შეცვლის თუ არა ნიკა გვარამია ლევან ხაბეიშვილს, სოფო ჯაფარიძის ფაქტორი და ვინ ვის უწყობს შეთქმულებას "ნაცმოძრაობაში"?! - გია ხუხაშვილის პროგნოზი - კვირის პალიტრა

შეცვლის თუ არა ნიკა გვარამია ლევან ხაბეიშვილს, სოფო ჯაფარიძის ფაქტორი და ვინ ვის უწყობს შეთქმულებას "ნაცმოძრაობაში"?! - გია ხუხაშვილის პროგნოზი

"ჩვენ ისედაც ვიცოდით, რომ მთავარი არხი "ნაციონალური მოძრაობის" კონტროლის ქვეშ იყო. გაბუნიას ახალი არაფერი უთქვამს... თუ ეს ტელევიზია ახლა მოემსახურება საზოგადოებრივ ინტერესს და არა - ვიწრო პოლიტიკურს ან კლანურს, ეს მხოლოდ მისასალმებელია", - ასე ეხმაურება ექსპერტი გია ხუხაშვილი გიორგი გაბუნიას მიერ გაკეთებულ განცხადებას იმის თაობაზე, რომ არხის სარედაქციო პოლიტიკა პარტიული გავლენისგან გათავისუფლდა და ამიერიდან ენმ-ის დავალებების შესრულება აღარ მოუწევთ. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ „მთავარი არხის“ დირექტორმა გიორგი გაბუნიამ, ახალი სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით, საკუთარ არხს ვრცელი ინტერვიუ მისცა. გაბუნიამ ნიკა გვარამიას დაკავების შემდეგ, ტელევიზიაში არსებულ რთულ მდგომარეობასთან ერთად, „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებულ პრობლემებზეც ისაუბრა, გააკრიტიკა პარტიის ძველი და მოქმედი ლიდერები, თავად პარტიას კი „ვაი-ვუი“ უწოდა. გაბუნიას ამ ჟესტმა კითხვის ნიშნები და შეთქმულების თეორიები გააჩინა საზოგადოებაში. მართლაც, საინტერესოა, რისთვის დასჭირდა მთავარი არხის დირექტორს მსგავსი განცხადებების გაკეთება, რა ხდება სინამდვილეში „ნაციონალურ მოძრაობაში“ და ვინ ვის წინააღდეგ ან მხარდასაჭერად არის? ამ ვერსიებში გარკვევას გია ხუხაშვილთან ერთად შევეცდებით:

- სიმართლე რომ გითხრათ, არ მინდა მოტივებზე და ქვენა აზრებზე საუბარი. კარგი ამბავი მოხდა - გაბუნიამ აღიარა და ეს დასაფასებელია. ამაზე კარგი ის იქნება, თუ ეს ტელევიზია ახლა მაინც მოემსახურება საზოგადოებრივ ინტერესს და არა - ვიწრო პოლიტიკურს ან კლანურს. მართლა ძალიან გამიხარდება, "იმედიც" თუ იმავეს გააკეთებს, თუმცა "მეტი არ იყოს ჩემი მტერი".

- იზიარებთ თუ არა ვერსიას იმის შესახებ, რომ მთელი ეს ამბავი, სინამდვილეში, ნიკა გვარამიასა და გიორგი გაბუნიას შეთქმულება იყო "ნაციონალური მოძრაობის" ძველი და ახალი ლიდერების წინააღმდეგ?

- პრინციპულად არ ვიზიარებ ამ ვერსიას, მე იმითაც კმაყოფილი ვარ, ეს ტელევიზია რომ ამიერიდან საზოგადოებრივ ინტერესებს მოემსახურება, რატომ გავაფუჭო ყველაფერი შეთქმულების თეორიებზე აყოლით?

- რა იცით, რომ ნამდვილად მოემსახურება საზოგადოებრივ ინტერესებს?

