ცნობა უკრაინის ფრონტიდან, რომელმაც სენსაცია მოახდინა - რა მოხდა ომში პირველად ისტორიაში - კვირის პალიტრა

ცნობა უკრაინის ფრონტიდან, რომელმაც სენსაცია მოახდინა - რა მოხდა ომში პირველად ისტორიაში

უკრაინის ფრონტიდან მორიგი რამდენიმეწამიანი ვიდეორგოლი გავრცელდა, რომელმაც სენსაცია მოახდინა არა მარტო სოციალურ ქსელებში,არამედ მას, რიგი ქვეყნების ოფიციალური სტრუქტურებიც კი გამოეხმაურნენ...

მაინც რა ჩანდა ასეთი ამ ვიდეოკადრებში?

ბევრი არაფერი, უბრალოდ როგორ იწვის აფეთქებული ტანკი ფრონტის ხაზთან...

რუსეთ-უკრაინის ომში წელიწადნახევრის განმავლობაში საერთო ჯამში, 2 290 რუსული და 642 უკრაინული ტანკის დაკარგვაა დადასტურებული ფოტოვიდეოკადრებით და კიდევ ერთი ახალი ტანკის აფეთქებას ასეთი რა უნდა შეეცვალა, რომ მასზე ლამის ნახევარი მსოფლიო ალაპარაკდა?

ომების ისტორიაში პირველი ბრიტანული „ჩელენჯერი“, ჩვენ, რუსებმა ავაფეთქეთ - გულზე მჯიღს ირტყამენ რუსი სამხედრო ბლოგერები მას შემდეგ, რაც თავად უკრაინელი სამხედროს მიერ გადაღებულ და გავრცელებულ სამწამიან ვიდეორგოლში მოჩანს, თუ როგორ იწვის ტანკი და სტოპ-კადრის გაანალიზებისას ძნელი არ არის იმის მიხვედრა, რომ ეს მართლაც ბრიტანული Challenger 2-ია…

მაგრამ ასეთი საოცარი რა მოხდა, გაუკვირდება მკითხველს, აუფეთქებელი ტანკი ხომ არ არსებობს!

1-chelenjeri-1693998037.png
ბრიტანული Challenger 2-ები უკრაინული დროშიც შეტევაზე გადასვლის წინ...

მკითხველი მართალიც იქნება, მაგრამ "ჩელენჯერს" "აუფეთქებელი" ტანკის იმიჯი თავად ბრიტანელებმა შეუქმნეს, რაც მერე უკრაინელებმაც აიტაცეს, როდესაც გაცხადდა, რომ ბრიტანეთი უკრაინის არმიას Challenger 2-ების ერთ ესკადრონს მიაწვდიდა…

ჯერ კიდევ 2023 წლის 16 იანვარს ჩემს ბლოგში, სტატიაში "რას შეცვლის 14 ბრიტანული ტანკი "ჩელენჯერი" უკრაინის ფრონტზე..." ვწერდი: "...უკრაინას უახლოეს მომავალში მიეწოდება ბრიტანული ძირითადი საბრძოლო ტანკების - Challenger 2-ის ერთი ესკადრონი და 30-მდე თვითმავალი საარტილერიო დანადგარი AS90 . ბრიტანეთის არმიაში ერთი სატანკო ესკადრონი ერთი უკრაინული სატანკო ასეულის ტოლფასია, თუმცა მის შემადგენლობაში 10-ის ნაცვლად, 14 ტანკი შედის.

რას შეცვლის 14 ბრიტანული ტანკის გამოჩენა უკრაინის არმიის არსენალში რამდენიმე კვირის შემდეგ?

ერთი შეხედვით, ბევრს ვერაფერს, უფრო სწორად, ფრონტის კონკრეტულ ვიწრო უბანზე შეტევის განხორციელებისას ბევრ რამეს, მაგრამ საერთო მასშტაბებით - დიდად არაფერს...

