"სააკაშვილის დამმარცხებელი, უწინარეს ყოვლისა, თვითონ სააკაშვილია"
"რომელ პროექტსაც უნდა მოჰკიდოთ ხელი, ყველგან ფასადური ამბები შეგრჩებათ"
ხმაურიანი და თვალისმომჭრელი სანახაობების თანხლებით ახალმა 2012-მა წელმაც შემოაბიჯა. ახალი წელი უცნაურობებით დაიწყო, - ოპოზიციურმა პარტიებმა გულუხვი თოვლის ბაბუისგან ბიძინა ივანიშვილის სახით გულუხვი საჩუქარი მიიღეს, ხელისუფლების "დამსახურებით" კი ეს საჩუქარი, იძულების წესით, ერთ დღეში აითვისეს, რაკიღა ჩამორთმევა ემუქრებოდათ. ნათქვამია, ახალ წელს როგორც შეხვდები, წელიც ისეთი იქნებაო, - მილიონის დახარჯვის ვალდებულება, დამეთანხმებით, რომ სასიამოვნო პროცედურაა. წელს ხელისუფლებასაც, ოპოზიციასაც და აქედან გამომდინარე, საზოგადოებასაც დიდი გამოცდის ჩაბარება მოუწევთ, - საპარლამენტო არჩევნები. არის შანსი, კიდევ ერთხელ დავანახოთ მსოფლიოს, რომ არჩევნების გაყალბების, მერე მათ გაპროტესტებაზე ორთქლის გამოშვებისა და დასასრულ, ხელის ჩაქნევის "დიდოსტატები" ვართ. თუმცა პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლით ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებასა და პოლიტიკასაც ახალი ენერგია და ოპტიმიზმი შესძინა, მაგრამ ეს უპირველესად თავად ივანიშვილს აკისრებს პასუხისმგებლობას, რადგან ამჯერად ხელის ჩაქნევა მრავალწლიანი იქნება. გასული წლის მოვლენებსა და ახალი წლის პერსპექტივებზე ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ ლადო პაპავას ვესაუბრებით:
- გილოცავთ ახალ წელს, მრავალს დაესწარით...
- დიდი მადლობა. გილოცავთ თქვენც და თქვენს მრავალრიცხოვან მკითხველსაც, - მრავალს დაესწარით, იხარეთ და იბედნიერეთ.
- გასული წელი, ცოტა არ იყოს, უჩვეულოდ დასრულდა, რადგან ოპოზიციურ პარტიებს არაორდინარული ამოცანა ჰქონდათ, როგორ დაეხარჯათ მილიონი ლარი. ეს აჟიოტაჟი კი გამოიწვია პარტიების დაფინანსების შესახებ ახალმა საკანონმდებლო ცვლილებამ, რომლის პირვანდელი ვერსიითაც პარტიები ვალდებული იყვნენ, უკვე აღებული თანხები ან უკან დაებრუნებინათ, ან სახელმწიფო ავტომატურად ჩამოართმევდათ. საზოგადოდ, კანონის უკუქცევის გამო ახალ ცვლილებას იმთავითვე დიდი რეზონანსი მოჰყვა, მათ შორის - ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რეაქციაც. "ვშიშობთ, რომ პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებული ზოგიერთი დებულების რეტროაქტიური გამოყენება უფრო უთანასწოროს გახდის პოლიტიკურ კონკურენციას. დემოკრატიის მშენებლობა მუდმივი პროცესია", - ნათქვამია საელჩოს სპეციალურ განცხადებაში. თუმცა, როდესაც "დიდი წვალების" შემდეგ ოპოზიციურმა პარტიებმა ბიძინა ივანიშვილის ნაფეშქაშები თანხის ერთ დღეში დახარჯვა მოახერხეს, ხელისუფლებამ განაცხადა, რომ კანონისთვის უკუქმედების მინიჭება აზრადაც არ მოსვლია.
