"უკრაინის არმია ყოველ 5 დღეში წინ მიდის 700-1200 მეტრით" ანუ რა მიმართულებით ურჩიეს კონტრშეტევა ამერიკელებმა უკრაინელებს - The Guardian - კვირის პალიტრა

"უკრაინის არმია ყოველ 5 დღეში წინ მიდის 700-1200 მეტრით" ანუ რა მიმართულებით ურჩიეს კონტრშეტევა ამერიკელებმა უკრაინელებს - The Guardian

ბრიტანულ გაზეთ "გარდიანში" (The Guardian) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - "უკრაინელთა კონტრშეტევის ნელი პროგრესის გამო დასავლეთი იძულებულია, კიევისადმი იარაღის მიწოდება გააგრძელოს // მოხდა თუ არა გარდატეხა კონტრშეტევაში?" (ავტორი - დენ საბაჰი, გაზეთის რედაქტორის მოადგილე სამხედრო და უსაფრთხოების საკითხებში).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

უკრაინის განცხადებამ, რომ მისი არმია ხარკოვის ფრონტზე ბახმუტს წარმატებით უტევს, ხოლო ზაპოროჟიეს ფრონტზე რუსების თავდაცვითი ზღუდის პირველი ხაზი გაარღვია, შეიძლება ზოგიერთებში რაღაც იმედები გააჩინოს, რომ სამთვიანი კონტრშეტევის დროს უკრაინულმა ქვედანაყოფებმა, როგორც იქნა, გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს და ახლა უკვე შეუძლიათ, სწრაფად იმოქმედონ რუსი დამპყრობლების წინააღმდეგ.

მაგრამ სინამდვილეში... მოდი, ზედმეტად ოპტიმისტები ნუ ვიქნებით და, რასაკვირველია, არც პესიმიზმში არ უნდა ჩავვარდეთ. გასაგებია, რომ დანაღმული ველების გადალახვა უკრაინელებს ძალიან ძვირი დაუჯდათ, თუმცა, იმავდროულად, მნიშვნელოვან წარმატებად უნდა ჩავთვალოთ. აბა, წარმოიდგინეთ: ყოველ კვადრატულ მეტრზე რუსებმა სამი-ოთხი ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი ერთმანეთზე დადეს, რომ ყველაფერი გაანადგუროს, რაც კი მას მიუახლოვდება, თუნდაც - განაღმვის მიზნით.

ლონდონის ანალიტიკური ცენტრის (RUSI) მკვლევრებმა ჯეკ უოტლინგმა და ნიკ რეინოლდსმა თავიანთ სტატიაში გამოთვალეს, რომ უკრაინის არმია წინ მიდის "დაახლოებით, 700-1200 მეტრით ყოველ ხუთ დღეში". ზოგიერთმა დამკვირვებელმა ასეთი ტემპი შეიძლება, არასაკმარისად ჩათვალოს, მაგრამ ასეთი მოქმედებით კიევი თავისი ცოცხალი ძალისა და დასავლური ტექნიკის შენარჩუნებაზე ზრუნავს. გარდა ამისა, ყურადღება უნდა მიექცეს იმ ფაქტს, რომ რუსეთის თავდაცვითი ზღუდის მეორე და მესამე ხაზების სიღრმე 20 მილზე (დაახლოებით, 30 კილომეტრზე) მეტია. და ბუნებრივია, რუსი ჯარისკაცებიც უქმად არ სხედან - ისინი, დრონების მეშვეობით, ნაღმების რაოდენობას დამატებით ზრდიან. ასე რომ, უკრაინელებისათვის მეორე და მესამე ხაზების გადალახვაც რთული იქნება.

დანაღმული ადგილების განაღმვა ძალიან სახიფათო სამუშაოს წარმოადგენს. პრაქტიკაში ასეთი მოქმედება სპეციალური ტექნიკის - სამხედრო-საინჟინრო მოწყობილობების დახმარებით ხორციელდება, ტრალების მეშვეობით, თანაც ღამით, რომ რუსული დრონებისა და არტილერიისათვის შეუმჩნეველი იყოს. სამწუხაროდ, ზაპოროჟიეს ფრონტი თითქმის სრულიად უტყეო ლანდშაფტის მქონეა, სტეპში მხოლოდ ხეთა იშვიათ კორომებს თუ დაინახავთ, ამიტომ დანაღმვა იოლია, განაღმვა კი - რთული. როდის მიიღებს უკრაინა დამატებით სამხედრო-საინჟინრო ტექნიკას, ჯერჯერობით უცნობია.

