"ერთი სალონი დაურეგისტრირებლობის გამო დაჯარიმდა, მეორე კი ინფექციის კონტროლის დარღვევის გამო" - თბილისში 157 სილამაზის სალონი შეამოწმეს - კვირის პალიტრა

"ერთი სალონი დაურეგისტრირებლობის გამო დაჯარიმდა, მეორე კი ინფექციის კონტროლის დარღვევის გამო" - თბილისში 157 სილამაზის სალონი შეამოწმეს

მიმდინარე წლის შვიდ თვეში, თბილისის მასშტაბით, 157 სილამაზის სალონი შემოწმდა, მათგან 2 დაჯარიმდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობის და კონტროლის მუნიციპალური ცენტრის დირექტორმა, ცისნამ დილებაშვილმა განუცხადა, ერთი სალონი დაურეგისტრირებლობის გამო დაჯარიმდა, მეორე კი ინფექციის კონტროლის დარღვევის გამო.

მისივე განმარტებით, დაწესებულებას, პირველადი შემოწმების დროს, დარღვევების გამოსწორებისთვის გონივრული ვადა ეძლევა, შემდეგ კი, დარღვევების გამოუსწორებლობის შემთხვევაში, ობიექტი ჯარიმდება.

„ინფექციის კონტროლი გულისხმობს, რომ პირველ რიგში, პერსონალი უნდა იყოს დაცული, ხელთათმანი ეცვას იქ, სადაც მისი ხმარება აუცილებელია. დაცული უნდა იყოს ის ინსტრუმენტები, რომელსაც იყენებს, ანუ, ინსტრუმენტები უნდა ექვემდებარებოდეს რეცხვას, დეზინფექციას, სტერილიზაციას, უნდა იყოს სწორად შენახული და ა.შ. აი, ამ მიმართულებით, თუ სადმე ერთი დარღვევაც არის, სამომავლოდ უნდა გამოასწორონ. იქ სადაც ერთი შენიშვნა მაინც იწერება, მეორედ აუცილებლად ვამოწმებთ.

როდესაც პირველად შედიხარ სალონში, გამორიცხულია, რომ დარღვევები არ დაგხვდეს. ეგეთი რამე ჯერ არ გვქონია. ხან რაშია დარღვევა, ხან რაში, ინფექციის კონტროლს ვგულისხმობ. ასეთ შემთხვევაში ჩვენ ჯარიმას არ ვუწერთ. პროტოკოლის მიხედვით, გვეკუთვნის, ადგილზე ვასწავლოთ, შემოწმების შედეგები დავუტოვოთ, გონივრული ვადა მივცეთ, გაასწორონ და მერე უკვე მეორე შესვლაზე, გონივრული ვადის გასვლის შემდეგ, ვამოწმებთ როგორი შედეგებია. დაჯარიმება სასამართლოს პრეროგატივაა. ჩვენ წარვადგინეთ სასამართლოში ოქმს და სასამართლო აჯარიმებს. ზოგადად, 50 ლარიანი ჯარიმა არის თუ ინფექციის კონტროლშია დარღვევა, რაც ჩემთვის გაუმართლებელია და 500 ლარიანი ჯარიმა არის დაურეგისტრირებლობის გამო,“ - განაცხადა ცისნამ დილებაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"