- რაც ბოლო თვეებში საქართველოში ხდება, განსაკუთრებით, საკანონმდებლო ცვლილებები, კერძოდ, კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებები, დაკავშირებული დეპუტატთა რაოდენობასთან, შიდა სტრუქტურის ცვლილებასთან თუ პარტიების დაფინანსებასთან, ყველაფერი ეს მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ფაქტორმა განაპირობა. მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა გააკეთა განცხადება, რომ მოდის პოლიტიკაში, ხელისუფლება ცდილობს, შექმნას ბარიერები, რათა ოპოზიცია არ გაძლიერდეს. მათ შორის უმთავრესი ბარიერი ფინანსებია. მაგრამ იცით, რასთან გვაქვს საქმე? ივანიშვილი, პრაქტიკულად, ჯობნის "ნაციონალებს" იმით, რომ პოლიტიკური აქტიურობის თვალსაზრისით ბევრს არაფერს აკეთებს. ერთადერთი აქტიურობა საქართველოს მოქალაქეობის აღდგენას უკავშირდება. "ქართული ოცნებაც" კი მხოლოდ საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნება იყო და ივანიშვილის აქტიური ქმედებები თუ კამპანია ამ მოვლენას არ მოჰყოლია. როგორც ჩანს, თვითონ ბიძინა ივანიშვილის ფაქტორის არსებობა საკმარისია, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" შეცდომები დაუშვას. ეს იყო ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა, შეცდომა იყო თუნდაც დაფინანსების საკითხთან დაკავშირებული ნაბიჯები. მოდი, თანამიმდევრულად მივყვეთ ამბავს: ჯერ კიდევ, სანამ ამ კანონს მიიღებდნენ, ბატონმა კობა ხაბაზმა გაახმაურა საპარლამენტო უმრავლესობის პოზიცია, რომ ამ კანონს უნდა ჰქონოდა უკუქმედების ძალა. ამის თაობაზე საკმაოდ შეურაცხმყოფელი, მაგრამ სამართლიანი კომენტარი გააკეთა თინა ხიდაშელმა. ასე რომ, "ნაციონალები" აპირებდნენ კიდეც და ჩაფიქრებული იყო, კანონს ჰქონოდა უკუქმედების ძალა და რომ არა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ოფიციალური განცხადება, ჯონ ბასის პოზიცია კანონის რეტროაქტიური გამოყენების თაობაზე, რა თქმა უნდა, ეს ასეც გავიდოდა. უბრალოდ, არ გაუვიდათ და გამოდიოდა, რომ საერთაშორისო დონეზე უნდა შერცხვენილიყვნენ, ანუ, დაეკარგათ ამერიკელების მხარდაჭერა და ამიტომ იყო, რომ მერე სიტყვა "ამ" ამოაგდეს. უკვე მიღებული კანონიდან დარჩა არა "ამ კანონის ფარგლებში", არამედ საზოგადოდ კანონიერების ფარგლებში თუ მოხდა დაფინანსების მიღებაო. აშკარაა, რომ "ნაციონალები" ბოლო დროს სერიოზულ შეცდომებს უშვებენ და იცით, რატომ? სულ რომ არ აქტიურობდნენ ივანიშვილი და მისი მხარდამჭერი გუნდი, თვითონ "ნაციონალები" არიან უმთავრესი წყარო თავიანთივე დამარცხებისა. სააკაშვილის დამმარცხებელიც, უწინარეს ყოვლისა, თვითონ სააკაშვილია. "ნაციონალურ მოძრაობასაც" ისევ "ნაციონალური მოძრაობა" დაამარცხებს!
აი, ასეთი გაუთვლელი, უტვინო და ურთიერთგამომრიცხავი ქმედებები ასამარებს სწორედ "ნაციონალურ მოძრაობას", მის მომავალს.