ყურადღება უნდა მიექცეს ერთ გარემოებასაც: რას ნიშნავს მოწინააღმდეგის თავდაცვის გამაგრებული ხაზის გარღვევა? როგორც ჯეკ უოტლინგი წერს, გარღვევა ნიშნავს, დაახლოებით, 6 მილის (9-კილომეტრიანი) დერეფნის შექმნას, რომლის მეშვეობით წინ უსაფრთხოდ წავლენ საკმაო რაოდენობის ტანკები და არტილერია, რათა მათ მოწინააღმდეგის მიერ დაკავებულ ქალაქებსა და სხვა დასახლებულ პუნქტებს შეუტიონ, მაგალითად, ზაპოროჟიეს ფრონტზე მდებარე მნიშვნელოვან სატრანსპორტო კვანძს - ქალაქ ტოკმაკს, რომელიც ჯერ კიდევ არ არის არტილერიის ცეცხლის დაფარვის არეალში, თუმცა ზოგიერთი წყაროს მონაცემით, რუსები ქალაქს უკვე ტოვებენ.

მართალია, უკრაინის არმია ნელ-ნელა წინ მიდის, მაგრამ დაბრკოლებებიც მრავლდება. ჯერ კიდევ შორსაა მსხვილი ქალაქი მელიტოპოლი, რომელიც უკრაინული არმიის წინახაზიდან 90 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს, ხოლო კონტრშეტევის საბოლოო სამიზნემდე - აზოვის ზღვაზე მდებარე ნავსადგურ ბერდიანსკამდე - 70 მილია (112 კილომეტრი) დარჩენილი.

აგვისტოში კონტრშეტევა მძიმედ მიმდინარეობდა. ვლადიმერ პუტინმა მარცხი განიცადა თავის თავდაპირველ გეგმებში, კიევის დაკავების საკითხში, მაგრამ მას კიდევ აქვს წარმატების მიღწევის შანსი - შეინარჩუნოს დაპყრობილ-მიტაცებული ტერიტორიების დიდი ნაწილი, გამოფიტოს უკრაინის ეკონომიკა და გამოსცადოს კიევის დასავლელი მფარველების მოთმინება - მანამ, სანამ აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპს არ აირჩევენ.

სხვათა შორის, რუსეთი თავდაცვით რეჟიმში არ არის - აგვისტოს დასაწყისში რუსებმა, უკრაინელების საპასუხოდ, თავიანთი კონტრშეტევა წამოიწყეს ხარკოვის (ჩრდილოეთის) ფრონტზე, ქალაქების - კუპიანსკისა და ლიმანის მიმართულებით, რომლებიც მათ შარშან, სექტემბერში დატოვეს. რუსებმა წინ ორი-სამი კილომეტრით წაიწიეს, რაც კიევისათვის იმ არეალში მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაციის მიზეზი გახდა. უკრაინის არმიის სარდლობა იძულებული გახდა, სამხრეთიდან ჩრდილოეთში დამატებითი ძალები გადაესროლა. ალბათ, ამიტომაც, ამერიკელებმა უკრაინელებს ურჩიეს, რომ კონტრშეტევის დროს მთავარი მიმართულება უნდა არჩეულიყო - ან ხარკოვის, ან ზაპოროჟიეს ფრონტზე.

უკვე მიმდინარე წლის დამდეგს ყველასათვის აშკარა გახდა, რომ ომი 2024 წლამდე გაგრძელდებოდა. უკრაინელი სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, მათ კიდევ აქვთ დრო დარჩენილი ოქტომბერ-ნოემბრის შემოდგომის წვიმების სეზონის დაწყებამდე, თუ წარმატების მიღწევა სურთ. ამასთან, ისინი შიშობენ, რომ რუსეთი რაკეტებს დააგროვებს ზამთარში უკრაინის ენერგოსისტემის ობიექტების დასაბომბად, ასევე, მოსკოვი ეძებს იარაღის მიწოდების დამატებით წყაროებს - ჩრდილოეთ კორეის სახით.

თუმცა ყველაზე განსაკუთრებულ პრობლემას უკრაინისათვის საარტილერიო ჭურვებისა და თანამედროვე შეიარაღების მიწოდება წარმოადგენს. კიევმა, აქტიური ლობირების შედეგად, მიაღწია იმას, რომ ტანკები მიიღო. რაც შეეხება ავიაგამანადგურებლებს - "ფალკონებს" (F-16-ებს), ისინი უკრაინის ცაში მომავალ წელს თუ გამოჩნდებიან, თანაც - მხოლოდ მათთვის, სპეციალურად მომზადებულ აეროდრომებზე. ამასთან, რასაკვირველია, დაპირებული F-16-ების რაოდენობა ძალიან ბევრად ჩამოუვარდება რუსეთის სამხედრო ავიაციის მოცულობას, რომელიც ომის დროს, პრაქტიკულად, არ დაზარალებულა. ანუ დასავლური ავიაციის მიწოდება უკრაინისათვის, ფაქტობრივად სიტუაციას ვერ შეცვლის.

მოკლედ, თუ რაიმე ექსტრაორდინარული შემთხვევა არ მოხდება და მოსკოვსა და კიევში რაიმე პოლიტიკური ცვლილება არ განხორციელდება, ომი, ალბათ, მომავალ წელსაც ძველებური რეჟიმით გაგრძელდება.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო