"ვამბობ ხოლმე, ოდესმე სამოთხის ტური თუ დაგჭირდებათ, წაყვან-წამოყვანით მოგემსახურებით-მეთქი. ფაქტობრივად, იქ ვიყავი..." - თბილისის გიდის მძიმე დიაგნოზი და სიცოცხლის მეორე შანსი
ცოტა ხნის წინ, აქტიურ, მხიარულ, კომუნიკაბელურ ლევან გიორგაძეს - თბილისის გიდს, ცხოვრებაში კრიზისული პერიოდი დაუდგა. მოულოდნელად ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა. ადამიანები ლევანს თანადგომას უცხადებდნენ. სოციალური ქსელიც მის მხარდასაჭერად გაერთიანდა. მას მერე წელიწადი და რამდენიმე თვე გავიდა, ლევან გიორგაძემ ფეხზე დადგომა შეძლო, მკურნალობისა და რეაბილიტაციის არც ისე მარტივი კურსი გაიარა...
რა გზის გავლა მოუხდა მისთვის ურთულეს დღეებში, რა დაეხმარა გამოჯანმრთელებაში და როგორ გრძნობს ახლა თავს? - ამ საკითხებსა და საყვარელ საქმიანობაზე AMBEBI.GE -ს ესაუბრა:
- დიდწილად მთელი ჩემი ცხოვრება იმ სფეროებში ვიყავი, რაც საზოგადოებასთან ურთიერთობას უკავშირდება. ეს იყო რადიო, ტელევიზია, კონცერტების წაყვანა, 7 წელი მედიაკოორდინატორად "ისთერნ პრომოუშენში“ ვიმუშავე... მოკლედ, მთელი ცხოვრება საზოგადოებასთან მქონდა ურთიერთობა, ოღონდ, სხვადასხვა პროფილით. საბოლოო ჯამში, ყველაფერი ჩემი საკუთარი პროექტით და კომპანიით დაგვირგვინდა, რაც თბილისში უფასო საფეხმავლო ტურებს გულისხმობს. ზეკომუნიკაბელური ადამიანი ვარ. ურთიერთობა და სოციალური კომუნიკაცია არა მარტო ტურისტებთან, ჩემს გარემოცვასთან, ხალხთან იმდენად მნიშვნელოვანია, რომ როცა პროექტი დავიწყე, მთლიანად ჩემი ცხოვრება გახდა. ვიდრე ჯანმრთელობა მომცემს საშუალებას, ვიყო გიდი, ვიქნები გიდი... აგრეთვე მენეჯმენტიც მაბარია, მყავს სხვა გიდებიც, - ამიტომ ვარ რიგითი გიდიც და ხელმძღვანელიც. (გააგრძელეთ კითხვა)