაცილებით მეტი გაქვს დახარჯული. ამიტომაც არის, რომ ბევრმა წალდი გაუგდო ვაზს, მე კი მის გარეშე არ შემიძლია. ყოველდღე დილით 6 საათზე მივდივარ სამუშაოდ და შეიძლება მთელი დღე ვენახში გავატარო.

mam2-1693917186.jpg

ვენახის სხვლას დეკემბრიდან ვიწყებ. ამინდი თუ ხელს შემიწყობს, იანვრის ბოლოს მოვრჩები. დღეში 150 მეტრზე მეტის გასხვლას ვერ ვასწრებ, რადგან ერთ ვაზთან 15 წუთით მაინც ვარ ჩამუხლული. ზოგი მეუბნება, ნელა მუშაობო, მაგრამ ვაზისთვის კარგ გასხვლას დიდი მნიშვნელობა აქვს. ვაზი ძლიერია და ბევრი წალამი ჩამოსდის, ამიტომ რიგებიდან წალმის გატანაც არ არის იოლი საქმე. ვენახს არასდროს ვფურჩნი - ეს არის ვაზის მოვლის ჩემეული მეთოდი. სანამ გამოუცდელი ვიყავი, მირჩევდნენ, ვაზი არ დამეტვირთა, ანუ ორ რქაზე მეტი არ დამეტოვებინა გასხვლისას, მაგრამ პრაქტიკამ სხვა რამე მაჩვენა და ახლა სამ ან ოთხ რქას ვუტოვებ. ვაზი მეტად იბურება და სიცხისგან დაცულია - ყურძენსაც ხარისხიანს მაძლევს. სხვებს რომ ვუჯერებდი და ორ რქაზე ვსხლავდი, ქიზიყის გვალვებს ვერ უძლებდა და დაკრეფამდე ყურძენი ისე იწვებოდა, ჩამიჩს ვიღებდი. ყვავილობიდან რომ გამოდის ვაზი, მხოლოდ თავებს ვაჭრი. ახლა ჩემი ვენახი ხშირი ტყესავით არის შებურული და შესანიშნავი მოსავალიც ამისი შედეგია.

- მხოლოდ ეს არ იქნება თქვენი სანიმუშო ვენახის საიდუმლო...

- რიგებს შორის ბალახი რომ არ გამრავლდეს, თავდაპირველად ჰერბიციდს ვასხამ, მაგრამ აგვისტო რომ დაიწყება, შხამქიმიკატს აღარ ვიყენებ და ბალახსაც არ ვთიბავ ვაზის ძირებში. სიგრილეს ამითაც ვუნარჩუნებ. მევენახემ თუ ყოველდღიურად არ იმუშავა ვენახში, საკუთარი თვალით არ დაინახა, რა უჭირს და ულხინს, ვენახი არაფერს მისცემს და დიდხანსაც ვერ შეინარჩუნებს. ერთი დღეც რომ გააცდინო, დაღუპული ხარ.

ვინც ვაზის გასხვლა და ნორმალური შეწამვლა არ იცის, მას ვენახის მოვლა-პატრონობის არა გაეგება რა. ბევრია, ვენახი აქვს, მაგრამ არაა ნამდვილი მევენახე - არ ესმის ვაზის ენა და შედეგსაც ვერ იღებს, ხან ამინდს აბრალებს, ხან დაავადებებს და წალდიც შემართული აქვს.

მე ჰექტარზე 900 ლიტრ წამალს ვასხამ. წამალს ისეთი წნევით ვუშვებ, რომ ვაზის ყველა წერტილს ხვდება და დაავადებებს კლავს. ვენახის წამლობას ყოველთვის ტკიპის საწინააღმდეგო წამლით ვიწყებ. ტკიპა ვაზის ყლორტს ჭამს და ხელს უშლის მის აღმოცენებას. მერე ჭრაქის საწინააღმდეგო წამლობას ვატარებ, ყვავილობის წინა პერიოდში კი ნაცრის წამალს ვასხამ. ყვავილობიდან გამოსვლის დროს ნაცრისა და ჭიის წამლებს ვურევ. ეს პროფილაქტიკური წამლებია და ყველა მევენახემ უნდა ჩაუტაროს ვენახს. შემდგომი წამლობები ვაზზე დაკვირვებით ჯობს, როდის რა დასჭირდება. ორი წელია, ივლისის ბოლოსა და აგვისტოს დასაწყისში პეპელა შეუჩნდება ხოლმე. ასეთი რამ აქამდე არასდროს შეგვინიშნავს. ახლა რომ გაიაროთ ვენახებში, პატარა პეპლები დაფრინავენ. მერე პეპელა იქცევა მატლად, რომელიც ყურძნის მარცვალს ხვრეტს და ალპობს.

- ბიოვენახის გაშენებაზე არ გიფიქრიათ?

- ვცადე. პატარა ვენახი მქონდა და ორი წლის განმავლობაში არანაირ შხამქიმიკატს არ ვაკარებდი, მაგრამ სიმწიფემდე მიყვანილ ყურძენს მატლი შეუჩნდებოდა და ორ დღეში მთელი მოსავალი ნადგურდებოდა. თუმცა დოგმებიც მაქვს, რისი გაკეთებაც არ შეიძლება და არც ეკადრება მევენახე ადამიანს. კახეთში ყურძენი უკვე მოწეულია და მზად არის სართვლოდ, ზოგი კი ვაზს ახლაც ასხამს წამალს, რომ არაფერი დაემართოს. ნებისმიერი შხამქიმიკატის დასხმიდან, მინიმუმ 16 დღე, ისეთი ყურძნის არც ჭამა შეიძლება და არც ღვინომასალად გამოყენება. თუმცა ვერც ვენახის პატრონს გავამტყუნებ, იმდენი დაავადება უჩნდება ვაზს დაკრეფამდე, აღარ ვიცით, როგორ ვებრძოლოთ. გსმენიათ ალბათ, ვიღაც ორ ჭიქა ღვინოს ან ჭაჭას დალევს და გაგიჟდა, ცუდად გახდაო. ამბობენ, სიმთვრალეში რას ვაკეთებდი, არაფერი მახსოვსო, და უკვირთ. გასაკვირი არაფერია, ყურძნიდან შხამი გადადის სასმელში და მისი დალევის შემდეგ ადამიანი იწამლება. ინტოქსიკაცია ათასნაირად შეიძლება გამოვლინდეს. სუფთა ყურძნის ღვინით ადამიანი აზროვნებას არ დაკარგავს და არც მეორე დღეს იქნება ცუდად. სუფთა ღვინო წამალივით ერგება ორგანიზმს.

მიხარია, რომ ხალხი ჩემი ვენახის სანახავად სხვადასხვა სოფლიდან მოდის, მაგრამ ამას დიდი შრომით ვაღწევ. საკუთარი შრომითა და ოფლით მიღებულ ლუკმას ვაჭმევ ოჯახს და სოფელში თავაწეული დავდივარ. ამაზე დიდი სიმდიდრე, არა მგონია, კიდევ რაიმე იყოს.

ნელი ვარდიაშვილი