"მაღაზიაში პური შევიძინე და გამოსულს ელდა მეცა - მანქანაზე 50-ლარიანი ჯარიმის ქვითარი დამხვდა გამოწერილი, ჩემი 3 შვილისთვის ეს ბევრს ნიშნავს" - თბილისელი მძღოლების გასაჭირი
თბილისელი მძღოლების გასაჭირი ანუ გზა "ყვავილების ქვეყნიდან" - ჯარიმების ქვეყნამდე
"დაახლოებით 2 კვირის წინ, ჩემი ავტომობილი უბანში, მაღაზიასთან გავაჩერე. პური შევიძინე და სასწრაფოდ უკან დავბრუნდი. ელდა მეცა, რადგან 50-ლარიანი ჯარიმის ქვითარი დამხვდა გამოწერილი. ამას წინათაც დამაჯარიმეს! ყოველ ნაბიჯზე 50-ლარიანი ჯარიმა რომ გემუქრება, ეს საშინელი განცდაა! შეიძლება მილიონერი პარლამენტარისთვის ეს ბევრი არ არის, მაგრამ ჩემი 3 შვილისთვის ბევრს ნიშნავს", - შემოგვჩივლა ერთგულმა მკითხველმა... რამდენად ხშირად აჯარიმებენ ცნობილ ადამიანებს და რას ფიქრობენ ისინი თბილისელი მძღოლების გასაჭირზე? - ამის შესახებ თავად გვიამბობენ...
გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:
თამუნა მუსერიძე, ჟურნალისტი:
"მიუხედავად იმისა, რომ მე ძალიან პატიოსანი მძღოლი ვარ და სულ ვცდილობ, წესები არ დავარღვიო, არასწორი პარკირების გამო, ამას წინათ მაინც დამაჯარიმეს: ბავშვი ბაღიდან გამომყავდა, ავტომობილი იქვე გავაჩერე და დავჯარიმდი. ცალკე "სტაიანშჩიკები" რომ დგანან, იმათ უნდა უხადო... მოკლედ, ავტომობილის მართვა ჩვენთან სერიოზული ხარჯი და თავის ტკივილია..."
ზაზა ხატიაშვილი, ადვოკატი:
"ჯერ ცხოვრების საშუალო მაჩვენებელი უნდა დავთვალოთ და მერე ვიმსჯელოთ: არის თუ არა ეს ჯარიმები სამართლიანი და პროპორციული - რა თქმა უნდა, არ არის. როდესაც ევროპაში საშუალო ხელფასი 800-900 ევროა და საქართველოში ევროპული ქვეყნების ანალოგიური ჯარიმებია, ეს მოსახლეობის ძარცვას და საშინელ მდგომარეობაში ჩაყენებას ნიშნავს..."
ბიძინა მახარაძე, მსახიობი:
"საერთოდ, ჯარიმა ნებისმიერ სახელმწიფოშია, ამიტომ ადამიანი ვიდრე მანქანას იყიდის, კარგად უნდა დაფიქრდეს. მე მაგალითად, ავტომობილს ვერ ვყიდულობ, რადგან ვიცი - ეს სერიოზულ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ვფიქრობ, ქართველები ცოტა უცნაურები ვართ და არაფერი მოგვწონს: ადრე ყველაფერი სახელმწიფოს ხელში იყო და არ მოგვწონდა, ახლა თავისუფალი ბაზარი და კერძო საკუთრებაც არ მოგვწონს. აბა, მეტი საკუთრების ფორმა თანამედროვე მსოფლიოში მე არ გამიგია..."
ლალი ტოტიკაშვილი, მოდელი, HR-მენეჯერი:
"ეს საკითხები კომპეტენტურმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს. დედაქალაქში მოძრაობა ძალიან გადატვირთულია... მსგავსი პრობლემები უცხოეთის დიდ ქალაქებშიც აქვთ, მაგრამ იქ, სადაც მოძრაობაც და პარკინგიც მოწესრიგებულია, ხალხი სულ სხვაგვარად იწყებს ფიქრს და საზღვარგარეთ ბევრი დადის ველოსიპედით, მოპედით..."
სტატიას სრულად მხოლოდ ჟურნალ "გზის" 7 სექტემბრის ნომერში წაიკითხავთ.
ხათუნა ჩიგოგიძე