2-chelenjeri-1693998038.png
ეს "ჩელენჯერი 2"-ის უკრაინის ფრონტზე აფეთქების მომენტი არ გეგონოთ, ეს ფოტო სწავლებაზეა ბრიტანეთში გადაღებული, მაგრამ უკრაინაში ეს მართლაც კარგად დაცული ტანკი ან რუსულმა ტანკსაწინააღმდეგო ნაღმმა შეიწირა ან კოშკურის ზემოდან კუმულაციური სახის ზუსტმა დარტყმამ...

რაც შეეხება ბრიტანულ "ჩელენჯერ 2"-ს, ის დღეს არსებული ტანკებიდან ყველაზე მძიმეა და მისი სრულად აღჭურვის მასა 75 ტონას აღწევს, მაშინ, როდესაც საბჭოთადროინდელი "ტ-72", მხოლოდ 41 ტონა თუ არის.

"ჩელენჯერის" ამხელა მასა კი გამოწვეულია იმით, რომ ის, ეტყობა, ყველაზე დაცული ტანკია მსოფლიოში - ტანკის კორპუსი "დორჩესტერის" მრავალშრიანი კომბინირებული ჯავშნისგან შედგება, რომელსაც გარედან დამატებით უყენია კუმულაციურსაწინააღმდეგო ეკრანი და ფალშბორტები, რომელშიც ჩაწყობილია დინამიკური დაცვის ელემენტები.

"ჩელენჯერ 2"-ი, ძლიერი დაცვის გარდა, გამოირჩევა ძალზე ზუსტი 120 მმ-იანი სატანკო ქვემეხით, რომელიც ნატოსა და რუსეთის ყველა სხვა ტანკის ლულისგან განსხვავებით, გლუვლულიანი კი არა, ხრახნლულიანია, რითაც მიიღწევა ჭურვის გასროლის ძალიან მაღალი სიზუსტე 3-5 კმ-ის სიშორეზეც კი.

საუკეთესოდ დაცულ ბრიტანულ "ჩელენჯერ 2"-ებს, წესით, ნაკლებად უნდა "ეშინოდეთ" რუსული სატანკო ჯავშანგამტანი ჭურვების და ტანკსაწინააღმდეგო კუმულაციურქობინიანი რაკეტების შუბლა ჯავშანში მოხვედრის - პირველ და ჯერჯერობით ერთადერთ ომში, რომელშიც "ჩელენჯერ 2"-მა 2003 წელს ერაყში მიიღო მონაწილეობა, ერთ "ჩელენჯერს" 15 საბჭოთა/რუსული წარმოების ტანკსაწინააღმდეგო რეაქტიული ყუმბარა მოარტყეს, მაგრამ - უშედეგოდ, ხოლო ქალაქ ბასრის იერიშისას ამ ომში მონაწილე 120 "ჩელენჯერიდან" 70-ს ხელის ტანკსაწინააღმდეგო რეაქტიული ყუმბარსატორცნიდან ესროლეს, მაგრამ ბრიტანული ტანკების ჯავშანმა ყველა შემთხვევას გაუძლო, ერთი "ჩელენჯერი" სხვა ბრძოლის დროს კი იმიტომ აფეთქდა, რომ "მეგობრული ცეცხლით" ახლოს მყოფი სხვა "ჩელენჯერის" ეკიპაჟის მიერ შეცდომით ნასროლმა ჭურვმა იმსხვერპლა.“

მოკლედ ბრიტანელებმა და უკრაინელებმაც "ჩელენჯერს" თითქმის "აუფეთქებელი ტანკის" იმიჯი შეუქმნეს, შეიძლება იმიტომაც, რომ აქამდე მხოლოდ ერთადერთ ომში თუ ჰქონდა მონაწილეობა მიღებული, რომელიც ვერანაირად ვერ შეედრება რუსეთ-უკრაინის დღევანდელ ომს, სადაც ტანკსაწინაღმდეგო დანიშნულების ბევრად მეტი და უფრო ძლიერი საშუალებები გამოიყენება, რომლებსაც უკვე ვერ გაუძლო გერმანულმა "ლეოპარდ-2"-ის ჯავშანმა, ვერც ბრიტანულმა "ჩელენჯერ-2"-მა და ვერ გაუძლებს ამერიკული "აბრამსის" ასე ნაქები, გაღარიბებული ურანის შემცველი სუპერჯავშანიც...

