"ყველა გაერთიანდით“ დიპლომატიური გზავნილია, მე და კობახიძე სად უნდა გავერთიანდეთ?" - კვირის პალიტრა

"ყველა გაერთიანდით“ დიპლომატიური გზავნილია, მე და კობახიძე სად უნდა გავერთიანდეთ?"

„ყველა გაერთიანდით“ დიპლომატიური გზავნილია, მე და კობახიძე სად უნდა გავერთიანდეთ? - ის მირბის მოსკოვში, შარლ მიშელის დოკუმენტი სწორედ ევროპისთვის გაერთიანების მცდელობა იყო, მაგრამ კობახიძემ მიშელს დოკუმენტი გადაახია,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის განცხადებას გამოეხმაურა, რომ ქართველი ხალხი თავს ევროპაში ხედავს და ამ მიზნისთვის მთავრობა და ყველა მონაწილე მხარე უნდა გაერთიანდეს.

მანჯგალაძის თქმით, ხელისუფლებას რომ ევროპული არჩევანი ჰქონდეს, გაერთიანება შესაძლებელი იქნებოდა.

„ყველა გაერთიანდით“ უფრო დიპლომატიური გზავნილია, მე და კობახიძე სად უნდა გავერთიანდეთ? - ის მირბის მოსკოვში! მე მინდა, რომ საქართველოს მოვუტანოთ ევროპული არჩევანი. სად შეიძლება ჩვენ გავერთიანდეთ? გაერთიანება სწორია, თუ კობახიძესაც მოუნდება საქართველოსთვის ევროპის მოტანა, მაშინ შევძლებთ გაერთიანებას. ჩვენ ამისკენ ნაბიჯი გადავდგით. შარლ მიშელის დოკუმენტი სწორედ ამის მცდელობა იყო, რომ მე და კობახიძე ბრიუსელში და სხვა ქვეყნებში ერთად წავსულიყავით, მაგრამ კობახიძემ მოსკოვი არჩია და ამიტომ გადაახია შარლ მიშელს დოკუმენტი თავზე”,- განაცხადა მანჯგალაძემ.

დეპუტატი ასევე გამოეხმაურა ჯოზეფ ბორელის ვიზიტს საქართველოში, რომელიც ხვალ შედგება და აღნიშნა, რომ ხვალ კიდევ ერთხელ ეტყვიან საქართველოს რომ ევროკავშირი მზადაა გაფართოებისთვის, თუმცა „ქართულ ოცნებას“ სტატუსი არ სჭირდება და არ ასრულებს რეკომენდაციებს.

„ევროპა კიდევ ერთხელ დაადასტურებს ხვალ, რომ მზად არის გაფართოებისთვის, კარი არის ღია, ძალაშია მთავარი სიტყვა ევროპის - „დაგვეხმარეთ, რომ დაგეხმაროთ".

„დაგვეხმარეთ“ ნიშნავს, რომ გვთხოვენ შევასრულოთ 12 რეკომენდაცია. „ქართული ოცნება" ყველაფერს აკეთებს, რომ რეკომენდაციები არ შესრულდეს. „ქართული ოცნებისთვის" კანდიდატის სტატუსი არის ღორის დინგზე ოქროს რგოლი. როგორც ღორს არ ჭირდება ცხვირზე ოქროს რგოლი, ისე "ქართულ ოცნებას" - სტატუსი,"- განაცხადა მანჯგალაძემ.

"ინტერპრესნიუსი"