- ჩვენ ხომ ქრისტიანული საზოგადოება ვართ, რატომ არ უნდა ვენდოთ ადამიანს, რომელიც რაღაცას ინანიებს?!

- როგორ გგონიათ, რა ხდება ახლა „ნაციონალურ მოძრაობაში“?

- "ნაციონალურ მოძრაობაში“ დიდი ხანია, კარგი არაფერი ხდება. ლევან ხაბეიშვილის თავმჯდომარედ არჩევა პარტიის დასასრულის დასაწყისი იყო. როგორ შეიძლება პარტიას, რომელსაც მეორე პოლუსის სტატუსზე აქვს პრეტენზია, ლევან ხაბეიშვილი ხელმძღვანელობდეს?! მისი არჩევის პირველი დღიდან "ნაცმოძრაობამ" ნელ-ნელა დაიწყო პოლიტიკურ კუბოში ჩაწოლა.

- როგორ წარმოგიდგენიათ, ლევან ხაბეიშვილი შეიძლება ნიკა გვარამიამ შეცვალოს?

- ცხადია, რომ ნიკა გვარამია პოლიტიკაში ჩართვას აპირებს. არ იქნება ცუდი, თუ ნიკა გახდება "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე. სხვათა შორის, ის ერთადერთია, ვისაც ამ პარტიის შენარჩუნება შეუძლია.

- ასე რატომ ფიქრობთ?

- იმიტომ, რომ ორივე დაპირისპირებულ ფრთასთან შეუძლია ლაპარაკი და სიტუაციის დასტაბილურება. აქ კიდევ ერთი მომენტია, საინტერესო იქნებოდა ნიკა გვარამიასა და სააკაშვილის პირადი წარმომადგენლის, სოფო ჯაფარიძის ტანდემი. ვფიქრობ, რომ ეს ტანდემი კარგად იმუშავებდა. რატომ? იმიტომ, რომ რამდენიც უნდა ვილაპარაკოთ, გვინდა თუ არ გვინდა, "ნაციონალური მოძრაობის" ელექტორატი პირდაპირ სააკაშვილზეა მიბმული. შესაბამისად, სოფო ჯაფარიძე, როგორც სააკაშვილის წარმომადგენელი და ნიკა გვარამია, როგორც მიშას მეგობარი და საზოგადოებრივი ავტორიტეტი, პარტიაში არსებული პრობლემების დალაგებას, მორღეული ქსოვილის გამთლიანებას შეძლებდნენ.

- ფიქრობთ, რომ გვარამია და ჯაფარიძე ენმ-ის ელექტორატს გაზრდიან?

- არა, "ნაციონალური მოძრაობა" უკვე ჩაკეტილი სისტემაა, გვარამიამ და ჯაფარიძემ სულ რომ ფოკუსები ატარონ, ელექტორატს მაინც ვერ გაზრდიან. მათი ერთადერთი ამოცანა, ახლა არსებული ელექტორატის შენარჩუნებაა.

- არსებობს ვერსია, რომლის მიხედვითაც, "ნაციონალური მოძრაობა" სალომე ზურაბიშვილთან ვაჭრობას აპირებს - ისინი პრეზიდენტის წინააღმდეგ "ქართული ოცნების" მიერ წამოწყებულ იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერენ თუ ზურაბიშვილი სააკაშვილის შეიწყალებს.

- თუ ეს მართლა ასე მოხდება, ამორალურობის პიკი იქნება. მე სულ ვამბობ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" და "ქართული ოცნება" ერთნაირად მანკიერები არიან. როგორ შეიძლება სახელმწიფოებრივი გრძელვადიანი განვითარების საპირწონე გახდეს ერთი, თუნდაც ძალიან მნიშვნელოვანი პიროვნების გათავისუფლება-არგათავისუფლების საკითხი. თუმცა, ამ ამბავში მონაწილეობა არც "ნაცმოძრაობისგან" გამიკვირდება და არც "ოცნებისგან"

ხათუნა ბახტურიძე

(სპეციალურად საიტისთვის)