და ამაში, რაიმე დიდად გასაკვირი არაფერია, რადგან ფართომასშტაბიანი ინტენსიური საბრძოლო მოქმედებების დროს, როდესაც ტანკი მოწინააღმდეგო მხარის მთავარი სამიზნე ხდება და მას ესვრიან ყველაფრიდან, რაც ხელში მოხვდებათ(განსაკუთრებით კი ტანკსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო კომლექსებიდან), ტანკის "ცხოვრების პერიოდი" ბრძოლის ველზე საშუალოდ რვა წუთს თუ გასტანს(ეს დრო სამეცნიერო კვლევების შედეგადაა მიღებული)...

ამიტომაც, ბროლის ველზე აფეთქებული საბჭოთა და დასავლეთის წარმოების ტანკების ხილვა არავის არ უნდა გაუკვირდეს, მთავარია, ასეთი საბრძოლო დაზიანების მიღების დროს, ეკიპაჟმა მოასწროს ტანკის დატოვება, მასში საბრძოლო კომპლექტის ხანძრის შედეგად დეტონაციამდე.

აი, აქ კი დასავლური ტანკები ბევრად "ჰუმანურები" არიან - ბრიტანელებმა მართალია აღიარეს პირველი "ჩელენჯერის" დაკარგვა უკრაინის ფრონტზე, სამაგიეროდ, სიამაყით აღნიშნეს, რომ მათ მიერ შექმნილმა და წარმოებულმა ტანკმა ეკიპაჟს სიცოცხლე შეუნარჩუნა, ტანკის მძიმე დაზიანების მიღების მიუხედავადო...

დაზიანებამიღებულ ბრიტანულ "ჩელენჯერ-2"-ში არ მოხდა ჭურვების დეტონაცია, რადგან ისინი შეჯავშნულ კონტეინერებში ინახებიან, რომლებიც სპეციალურ, არაწვად სითხეშია ჩადებული, რაც ძალზე ამცირებს დეტონაციის საფრთხეს - შეადარეთ, რა მოსდის თუნდაც იმავე უახლეს სერიულ რუსულ ტანკ Т-90МС, როდესაც საბრძოლო დაზიანების დროს დეტონირდება კოშკურის ძირში, ტანკის მეთაურისა და დამმიზნებელ-ოპერატორის ფეხებქვეშ კარუსელში განთავსებული 125 მმ კალიბრის ჭურვები და ჰილზები - ტანკის ათტონიანი კოშკურა რამდენიმე ათეულ მეტრზე აიტყორცნება ჰაერში და ეკიპაჟის გადარჩენაზე ლაპარაკიც არ არის.

ეს ომი ჯერ კიდევ დიდხანს გაგრძელდება და კიდევ ბევრი ტანკი აფეთქდება ორივე მხრიდან...

P.S. ბრიტანული "ჩელენჯერის" აფეთქების თემის გაზვიადებით, რუსულ პროპაგანდას თურმე ფრონტის ხაზზე სოფელ რობოტინოს(სხვათა შორის, რომლისთვისაც ბრძოლაში იქნა აფეთქებული სწორედ ეს "ჩელენჯერი") დაკარგვის თემის გადაფარვა სურვებია, რაც რუსეთმა ოფიციალურად მხოლოდ დღეს იძულებით აღიარა...

ვიდეოკადრები აფეთქებული „ჩელენჯერ-2“-ის, რომელლიც იწვის