- ბრძანეთ, რომ ივანიშვილი პრაქტიკულად არ აქტიურობს პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ასპარეზზე. მართლაც, ერთადერთი, რა მიმართულებითაც ის აქტიურობს, მოქალაქეობის აღდგენაა. "მე ჩავაბარე რუსეთის მოქალაქეობა. ახლა ვიწყებ მეორე პროცედურას. დღეს ოფიციალურად დავწერე განაცხადი და უარს ვამბობ საფრანგეთის მოქალაქეობაზე. ევროპის კონვენცია ითვალისწინებს იმას, რომ პირი, რომელიც ამბობს უარს ევროპის რომელიმე ქვეყნის მოქალაქეობაზე, არ უნდა დარჩეს მოქალაქეობის გარეშე. განცხადების შემდეგ მივმართავ საქართველოს ოფიციალურ სტრუქტურებს, მომანიჭონ საქართველოს მოქალაქეობა, რადგან მე არ გამაჩნია სხვა ქვეყნის მოქალაქეობა. დავიბადე საქართველოში, ვცხოვრობ აქ და არავითარი საფუძველი არა აქვთ, უარი მითხრან. საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო დაელოდება, როდის მომანიჭებენ საქართველოს მოქალაქეობას და შემდეგ ჩამომართმევს საფრანგეთის მოქალაქეობას", - ეს განცხადება ივანიშვილმა გასული წლის მიწურულს, საფრანგეთის საელჩოდან გამოსვლისას გააკეთა. როგორ ფიქრობთ, არის კი ეს ისეთი რამ, რაც სააკაშვილსა და ხელისუფლებას აიძულებს, ივანიშვილს მოქალაქეობა აღუდგინოს?
- საქართველოს დღევანდელ ხელმძღვანელობას დიდად არც საქართველოს კონსტიტუცია ადარდებს და არც საერთაშორისო ხელშეკრულებები. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი იქნება ჩვენი პარტნიორების, მათ შორის - ამერიკის შეერთებული შტატების რეაქცია. ერთადერთი, რაც სააკაშვილსა და მის გუნდს აფიქრებს, ის არის, რომ როგორმე შეინარჩუნონ დემოკრატების იმიჯი, თუნდაც ხელოვნური, მაგრამ მაინც იმიჯი. აქედან გამომდინარე, თუ ამერიკელების პოზიცია მკაცრი იქნება, რომ დაცულ იქნეს საერთაშორისო სამართლის პრინციპები, ისევე, როგორც გამოქვეყნებულ კანონში ერთი სიტყვა ამოაგდეს, ზუსტად იმავეს გააკეთებენ ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებითაც. ანუ, თუ გაუვათ, არ მისცენ მოქალაქეობა, არ მისცემენ და ყველაფერს გააკეთებენ თუნდაც იმისთვის, რომ ეს საქმე გაჭიანურდეს. მაგრამ თუ ამას მოჰყვება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ადეკვატური რეაქცია, ბუნებრივია, იძულებული გახდებიან, ივანიშვილს მოქალაქეობა მისცენ.
ასე რომ, ის რომ საქართველოს აქვს კონსტიტუცია და საერთაშორისო ვალდებულებები, არც დღეს ადარდებს "ნაციონალურ მოძრაობას" და არც არასოდეს ადარდებდა. მათთვის მთავარია იმიჯი. თუ მის შენარჩუნებას კანონის დარღვევა დასჭირდა, აუცილებლად დაარღვევენ. თუ საამისოდ საჭირო შეიქნა საერთაშორისო ვალდებულებების უგულებელყოფა, აუცილებლად უგულებელყოფენ და ა.შ. მაგრამ, თუ იმიჯს პრობლემა შეექმნება, მაშინ თავს შეიკავებენ, მათ ჯერ კიდევ რაღაც აკავებთ და ეს სწორედ საერთაშორისო დონეზე დემოკრატიულობის იმიჯია.
- ბოლო დროს საქართველოს ხელისუფლება და ნაციონალური მაუწყებლები განსაკუთრებით გააქტიურდნენ და ცდილობენ, მოსახლეობა საქართველოს აყვავებასა და წინსვლაში დაარწმუნონ, სააკაშვილმა განაცხადა, რომ ახალ ქალაქს ააშენებს, სხვა მრავალ უცნაურობათა შორის კი ყველაზე არაორდინარული, ალბათ, მაინც მოსახლეობისთვის კბილების გაკეთების დაპირება იყო. თქვენ, როგორც ეკონომისტს, ასეთი რამ რეალურად განსახორციელებელი გეჩვენებათ?
