"დედაჩემმა მითხრა, თვითმფრინავი არაა სანდო და კოსმოსურ რაკეტას როგორ უნდა ენდოო" - ყოფილი მინისტრი, რომელიც პირველი ქართველი კოსმონავტი უნდა ყოფილიყო
"საქართველოს ნომერი პირველი კოსმონავტი" - ასეთ წარწერიან მაისურს ხშირად ჩუქნიან მეგობრები. ის იმ თაობის წარმომადგენელია, რომლიდანაც ყოველი მეორე კოსმონავტობაზე ოცნებობდა, თუმცა ბავშვური ოცნება ოცნებადვე რჩებოდა... ჩვენი რესპონდენტის საინტერესო და მრავალფეროვანი ცხოვრება კი ისე წარიმართა, რომ კოსმონავტიკაში უკვე მოწიფულ ასაკში, სამშენებლო ფაკულტეტიდან მივიდა. მერაბ ადეიშვილი დღეს "კვირის პალიტრის" სტუმარია.
- ყველა თაობას თავისი თბილისი აქვს. ბევრი ადგილი გაქრა, მაგალითად, იპოდრომი, ჩოგბურთის კორტები სანაპიროზე, ლაღიძის წყლები, კინო "რუსთაველი" და თბილისმაც მოიწყინა. ჩვენი თაობა ცოტა სხვა გარემოში იზრდებოდა, სხვა ურთიერთობები იყო მაშინ. ყველა თაობას თავისი პრიორიტეტი და პლუსი აქვს. თბილისი ძალიან შეიცვალა, შეიცვალა მისი არქიტექტურა, მშენებლობა და ამან იმოქმედა, ალბათ, ადამიანების ფსიქოლოგიაზეც. ცოტა შეიცვალნენ ადამიანები, ჩაიკეტნენ. ჩვენ სხვა გარემოში ვიზრდებოდით... სხვანაირი იყო ეზო, სკოლა, გადაძახილები, უბნები, სახლებში ქეიფი... სად იყო ამდენი კაფე და რესტორანი. გუშინ მოვდივარ კუს ტბიდან, იქ დილაობით სავარჯიშოდ დავდივარ ხოლმე და ვხედავ ფიზკულტურის ინსტიტუტის 1955 წელს აშენებული უმშვენიერესი შენობა ინგრევა. 32 თუ 38-სართულიანი სახლი უნდა აშენდესო. ძალიან ჩავბეტონდით... კოსმოსურ სიმაღლეებს ვიღებთ მშენებლობაში, ჭავჭავაძის გამზირის ბოლო მანჰეტენს დაემსგავსა. მე პროფესიით მშენებელი ვარ. სამშენებლო ფაკულტეტის დეკანად რომ დამნიშნეს, 26 წლის ვიყავი, 2 წლის დამთავრებული მქონდა ინსტიტუტი. არაჩვეულებრივი პიროვნება იყო პოლიტექნიკური ინსტიტუტის რექტორი, მაშინ გეპეის ვეძახდით, აკადემიკოსი თეიმურაზ ლოლაძე. რაღაცნაირად მოვეწონე თუ რა იყო, არ ვიცი... ჩვენ ერთად ვმუშაობდით სამეცნიერო თემაზე ბატონ ელგუჯა მეძმარიაშვილთან ერთად და ამის შემდეგ მითხრა, სამშენებლო ფაკულტეტის დეკანად უნდა დაგნიშნოო. სამშენებლო ფაკულტეტი არ იყო პატარა, 2500-მდე სტუდენტი სწავლობდა. მთელი ღამე ვიფიქრე, სანამ გადაწყვეტილებას მივიღებდი და დილით ელგუჯასთან მივედი - არ შემიძლია, ჩემი პროფესორ-მასწავლებლების ხელმძღვანელობა და ფაკულტეტის დეკანობას ვერ შევძლებ-მეთქი. მერე ერთად ავედით თეიმურაზ ლოლაძესთან და იგივე ვუთხარი. რას აკეთებთ ახლა თქვენო, გვკითხა... მერე წაგვიყვანა, მშენებლობები დაგვათვალიერებინა, 1,5 საათი გვატარა და ბოლოს მისი სახლის სადარბაზოსთან რომ მივედით, ვიფიქრე, დაავიწყდა, რაც ვუთხარი-მეთქი. ამ დროს მომიტრიალდა და მითხრა, 26 წლის კი ხარ, მაგრამ გაძლევ მზეში დადგომის შანსს. თუ ერთი ადგილი გაქვს, დადექი, თუ არადა, იყავი ჩრდილში, არც არავინ დაგინახავს და შეგამჩნევსო, მიტრიალდა და წავიდა... 5 წელიწადი ვიყავი დეკანი... ბევრი რამ გავაკეთეთ, ფაკულტეტი სულ სხვანაირი გავხადეთ, თანაც ძალიან მიადვილდებოდა თითქმის ჩემს ტოლ სტუდენტებთან ურთიერთობა. ეს წლები ჩემს ცხოვრებაში შეუცვლელი გამოცდილების წლები აღმოჩნდა.