- ჯერ ორიოდ სიტყვა მასმედიაზე ვთქვათ.
იცით, მე ძალიან კარგად მახსოვს ბრეჟნევის პერიოდის პროგრამა ,,ვრემია". ნაციონალური არხების შემხედვარე, ჩვენ, პრაქტიკულად, ბრეჟნევის ეპოქაში ვართ.
მაშინ მთელ მსოფლიოში ყველაფერი ცუდი იყო და მხოლოდ საბჭოთა კავშირი და მისი პარტნიორები იდგნენ აყვავების გზაზე და იფურჩქნებოდნენ. იყო ერთი ტაშ-ფანდური... დღეს ზუსტად იმავეს აკეთებენ ნაციონალური არხები. ან იმას მიაქციეთ ყურადღება, როგორ უნამუსოდ განიხილავენ, რა ხდება რუსეთში არჩევნების შემდგომ, თუ როგორ გაყალბდა იქ არჩევნები. გეგონება, "ნაციონალურ მოძრაობას", გინდ საპრეზიდენტო და გინდ საპარლამენტო არჩევნები არ გაეყალბებინოს 2008 წელს.
ეს ყველაფერი ცინიზმით არის გამსჭვალული, მაგრამ იმავდროულად, შესანიშნავად იციან, რასაც აკეთებენ. მიდის მუსირება თემისა, რომ ივანიშვილი პუტინისა და რუსეთის პროექტია. იმავდროულად, ჩვენ, თბილისელებს, ამაზე გვეცინება, - როგორ შეიძლება ივანიშვილი იყოს რუსეთის პროექტი და სააკაშვილი კი რუსულ ინვესტიციებს ეზიდებოდეს ქვეყანაში? მან ხომ მთელი ელექტროენერგეტიკა რუსეთს ჩააბარა, რომ არაფერი ვთქვათ სხვა დარგებზე. აქედან გამომდინარე, ივანიშვილზე გამოთქმული ეს ბრალდება ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ღიმილს გვგვრის, რადგან თბილისელებს მაინც, როგორი გაჭირვებულიც უნდა იყვნენ, შეუძლიათ ,,კავკასიის" ან "მაესტროს" გადაცემებს უყურონ, პრესა წაიკითხონ და სიმართლე გაიგონ. მაგრამ ის, რომ ივანიშვილი რუსული პროექტია, საქართველოს რეგიონებში ჯერჯერობით მუშაობს. იქ ხომ სხვა საინფორმაციო რესურსი არ არსებობს. ხალხი გაჭირვებულია, არა აქვს ინტერნეტი, არა აქვს საშუალება იმისა, რომ იყიდოს გაზეთი და, ბუნებრივია, ძირითადად, უყურებს ბრეჟნევის ეპოქის ნაციონალური არხების საინფორმაციო გადაცემებს,
სადაც გამუდმებით გვიმტკიცებენ, რომ ივანიშვილი რუსული პროექტია და ეს ძალიან ბევრის თავში ჩაჯდა. ხოლო იმ კონტრარგუმენტზე, თუ რატომ არის ივანიშვილი რუსული პროექტი და სააკაშვილი ან მისი ბენდუქიძე რატომ არ არიან რუსული პროექტი, ხმას არ იღებენ. მათ შესანიშნავად აქვთ ათვისებული ადამიანის ზომბირების ხელოვნება.