- ელგუჯა მეძმარიაშვილმაც დიდი როლი შეასრულა თქვენს ცხოვრებაში...
- ასეა. ჩვენ ერთად შევქმენით სტუდენტთა საკონსტრუქტორო ბიურო ორ პატარა ოთახში, ჯერ კიდევ ჩემს დეკანობამდე. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ბატონმა ელგუჯამ ასპირანტურა მირჩია და ასეც მოვიქეცი. ორივეს რაღაც-რაღაც გამოგონებები გვქონდა. მათგან ზოგიერთს მიაქციეს ყურადღება მოსკოვში კოსმოსის ბოსებმა, ეს კი გადაიზარდა იმაში, რომ 1981-82 წლებში თბილისში ჩამოვიდნენ კოსმოსური დიდი გაერთიანების წარმომადგენლები. ელგუჯა უკვე მეცნიერებათა კანდიდატი იყო. მაშინ დაიწყო ჩვენი, ასე ვთქვათ, კოსმოსური ფანტაზიები. როგორ გადაიქცა სტუდენტური საკონსტრუქტორო ბიურო სპეციალურ საკონსტრუქტორო ბიუროდ, ცალკე ისტორიაა.
- გვიამბობთ?
- სიამოვნებით. ბატონ თეიმურაზ ლოლაძის კაბინეტში გაიმართა შეხვედრა რუს პროფესორებთან და გადაწყდა, რომ ჩვენი ნახაზებითა და იდეებით მოსკოვში წავსულიყავით. მატარებლით გავემგზავრეთ, გზაშიც რომ გვემუშავა - მთელი კუპე მოფენილი გვქონდა ნახაზებით. მოსკოვში ისეთ ორგანიზაციაში უნდა მივსულიყავით, სადაც დასაშვებად სპეციალური ფორმები იყო საჭირო. ნულოვანი ფორმა იყო, როდესაც ვერ გადიოდი საზღვარგარეთ, ფორმა ერთით მხოლოდ სოციალისტურ ქვეყნებში გიშვებდნენ და ა.შ. ამ ფორმების მიხედვით დოკუმენტაციის რაღაც ნაწილთან შეგეძლო წვდომა. საფეხურებრივი ტრანსფორმაცია იყო. პირველი შეხვედრა ქვედა დონეზე გვქონდა და საბოლოო შეხვედრამდე, სადაც უნდა გადაწყვეტილიყო, მოსწონდათ თუ არა ჩვენი იდეები, უამრავი ბარიერი იყო... მე ნულოვანმა ფორმამ ვერ მომისწრო და იმ საპასუხისმგებლო შეხვედრაზე ელგუჯა წავიდა. ტელეფონში ზედმეტ ლაპარაკს ვერიდებოდით, ამიტომ შევთანხმდით, გამოვიდოდა თუ არა, კოდირებულად ემცნო - თუ მეტყოდა, მომაქვს წიგნების ორტომეულიო, ე.ი. კარგ კონტრაქტს გაგვიფორმებდნენ, თუ ერთტომეული - არც ისე... ვზივარ სასტუმროს ნომერში ტელეფონთან მიჯაჭვული და როგორც იქნა, დარეკა 3-4 საათის შემდეგ - მერაბ, ორტომეული კი არა, მთელი საბჭოთა ენციკლოპედია მომაქვსო. 