კბილების ამბავს რაც შეეხება, ძალიან სიმპტომატური რამ მოხდა. შეგახსენებთ, რომ როდესაც სააკაშვილი შეხვდა მოხუც ქალს, რომელსაც, სამწუხაროდ, კბილები ჰქონდა დაზიანებული, მან თავისი ასეთი მდგომარეობა იმით ახსნა, რომ დიაბეტი აქვს გართულებული და ამის გამო დაკარგა კბილები. სააკაშვილმა ის კი არ თქვა, მოდი, ამ ქალს მიხედეთ და მის დიაბეტს უმკურნალეთო, არამედ დაავალა, კბილები ჩაუსვით და გაუპრიალეთო. ანუ, ისევ და ისევ ფასადზეა ფიქრი და არა პრობლემასა და ძირეულ მიზეზზე. ზუსტად ასეთივე ფასადურია მთელი საქართველო, აღმაშენებლის გამზირი, ანაკლიაში აშენებული ხიდი... რომელ პროექტსაც უნდა მოჰკიდოთ ხელი, ყველგან ფასადური ამბები შეგრჩებათ. ძირეული მიზეზი მხოლოდ სადღაც, უკანა პლანზეა დაყენებული და ისიც უკეთეს შემთხვევაში, უმეტესწილად კი არც არავის ახსოვს.
მთელი საქართველო იქცა პოტიომკინის დიდ სოფლად, რომლის ფასადიც უნდა იყოს ლამაზი, ღიმილი ჰქონდეს მომხიბლავი და მის უკან, ვის რა პრობლემა აწუხებს, ეს ხელისუფლებას არ ადარდებს.
- ბატონო ლადო, როგორ ფიქრობთ, რას მოუტანს ახალი წელი საქართველოს?
- 2012 წელი უაღრესად მძიმე იქნება, ეს ყველასთვის ნათელია, რადგან ეს არჩევნების წელია. ივანიშვილი რომც არ გამოჩენილიყო პოლიტიკურ ასპარეზზე, ეს წელი მაინც არ იქნებოდა ია-ვარდით მოფენილი, მაგრამ არა "ნაციონალებისთვის", რადგან მათ ყველაფერი თავიანთ თარგზე ჰქონდათ მოჭრილი. იცოდნენ, ვინ ეყოლებოდათ ფსევდოოპოზიციის სახით პარლამენტში და რა სპექტრი იქნებოდა წარმოდგენილი პოლიტიკაში. წელს კი ეს აღარ გამოუვათ. ახლა ბევრად დიდ პრობლემებთან მოუწევთ შეჭიდება. წელს ყველაფერი დამოკიდებული იქნება ორ ძირითად ფაქტორზე: პირველი - ეს არის ქართველი ამომრჩეველი. მის სიმტკიცესა და ბრძოლისუნარიანობაზე იქნება დამოკიდებული რეალობის შეცვლა. მას არ უნდა დაეზაროს, მივიდეს და თავისი სინდისის კარნახით მისცეს ხმა სასურველ პოლიტიკურ ძალას, ვისზეც ფიქრობს, რომ ქვეყანას უკეთესი მომავლისკენ წაიყვანს. და მეორე - ისევ და ისევ ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან, უწინარეს ყოვლისა კი, ამერიკის შეერთებული შტატები. შეიძლება ითქვას, რომ "ნაციონალები" ყველაფერს ამზადებენ არჩევნების გაყალბებისთვის. ამაში დაეჭვება შეუძლებელია. მაგრამ მისცემენ თუ არა გაყალბების საშუალებას ქართველი ამომრჩევლები და თუ ქართველმა ხალხმა ამის უფლება არ მისცა, რამდენად დაუდგება ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს და არა მის მთავრობას გვერდით, აი, ამაზე იქნება დამოკიდებული საქართველოს მომავალი.
ჩვენ დიდი არჩევანის წინაშე ვდგავართ: ან ორმოცდაათი წლის განმავლობაში დიქტატორული, სინგაპურის რეჟიმი საქართველოში, ან დემოკრატიული ცხოვრება და განვითარება ევროპულ ყაიდაზე. ამ ახალ წელს საქართველოს სწორედ ამ, მეორე გზით წასვლას, ღირსეულ და ძლიერ სახელმწიფოში ცხოვრებას ვუსურვებ.