2 მილიონ მანეთზე დაგვიდეს ხელშეკრულება. ეს მაშინ დიდი ფული იყო პატარა სტუდენტური საკონსტრუქტორო ბიუროსთვის, სადაც მუშაობა 30.000 მანეთით დავიწყეთ. ამის შემდეგ გადაკეთდა ჩვენი სტუდენტური საკონსტრუქტორო ბიურო სპეციალურ საკონსტრუქტორო ბიუროდ და დაიწყო ძალიან დიდი ამბები საქართველოში. იმ დროს ედუარდ შევარდნაძე იყო ცეკას პირველი მდივანი და აქტიურად დაუჭირა მხარი ამ ყველაფერს. დაიწყო ძალიან დიდი ბაზის მშენებლობა საგურამოში. უნდა გაგვეკეთებინა 30-მეტრიანი ანტენა, რომელიც კოსმოსურ თანამგზავრზე მაგრდებოდა. ამოცანა წმინდა სამხედრო იყო, ახლა შეიძლება ამაზე ლაპარაკი. ამერიკა-საბჭოთა კავშირის დაპირისპირება ცნობილია, "ცივი ომი" და მთელი ამბები... იმხანად ამერიკელები აყენებდნენ სპეციალური ე.წ. პერშინგის ტიპის რაკეტებს აღმოსავლეთ ევროპაში (სოციალისტურ ქვეყნებს უპირისპირებდნენ). მათი ამოცანა იყო საბრძოლო რაკეტების მდებარეობა აღმოეჩინათ. მიღებული ინფორმაციით შეადგენდნენ რუკას, სად და სად იდგა ეს სამხედრო რაკეტები. მაშინ მხოლოდ 10-მეტრიანი ანტენა არსებობდა, ისიც სრულად ვერ გამოიცადა კოსმოსში და დაიწყო 30-მეტრიანზე მუშაობა. პროექტს ელგუჯა ხელმძღვანელობდა უკვე მთავარი კონსტრუქტორის რანგში. მეც მას გვერდში ვედექი. საგურამოში აშენებული დიდი კოსმოსური ბაზა დღესაც არსებობს. იქ უნიკალური რეზერვუარია აშენებული, 18 მეტრი სიმაღლისაა და 40 მ დიამეტრის, სავსე წყლით. მაშინ ასეთი მეთოდი იყო - მასში უნდა ჩასულიყო გახსნილი ანტენა და უწონადობაში მისი გამოცდა ჩატარებულიყო... დაკეცილი ანტენა დაახლოებით 1,5 ან 2 მეტრის დიამეტრის იქნებოდა. ის კოსმოსურ მატარებელს უნდა გაეტანა კოსმოსში და ანტენა იქ უნდა გაშლილიყო 30 მეტრზე. შესაბამისად, კოსმოსიდან უკვე შესაძლებელი იქნებოდა დედამიწაზე დაკვირვება, უფრო ზუსტად, რაკეტების გარდა, იქ სხვა დაკვირვებებიც განხორციელდებოდა. მაშინ ეს უცხო ხილი იყო, იმ დროს იწყებოდა და ამ ყველაფერს ელგუჯა მეძმარიაშვილი ხელმძღვანელობდა. მეც მის გვერდით ვიდექი... დაახლოებით 1987-88 წლებში უკვე ჯუმბერ პატიაშვილი იყო საქართველოს ცეკას პირველი მდივანი და ჩემი კოსმოსში გაფრენის იდეაც მისი ინიციატივა იყო.
- ეს როგორ მოხდა?
- ამ თემაზე არ ვსაუბრობდი, სანამ ჯუმბერ პატიაშვილმა თვითონ არ აღწერა ეს მოვლენა თავის წიგნში. იმხანად უკვე სამოქალაქო პირებს უშვებდნენ კოსმოსში, არ იყო აუცილებელი, რომ მაინცდამაინც მფრინავი ყოფილიყავი. ალბათ, გახსოვთ, კოროლიოვი, კოსმონავტიკის უდიდესი კონსტრუქტორი. გარდაცვალების შემდეგ მისი კოსმოსური გაერთიანება რამდენიმე გაერთიანებად გაიყო. ერთ-ერთი უმთავრესი გაერთიანების ხელმძღვანელი ვახტანგ ვაჩნაძე იყო. მას შესთავაზა ჯუმბერ პატიაშვილმა, თუ ამ კონსტრუქციას კოსმოსში გავუშვებთ, ბარემ ქართველი კოსმონავტი გავაყოლოთო. ბატონი ვახტანგი დათანხმდა და დაითანხმა კოსმოსური კავშირგაბმულობის ხელმძღვანელი ანატოლი სავინი. გადაწყვიტეს, ვინც ანტენაზე მუშაობდა, იმ ჯგუფიდან შეერჩიათ კანდიდატი და რატომღაც არჩევანი ჩემზე შეჩერდა, დუბლიორად კი საშა იაკობაშვილი უნდა ყოფილიყო.
- თქვენი რეაქცია როგორი იყო?
- საოცარი, ცოტა იუმორით რომ არ შემეხედა, შესაძლოა გავგიჟებულიყავი. პატიაშვილის დაცვის უფროსი მაშინ ვახტანგ ქუთათელაძე იყო, შემდგომში საქართველოს უშიშროების მინისტრი. ის ჩემი ბავშვობის მეგობარია. მოსკოვიდან რომ ჩამოფრინდნენ, პირდაპირ ჩვენთან მოვიდა, საქმე მაქვს, აივანზე გამოდიო. გავედი და მეუბნება, გადაწყდა, კოსმოსში მიფრინავო. ისტერიკული სიცილი ამიტყდა, კარგა ხანს ვერ გამაჩერეს. მერე ეს ამბავი ყველამ რომ გაიგო, დედაჩემის რეაქცია უნდა გენახათ, თვითმფრინავი არაა სანდო და კოსმოსურ რაკეტას როგორ უნდა ენდოო... თუმცა შემდეგ გადაიხარშა-გადმოიხარშა ოჯახში და საბოლოოდ ჩამოვყალიბდით ფსიქოლოგიურად. მალე კოსმოსური მომზადების ცენტრშიც ჩავედით, სადაც ინსტრუქტაჟი ჩაგვიტარეს, როგორი ჯანმრთელობა უნდა გვქონოდა, რომ უწონადობაში გადახრა წნევის დაახლოებით 10%-ზე მეტი არ უნდა ყოფილიყო. მოკლედ, როგორ და რა იქნებოდა, კაცმა არ იცის. მერე დაიშალა საბჭოთა კავშირი და ეს წიგნიც დაიხურა. თუმცა დღესაც, მეგობრები რომ მეწვევიან ხოლმე დაბადების დღეზე, ერთი მაინც მჩუქნის მაისურს წარწერით "მე ვარ საქართველოს ნომერი პირველი კოსმონავტი". რომ გავფრენილიყავი, საინტერესო იქნებოდა. ახლა მილიონებს ხარჯავს ხალხი, რომ კოსმოსში გაფრინდეს, რომ დედამიწას შეხედოს. თუნდაც მასკი გავიხსენოთ. რა თქმა უნდა, სახიფათო იყო და სარისკო, მაგრამ რატომ უნდა გამეშვა შანსი ხელიდან?
სტატია სრულად იხილეთ "კვირის პალიტრის" 4 სექტემბრის ნომერში